ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ექო და უმბერტო ეკო, სარკე და ჯორჯ ორუელი

with 14 comments

დღეს წიგნის ფესტივალზე უმბერტო ეკოს “La bustina di Minerva” შევიძინე, რომელშიც ბოლო ათი წლის განმავლობაში პრესაში ნაბეჭდი პუბლიკაციებია თავმოყრილი. ერთ–ერთ სტატიაში ჩვენი უმბერტო საუბრობს დიდი და პატარა ასოების მნიშვნელობაზე. სათაურმა უმალვე ერთი ისტორია გამახსენა, ჩემი მეგობრის მოყოლილი, თუ როგორ მივიდა ინტელექტბანკში (ხსოვნა იყოს!) ერთი კაცი, რომელსაც ფულის გადარიცხვა სურდა და წარადგინა ინტელექტ–ბანკის მაშინდელი რაღაც ბარათის მსგავსი, სადაც სამი ასო უნდა ყოფილიყო აუცილებლად და შვიდი ციფრი. ზარატუშტრას და აჰურამაზდას გაერთიანებული ძალისხმევით კი ამ ბატონის ბარათზე მხოლოდ ორი ასო აღმოჩნდა, რაც არ გამოეპარა მოლარე–ოპერატორ გოგონას და რომელმაც არ იცოდა როგორ მოქცეულიყო ამ შემთხვევაში. ამიტომ შიდა ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობა ჩაურთავს და მთელი შიდა ოფისის გასაგონად გაისმა თურმე მისი წკრიალა ხმა, რომელიც მენეჯერს ეკითხებოდა – ბატონო გურამ, აქ ერთი კაცია მოსული. ასო აქვს ამოგდებული და მივცე?! – ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, ინტელექტბანკში მუშაობა რამდენიმე საათით შეწყვეტილა. ასევე იმავე თემაზე არსებობს ასეთი ხუმრობა, თუ როგორ დარეკა dial-up–ისდროინდელ კაუკასუსში ერთმა უბრალო მოკვდავმა და ჰკითხა – ლოგინში დიდ და პატარა ასოს მნიშვნელოვა აქვსო?! – კაუკასუსშიც შეჩერებულა მუშაობა რამდენიმე საათით, ქართული სიტყვა ლოგინისა და ინგლისური login–ის ფონეტიკური მსგავსების გამო.

უმბერტო ეკოს ზემოხსენებული სტატია ჩვეულებრივი წუწუნით იწყება. თურმე კი არა საწყალ კაცს ყოველდღიურად ათი წიგნი მისდის ფარული მესიჯით – “აბა, შემიფასე ძია უმბერტო, ჩემი წიგნი!”. ძალიან შემეცოდა, უცებ წარმოვიდგინე რამდენი კაცი დასდევს და საკუთარი პატარა ეგოს მოფხანას სთხოვს, აჩეჩებს რა წიგნებს შეწუხებულ კაცს. ერთ ასეთ საღამოს სახლში რომ დავბრუნდიო, კიდევ ათი წიგნი რომ დამხვდა ჩემს საწერ მაგიდაზე, მათ შორის ერთი ესთეტიკას ეხებოდა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქციაო. ძველი დრო გამახსენდა, როცა ჯერ კიდევ ჯეელი ვიყავი და ესთეტიკაზე დისერტაციას ვიცავდიო და უბრალო ინტერესი დამეუფლაო. შემდეგ სიამაყეცო, ვინაიდან წიგნში თანდართულ ავტორთა საძიებელში ჩემი გვარი შვიდჯერ იყო მოხსენიებული, ჩემი მასწავლებლის, ლუიჯი პარეისონისა კი ორჯერო. დავინტერესდი, ნეტა რა ციტატები ჩასვეს ჩემი ნაშრომებიდან და როგორ და რანაირად მახსენესო. ამოვიწერე გვერდები და დავიწყე წიგნის ფურცლვა, თუმცა მითითებულ გვერდებზე ჩემი სახელი და გვარი, რომ ვერ ამოვიკითხე, იმედგაცრუებული დავრჩიო. ნებისმიერი ადამიანი ასეთ წიგნს დახურავდა და გვერდზე გადადებდა, თუმცა ძია უმბერტოს კირკიტი უყვარს, თან წიგნებზე გართულება აქვს, წიგნების შექმნის პროცესზეც… ჰოდა, დაუწყია ამ წიგნის კითხვა. საბოლოო ჯამში კი აღმოჩნდა, რომ მისი გვარის ნაცვლად წიგნში შვიდივეჯერ სიტყვა “ექო” ეწერა (იტალიურად – eco) და ყველაფერი იმის ბრალი ყოფილა, რომ კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ავტორთა საძიებელს აკეთებს არ, ან ვერ არჩევდა დიდ და პატარა ასოებს. აქვე ეკო იმაზეც ხუმრობს ამასწინად ჩემმა მეგობარმა, მარინა მიცაუმ თავის წიგნს “ექო და ნარცისი” (Eco e Narciso) უწოდა და ზოგს ეს წიგნი ჩემს შესახებ ეგონაო და მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ “ნარჩიზო” ვინ არისო?!

დღეს ბიცოლაჩემმა დამირეკა და მახარა, ეს რა ბიჭი გაგზარდეთო, ძალიან ვამაყობო. უცებ ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემი ერთკვირიანი ომი “სარკის” ჟურნალისტთან ჩემი დამარცხებით დასრულებულა, ანუ ერთი ჩემი მეგობრის სიტყვების ციტირება რომ მოვიყვანოთ – “რაღა, მეშველება აწი, სარკეში დამბეჭდეს”. არადა, რომ ვერ შევთანხმდი ჟურნალისტთან ფორმატზე, მას შემდეგ რაც ჩემი გაგზავნილი ტექსტი გავუგზავნე, ვთხოვე რომ მასალა არ დაებეჭდათ. პასუხად კი მადლობა მომახსენეს შეურაცხყოფისათვის, სტატია გადამიკეთეს, ინტერვიუს ფორმატში დახლიჩეს და “დაარედაქტირეს”. აღმოჩნდა, რომ ამონარიდი ჩემს მიერ ნაწერი ტექსტიდან, სადაც ბედისწერაზე და ინდეტერმინიზმზე ვსაუბრობ, რომელიც ასე გამოიყურებოდა:

მივადექით ყველაზე საინტერესოს, ჩემი ფავორიტი შეკითხვა, მჯერა თუ არა ბედისწერის: მე ინდეტერმინისტული სამყაროს მოდელის მომხრე ვარ, შესაბამისად ძველი ბერძნების კოსმოგონიას მწყრალად და ამრეზით ვუყურებ. სხვათა შორის მართლმადიდებელ ქრისტიან ქართველებში ძალიან მრავლად შემხვედრია ისეთი მორწმუნეები, რომლებსაც იუდეო–ქრისტიანული მამა ღმერთის არსებობისაც სწამთ, რომელიც ყოვლისშემძლეა, ყოვლისმცოდნე, რომელიც ყველგან არის და ორუელის დიდი ძმასავით ყოველ ჩვენგანს თვალს გვადევნებს, გვსჯის და მადლის კალთას გვაბერტყავს და ამასთან ბედისწერაც უნდათ რომ არსებობდეს – ამ ორ კონცეფციას შორის კი წინააღმდეგობას ვერ პოულობენ. მიმაჩნია, რომ ეს არამართლმადიდებლური შეკითხვაა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან ინტიმური! ამასთან დამაკლდა შეკითხვა – მწამს თუ არა ღმერთის და დეიზმის მომხრე ვარ თუ თეიზმის, თუ საერთოდ აგნოსტიკურ უმეცრებაში ვიმყოფები. ევოლუციური მოდელის შესახებ რატომ არავინ არაფერი მკითხა?! – ვინ იცის მოირებმა უკვე ააკრაჭუნეს კიდეც მაკრატელი, ჩემი ეგზომ მკრეხელური ფრაზების გამო ბედისწერასთან მიმართებაში, თუმცა კვლავაც ვიმეორებ – მიმაჩნია, რომ სამყარო ინდეტერმინისტულია და არსად წერია ის, თუ ახლა მე რას დავწერ და არც ისაა ცნობილი რას მოვიმოქმედებ…

ჟურნალ “სარკეში” შემდეგნაირად “დაარედაქტირეს” (ამ ბმულზე ნახეთ). გამიკვირდა ჩემი ფარული ირონია რომ ვერ შენიშნეს ბედისწერის, ღმერთის და მართლმადიდებლობის შესახებ. თუმცა იქვე, რომ ვიხილე ფრაზა – “ორეულის დიდი ძმასავით ყოველ ჩვენგანს თვალს გვადევნებს”. აი, როგორ შეიძლება ჟურნალისტობას იბრალებდე და ჯორჯ ორუელი არ გქონდეს გაგებული?! – გამკრა უცებ გონებაში, თუმცა უმალვე დავწყნარდი და გამახსენდა კაუკასუსის აბონენტის სიტყვები, რომ ლოგინში დიდ და პატარა ასოებს მნიშვნელობა არ აქვთ, არც იმას “ორუელი” ეწერება, თუ “ორეული” – სტატიის ბოლოს დასმული “პწიჩკა”, ხომ იმაზე მიანიშნებს, რომ ჟურნალისტმა თავისი მოვალეობა შეასრულა და მე, “ოქროს ბუს” ინტერვიუ ჩამომართვა…

Advertisements

Written by linguistuss

May 20, 2010 at 10:07 pm

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. “ორეული” და “ორუელი” განსხვავდება ერთმანეთისგან, არა?

    gola

    May 22, 2010 at 12:34 pm

  2. როდესაც “სარკეში” წერ, ამდენი ტერმინები რბილად რომ ვთქვათ ზედმეტი ხომ არ იყო?
    საერთოდ გასაკვირია, რომ მაგ ჟურნალს მიეცი ინტერვიუ და მითუმეტეს ასეთი დახუნძლული შინაარსით.

    ნინო

    May 23, 2010 at 5:26 pm

  3. აბა, იუმორის გრძნობა არა აქვსო?! ამონარიდი გლიჯავს:)))

    NO-Spa

    May 27, 2010 at 4:28 pm

  4. შაბაშ რუსუდან ! =D

    Cici :)

    April 30, 2011 at 12:58 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: