ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მოდი, საყვარელო ბაღში შავიდეთ!

with 9 comments

ყოფილ საბჭოეთში ორი ფრანგი ავტორი უყვარდათ ზომაზე მეტად – ალექსანდრე დიუმა–მამა და მორის დრიუონი. დიუმას მწვანე ტომეული ახლაც მიჭრელებს თვალს, დრიუონის “წყეული მეფეები” კი ყოველთვის მთრგუნავდა. რა ჩემი ბრალია, რომ გაგანია საბჭოეთში დავიბადე, წიგნებიც და ლიტერატურაც სახლში შესაბამისი დამხვდა, ჰოდა ვიჭრელებდი თვალებს – გადმოვიღებდი ამ დრიუონს და ვათვალიერებდი, ვფურცლავდი, სქოლიოებს ვკითხულობდი, წინასიტყვაობას, ბოლოთქმას… აი, შვიდივე ტომის წაკითხვა არასოდეს განმიზრახავს, აკი ვთქვი მთრგუნავდა მეთქი… ასევე არ მესმოდა თუ რას ნიშნავდა სატიტულო გვერდზე წარწერილი სიტყვა “მაუდიტს” (მაშინ ასე ვკითხულობდი).

საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა, ათასწლეული რომ შეიცვალა, ფრანგულის სწავლა დავიწყე. ჰოდა, ერთ–ერთ “ტოპიკ”–ში წავაწყდი ამ “მაუდიტ”–ს, რომელიც უკვე “მოდი”–თ ქცეულიყო ჩემთვის. აღარ ჩავუღრმავდები შემდეგ დეტალებს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ეს სიტყვა შემდგომში ორჯერ შემომხვდა – ფრანგულ პოეზიაში, სადაც შარლ ბოდლერს Poète maudit–ს უწოდებენ და მე–20 საუკუნის ერთ ნაღვლიან ისტორიაშიც აღმოვაჩინე, ამედეო მოდილიანის გრძელსახეებიან ქალებს რომ შევავლე თვალი, რომელთა ხათრით ამასწინათ 1958 წელს გადაღებული ფილმი ვნახე, “მონპარნასის 19” – ჟერარ ფილიპის და ანუკ ემეს მონაწილეობით.

ფილმი ჟანა ებიუტერნისა და ამედეო მოდილიანის ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას ეძღვნება. ღარიბი და უსახელო ამბიციური მხატვარი ამედეო, შეძლებული ოჯახის შვილს, ჟანას გაიცნობს, მერე ჟანა მონპარნასის 19–ში გადაბარგდება, სადაც ამედეო ტუბერკულოზით დაავადდება და კვდება და მერე რვა თვის ფეხმძიმე ჟანა თავს იკლავს. ფილმში ეს ყველაფერი არაა ნაჩვენები, თუმცა რაც ნაჩვენებია ისედაც საკმარისი იყო, საღერღელი რომ ამშლოდა ამ “მოდი”–ზე, იმდენჯერ ეძახის ფილმში ჟანა მოდილიანის “მოდის”. ერთ–ერთ ეპიზოდში წყვილი ლათინურ კვარტალში, ლუქსემბურგის ბაღის გვერდით სეირნობს და ვიფიქრე, ახლა ჟანამ ამედეოს რომ უთხრას – “მოდი, საყვარელო ბაღში შავიდეთ” – რა ღადაობა იქნება, რობერტ ასპრინის სტილში მეთქი, რომელიც შემჩნეულია სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟებისათვის იმ ფრაზების მიწერაში, რომლებიც მათ არასოდეს უთქვამთ.

ფილმი რომ მორჩა ინტერნეტში მოდილიანის და ჟანა ებიუტერნის საერთო საფლავი ვიპოვე, პერ–ლაშეზის სასაფლაოზე, რომელსაც გულისამაჩუყებელი Devota compagna fino all’ estremo sacrificio (ერთგული მეუღლე უკანასკნელ თავგანწირვამდე) აწერია. არ მომწონს ეს გულისამაჩუყებელი ფრაზები და მომკალით, აშკარად საიათნოვას – “მოდი, საყვარელო ბაღში შევიდეთ, ბაღი კარგი, ვარდი კარგი, ხე კარგი” – უფრო მოუხდებოდა ამ საფლავს. მერე შეკითხვის დაწერა გადავწყვიტე. ვიფიქრე დავარიგებ ამ იტალიურ ფრაზას და საიათნოვას ფრაზას და ვიტყვი, რომ პერ–ლაშეზის სასაფლაოზე არის საფლავი ქალისა, რომელსაც აწერია ეს იტალიური ტექსტი და ჩემი აზრით, ამ საფლავის ეპიტაფიად ეს ქართული ამონარიდი უფრო გამოდგება და ვინაა ეს ქალი მეთქი. ჰოდა, მივხვდი რომ ეს შეკითხვა რომ მომეტანა მესამე ტურზე მცემდნენ, ამასთან ჩემსას მაინც არ ვიშლი, მომწონს ეს მიგნება ასპრინის სტილში, სადაც ჟანა მოდილიანის ეუბნება – “მოდი, საყვარელო ბაღში შევიდეთო”. ჩემს ბლოგზე კი როიალს სად დავდგამ არავის დავეკითხები, ამიტომ ეს ისტორია იყოს აქ – თუ როგორ ვეცადე და ვერაფრით დავუკავშირე საიათნოვა და ამედეო მოდილიანი ერთმანეთს.

Advertisements

Written by linguistuss

May 14, 2010 at 4:55 am

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ამისთანა როიალები ბევრი დაალაგე და იყოს სადაც გინდა. ლამაზია!

    NO-Spa

    May 14, 2010 at 10:43 am

  2. მე მიყვარს მოდი.. :)

    vasasi

    May 14, 2010 at 12:20 pm

  3. ვახო, სწორად მიხვდი, რომ არ ღირდა ამის მოტანა… კრასივო, но не вопрос :)

    nika

    May 14, 2010 at 3:28 pm

  4. მართლა რა საკაიფოდ ჟღერს, “მოდი, საყვარელო ბაღში” შევიდეთ. ეს ჩემი დღის (შეიძლება წლისაც) პოსტი გახდა. RESPECT!!!

    Sophie Golden

    May 14, 2010 at 8:05 pm

  5. შენც ასპრინი გამოხვედი უცებ, ახლა გამახსენდება ჟანაზე ეს ფრაზა ხოლმე :)

    ბაბისა

    May 14, 2010 at 8:33 pm

  6. რამდენს წვალობს ეს ადამიანი, კრეატიულად წვალობს :P

    mtsiri

    May 14, 2010 at 8:55 pm

  7. და კარგი გამოსდის :P

    mtsiri

    May 14, 2010 at 9:00 pm

  8. ჰოდა ამ შენს კველაფერს ფონად დაადე – john legend-is lets go to the park :)))))))))))

  9. ნამდვილად სწორედ გიფიქრია…კარგ კითხვას ”ძალით” გიწუნებენ ხოლმე და ამ იდეის განხორციელებისთვის ამაყად ჩაგქოლავდნენ:-D…

    QETI

    May 16, 2010 at 11:46 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: