ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

აბსურდი თუ აფსურდი?!

with 12 comments

ამ ბოლო დროს, ჩემდაუნებურად, ნერვებს მიშლიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს სიტყვებზე ეკიდებიან და ყოველ მეორე, ნორმების შეუსაბამოდ წარმოთქმულ ბგერას უსწორებენ. დღითი–დღე ვრწმუნდები, რომ ეს გართობის ახალი პერვერსიული სახესხვაობაა, რომელიც თანამოსაუბრის აზრებისა და ფიქრების არევ–დარევას უფრო ისახავს მიზნად და ვიდრე იმას, რომ ადამიანს რაიმე ავუხსნათ და ახალი შევძინოთ. ზემოხსენებულ პერვერტთა რიგებში ჩემი თავი არაერთხელ რომ აღმოვაჩინე, როდესაც გავაცნობიერე თუ რა დესტრუქციული მუხტის მომტანია მათ რიგებში ყოფნა, ფეხების ბაკუნით ვამბობ, რომ მსგავსი შეცდომების გასწორება არ შეიძლება, ანუ არ შეიძლება “არ შეიძლებას” თქმა…

საუბარი მაქვს სიტყვებზე, რომლებსაც ენა იხდენს, სახეს უცვლის და ისე ამკვიდრებს თავის ლექსიკაში, როგორც ამ ენაზე მოლაპარაკეთ მოსწონთ. აი, მაგალითად ავიღოთ სიტყვა “ხანჯალი”. ქართული ლიტერატურის მოყვარულებს კარგად მოეხსენებათ, რომ ეს სიტყვა შედარებით ძველ ქართულ ლიტერატურულ წყაროებში “ხანჯრის” ფორმითაა დამკვიდრებული. ახლა დავსვათ შეკითხვა, რომელია სწორი და მართებული ფორმა “ხანჯარი” თუ “ხანჯალი”? – ამაზე პასუხი ცალსახაა და ამიტომ მეორე შეკითხვაზე გადავიდეთ: რომელია სწორი ფორმა “აბსოლუტური” თუ “აბსოლიტური”? – თითქოს ამაზეც ცალსახაა პასუხი, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვის აქტიურ მომხმარებელთა უმრავლესობას ზედიზედ ორი “უ”–ს თქმას ხმოვანთა დივერსიფიკაცია ურჩევნია?! განა, ოდესღაც ასეთივე სწორი ფორმა არ იყო “ხანჯარი”, რომელმაც წლების განმავლობაში ფორმა იცვალა ისე, რომ უკვე აღარავის აწუხებს არაბულ პირველწყაროში “ხანჯარ” არის, თუ “ხანჯალ”!

ასეთი მაგალითები ბევრია, თუმცა მათ შორის ჩემი ფავორიტი მაინც აბსურდ–აფსურდის წყვილია. ეს ის შემთხვევაა, როცა კეთილხმოვნება სხვა ენის გრამატიკულ ნორმებზე მაღლა დგას და ისე იხდენს სიტყვას, როგორც მას მოწონს და არა ისე, როგორც ლათინური გრამატიკის მცოდნე პედანტებს. სრული ჭეშმარიტებაა ის ფაქტი, რომ “surdus” ლათინურად ყრუს აღნიშნავს, “ab surdus” კი ითარგმნება, როგორც “ყრუსგან, ყრუდან”, თუმცა განა ის გარემოება, რომ ლათინურის ნორმების მიხედვით ასეა, მხოლოდ ამიტომ უნდა ავუკრძალოთ ჩვენსავე თავს უფრო კეთილხმოვანი “აფსურდის” თქმა?! შეიძლება ვინმე შემომედავოს, ამიტომ მათ გასაგონად სტატისტიკურ არგუმენტს მოვიშველიებ – ქართულ ენაში უფრო მეტი სიტყვაა, რომლის ფუძეშიც “ფს” გვხვდება, ვიდრე “ბს”. აი, შეეცადეთ გაიხსენოთ რამდენი სიტყვა იცით, რომლის ფუძეშიც “ბს” ურევია – მე ბევრი ვერ გავიხსენე… გამოდის რომ ქართულში “ფს” ბგერათშეთანხმება უფრო კეთილხმოვანი ყოფილა ქართული ყურისათვის, ვიდრე “ბს”!

თუმცა არის უფრო პოეტური შემთხვევებიც, როდესაც ფორმა განსაზღვრავს შინაარსს და არა პირიქით. ამასწინათ შემომხვდა ტექსტი, რომელშიც “აბსურდი” და “აფსურდი” გვერდიგვერდ ჰარმონიულად თანაცხოვრობენ და, უფრო მეტიც, ავსებენ და განსაზღვრავენ ერთმანეთს. საუბარი მაქვს ერლომ ახვლედიანის ესეზე “დამარცხება და გამარჯვება”. ამონარიდი ესედან:

მე მგონი, ამგვარი ცოდნა თვით ბევრ აფხაზსაც არა აქვს, ისე აირია და აიჭრა მის გარშემო ყველაფერი. ამ აბსურდში გარკვევა არა მარტო აფხაზსა და ქართველს, არამედ ყოველ ნორმალურ ადამიანს გაუჭირდება. მაგრამ საშინელება ის არის, რომ ამ აფსურდს ეწირება უამრავი რეალური ადამიანი და, შესაძლოა, მთელი ერიც.

შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ციტატაში კორექტურული შეცდომაა დაშვებული, თუმცა იმდენად მიზანმიმართულად უწოდა ავტორმა ქართულ–აფხაზურ კონფლიქტს აფსურდი, ნაცვლად აბსურდისა, რომ ძნელია შემთხვევითობებზე და შეცდომებზე საუბარი, ვინაიდან ამ შემთხვევაში ფორმა განსაზღვრავს შინაარსს – “აფსუ” აფხაზებზე მიუთითებს, “აფსურდი” კი – ამ კონფლიქტით მიღებულ შედეგზე მთელ რეგიონში.

პ. ს. რეკომენდება–რეკომენდირების წყვილი გამახსენდა კიდევ, თუმცა ტექსტში აღარ არის მისი ადგილი, ამიტომაც მათ შესახებ როგორმე სხვა დროს ვისაუბრებ.

Advertisements

Written by linguistuss

April 8, 2010 at 12:17 pm

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბოდიშს ვიხდი, იმავეს ვაკეთებ, მაგრამ დღითი დღე ცალ-ცალკე იწერება :)

    ნინო

    May 10, 2014 at 2:41 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: