ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მაკრომონათხრობი მიკრომოთხრობების შესახებ

with 15 comments

დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ თქვენი თავი მთხრობელის ამპლუაში, როდესაც გარშემო მყოფი ადამიანები მუნჯდებიან და თქვენგან ითხოვენ რაც შეიძლება მალე მოისმინონ ის ამბავი, რისი თვითმხილველიც გახდით შემთხვევითობის, თუ განგების წყალობით. ასეთ დროს მთავარი ის კი არ არის, რომ მაღალმხატვრულად და სიტყვაკაზმულად გადმოსცეთ სათქმელი, არამედ ის რომ რაც შეიძლება მოკლედ და ტევადად გადმოსცეთ ეს ისტორია.

ამასწინათ სადღაც ვკითხულობდი ლიტერატურის უმთავრესი დანიშნულებაა, რაც შეიძლება პატარა ფორმაში ჩაატიოს რაც შეიძლება დიდი სამყაროო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიტყვები “პატარა” და “დიდი” დაკონკრეტებას მოითხოვს. მაგალითად ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებელი” ავიღოთ. ძალიან ბევრი ცხვირაბზუებული მკითხველი მინახავს, რომელსაც უთქვამს მაგ წიგნს რა წამაკითხებს იმხელააო. პარადოქსია, თუმცა “ბეჭდების მბრძანებლის” შესავალში ტოლკიენი წერს, მკითხველები მხოლოდ ერთ რამეს უწუნებენ ჩემს წიგნში აღწერილ ამბავს – ის, ძალიან მოკლეაო!

წაგიკითხავთ მიკრომოთხრობები? – შესაძლოა დაგიწერიათ კიდეც, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით და არც კი გახსოვთ. ბოლომდე მაინც ვერ შეთანხმდა მწერალი საზოგადოება რა ჩაითვალოს მიკრომოთხრობად და რა – არა. ბევრს კამათობენ ამის შესახებ და საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება – მიკრომოთხრობაში მთავარია შინაარსი და არა – ფორმა. მაგალითად დათო ევგენიძის მინიატურა განვიხილოთ:

მიყვარხარ! გეუბნები მეასეჯერ! მე ასე ჯერ არავინ მყვარებია!

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს მინიატურა მიკრომოთხრობად? პასუხი ამ შეკითხვაზე სავარაუდოდ უარყოფითია, ვინაიდან ეს მინიატურა სიტყვების “მეასეჯერ” ~ “მე ასე ჯერ” ზმური ბუნების გამოა დაწერილი და მას რაიმე განსაკუთრებული ამბის მოყოლის პრეტენზია არ აქვს. მიკრომოთხრობაში კი აუცილებლად რაიმე დასამახსოვრებელი ამბავი უნდა იყოს აღწერილი, რომელიც თავისი უთქმელობით ჩვენს წარმოსახვას აიძულებს ამოქმედდეს და ისტორიის გამორჩენილი დეტალები შეავსოს.

მოკლე მოთხრობების დიდოსტატი, ერნესტ ჰემინგუეი თურმე თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა ექვსსიტყვიან მიკრომოთხრობას, რომელიც დადებული სანაძლეოს შედეგად დაიწერა. აი, ისიც ჰემინგუეის უსახელო მოთხრობა:

For sale : baby shoes, never worn (იყიდება: თოთო ბავშვის უხმარი ფაჩუჩები)

აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ ჩვენს თავში შეკითხვები დაიბადოს და ჯადოსნური სიტყვა “მერე” წარმოვთქვათ: ინტრიგა – რაში დასჭირდა დედას ფაჩუჩების გაყიდვა?! ან, რატომაა ისინი უხმარი?! რატომ ჰქონდა ნაყიდი ფაჩუჩები?! – ასეთი შეკითხვები ბევრია და შესაბამისად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი წარმოსახვა თავად ცდილობს მოუძებნოს ამ შეკითხვებს პასუხები. გამოიგონოს სამყარო, სადაც დედა საკუთარი დაუბადებელი ბავშვის ფაჩუჩების გაყიდვას მოინდომებს…

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! გვატემალელ მწერალს, ავგუსტო მონტეროსოს თავისი მიკრომოთხრობა “დინოზავრი” რომ არ დაეწერა, ვინ იცის ვერც ვერავინ გაიცნობდა მას. აი, მისი მოთხრობა:

Cuando despertó, el dinosaurio todavía estaba allí. (როცა გამოეღვიძა დინოზავრი ჯერ კიდევ იქ იყო)

მიკრომოთხრობებში თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ მათგანს კი გადამწყვეტი! ჩემი აზრით ავგუსტო მონტეროსოს ამ შვიდსიტყვიან შედევრს (chef-d’œuvre – მთავარი ნაწარმოები ფრანგ.) შედევრად სიტყვა “todavía” (ჯერ კიდევ – ესპ.) აქცევს. სწორად ეს სიტყვაა ამდენ შეკითხვას რომ ბადებს. შეკითხვებს აღარ ჩამოვწერ, რომ არ გაგიფუჭოთ აღქმა.

2005 წლამდე ავგუსტო მონტეროსოს მოთხრობას ყველაზე მოკლე ესპანურენოვან მოთხრობას უწოდებდნენ, თუმცა მას კონკურენტი გამოუჩნდა მექსიკელი მწერლის ლუის ფელიპე ლომელის სახით, რომელმაც დაწერა ხუთსიტყვიანი მოთხრობა “ემიგრანტი”:

¿Olvida usted algo? -¡Ojalá! (რამე დაგავიწყდათ? – ნეტაიმც!)

აქაც იგივე სურათია: მთელი მარილი სიტყვა Ojalá–ში ძევს, რომელიც ცხოვრებით გადაღლილ ემიგრანტს გვიხატავს. იგი დიდი სიამოვნებით დაივიწყებდა საკუთარ წარსულს, მაგრამ ვერაფრით ივიწყებს. მთელი მისი წარსული ერთ სიტყვაშია თავმოყრილი.

P. S. Size matters !!! :)

Advertisements

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Amazing

    Violett

    August 25, 2010 at 7:56 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: