ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ფიანკეტო, ანუ “გაბლატავებული” კუ

with 25 comments

ხშირად ვფიქრდები ხოლმე სიტყვებზე, უფრო ხშირად კი იმაზე, რაზედაც ისინი მიუთითებენ. აღნიშნულ და აღნიშვნად რაობებს შორის არსებული სემიოტიკური კავშირების ნაირსახეობები კი ჩემში აზრთა კალეიდოსკოპს ბადებს. ჰოდა, მეც ავიღებ ხოლმე რომელიმე სიტყვას, გადავატრიალებ და შეიცვლება სურათი. კიდევ გადავატრიალებ და კიდევ შეიცვლება და ასე, მოკლედ ვერთობი… განსაკუთრებით რთული ბუნების რაობებზე მიმთითებელი სიტყვები მომწონს. მაგალითად გერმანული სიტყვა Drachenfutter ავიღოთ, რომელიც სიტყვასიტყვით “დრაკონის საჭმელს” ნიშნავს. ამ სიტყვით თურმე გერმანელები იმ საჩუქარს მოიხსენიებენ გაბრაზებულ ცოლებს დანაშაულის გრძნობით აღვსილი ქმრები რომ ჩუქნიან შემორიგების მიზნით. ხშირად დრაკონის საჭმელი ან ყვავილების თაიგულია, ან სუნამო, ან კიდევ… ან კიდევ რა ვიცი რა, ჯერ ცოლი არ მყავს, თუმცა ის კი ხშირად მინახავს როგორ კვებავენ დრაკონებს.

ერთხელ მეც მოვიგონე რთული რაობის აღმნიშვნელი სიტყვა. ამ სიტყვას “რხუმი” ერქვა და აღნიშნავდა ისეთ მდგომარეობას, როცა სიჩუმის შესავსებად ამბობს ადამიანი რაიმეს. “რხუმ”–ი აბრევიატურა იყო და “რაღაც ხომ უნდა მეთქვას” ნიშნავდა. აი, მაგალითად ხვდებიან ერთმანეთს წლების უნახავი ნაცნობები, რომლებსაც ცოტა რამ აკავშირებდათ ოდესღაც და ის, რაც აკავშირებდათ ისიც კი აღარ ახსოვთ, თუ რა აკავშირებდათ. ჰოდა, მიესალმნენ ერთმანეთს. გამოჰკითხეს ერთმანეთს როგორ ხარო და მერე ერთ–ერთი კითხულობს – “რაღაც დაიკარგე ამ ბოლო დროს” – მერე მეორე შეუბრუნებს, რომ ჰო, საქმეები, საქმეები. ერთმანეთს გამოემშვიდობებიან და წავლენ თავ–თავის გზაზე. მთელი ეს დიალოგი რხუმებითაა აგებული და საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ არ მიყვარს როდესაც მერხუმებიან!

სამწუხაროდ ყოველთვის არ ხერხდება ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა და ამასთან არც ერთი ენა არ არის სრულყოფილი, სადაც ყველა შესაძლო ცნება, რაობა თუ მოვლენა იქნებოდა აღწერილი. ასე მაგალითად ბავშვობაში ჭადრაკზე რომ დავდიოდი ნერვებს მიშლიდა მხედრის წინ ჩაბუდებული კუ. ჰოდა, ერთხელაც დაამუღამეს ეს ჩემმა საჭადრაკო სპარინგ–პარტნიორებმა და დაიწყეს ჩემი მოთმინების გამოცდა მხედრის წინ ჩაბუდებული კუებით, რომლებსაც მე “გაბლატავებულ” კუებს ვეძახდი. ამიტომაც ხშირად ვერ ვუგებდი ხოლმე მათ და დავრჩი მესამე თანრიგის ამარა. მდგომარეობას კი, როცა კუ პაიკის წინ გაწევის ხარჯზე მხედრის წინ ბუდეს იკეთებს, უფრო კარგ შემთხვევაში კი როქგაკეთებული მეფის და ეტლის წინ, არ ვიცოდი რა მეწოდებინა. არადა ვინმეს რომ ეკითხა აქამდე რა არ მოგწონდა ბავშვობაში მე–6–7 კლასში, როცა ჭადრაკზე დადიოდიო, რამდენი სიტყვა უნდა წარმომეთქვა, რომ ამეხსნა თუ რას აღნიშნავდა ეს “გაბლატავებული” კუ.

ვენაცვალე იტალიელებს! დღეს იტალიურ ვიკიპედიაში ბოდიალის დროს სიტყვა “ფიანკეტოს” წავაწყდი, სიტყვასიტყვით “ფლანგუკას”, ან “გვერდულას”. თურმე ოფიციალური ტერმინი არსებობს “გაბლატავებული” კუების მოსახსენიებლად. არადა არ უსწავლებია არავის მაშინ ჩემთვის, ჰოდა ხან რა სიტყვაში ვფუთავდი ჩემს უკმაყოფილებას და ხან – რაში… ბავშვობისდროინდელი ბოღმა მქონია დაგროვილი და არ ვიცოდი!

ბოღმაზე გამახსენდა, ერთხელ ერთ მიტოვებულ ბლოგზე, (მოდით ვუწოდოთ ასეთ მიტოვებულ ბლოგებს “ნაბლოგარი”, ნასახლარის მსგავსად) ერთი კომენტარი დავტოვე:

ფანტასტიური აღმოჩენა გავაკეთე ახლა და რომ არა დოდკას ეს პოსტი, ბოღმის სტატუს–კვოს აღდგენის შესახებ, რა თქმა უნდა, არ მეცოდინებოდა რომ “ბოღმა” თურქული სიტყვაა. ამ ბოლო დროს ალგორითმი შევიმუშავე, როდესაც რაიმე ჩემთვის ნაცნობი “ქართული” სიტყვა არ აღმოჩნდება ხოლმე სულხან–საბასთან, უმალვე მიჩნდება ეჭვი რომ ეს სიტყვა ან სპარსულია, ან თურქული და ან არაბული, ჰოდა მივაკითხავ ხოლმე შესაბამის ლექსიკონებს. ახლაც ასე მოვიქეცი და გამიმართლა. თურქულ–რუსულ ლექსიკონში ვკითხულობთ:

boğmak – 1) душить; вызывать удушье; 2) топить; 3) окружать кого-то чем-то; 4) арго: надувать, обманывать

აქედან გამომდინარე ბოღმა ჩვენს შიგნით დაგროვებული ნეგატიური ემოციები კი არ ყოფილა, არამედ captivity of negativity და მისგან წარმოშობილი დახრჩობა, რის შემდეგაც შედეგი სახეზეა ხოლმე: ვინმეს სახეში გაქანებული უშვერი სიტყვები, ვინმეს სახეში გაქანებული მუშტი, ფორუმზე გაკეთებული პოსტი, ბლოგზე წუწუნი და ა.შ. საერთოდ კი ბოღმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვეთანხმები დოდის, რომ ბოღმა არამხოლოდ ბლოგერებს ამოძრავებთ, არამედ სრულიად კაცობრიობას :)

თურმე კი არა, ოდესღაც მართალი ვიყავი! ბოღმა მართლაც ამოძრავებს ბლოგერებს. აი, რომ არა ის ოდესღაც “გაბლატავებული” კუ, უკვე დიდი ხანია მეძინებოდა და აღარ ვიფიქრებდი მეფეებზე, კომბოსტოზე, ფეხსაცმელებზე, გემებზე, დრაკონის საჭმელზე და რხუმზე… ჰო, რხუმზე ეს პოსტიც ხომ რხუმი იყო და მეტი არაფერი :)

Advertisements

Written by linguistuss

June 11, 2010 at 3:41 am

25 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :D:D:D:D:D ???????????? martlac saintersoa…:D:D:D:D:D

    saliome

    June 24, 2010 at 11:09 am

  2. რატომ აკავშირებთ დეპრესიას ქალთან და ქალს დეპრესიასთან????
    იქნებ შეხვდა და ცოლად მოყავს ვააა მოუცლელობა მაგან იცის თუ იცის

    :ფიანკეტო ვჭამოთ?:

    NO-Spa

    June 24, 2010 at 12:19 pm

  3. აქ რა ამბები ყოფილა და ჭურში ვზივარ.ლინგვისტუსი დეპრესიაშია? არ ვიცი, მაგრამ რაღაც საეჭვოდ დუმს. საინტერესოა…

    ნინო

    June 24, 2010 at 8:25 pm

  4. ვაიმე ეს პოსტი უკვე ნერვებს მიშლის…..:):):):):):):):)

    saliome

    June 25, 2010 at 2:03 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: