ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თბილისის პრემიერ–ლიგა, 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი, II ტური

with 4 comments

დღეს თბილისის 2010 წლის გაზაფხულის ჩემპიონატი გაიმართა სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში, მეორე ტური. მგონი წინა ტურს ჯობდა, თუმცა რამდენიმე კითხვით მაინც უკმაყოფილო ვარ. შეიძლებოდა მათ მაგივრად სხვების ჩასმა და დაწერა. თუმცა რაც გამოვიდა ეს არის, ველოდებით შემდეგ ტურს…

შედეგებს შეგიძლიათ ამ ლინკზე გაეცნოთ

პირველი ტური

1. ერთ საიტზე, რომელიც უძველეს დეკორატიულ ხელოვნებას ეძღვნება დაბეჭდილია წამახალისებელი სტატია, რომელიც მოუწოდებს საიტის ვიზიტორებს დაკავდნენ ამ დეკორატიული ხელოვნებით. სტატიის სათაური შედგება ორი თანაჟღერადი სიტყვისაგან, რომელთაგან პირველი არის მოწოდება, მეორე კი – დეკორატიული ხელოვნების სახელწოდება. აღადგინეთ სტატიის სათაური.

პასუხი: ბანზაი ბონსაი
კომენტარი: ბონსაი ჯუჯა ხეების გამოყვანის დეკორატიული ხელოვნებაა, ბანზაი კი – მოწოდება რაიმე საქმის გაკეთებისაკენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

2. ბერლინის კედლის დანგრევიდან 20 წლის თავზე გერმანიაში გამოიცა საფოსტო ბარათები, რომლის ცენტრშიც გამოსახულია ერთი სიმბოლო. ეს სიმბოლო თვალსაჩინო ილუსტრაციას წარმოადგენს იმისა, თუ რა ზეგავლენას ახდენდა ბერლინის კედელი ადამიანებზე. გამოსახეთ ეს სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ÷
კომენტარი: საუბარია გაყოფის ოპერაციის აღმნიშვნელ სიმბოლოზე. საფოსტო ბარათზე იყო წარწერა: Walls divide people (კედლები ყოფენ ადამიანებს).
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

3. შეკითხვის ავტორს ძალიან უყვარს ინტერნეტში თავგადასავლების ძიება და თავსატეხების ამოხსნა. გუგლის საძიებო სისტემაში მორიგი ხეტიალის დროს, იგი დარიგებულ სურათს წააწყდა, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს 1898 წელს შექმნილ ნაწარმოებზე. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ ნაწარმოების ავტორი?

პასუხი: არტურ კონან–დოილი
კომენტარი: სურათზე მოცეკვავე კაცები არიან გამოსახული. dancing men (მოცეკვავე კაცები), სწორად ასე ეწოდება დაშიფრულ კოდს არტურ კონან–დოილის ცნობილ ნაწარმოებში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. ერთ რომანში, რომლის მოქმედება შუა საუკუნეებში ვითარდება, მთავარი გმირი უხსნის სასულიერო პირს, რომ იგი დაჯილდოვებულია უცხო ენების ძალიან სწრაფად შესწავლის უნარით. მსმენელი გაოცებას ვერ მალავს და ამბობს, რომ ეს უნარი ადამიანთა მხოლოდ მცირერიცხოვან ჯგუფს გააჩნდა. დაასახელეთ ამ მცირერიცხოვანი ჯგუფის ერთი წარმომადგენელი მაინც.

პასუხი: მაგალითად წმინდა პეტრე
კომენტარი: ქრისტეს მოციქულები მრავალ ადგილას ქადაგებდნენ და შესაბამისად მათ დროის უმოკლეს პერიოდში უხდებოდათ იმ ხალხის ენისა თუ დიალექტის შესწავლა, ვისთანაც იყვნენ წარგზავნილი საქადაგებლად.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

5. მოდესტ მუსორგსკის ოპერის, „ბორის გოდუნოვის შესახებ“ ერთ ინტერნეტ–ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „რუსული მუსიკის მთავარი DJ“. არ გეკითხებით, თუ რა შევცვალეთ ჩვენ ასოებით “DJ”, დაასახელეთ 1953 წელს დაბადებული ადამიანი, რომელსაც უწოდებენ “DJ”–ის.

პასუხი: ბორის გრებენშჩიკოვი
კომენტარი: სტატიას ერქვა – ” Главный БГ русской музыки”. სტატიის ავტორის აზრით მთავარი БГ რუსულ მუსიკაში “ბორის გოდუნოვია” და არა ბორის გრებენშჩიკოვი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

6. ყურადღება! ციტატა სემიოტიკის სახელმძღვანელოდან: “ადამიანის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მას შეუძლია დალანდოს სტრუქტურა იქ, სადაც სტრუქტურის ნასახიც კი არ არის”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ შვეიცარიელი მეცნიერი, რომლის გამოგონებაც წიგნში მოყვანილია ზემოხსენებული ციტატის საილუსტრაციოდ.

პასუხი: ჰერმან რორშახი
კომენტარი: საუბარია რორშახის ტესტებზე.
წყარო: 1. ბმული 2. Георгий Почепцов, «Семиотика», «Рефл-бук», 2002, стр. 28. ISBN: 5-87983-107-8
ავტორი: ლევან ჩხეიძე

7. ერთი ბლოგერი ამასწინათ წერდა, რომ კომპიუტერზე თავის ცხოვრებაში პირველად გადააყენა “ვინდოუზი” და ძალიან ამაყობს ამ ფაქტით. თავის ბლოგზე ამ ერთობ მნიშვნელოვანი ამბის აღმწერი პოსტი დაასათაურა ცნობილი ფრაზით, რომელშიც “პატარას” და “დიდს” ადგილები აქვთ შეცვლილი. დაასახელეთ ადამიანი, რომელმაც პირველმა წარმოთქვა ზემოხსენებული ფრაზა.

პასუხი: ნილ არმსტრონგი
კომენტარი: ბლოგერმა დაწერა, რომ ეს ფაქტი ადამიანისათვის, ანუ მისთვის დიდი ნაბიჯია, კაციობრიობისათვის კი – პატარა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

8. აღორძინების ხანის ესკიზების განხილვის დროს, რომლებსაც ლეონარდო და ვინჩის მიაწერენ, ექსპერტები უპირველეს ყოვლისა ჩრდილებს აქცევენ ყურადღებას, უფრო ზუსტად კი მათ თავისებურებას. თუ ჩრდილის შემადგენელი შტრიხები განლაგებულია (გამოტოვებულია ორი სიტყვა), ექსპერტებს სერიოზული ეჭვი შეაქვთ ლეონარდოს ავტორობაში. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: მარჯვნიდან მარცხნივ
კომენტარი: ლეონარდო ცაცია იყო და შესაბამისად ჩრდილებს მარცხნიდან მარჯვნივ ხატავდა.
წყარო: Роберт Уоллейс, «Мир Леонардо», Москва, «Терра», 1997, ISBN 5-300-01431-1, стр. 31
ავტორი: ლევან ჩხეიძე

9. უმბერტო ეკომ თავისი რომანის, “ვარდის სახელის” პერსონაჟზე, ბურგოსელ ხორხეზე საუბრისას განაცხადა, რომ იგი არის ხორხე ლუის ბორხესის იქსი. საინტერესო ის არის, რომ იქსი XIX საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებია, რომელიც ავტორმა ივანე პოლტარაცკის მიუძღვნა. დაასახელეთ იქსი.

პასუხი: აჩრდილი
კომენტარი: ეკომ განაცხადა რომ ბურგოსელი ხორხე ბორხესის აჩრდილიაო. ილია ჭავჭავაძემ პოემა “აჩრდილი” ივანე პოლტარაცკის და ივანე წინამძღვრიშვილს მიუძღვნა.
წყარო: 1. ბმული 2. Umberto Eco, “On literature”, A Harvest Book, Harcourt Inc., ISBN-10: 0-15-100812-4, p.125
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. თქვენს წინაშეა ვასილი უვაროვი თავის გამოგონებასთან, პარაპორტატორთან ერთად. ამ გამოგონების წყალობით ვასილი უვაროვს ეძახიან ადამიან–იქსს. ყურადღება შეკითხვა: რომელი მე–20 საუკუნეში შექმნილი პერსონაჟი დავშიფრეთ ჩვენ იქსით?

პასუხი: კარლსონი
კომენტარი: სურათზე ნაჩვენებია პარაპორტატორი, პროპელერიანი მოწყობილობა, რომელიც ადამიანს ფრენის საშუალებას აძლევს.
წყარო: 1. National Geographic, 2010-04-12, p. 38
ავტორი: ლევან ჩხეიძე

11. ინგლისელი ჟურნალისტი, ჯერემი კლარკსონი აღწერს რა თავის ვოიაჟს შვეიცარიიდან ავსტრიაში თავის წიგნში წერს, რომ ამ ქვეყნების საზღვარზე სულიერის ჭაჭანება არ იყო. ყურადღება შეკითხვა: რა ზედსართავი სახელით მოიხსენია მან შვეიცარია–ავსტრიის საზღვარზე შემხვედრი პოლიციელი?

პასუხი: მწოლიარე (მძინარეც ითვლება)
კომენტარი: “მწოლიარე პოლიციელი”, რომელსაც ინგლისურად “მძინარე პოლიციელი” ჰქვია, ეწოდება შემაფერხებელ მოწყობილობას გზაზე, რათა მძღოლმა სიჩქარეს დაუკლოს და ისე გაიაროს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. ერთ სტატიაში გამოთქმულია აზრი, რომ 19 საუკუნის აშშ–ში ძალადობა ცხოვრების ნორმას წარმოადგენდა და გაბატონებული იყო იქსის იგრეკი. სტატიის ავტორების თქმით, ჰოლივუდური ვესტერნების გავლენით იქსის იგრეკი დღესაც არსებობს. დაასახელეთ რომელი ორი სიტყვა დავშიფრეთ ჩვენ იქსის იგრეკით, თუ იქსი და იგრეკი მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან.

პასუხი: კოლტის კულტი
კომენტარი: ვესტერნის მოყვარულების გამო კოლტის პისტოლეტის კულტი დღემდე არსებობს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

მეორე ტური

13. უკანასკნელი 20 წლის სტატისტიკის თანახმად, ტოტენჰემ “ჰოთსპური” ინგლისის პრემიერ–ლიგაში საშუალოდ მეათე ადგილს იკავებს. ამის გამო ერთ ფილმში მთავარმა პერსონაჟმა ტოტენჰემ “ჰოთსპურის” სატურნირო მდგომარეობა შეადარა “კათარტერიოს”. ყურადღება შეკითხვა: რა არის “კათარტერიო” ძვ. ბერძნულად?

პასუხი: სალხინებელი (განსაწმენდელი)
კომენტარი: ფილმში “ბრიუგეს ფსკერზე” მთავარი პერსონაჟი პრემიერ–ლიგას ჰყოფს სამოთხედ, სალხინებელად და ჯოჯოხეთად. ტოტენჰემი სტატისტიკის მიხედვით სულ შუა ნაწილში, ანუ სალხინებელშია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

14. დარიგებულ სურათზე თქვენ ხედავთ ვოლის აღჭურვილობას, რაც ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში „მეოცნებენი“ ფიგურირებს როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მითხარით რომელი ორი სიტყვა შევცვალე მე შეკითხვაში სიტყვებით “ვოლის აღჭურვილობა”?

პასუხი: ევას კოსტიუმი
კომენტარი: სურათზე წარმოდგენილია მულტპერსონაჟების, ვოლის და მისი მეგობრის, ევას კოსტიუმები. ბერტოლუჩის ფილმში ევა გრინის შიშველი სხეული, ანუ „ევას კოსტიუმი“ ფიგურირებს როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან მსახიობს ევა ჰქვია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

15. ჟურნალისტი იულია ლატინინა თვლის, რომ მასმედიამ რუსეთის მოსახლეობა ნარკოტიკული ტრანსის მდგომარეობაში მოაქცია. ამასთან დაკავშირებით იგი მიმართავს მეტაფორას და მოიხსენიებს შპრიცს, რომლის საშუალებითაც ხალხი ამ ნარკოტიკულ ტრანსში ვარდება. მითხარით რა შეადარა იულია ლატინინამ შპრიცს?

პასუხი: ოსტანკინოს ტელეანძა
კომენტარი: ოსტანკინოს ტელეანძა გავს ფორმით შპრიცს. საუბარია რუსული მასმედიის მიერ ცრუ და არაობიექტური ინფორმაციის მიწოდებაზე.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

16. წიგნში “ასე იტყოდა ლანდაუ” მოყვანილია ციტატა BBC-ის რადიოგადაცემიდან, სადაც ნათქვამია, რომ ლანდაუს წყალობით 50–იანი წლების საბჭოთა კავშირში ფიზიკა იქცა  “საოცრებათა ქვეყანად”. ატლასის თვალიერების დროს კი შეკითხვის ავტორმა “საოცრებათა ქვეყანა” ზემო ნიუ–იორკის ყურეში იპოვა. რომელი ორი სიტყვაა შეცვლილი შეკითხვაში სიტყვებით “საოცრებათა ქვეყანა”.

პასუხი: თავისუფლების კუნძული
კომენტარი: ზემო ნიუ–იორკის ყურეში მდებარეობს თავისუფლების კუნძული, სადაც განლაგებულია თავისუფლების ქანდაკება. ‘საოცრებათა ქვეყანა” ალუზიაა ელისის კუნძულზე, რომელიც ასევე ამავე ყურეში მდებარეობს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

17. ტურინის მუზეუმში ინახება ძველეგვიპტური პაპირუსი. მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პაპირუსში აღბეჭდილია ქურუმთა კასტის და არისტოკრატიის ზნეობრივი დეგრადაცია. სხვა მკვლევარები კი ამ პაპირუსს მისი შექმნიდან დაახლ. ათი საუკუნის შემდეგ შექმნილ ნაწარმოებს ადარებენ. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: კამა სუტრა
კომენტარი: პაპირუსზე აღბეჭდილია ეროტიული სცენები, მათ შორის სხვადასხვა სექსუალური პოზიციები.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

18. ინტერნეტში შეკითხვის ავტორი წააწყდა შემდეგ ფოტოს: ცენტრში ზის ცნობილი დიზაინერი, რომელიც გარშემორტყმულია მისი დიზაინით შექმნილი კაბებით. ფოტოს აღწერის დროს მე ერთი ბგერა განზრახ არასწორად გამოვთქვი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ დიზაინერის სახელი და გვარი.

პასუხი: ერნო რუბიკი
კომენტარი: ერნო რუბიკი მისი დიზაინით შექმნილი კუბებითაა გარშემორტყმული და არა კაბებით.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

19. XX საუკუნეში ნაიჯელ ჰესმა და ჯერემი ბრაუნმა შექმნეს მიუზიკლი „კატები“, რომელიც ძველი ლეგენდის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. მიხვდით, რა სიტყვაა შეცვლილი ბოლო წინადადებაში და დაასახელეთ ქალაქი, რომლის ცენტრშიც ტრადიციულად სრულდება ეს მიუზიკლი.

პასუხი: ჰამელნი
კომენტარი: მიუზკლს “ვირთხები” ჰქვია.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

20. ნინო ქოქოსაძე თავის ლექსში აღწერს პაემანს: ფილაქნებით მოკირწყლულ ბილიკს მიუყვება შეზარხოშებული წყვილი. ქალი სწორ და პატარ–პატარა ნაბიჯებს დგამს როგორც შავი იქსი, მამაკაცი კი ტორტმანებს, ზიგზაგებს ხაზავს და ემსგავსება თეთრ იგრეკს. დაასახელეთ იქსი და იგრეკი სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: პაიკი, მხედარი
კომენტარი: პაემანი თითქოს ჭადრაკის დაფაზე (ფილაქნები) მიმდინარეობს. პაიკი სწორი და პატარა ნაბიჯებით მიდის, თეთრი მხედარი კი მის გარშემო ზიგზაგებს ხაზავს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

21. რუსული ვიკიპედიის სტატიაში, რომელიც “ჰამელნელ ვირთხიჭერიას” ეძღვნება ფიგურირებს 1791 წელს შექმნილი ნაწარმოების სათაური. დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: ჯადოსნური ფლეიტა
კომენტარი: სტატიაში ნათქვამია, რომ პერსონაჟმა მოაჯადოვა ვირთხები და შემდეგ ბავშვები ჯადოსნური ფლეიტის საშუალებით.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

22. ვიქტორ ჩიჟიკოვის ორიგინალურ ნახატზე გამოსახულია დათვი ერთობ უცნაური ზოლებიანი ქამრით. ქამარს აქვს ბალთაც, რომლის დიზაინიც ვიქტორ ჩიჟიკოვმა ფრანგი დიდგვაროვნის ქმნილებიდან გადმოხატა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ფრანგი დიდგვაროვნის სახელი და გვარი.

პასუხი: პიერ დე კუბერტენი
კომენტარი: ეს არის 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის სიმბოლო “დათუნია მიშა”, რომელიც ვიქტორ ჩიჟიკოვის ნახატის მიხედვითაა შექმნილი. დათვს ქამრის ბალთაზე ოლიმპიური რგოლები აქვს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

23. მეტსახელი, რომლითაც სპეციალისტები ხშირად მოიხსენიებენ ამ პეპელას, ემთხვევა ერთი მისალმების დაშიფრულ აბრევიატურას. დაასახელეთ ეს მისალმება ორიგინალის ენაზე.

პასუხი: Heil, Hitler!
კომენტარი: პეპელას  მეტსახელია 88, რაც წარმოადგენს HH აბრევიატურის დაშიფრულ ვარიანტს, რადგან H გერმანული ანბანის მერვე ასოა.
წყარო: 1. «Вокруг Света», 2010-04-09 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

24. ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ მიუხედავად მრავალწლიანი გამოკვლევებისა, ეს არის შეკითხვა, რომელზედაც მას პასუხი არ აქვს. 2000 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი, რომლის მთავარ თემასაც ეს შეკითხვა წარმოადგენს. დაასახელეთ ამ ფილმის სახელწოდება.

პასუხი: რა უნდათ ქალებს
კომენტარი: ზიგმუნ ფროიდმა განაცხადა, რომ “რა სურს ქალს” ეს არის შეკითხვა, რომელზეც მას პასუხი არ აქვს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მესამე ტური

25. ევგენი ლუკინის მოთხრობაში “49 წამი” მთავარი პერსონაჟი ადის სცენაზე და მოუწოდებს მის წინ შეკრებილ ხალხს, რომ არ შეეშინდეთ. დაასახელეთ მე–19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ნაწარმოები, რომელიც გახდა ავტორის შთაგონების წყარო, როცა წერდა ამ მოთხრობას.

პასუხი: მატარებლის შემოსვლა სადგურში
კომენტარი: კინოთეატრში შეკრებილ ხალხს უჩვენებენ ლუმიერების “მატარებლის შემოსვლა ლა სიოტას სადგურში”, რომელიც 49 წამი გრძელდება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

26. ხელოვნებათმცოდნეები თვლიან, რომ ვერმეერის ეს ტილო დაბალანსებული კომპოზიციით გამოირჩევა. მასზე გამოსახულია ქალბატონი, რომელსაც ხელში უჭირავს საყოფაცხოვრებო ნივთი. არ გეკითხებით ნახატის სათაურს, გვითხარით რა უჭირავს მას ხელში?

პასუხი: სასწორი
კომენტარი: სურათს ეწოდება “ქალი სასწორით”. ტექსტში მინიშნებულია სასწორზე. “ბალანს” – სასწორს აღნიშნავს ევროპულ ენებში.
წყარო: 1. Х.В.Янсон, Энтони Ф. Янсон. «Основы истории искусств», ISBN 5-85902-079-1, Введение, стр. 25
ავტორი: ლევან ჩხეიძე

27. თქვენს წინაშეა ფიქრია გოგინაშვილის ფოტო, რომელიც ფოტოს ავტორმა თავის ბლოგზე ასე დაასათაურა: “მშრალი ხიდის ხედები და (გამოტოვებულია ორი სიტყვა)”. თუ გამოტოვებული ორი სიტყვით ვიმსჯელებთ ფოტოს ავტორმა მშრალ ხიდზე ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა. ყურადღება შეკითხვა: აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.

პასუხი: ჩემი ფეხები
კომენტარი: სარკეში თავად ფოტოგრაფის ფეხები მოჩანს. გამოთქმა „ჩემი ფეხები“ ქართულში ზუსტად ამასვე აღნიშნავს: „ვერ იპოვა ის, რასაც ეძებდა“.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

28. მცირე ხნის წინ სამეცნიერო სამყაროში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეი დაუნინგის სამეცნიერო ჯგუფმა შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელმაც შესაძლებელი გახდა იესო ქრისტეს სახის სამგანომილებიანი გამოსახულების დადგენა. ახალ ამბებში, რომელიც ამ ფაქტს ეძღვნებოდა ფიგურირებდა ევროპის ქალაქი. დაასახელეთ ეს ევროპული ქალაქი.

პასუხი: ტურინი
კომენტარი: 3D გამოსახულება მიღებულ იქნა ტურინის სუდარას გამოყენებით.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

29. თანამედროვე მექსიკაში არაპატრიოტ მექსიკელებს მალინჩისტას უწოდებენ. ეს სიტყვა მომდინარეობს ვინმე მალინჩესაგან, რომელსაც ზღვის მოყვარულმა ესპანელებმა სხვა, უფრო პოეტური სახელი შეარქვეს. ყურადღება შეკითხვა: რა პოეტური სახელი შეარქვეს ესპანელებმა მალინჩეს?

პასუხი: მარინა
კომენტარი: საუბარია ერნან კორტესის საყვარელზე, ინდიელ დონია მარინაზე, რომელიც კორტესს დაეხმარა აცტეკთა იმპერიის დაპყრობაში. კითხვაში სიტყვები „ზღვის მოყვარული“ და „პოეტური“ მინიშნებებს წარმოადგენენ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

30. ერთ ფილმში რასისტული იდეებით შეპყრობილი ლილიპუტი წინასწარმეტყველებს ომს პირველებსა და მეორეებს შორის. ასტრონომიაში პირველები და მეორეები ერთმანეთისგან მკაცრად არ არიან გამიჯნულები და თანამედროვე წარმოდგენებით მეორეები წარმოადგენენ პირველებს, რომლებიც ხილულ დიაპაზონში აღარ ასხივებენ. დაასახელეთ პირველები და მეორეები ნებისმიერი თანმიმდევრობით.

პასუხი: თეთრი ჯუჯები და შავი ჯუჯები
კომენტარი: ლილიპუტი წინასწარმეტყველებს ომს თეთრ და შავ ჯუჯებს შორის. თეთრი და შავი ჯუჯები ვარსკვლავიერი ევოლუციის ეტაპებია.
წყარო: 1. მხატვრული ფილმი «ბრიუგეს ფსკერზე» 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

31. ვესპერ ლინდი იან ფლემინგის რომანის, “კაზინო როიალის” მთავარი პერსონაჟია.  მისი სახელი და გვარი ნაწარმოებია აწ უკვე აღარარსებული ანკლავის სახელწოდებისგან. დაასახელეთ ამ ანკლავის სახელწოდება.

პასუხი: დასავლეთ ბერლინი
კომენტარი: პერსონაჟის სახელი და გვარი, Vesper Lynd ინგლისურად West Berlin–ის მსგავსად წარმოითქმის, რომელიც მთლიანად მოქცეული იყო ყოფილი გდრ–ს ტერიტორიაში, ანუ წარმოადგენდა ანკლავს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

32. როდესაც შეკითხვის ავტორმა ინტერნეტში ნახა დარიგებული სურათი, მას გაახსენდა  ცნობილი პიროვნება, სახელად ჟანი… ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი გვარი.

პასუხი: ჟან ბურიდანი
კომენტარი: საუბარია ჟან ბურიდანზე და ცნობილ გამოთქმაზე “ბურიდანის ვირი”. შეკითხვის ავტორის აზრით სურათზე ბურიდანის ვირის თემაა გადათამაშებული.
წყარო: 1. ბმული 3. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

33. უოლტერ ლორდის წიგნში “დასამახსოვრებელი ღამე” (A Night to Remember), მოთხრობილია უოლეს ჰარტლის მუსიკალური ბენდის ტრაგიკული ისტორია, რომლის წევრების “გედის სიმღერა”, უმრავლესობა თქვენგანმა ერთ კონკრეტულ ფილმში მოისმინა. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: ტიტანიკი
კომენტარი: საუბარია სიმღერაზე, Nearer My God To Thee, რომელსაც “ტიტანიკის” ბენდის წევრები ასრულებენ გემის ჩაძირვის წინ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

34. შეკითხვაში ორი სხვადასხვა სიტყვაა შეცვლილი “ევროთი” და “მანეთით”: ერთ სამეცნიერო–პოპულარულ სტატიაში მოყვანილია შემდეგი მეტაფორა: ბუნებაში არსებობს ვალუტის ორი ნაირსახეობა – ევრო და მანეთი. ურთიერთგადაცვლის კურსი ძალიან მაღალია, თუმცა სტაბილურია და პროპორციულია კვადრატის… ყურადღება შეკითხვა: რისი კვადრატის?

პასუხი: სინათლის სიჩქარის
კომენტარი: საუბარია აინშტანის ფორმულაზე E (ენერგია) = m (მასა) c² (სინათლის სიჩქარის  (კონსტანტაა!) კვადრატი). ამ ფორმულიდან გამომდინარეობს მასის და ენერგიის ეკვივალენტობა.
წყარო: 1. «Популярная механика», октябрь 2003, стр. 37
ავტორი: ლევან ჩხეიძე

35. პარიზში ლუვრის მუზეუმის მონახულების დროს შეკითხვის ავტორს აღიზიანებდა იქსები წარწერით “მონალიზა”. აი, რაც შეეხება რუსულ იქსებს ისინი შეკითხვის ავტორისათვის უფრო შიშველი ფოტოებით არიან ცნობილი, ვიდრე მუსიკალური რეპერტუარით. დაასახელეთ იქსები ერთი სიტყვით.

პასუხი: ისრები
კომენტარი: ლუვრში “მონალიზას” ადგილმდებარეობას მრავალი ისარი მიუთითებს. რუსულ ესტრადაში მუსიკალური ჯგუფი „სტრელკი“ უფრო შიშველი ფოტოებით არის ცნობილი, ვიდრე თავისი მუსიკალური რეპერტუარით.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

36. ვიკიპედიის განმარტებით ეს ფრაზა აზრობრივად ახლოს დგას ფრანგულ გამოთქმასთან c’est la vie (სე ლა ვი). ამ ფრაზასთან ერთად გავრცელებულია მისი შემოკლებული ევფემიზმიც, რომელსაც მივიღებთ თუკი ამ ფრაზაში პირველ ორ ასოს წავშლით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფრაზის შემოკლებული ევფემიზმი.

პასუხი: it happens
კომენტარი: ფილმში “ფორესტ გამპი” მთავარი პერსონაჟი წარმოთქვამს ფრაზას “shit happens”, რომლის ევფემიზმიც არის “it happens”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

მეოთხე ტური

37. ერთი ცნობილი ფილმის პოსტერზე გამოსახულია მაღვიძარა, რომელიც ერთგვარ გალიას წარმოადგენს. მაღვიძარაში მთავარი პერსონაჟია დამწყვდეული, რომელსაც ერთ ინტერნეტ–ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში თანამედროვე სიზიფე უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: ვირზაზუნას დღე
კომენტარი: ფილმში „ვირზაზუნას დღე“ მთავარი პერსონაჟი სულ ერთსა და იმავე დღეს, 2 თებერვალს იღვიძებს, რაც საბოლოო ჯამში მისთვის ტანჯვად იქცევა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

38. თქვენს წინაშეა ჟაკ ლუი დავიდის ფერწერული ტილო, რომელზედაც ჩვენ წავშალეთ მთავარი დეტალი. ვინ არის ამ დეტალის პატრონი?

პასუხი: ანტუან ლავუაზიე
კომენტარი: სურათზე ქიმიური ჭურჭლები აწყვია, ამასთან ლავუაზიეს თავი მოჰკვეთეს, რაც დამატებით მინიშნებას წარმოადგენს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

39. ჩაიწერეთ: “ზღაპარს გიამბობ მწვანე ველისას, მთვარიანში რომ ყანა ღაღანებს”. თქვენ მოისმინეთ ციტატა ცნობილი ლექსის ქართული თარგმანიდან. ყურადღება შეკითხვა: რა ჰქვია ამ ლექსის მთავარ პერსონაჟ ქალბატონს?

პასუხი: შაგანე
კომენტარი: საუბარია სერგეი ესენინის ცნობილ ლექსზე. “ღაღანებს” კი ერითმება “შაგანეს”. ციტატა წარმოადგენს ამ სიტყვების თარგმანს – Я готов рассказать тебе поле, Про волнистую рожь при луне.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

40. ერთხელ მხედართმთავარი ლიუ ჟენ გუი მოხსენებით მივიდა იმპერატორთან. იმპერატორმა სარდალი საკუთარ აპარტამენტებში მიიწვია. აუდიენციის დასრულების შემდეგ კი გაოგნებულმა სარდალმა იმპერატორს შეუთვალა: „დედამიწაზე ორი იმპერატორის არსებობა ისეთივე შეუძლებელია, როგორც ცაზე ორი მზის“. დაასახელეთ იმდროინდელი სიახლე, რამაც გამოიწვია ლიუ ჟენ გუის გაოგნება აუდიენციის დროს.

პასუხი: სარკე
კომენტარი: იმპერატორის აპარტამენტები სარკეებით იყო მორთული. სარკე იმ დროს სიახლე იყო და სარდალს არ ენახა, რის გამოც იგი გაოგნდა.
წყარო: 1. Роберт ван Гулик, «Сексуальная жизнь в Древнем Китае», глава 7 «Династия Тан», стр. 209
ავტორი: ლევან ჩხეიძე

41. ერთ ამერიკულ ტელესერიალში მთავარმა გმირმა აშშ–ს მე–40 პრეზიდენტს, რონალდ უილსონ რეიგანს სატანა უწოდა. ყურადღება შეკითხვა: რითი დაასაბუთა მან მისი ეშმაკეულობა?

პასუხი: სახელიც, შუა სახელიც და გვარიც ექვსი ასოსგან შედგება
კომენტარი: Ronald Wilson Reagan = 666
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

42. რეკლამის სპეციალისტი ჟან–მარი დრიუ თავის წიგნში აკრიტიკებს რა ამ კომპანიის საქმიანობას, რომელმაც ბოლო დროს ყოვლისმომცველობითი ხასიათი მიიღო,  ურჩევს მის ხელმძღვანელობას გააკეთოს ის, რაც გამოსდის – გაერთიანებული ძალებით შეუტიოს რასიზმს. რომელ კომპანიაზეა საუბრობს ჟან–მარი დრიუ?

პასუხი: ბენეტონი
კომენტარი: კომპანიის ცნობილი ბრენდია United Colors  Of Benetton, რომელიც აქტიურად ჩაბმული იყო რასიზმთან ბრძოლაში; United – გაერთიანებული.
წყარო: 1. Дрю Ж. Ломая стереотипы: Разрыв: Реклама, разрушающая общепринятое (пер. с англ. Раевской Д.) Серия: Маркетинг для профессионалов. 2002 г, стр. 76
ავტორი: ლევან ჩხეიძე

43. თქვენს წინაშეა ციტატა ბიბლიური ფრაზების ლექსიკონიდან:

თანამედროვე მნიშვნელობით ეს სიტყვა პირველად  წმინდა ირენეოსმა გამოიყენა მეორე საუკუნეში

მასში საუბარია ძვ. ბერძნული წარმოშობის სიტყვაზე, რომლითაც შეგვიძლია მოვიხსენიოთ დარიგებული ციტატის ყველა სიტყვა მთლიანობაში. დაასახელეთ ეს სიტყვა, თუ იგი მრავალმა თქვენგანმა ერთი ევროპელი რეჟისორის კინონამუშევრის წყალობით იცის.

პასუხი: დეკალოგი
კომენტარი: დეკალოგი თარგმანში „ათ სიტყვას“ აღნიშნავს. ციტატაში ათი სიტყვაა. „დეკალოგი“ კჟიშტოფ კიშლოვსკის კინონამუშევარია.
წყარო: 1. Jean Claude Bologne, Dictionnaire commenté des expressions d’origine biblique, Maison d’édition “Larousse”, 1999, ISBN-10 2035330246, p. 87
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

44. უმბერტო ეკოს რომანის გმირი ამბობს, რომ ეს ტერიტორია დასახლებულია მსოფლიოში ყველაზე თეთრი ადამიანებით. ამ ტერიტორიის მოსახელე სახელმწიფო კი დღესდღეობით შეგვიძლია ვიხილოთ ევრაზიის კონტინენტზე. დაასახელეთ ეს სახელმწიფო.

პასუხი: ალბანეთი
კომენტარი: albus ლათინურად არის თეთრი. ბაუდოლინო აწარმოებს Albania–ს ეტიმოლოგიას ამ სიტყვიდან.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

45. 1997 წელს დაწერილი სტანისლავ ლემის ესსეში „სიცოცხლის კოდი“ ირონიულად ნათქვამია, რომ „თანამედროვე პერიოდული გამოცემების ყდებზე მწყობრი ნაბიჯით მიმავალი ჰიტლერებისა და აინშტაინების ბატალიონებმა დაიწყეს მარშირება“. ესსე იწყება 1964 წელს ბროდვეიზე შექმნილი მიუზიკლის სათაურით. რა ეწოდება ამ მიუზიკლს?

პასუხი: ჰელოუ დოლლი
კომენტარი: ესეში საუბარი ეხება კლონირებას, ამიტომაც გარეკნებზე მარშირებენ ჰიტლერების ბატალიონები. პირველ კლონირებულ ცხვარს დოლი ერქვა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

46. თანამედროვე იაპონიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი სოციალური ქსელი არის “Mixi”. საიტზე რეგისტრაციის დროს, სტანდარტული სახელისა და გვარის, დაბადების თარიღის და დაბადების ადგილის შეყვანასთან ერთად, მომხმარებლებს მოეთხოვებათ ამის მითითებაც. ამასთან საინტერესო ის არის, რომ ამის მისათითებლად საჭიროა სულ ხუთი სიმბოლო. დაწერეთ ამ ხუთი სიმბოლოდან სამი ძირითადი.

პასუხი: ABO
კომენტარი: მომხმარებელს რეგისტრაციის დროს ფორმა მომხმარებლებს სთხოვს სისხლის ჯგუფის მითითებას. სისხლის ჯგუფის საერთაშორისო სისტემაში იყენებენ ABO სისტემას, რომელშიც ამ სამ სიმბოლოსთან ერთად გამოიყენება კიდევ ორი სიმბოლო “+” და “–”. სულ არსებობს O+, A+, B+, AB+, O-, A-, B-, AB- სისხლის ჯგუფები.
წყარო: 1. ბმული 2. ჟურნალი National Geographic, #03, 2010, стр. 40
ავტორი: ლევან ჩხეიძე

47. ნიუ–იორკში ყოველწლიურად, ნოემბრის პირველ კვირა დღეს იმართება ის, რაც ვერაძანოს ხიდთან იწყება და ცენტრალურ პარკში სრულდება. ამისადმი მიძღვნილ სტატიაში ქართულ ვიკიპედიაში მოხსენიებულია ევროპის სახელმწიფოს დედაქალაქი. დაასახელეთ ეს დედაქალაქი.

პასუხი: ათენი
კომენტარი: ნიუ–იორკში ყოველწლიურად იმართება მარათონი. სტატიაში მარათონის შესახებ, რა თქმა უნდა, მოხსენიებულია ათენი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

48. თქვენს წინაშეა ფრაგმენტი ერთი სოციალური სარეკლამო აბრიდან, რომელშიც მოცემულია ორპუნქტიანი ინსტრუქცია, თუ როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ მყარი ოჯახი. ინსტრუქციის პირველი პუნქტი ამბობს: გამოჭერით დაშტრიხული ხაზი. მეორე პუნქტში, რომელიც ჩვენ დავფარეთ ფიგურირებს რიცხვი. დაწერეთ ეს რიცხვი თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: 180
კომენტარი: მეორე პუნქტი ამბობს – მოაბრუნეთ 180 გრადუსით (Rotate 180 degrees) – და შესაბამისად Me–დან (მე) მივიღებთ We-ის (ჩვენ).
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ლევან ჩხეიძე

Advertisements

Written by linguistuss

April 19, 2010 at 12:16 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვახო, 38 შეკითხვაზე მაინტერესებს რატომ არ შეიძლებოდა პასუხი ყოფილიყო გილიოტენი. სურათის მიხედვით ვხვდებით, რომ ის იყო მეცნიერი და მას კავშირი ჰქონდა გილიოტინასთან. როგორც ვიცი გილიოტენი ექიმი იყო. ამიტომ ვფიქრობ საკმაოდ ლოგიკურია გილიოტენი იყოს პასუხი.

    atila

    April 19, 2010 at 3:53 pm

    • რეტორტა და კოლბა დევს მაგიდაზე… ე.ი. ქიმიკოსია :)

      linguistuss

      April 19, 2010 at 4:15 pm

  2. ისე მამენტ “ევას სხეული” რატომ არ ითვლება? ბერტოლუჩის ფილმში ხომ ევას სხეული ფიგურირებს?

    Dato

    April 20, 2010 at 1:25 pm

    • გადატანითი მნიშვნელობით არ გამოდის “ევას სხეული”, განსხვავებით “ევას კოსტიუმისაგან”, რომელიც სიშიშვლეს ნიშნავს!

      თან დარიგებულ სურათზე ევას კოსტიუმია წარმოდგენილი და ნაკლებად ევას სხეული ვინაიდან მაგ გოგოს ეჭვი მაქვს არ ჰქვია ევა :)

      linguistuss

      April 20, 2010 at 2:21 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: