ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფურასუნია

with 10 comments

1960 წელს საფრანგეთში “შელისა” (შესაძლო ლიტერატურის საამქრო) დაარსდა, რომელსაც ფრანგული აბრევიატურით Oulipo–თი (Ouvroir de littérature potentielle) იცნობენ. ამ ამქარში რაიმონ კენო, ჟორჟ პერეკი, იტალი კალვინო და სხვები შედიოდნენ, რომელთა უმთავრესი მიზანი ენაზე და სტილზე ექსპერიმენტების ჩატარება იყო. ამქარში შემავალ ბატონებს შორის ნაწილი მათემატიკოსი იყო,  ნაწილი – ლინგვისტი. ზოგიერთი მათგანი კი წარსულში სიურრეალისტებთან მეგობრობდა და შედეგად მათ ფრანგულ ენას დაახლოებით იგივე უქნეს, რაც დოქტორმა მორომ დამართა თავის კუნძულზე საცოდავ ცხოველებს.

საძმოში თავდაპირველად ჟორჟ პერეკის ექსპერიმენტებს გამოვყოფდი: რომანი “La Disparition” (გაქრობა) ისეა დაწერილი, რომ მის ტექსტში ვერც ერთ ასო “e”-ს ვერ შეხვდებით… არადა ეს ასო ყველაზე ხშირად გამოყენებადი ასოა ფრანგულში და სწორად მის გაქრობაზე მიუთითებს სათაური. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ითარგმნოს ეს რომანი ქართულად ისე, რომ არც ერთი ასო “ე” არ იქნას გამოყენებული. მასვე ეკუთვნის ნოველა, “გაქრობის” ერთგვარი დამატება – “Les revenentes”, რომელშიც ყველა ხმოვანია გამქრალი ასო “e”–ს გარდა. მსგავსი ექსპერიმენტები ქართულ ლიტერატურაშიც არსებობს: აბა, ზმა და ანბანთქება სხვა რა არის, თუ არა ჟორჟ პერეკისეული ლიპოგრამები?!

საძმოს მეორე “სელებრითიმ” რაიმონ კენომ სხვა გზა აირჩია. განსხვავებით ჟორჟ პერეკისაგან, იგი ფორმის უფრო რთულ სტრუქტურაზე, სტილზე ატარებდა ექსპერიმენტებს. ამოსავალი დებულება კენოს შემოქმედებაში განსხვავება იქცა სალაპარაკო და ლიტერატურულ ენებს შორის. 1932 წელს ძვ. ბერძნული და ლათინური ენების სპეციალისტი რაიმონ კენო საბერძნეთიდან იმედგაცრუებული დაბრუნდა. მასზე წარუშლელი კვალი დატოვა თვალშისაცემმა სხვაობამ ახალ სალაპარაკო ბერძნულსა და ძვ. ბერძნულს შორის, რომლის შესახებაც მას მხოლოდ თეორიული ცოდნა გააჩნდა. შემდგომში კენომ იმედგაცრუებას სძლია. შემდეგ მშობლიური ენის ანალიზს შეუდგა და აღმოაჩინა, რომ ზუსტად იგივე განსხვავება იყო აკადემიურ ფრანგულსა და სალაპარაკო ფრანგულს შორის.

კენომ ფრანგულ ლიტერატურაში ის საქმე დაიწყო, ჩვენში აკა მორჩილაძემ რაც სცადა 90–იანებში, თავისი პერსონაჟები ქართული ენის ძველბიჭურ დიალექტზე რომ აამეტყველა. თუმცა აკა მორჩილაძისგან განსხვავებით კენოს კონცეპტუალური მიდგომა ჰქონდა. იგი თვლიდა, რომ რომანები რეალურ ცხოვრებას ასახავს. რეალური ცხოვრება ტექსტში კი არ არსებობს და ის, რაც ტექსტში აღწერილ ამბავს რეალურ ცხოვრებად აღწერს სტილია, გამორჩეული და სუბიექტური, რომელიც თითოეულ შემოქმედს საკუთარი უნდა გააჩნდეს ისევე, როგორც თითოეული შემოქმედის პირადი ცხოვრება განსხვავდება სხვათა პირადი სამყაროსგან.

კენომ თავისი პერსონაჟები გაურკვეველ ენაზე აალაპარაკა. მისი ყველაზე ცნობილი რომანი “ზაზი მეტროში” უცნაური სიტყვით, Doukipudonktan–ით იწყება. ვერაფრით გავშიფრავდი ამ სიტყვას რომანში მას ზაზის ბიძის, გაბრიელის წუწუნი რომ არ მოსდევდეს პარიზელების უსუფთაობისა და დაუბანლობის შესახებ. საინტერესო ის არის, რომ რაიმონ კენომ თავისი შემოქმედებით დიდი თავსატეხი გაუჩინა მთარგმნელებს. ამასთან იგი მთელი შეგნებული ცხოვრება ამტკიცებდა, რომ უთარგმნელი ტექსტი არ არსებობსო. ჰოდა მის რომანებსაც გამოუჩნდა თავისი შამპოლიონი, რომელმაც არათუ გაშიფრა კენოს ანაგრამები, არამედ თავის მშობლიურ ენაზე ჩაშიფრა კიდეც.

კენოს რომანების ინგლისურად თარგმნა ბარბარა რაიტმა იტვირთა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სანამ თარგმნას მოჰკიდებდა ხელს იგი ჯერ პიანისტი იყო, შემდეგ კი – აკომპანიატორი, რაც ნიშანდობლივია. ბარბარა რაიტის შესახებ წერენ, რომ მისი ინგლისური თარგმანები კენოს ფრანგული ორიგინალების აკომპანემენტიაო. უფრო თვალნათელი რომ გახდეს სათქმელი, ავიღოთ ამონარიდი კენოს მოთხრობიდან “ანგლიციზმები”, რომელშიც ინგლისური სიტყვები ფრანგულადაა ჩაწერილი და თავად მოთხრობა ფრანგლეზეა (français + anglais) დაწერილი:

Un dai vers middai, je tèque le beusse et je sie un jeugne manne avec une grète nèque et un hatte avec une quainnde de lèsse tressés.

ბარბარა რაიტმა სარჩული და პირი შეატრიალა და მოთხრობას “გალიციზმები” უწოდა. ზემოთ მოტანილი ამონარიდი კი მის თარგმანში ინგლენჩზე (english + french) ასე გამოიყურება:

One zhour about meedee I pree the ohtobyusse and I vee a zhern omm with a daymoorzuray neck and a shappoh with a sorrt of plaited galorng.

ამ ყველაფრის შემსწრე რაიმონ კენოს უთქვამს, ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ჩემი აზრის, რომ უთარგმნელი ტექსტები არ არსებობსო. ბარბარა რაიტის თარგმანში სიტყვა Doukipudonktan, რომელიც ფრანგული ფრაზის – “D’ou qu’ils puent donc tant?” – ბგერით ტრანსკრიპტს წარმოადგენს, ასეა გადმოტანილი – “Howcanaystinksotho”, ანუ “How come they stink so, though?” (რატომ ასდის მათ ასეთი ცუდი სუნი). მთელი დღეა ამ სიტყვის ქართულ თარგმანზე ვფიქრობ. მსურდა თან კეთილხმოვანი ყოფილიყო, თან ყველაზე მაქსიმალურად მიმეახლოებინა სალაპარაკო ქართულისათვის. რაც გამომივიდა შეგიძლიათ პოსტის სათაურში იხილოთ. თხრობას კი აქ დავასრულებ.

 

Advertisements

Written by linguistuss

May 19, 2010 at 9:52 pm

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უცნაურია, ამ სიტყვას (ასე დაწერილს) არ უდის ცუდი სუნი, პირიქით, ყვავილის სახელივით ჟღერს, ან რაიმე სახელის კნინობითი ფორმის მსგავსად :)

    keti

    May 19, 2010 at 10:03 pm

  2. ფურასუნია–არადა რა კარგად ჟღერს, თუ შესაბამისი ინტონაციის ანუ ტუჩებმოპრუწული და ცხვირშეჭმუხნილი არ წარმოთქვამ. ჟორჟ პერეკზე რამდენიმე წლის წინ დოკუმენტური ფილმი ვნახე, მაშინ შევიტყვე ე–ს გაუჩინარების ამბავი და იმ დროიდან მაინტერესებს:ნეტავ, ეს წიგნი ქართულად როგორ ითარგმნებოდა–მეთქი.ნეტავ, ამ კომენტარს ეკიზაშვილი წაიკითხავდეს :)

    sandro

    May 19, 2010 at 10:12 pm

  3. შამპოლიონ :)

  4. რა თავის ტკივილი პოსტი იყო :)))

  5. კარგი იყო :D

    ingula

    May 19, 2010 at 10:56 pm

  6. ფუსუსუნა

    anina

    May 20, 2010 at 6:15 am

  7. მაგარიააააააააა

    kate

    May 20, 2010 at 10:23 am

  8. არ არის უცნაური, რომ ამ სიტყვას ცუდი სუნი სულაც არ უდის – ფონოსემანტიკის პრინციპები მოქმედებს. :)
    თუმცა, “რ” – “იკბინება” და “ცხელია.” :)

    Nicole

    May 20, 2010 at 1:51 pm

  9. Georges Perec-ი მაგარი კაცი იყო ძაააან, (ჯერ მარტო იმიტომ, რომ კატები ევასებოდა მაგრად :D), მიუხედავად იმისა რომ “la Disparition”-მა ძალიან გამაწვალა, როცა პირვლელად წავიკითხე. რამხელა შრომა უნდა გაწიო, რომ 316 გვერდიანი წიგნი “e” -ს გარეშე დაწერო, ისიც ფრანგულად, ამოაგდო რამდენიმე არტიკლი, წინდებული… ვინც ფრანგულს ფლობს, დამეთანხმება, რომ მძიმე საკითხავია , სულ “passé simple” -სა და “participe présent”-ში რომ არის დაწერილი :d :d :d , მაგრამ მსგავს ლიტერატურულ ექსპერიმენტებს მივესალმები. ისე, ბატონი ჟორჟ ეკიზაშვილისთვის არასოდეს მიკითხავს “la Disparition”-ის ქართულად თარმნის თაობაზე, merci Sandro, რომ გამახსენე… :)

    Pegi

    May 20, 2010 at 3:47 pm

  10. მე ფოტო მომეწონა ძალიან, საკაიფოდ გაუკეთებიათ :ლოლ: მესიჯი ცოტა პათეტიკურია, როგორც ბერძნებს შეეფერებათ, მაგრამ viva PASOK! :)))

    Sophie Golden

    May 24, 2010 at 1:19 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: