ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

იხტიბარი, ანუ როცა ცდი, ცდი, ცდი, ცდი…

with 20 comments

ერთი უცნაური ჩვევა აქვთ ადამიანებს – შეცდომებზე სწავლობენ. ზოგი – საკუთარზე, ზოგი – სხვისაზე, მთავარი კი ის არის, რომ შეცდომა ამოძრავებს წინსვლას და განვითარებას, სისტემების სრულყოფას და მოდიფიცირებას. კარლ პოპერი უფრო შორს წავიდა და ისიც კი განაცხადა, რომ ამ მეთოდით, რომელსაც სამყარო ცდისა და შეცდომის მეთოდის სახელით იცნობს, თავად ბუნება ევოლუციონირებს და ჩვენ, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი ასე რომ ვაზროვნებდეთ რა გასაკვირიაო… მიუხედავად ზემოთქმულისა მე მაინც იხტიბარს არ ვიტეხ და ვამბობ, რომ მეორე მეთოდი – თეორიისა და მისგან გამომდინარე დასკვნების გაკეთების მეთოდი უფრო ქმედითია, არ შეიცავს თავის თავში განუზღვრელობებს და დიდ სისტემებთან საქმის დაჭერა უფრო მოსახერხებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ცდისა და შეცდომის მეთოდს საერთოდ იგნორირებას ვუწევ.

აი, მაგალითად ავიღოთ აი–ფონი, რომელიც მე არასოდეს მინახავს, არც ხელში მჭერია და საერთოდ მის სტრუქტურას, ისევე როგორც “ეფლ კომპიუტერს”–ის წარმოებულ სხვა ტექნიკას საერთოდ არ ვიცნობ (გაუმარჯოს Windows Mobile-ს და PC-ის). თუკი მოხდა სასწაული, შევიცვალე რელიგია და აი–ფონი ვიყიდე, რა თქმა უნდა, ყიდვისთანავე არ მივვარდები და ინსტრუქციის კითხვას არ დავიწყებ და არ გადავქექავ ფორუმებს. უმალვე შევეცდები საბაზისო ოპერაციებისა და ღილაკების ფუნქციონალობის ჩემით დადგენას, რაშიც ცდისა და შეცდომის მეთოდი უსათუოდ დამეხმარება. ინსტრუქციის კითხვა საბაზისო ოპერაციების გარკვევის შემდეგ იქნება ქმედითი. ახლა ავიღოთ, მაგალითად რომელიმე დიდი და ჩახლართული სისტემა, მაგალითისთვის, არაბული ენა. აქ საქმე პირიქითაა – ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე (ამ შემთხვევაში გრამატიკის სახელმძღვანელო იგულისხმება) ცდისა და შეცდომის მეთოდი არაფერს მოგვცემს. მას შემდეგ, რაც თეორია კარგად გვეცოდინება, ამის მერე შეიძლება პატარ–პატარა ექსპერიმენტების ჩატარება და შედეგების ანალიზი.

საინტერესო ის არის, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც იხტიბარს არ იტეხენ და პატარა სისტემებთან ურთიერთობას ინსტრუქციების წაკითხვით იწყებენ, ვინაიდან ინსტრუქცია რამდენიმე გვერდიანი ბროშურაა და დიდ სისტემებთან კი სქელტანიანი სახელმძღვანელოების კითხვა ეზარებათ და შესაბამისად მამაპაპური ცდისა და შეცდომის გზით აპირებენ ფონს გასვლას. ორივე შემთხვევაში წამოწყება ამაოა და შედეგი მარცხი, ან დროის კარგვაა. არადა არსებობენ ისეთი ჭკვიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან და მათი მეთოდი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში, აი იმათზე ვსაუბრობ თავზე რომ დაგადგებიან ხოლმე და ჭკვიანი სახით რჩევებს რომ გაძლევენ – აბა ამას დააჭირე, აბა ეს ქენი, აბა ის და ა.შ. ყოველთვის როდესაც ასეთ ადამიანებს ვაწყდები იხტიბარს არ ვიტეხ და დიდ სისტემებთან მიმართებაში თეორიას ვკითხულობ, პატარებთან კი – ყველა ღილაკს ერთდროულად ვაჭერ…

შეიძლება მოგეჩვენათ, რომ ჩემს დღევანდელ პოსტში სიტყვა “იხტიბარი” ზომაზე მეტად გამოვიყენე. დაკვირვებული თვალი, თუ ყური აუცილებლად შენიშნავდა ამას და მე სიტყვათა მარაგის ნაკლულობაში დამადანაშაულებდა, თუმცა არის ერთი გარემოება. სიტყვა იხტიბარი, უფრო სწორად მისი არგატეხვა ზუსტად აღწერს იმ პროცესს, როდესაც ცდი, ცდი, ცდი, ცდი… შეცდომებს უშვებ და გაუგებარია იქ, სადღაც მილიონი ცდის იქით ჭეშმარიტება პასუხის სახით არის თუ არა! სწორად ეს მშვენიერ სიტყვა გახდა ამ პოსტის დაწერის მიზეზიც და საბაბიც, ამიტომ მის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ…

ძველ თბილისში აქტიურად გამოიყენებოდა სიტყვა “ხაბარი”, რომელმაც ქართულ ლიტერატურაშიც კი შეაღწია. ამაში რომ დარწმუნდეთ, შეგიძლიათ რომელიმე ქართულ ელექტრონულ რესურსზე, მაგალითად lib.ge-ზე, ეს სიტყვა დაძებნოთ. სომხური გამოთქმა “ინჩ ხაბარ”–იც შეიძლება ბევრს სმენია. თქვენ წარმოიდგინეთ სუაჰილიზეც კი რა არის ახალიო, ერთმანეთს რომ ეკითხებიან “ხაბარი განი”–ო ამბობენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარი კი ის არის, რომ სიტყვა ხაბარი არაბულიდან მოდის და ხ,ბ,რ ტრიადა ახალ ამბავთან, მის მოპოვებასთან, გადაცემასთან და ა.შ. არის დაკავშირებული. ზმნა “ხაბარა” მერვე თემაში “იხთაბარა” იქნება და მისი მნიშვნელობა შემდეგია: ცდა და ინფორმაციის მიღება ცდის შედეგად. მერვე თემის სახელზმნა ანუ, ე.წ. მასდარი “იხთიბაარ” არის და ფორმით და შინაარსით გადმოსცემს ზუსტად იმას, რასაც ინგლისურში “trying”, ანუ ცდა ეწოდება.

სულ მაინტერესებდა თუ რას ნიშნავდა ეს “იხტიბარი”, რომელსაც ქართულში მხოლოდ იტეხენ და სხვა არანაირი ფორმით არ გვხვდება. საინტერესო ის არის, რომ ვინმემ არაბული ანბანი რომ ისწავლოს და ლექსიკონის ფურცლვა დაიწყოს, ამ სიტყვას შიგნით ვერ აღმოაჩენს. მხოლოდ იპოვის, რომ “ხაბარა” ზმნის მერვე თემა არის “იხთაბარა”, რომელიც ცდას ნიშნავს. შესაბამისად ეს ის შემთხვევაა, როცა ჯერ თეორიას უნდა გაეცნო, ცდის და შეცდომის გზა უნდა დაივიწყო და მერე შეგიძლია თამამად განაგრძო იხტიბარის გაუტეხელობა მანამდე სანამ “იხტიბარ”–ის ეტიმოლოგიას ძირისძირამდე არ ჩაწვდები. მე არ გავიტეხე იხტიბარი, თქვენც ნუ გაიტეხთ…

Advertisements

Written by linguistuss

April 1, 2010 at 9:30 pm

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სურათი <3

    tamuna

    June 27, 2014 at 11:09 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: