ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გოდოს მომლოდინეთა მოლოდინში

with 20 comments

დღეს სემუელ ბეკეტის პიესაზე მსურს საუბარი, რომლის გაუგებარ პოპულარობასაც ჩვენს ქალაქში რუსთაველის თეატრში 2002 წელს დადგმულ სპექტაკლს უნდა ვუმადლოდეთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ როდესაც გოდოზე ჩამოვარდება სიტყვა პირველივე შეკითხვა ის კი არ არის წაკითხული გაქვს თუ არაო, არამედ – ნამყოფი ხარ თუ არაო?! პრინციპში ვერც ვერაფერში დაძრახავ წიგნების არმოყვარულ თეატრალებს, მაგრამ მეორეს მხრივ რობერტ სტურუას სპექტაკლი რომ სტურუას გოდოა და არა ბეკეტის – ამის ვერ გაცნობიერებას არ მივესალმები, თუმცა ეს არ არის მთავარი, დღეს თავად იმ იდეის უნივერსალურობაზე მსურს საუბარი, როცა რაღაცას ელოდები, როცა არ იცი რას, არც ის იცი ზუსტად არსებობს თუ არა და არც ის, მოვა თუ არა საერთოდ და მაინც ელოდები. ერთი შეხედვით მაზოხისტური პოზაა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას თავისი გოდო ჰყავს, სხვაგვარად ადამიანთა მოდგმის ეგზისტენცია წარმოუდგენელია.

გოდოს იდეა ლიტერატურაში ახალი არ არის. კანონიკური ფორმით კი მას ბალზაკის პიესაში ვხვდებით ჩალიჩა და საქმოსანი მერკადეტის შესახებ. პიესაში ყელამდე ვალებში ჩაძირული მერკადეტი გამოიგონებს ბიზნეს–პარტნიორს, რომლის სახელითაც მევალეებს და მევახშეებს აკავებს. აი, მოვა ჩემი მამა და მარჩენალი და ყველას ყველაფერს გაგისტუმრებთო. საინტერესო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ მის გამოგონილ ბიზნეს პარტნიორს გოდო (Godeau) ჰქვია, მერე რა რომ ბეკეტისეული გოდოსგან (Godot) განსხვავებულად იწერება, მთავარი აქ ის არის, რომ ორივე გამოითქმის როგორც “გოდო”. ბეკეტს ეს პიესა რომ გამოუქექეს, თურმე ხელები გაუსავსავებია, ბალზაკის “მერკადეტი” წაკითხული არ მაქვს და უბრალო დამთხვევააო. ჰო, ბეკეტმა ტიპიური რედ–ჰედ მარკეტინგი, ანუ ქალაქურად “რიჟა ბაზარი” გაუშვა, მაგრამ ეპატიება, მისი გოდო უფრო არამატერიალური და უმოწყალოა, ვიდრე ბალზაკისეული და შესაბამისად ადამიანური ყოფიერების აბსურდულობის იდეა, რომელიც ბანალურ რწმენაზე დგას, ბეკეტთან უფრო ხელშესახებად და თვალნათლივაა ნაჩვენები.

გუშინ ინტერნეტის სქროლვის დროს ერთი ბოლივუდური, ანუ ინდური ფილმის არსებობის შესახებ შევიტყვე, რომელსაც ორიგინალში Jaane Tu Ya Jaane Na (შენ იცი, თუ არ იცი) ჰქვია. ფილმმა დამაინტერესა, უფრო სწორად ერთმა ეპიზოდმა, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, ასევე იმასაც თუ როგორ ვერ მოვახერხე ამ ფილმის ნახვა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აი, დაახლოებით ასეთი რამ ამოვიკითხე ერთ–ერთ საიტზე:

ბოლივუდურ ფილმში “შენ იცი, თუ არ იცი”, არის ასეთი ეპიზოდი: მამაკაცი დგას აეროპორტში და ელოდება ახალჩამოსულებს. მას ხელში წარწერა უჭირავს “GODOT”. ზემოხსენებული მამაკაცი მოხუცი კაცია, დაჩიავებული, ლოდინისგან დაღლილი, წყლიანი და უძინარი თვალებით და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ იგი დიდი ხანია იცდის.

ფაქტი იმდენად მომეწონა, რომ შეკითხვის დაწერა განვიზრახე, ვიპოვე ფილმი ტორენტებზე, დავაყენე გადმოქაჩვაზე და დავიწყე ლოდინი. ვიფიქრე გადავამოწმებ, იქნება კიდევ რამე ხელჩასაჭიდი ფაქტი აღმოვაჩინო ფილმში, რომ შეკითხვა გავაფორმო მეთქი. ამასობაში გახდა დილის 2 საათი, შემდეგ დილის რვა საათი, ფილმი კი 2 კბ/წმ სიჩქარით აგრძელებს ქაჩვას. უფრო მეტიც, ახლა ამ პოსტის წერის დროსაც იქაჩება და როდის გადმოიქაჩება კაცმა არ იცის, არც ისაა ცნობილი ის ფაილი რაც იქაჩება, ნამდვილად ის ფილმია თუ არა და ნამდვილად არის თუ არა ამ ფილმში ბატონი, რომელიც გოდოს ელოდება აეროპორტში.

უცბად გავაცნობიერე, რომ მე გოდოს მომლოდინეს მომლოდინე ვიყავი… უფრო მეტიც, საქმეში ჩემი ფანტაზია ჩაერთო და წარმოვიდგინე მაზოხისტური სცენებით აღსავსე სურათი, სადაც მაშინ როცა მე გოდოს მომლოდინეს ველოდებოდი, სადმე, ვიღაც მე მელოდებოდა, ფანჯრის რაფაზე იდაყვებჩამოდებული და მე ვიყავი მისთვის გოდო. ფანჯრის რაფაზე იდაყვებჩამოდებული სუბიექტი კი თავის მხრივ ვიღაცისთვის იყო გოდო და ა.შ. ანუ მთელი მარილი ამ ისტორიაში ის, არის რომ გოდოებმა არ იციან რომ ისინი გოდოები არიან და მათ ელოდებიან და ყოველი შემდეგი მომლოდინე ვიღაცისთვის არის გოდო. გოდოების და მისი მომლოდინეების ეს ჯაჭვი კი შეადგენს იმ აბსურდის თეატრს, რასაც მზის სისტემის რიგით მესამე პლანეტაზე მოსახლე უგნური არსებების ეგიზსტენცია ჰქვია.

პ. ს. ეკო დეისაძეს ლიტერატურული “პაბეგი” აუწევია და თურქეთიდან აპირებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ბრძოლას, იცოდით?!

Advertisements

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უჰ მე მაინც იმედი მაქვს რომ ჩვენ ეგზისტენციას სხვა რამე ქვია.
    ძალიან კარგი პოსტი იყო :)

    ნინო

    May 11, 2010 at 8:31 pm

  2. ჩვენი ლოდინი არქიფოს მოგონილ ,ჭასთან მისვლის იმედს გავს.

    david

    May 11, 2010 at 9:46 pm

  3. მეც მომეწონა ბლოგი :) მოგვიანებით გილოცავთ ბროლის ბუს :))

    nanukamch

    May 12, 2010 at 2:54 am

  4. რა აღარ იგულისხმეს ამ სახე-ხიმბოლოში, ღმერთიო. საზრისიო, საწყისიო, მიზანი, მომავალი, აღსასრული, განსჯის დღე.
    კიდევ რაღაცები.
    პიესაში კი ორი დეგენერატი ( სამედიცინო ტერმინია) უბრალოდ ელის ვიღაც გოდოს, რომელიც არა და არ გამოჩნდება. სამაგიეროდ, გამოჩნდება პოცცო, რომელიც საბელშებმულ ლაკის მოაჩანჩალებს. საბრალოს, კისერი გადაყვლეფილი აქვს, მგრამ აზრადაც არ მოსდის,თავი გაითავისუფლოს. პოცცო აიძულებს რამდენიმე აკრობატული ტრიუკი ჩაატაროს, რაღაცას წაიჩხუბებენ, წაკინკლავდებიან, ბევრს იხმაურებენ და სცენას ტოვებენ, მეორე შემოხეტებამდე, რომელიც ზუსტად ისეთივეა, როგორიც პირველი გამოჩენა, იმ განსხვავებით, რომ პოცო ამჯერად დაბრმავებულია. გამოჩნდება ბიჭუნა, რომელიც აუწყებს ესტრაგონს, რომ გოდო დღეს არმოვა და გაუჩინარდება. მეტი, პრაქტიკულად, არც არაფერი ხდება.
    სად ხდება მოქმედება? სოფლის შარაგზაზე. ტირიფის მახლობლად. ისე კი, ძნელი მისახვედრია სად, რადგან “აქ არაფერია, ერთი ხის გარდა, ამ ადგილს ვერ აღწერ, ეს ადგილი არაფერს გავს.”(ავტ. რემარკა) როდის ხდება მოქმედება? “ოოოო, ოდესმე მაინც თუ მომეშვებით, უკვე თავი მომაბეზრეთ ამ გაუთავებელი მოთხოვნით – როდის, როდის! ეს ხომ უაზრობაა, მერომელიღაცე დღეს, ასე გაწყობთ?”(ციტატა პიესიდან)
    ბეკეტი არ აკეთებს არც ერთ მინიშნებას, არ ცდილობს გაუიოლოს საქმე მკითხველს რაიმე ხელჩასაჭიდით. საბოლოოდ გაურკვეველი რჩება, ვინ არის გოდო, ან რატომ ელოდებიან მას ასე გამწრებულები. ისეთი შტაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს გოდო საერთოდაც არ არსებობს, თითქოს ამ ორმა უბრალოდ მოიგონა რაღაც მიზეზი გაერთიანებისთვის, რაღაც საერთო მიზნის გაჩენისთვის. იქნებ ისეცაა, რომ მთლიანად ადამიანური ურთიერთობებია ტყუილზე, გამონაგონზე, ილუზიაზე დაფუძნებული?
    ბეკეტს ხშირად ეკითხებოდნენ, კიდევ უფრო ხშირად საყვედურობდნენ უცნაურ ფორმის და შინაარსის გამო. მისი პასუხი ასეთია – ფორმის შესახებ მკითხე, შევეცდები აგიხსნა, ერთხელ საავადმყოფოში მოვხვდი, მეზობელ პალატაში იწვა კაცი, რომელიც ყელის კიბოთი კვდებოდა. სიჩუმეში მე მისი გაუთავებელი ღრიალი მესმოდა. აი ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი ფორმა.”

    kilvater

    May 15, 2010 at 4:48 pm

  5. “როცა არ იცი რას, არც ის იცი ზუსტად არსებობს თუ არა და არც ის, მოვა თუ არა საერთოდ და მაინც ელოდები. ერთი შეხედვით მაზოხისტური პოზაა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას თავისი გოდო ჰყავს, სხვაგვარად ადამიანთა მოდგმის ეგზისტენცია წარმოუდგენელია.”

    სიქვტილი!

    kilvater

    May 15, 2010 at 4:51 pm

  6. ავტორს: სახელი GODOT კიდევ რამეს არ გაგონებთ? … მაგ პიესის გარჩევისას გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს GOD… ადამიანები სულ ელიან და ელიან და არ იციან რას. ის კი იციან,რომ გოდო მათი იმედია…

    mari

    May 23, 2010 at 2:12 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: