ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ვიტგენშტეინის ხოჭო

with 23 comments

ერთი კარგი წიგნი ვიპოვე. მარტინ კოენის “ვიტგენშტეინის ხოჭო და სხვა კლასიკური გონებრივი ექსპერიმენტები”. წიგნი გასაგები და სადა ენითაა დაწერილი და მასში ყველა ჩემთვის ნაცნობი პერსონაჟი ვიპოვე: აინშტაინის ტყუპები, მაქსველის დემონი, ლუკრეციუსის შუბი… რატომღაც შრედინგერის კატა დამიჩაგრეს. ვერ გავიგე რა ჰქონდა საწინააღმდეგო ამ უწყინარ ფისოსთან წიგნის ავტორს, თუმცა მზად ვარ ამის გამო უშვერი სიტყვებით არ მოვიხსენიო, რასაც იგი წიგნში ვიტგენშტეინის ხოჭოს არსებობას უნდა უმადლოდეს. თეორია, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყალიბდებოდა ჩემს თავში “ჩემოდნების თეორიის” სახით, თურმე კი არა 1953 წელს ლუდვიგ ვიტგენშტეინს უკვე დამუშავებული ჰქონია ნაშრომში “ფილოსოფიური გამოძიებები“. ჰოდა, რადგანაც ვიტგენშტეინის სახით თანამოაზრე ვიპოვე (გაღიმების სიმბოლო), ამიტომ დავივიწყებ ჩემს თეორიას და ვიტგენშტეინის ხოჭოს შესახებ მოგიყვებით. მანამდე კი უილარდ ორმან ვან ქუაინის მოთხრობილი გავაგაის ამბავი დაგვჭირდება.

წარმოიდგინეთ, რომ მოხვდით თქვენთვის უცნობ პაპუასების ტომში. ძალიან მშვიდობიან პაპუასების ტომში და გადაწყვიტეთ მათი ენის შესწავლა. ერთხელაც ასეთ სურათს შეესწარით: სანადიროდ მყოფმა პაპუასმა თითი გაიშვირა მორბენალი კურდღლისაკენ და წარმოთქვა “გავაგაი”. ლინგვისტმა ჩათვალა, რომ პაპუასთა ენაზე “გავაგაი” კურდღელს ნიშნავს. ისმის შეკითხვა – რამდენად მიზანშეწონილია ასეთი დასკვნა? ქუაინმა აჩვენა, რომ “გავაგაი” სულ თავისუფლად შეიძლება აღნიშნავდეს “საჭმელს”, ან იმას რომ “გაწვიმდება” (რისი მანიშნებელიცაა კურდღლის გამოჩენა შეიძლება იყოს), ან “ქვები და შუბები დაუშინეთ”… ან უფრო აბსურდულ რაღაცეებს – “სიმწვანეში მოძრავ ოთხფეხს”, “კურდღლის მარჯვენა ფეხს”… ერთი სიტყვით “გავაგაი” შეიძლება აღნიშნავდეს ყველაფერს გარდა “კურდღლისა” და სანამ ლინგვისტი კარგა ხანს არ დაჰყოფს პაპუასთა შორის და საკმარისი რაოდენობით არ მოისმენს სიტყვა “გავაგაის” სხვადასხვა კონტექსტში, როგორც ამას ბავშვები აკეთებენ დიდების ენას რომ სწავლობენ, მანამდე ვერაფრით ვერ მიხვდება თუ ზუსტად რას აღნიშნავს ეს სიტყვა.

ვიტგენშტეინის თეორია ზემოთქმულის ილუსტრაციას წარმოადგენს. მან ასეთი დაშვება გააკეთა: წარმოიდგინეთ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ყუთი, რომელშიც ხოჭო ზის. თითოეულს შეუძლია მხოლოდ საკუთარი ხოჭოს შესახებ გააჩნდეს ვიზუალური ინფორმაცია. როდესაც ამბობენ “ხოჭოს” ჩვენ უმალვე საკუთარი ხოჭო წარმოგვიდგება თვალწინ, რომელიც შეიძლება ჭიამაია იყოს, შეიძლება ტარაკანი, ან სკარაბეუსი, ანდა ყუთში სახელად “ხოჭო” შეიძლება არც არაფერი არ იყოს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ბევრი ასეთი ყუთი გვაქვს, სადაც ზოგს “ხოჭო” აწერია, ზოგს – “დინოზავრი”, ზოგს – “ბედნიერება”, ზოგს – “პატიოსნება” და ა.შ. ვიტგენშტეინმა ამ ექსპერიმენტით აჩვენა, რომ სიტყვა და მისი შიგთავსი ერთმანეთისგან განსხვავდება თითოეული ადამიანისათვის და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ილუზიის იმედზე შეიძლება ვიყოთ, რომ თანამოსაუბრეს რამე გავაგებინეთ. ზუსტად იმავე ილუზიის მსხვერპლი აღმოჩნდებოდა ჩვენი ნაცნობი ლინგვისტი, რომ ჩაეწერა თავის ბლოკნოტში – “გავაგაი პაპუასთა ენაზე კურდღელს აღნიშნავსო” და დაბრუნებულიყო შინ.

რამდენიმე დღის წინ უკრაინულ “ნიჭიერში” გასული ვიდეო გავრცელდა ქართულ ინტერნეტში, სადაც ფაშფაშა ბალერინა პირობას დებს, რომ “ფორმას არ დაკარგავს” და ამასთან ამატებს: “Бозишвили вико – По-грузински это означает клянусь”-ო. ვინ იცის, ეს ქალბატონი საქართველოს ესტუმრა, მოისმინა ჩვენებური “გავაგაი” და არც კი შეპარვია ეჭვი იმაში, რომ რამე არასწორად გაიგო. ხშირად ვიტგენშტეინის ხოჭოები აბსტრაქტული ცნებების მისამართით უფრო გვამახსოვრებენ თავს. ასე მაგალითად “ბედნიერი ვარ” შეიძლება აღნიშნავდეს ნებისმიერ რამეს და არ არის აუცილებელი, რომ ამის მთქმელის ბედნიერების ხოჭო ჩვენი ხოჭოს ნათესავი იყოს. ვიტგენშტეინი უფრო რადიკალური აღმოჩნდა და განაცხადა, რომ თავად კომუნიკაციის პროცესია აზრს მოკლებული, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ ილუზია გვექმნება, რომ ერთმანეთს რაღაც გავაგებინეთო, ამასთან ის ვერ გაითვალისწინა, რომ მისი ხოჭოც მის მიერ აღწერილი ხოჭოების გვარისაა და შესაბამისად მხოლოდ ილუზია შეგვექმნა და ყველამ ჩავთვალეთ, რომ რაღაც გავიგეთ, თუმცა გავიგეთ კი ის, თუ რას გულისხმობდა ვიტგენშტეინი “ხოჭოში”, ამას ვერასოდეს გავარკვევთ!

პ. ს. მარტინ კოენის წიგნში აღწერილი სხვა ექსპერიმენტების გასაცნობად შეგიძლიათ წიგნი გადმოქაჩოთ და წაიკითხოთ :)

Advertisements

Written by linguistuss

May 26, 2010 at 9:33 pm

23 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რა მხრივ?

    ProFe

    May 28, 2010 at 6:46 pm

  2. კაი ბიჭი ≠ კარგ ბიჭს პონტი

    mobi_diki

    May 28, 2010 at 9:10 pm

  3. პირველი აბზაცი რომ მოვაშოროთ, გადასარევი პოსტია.

    და აქვე ერთადერთი ლექსი, რომელიც მახსოვს ცხოვრებაში:

    სხვას რომ არ ესმის შენი ლექსი,
    შენ როგორც გესმის,
    სისულელეა –
    ამის გამო უკეთუ ბორგავ.
    სისულელეა, ვინაიდან
    არამცთუ ლექსი,
    სიტყვაც კი ერთი
    ერთნაირად არ ესმის ორ კაცს.

    /მუხრან მაჭავარიანი/

    Dodka

    May 28, 2010 at 11:05 pm

  4. ბავშვობაში მეც მქონდა მასეთი აზრები :)

    მაგალითად, ერთხელ დამებადა ასეთი შეკითხვა _ ჩვენ ყველამ ვისწავლეთ ფერების სახელები, და ერთნაირად აღვიქვამთ კი ამ ფერებს? ანუ მე რომ მწვანეზე ვისწავლე რომ მწვანეა, იქნებ ის სხვისთვის თეთრია? და უბრალოდ მე ყველა მწვანეს “მწვანეს” ვეძახი და ის ყველა თეთრს “თეთრს”?

    მერე მალევე მოვიშორე ეს აზრი და ტკბილად დავიძინე :D

    Garxoza

    May 31, 2010 at 6:33 pm

  5. მარტივი ჭეშმარიტებაა ეს და პირველად ვიფიქრე შენი პოსტის კითხვისას რომ ბანალურ თემას შეეხე :)

    პ.ს. დანქე გადმოსაქაჩი ბმულისთვის :*

    nin

    July 20, 2010 at 2:07 pm

  6. ეს თეორია ვიცი ოღონდ ვიტგენშტეინის ხოჭოები კი არა ზოოპარკის თეორია ჰქვია სტუდენტობისას სადგაც მაქ წაკითხული:( მასე ამრავლებენ ზოგნი 11 ნიშნა რიცხვებს 11 ნიშნა რიცხვზე.. და კიდე ჭადრაკის დაფასა და ბრინჯებს.. პ.ს ეხლა მაგრად მეძინება მეტს ვერ გწერთ დანარჩენი მერე ხვალ – რბილი ;)

    soso

    September 10, 2010 at 1:11 am

  7. ვახო და საუბრის დასაწყისში თუ არა, შიგადაშიგ ხოჭოები რომ ვაჩვენოთ ერთმანეთს არა? :))

    ლაშარელა

    January 5, 2011 at 12:17 pm

  8. კაი ხანია ეგ იდეა მაწვალებს :) და რაც მთავარია, ფერების ამბავით დაიწყო. მე წითელ ფერს ცუდად ვარჩევ, სხვადასხვა ტონალობისა ერთ ფერად მეჩვენება და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს თეორია.

    P.s. სურათზე დახატული ხოჭო ვიტგენშტეინისა კი არა, კოლორადოსია :)

    გიორგი

    January 5, 2011 at 12:19 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: