ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ტაბულა რაზადან პალიმფსესტამდე

with 9 comments

ტაბულას მე-17 ნომერში ვკითხულობთ: “ცივილიზებულ მსოფლიოსა და ჩვენ შორის შუამავლები იყვნენ ბერძნები, სპარსელები, არაბები, თურქები და რუსები, რომლებიც დროდადრო ახალი ცოდნითა და ახალი სიტყვებით გვამარაგებდნენ”. ციტატის ავტორს, ლექსო მაჭავარიანს ეს ფრაზა ილიას იდენტიფიკაციის შესახებ აზრის გასავითარებლად დასჭირდა, თუმცა ვფიქრობ, მაგალითებიც რომ მოეყვანა, არ იქნებოდა ურიგო. ამ დანაკლისის ამოვსებას მე ჩემს სვეტში (ან მომავალ სვეტებში) შევეცდები.

ერთხელ ჰომო დენტისტიკუსებს, ანუ სტომატოლოგებს შორის ერთ “სწავლულ” დიალოგს შევესწარი. პირველი მათგანი უმტკიცებდა მეორეს, “ემალი” რუსული სიტყვაა და ქართულად “მინანქარი” ჰქვიაო. კამათში ისე გაერთნენ, რომ კინაღამ ბურღი ჩამატოვეს პირის ღრუში, თუმცა მე ამ მდგომარეობაში კამათში ჩარევა ვერ შევძელი და გატრუნული და პირდაპირი მნიშვნელობით პირდაფჩენილი ვუსმენდი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. კამათი დასრულდა და მე შინისაკენ გავეშურე. გზაში კი იმაზე ვფიქრობდი, რომ ასეთი “სწავლული” დიალოგები ყოველთვის იმ ტექნოლოგიების გარშემო იბადება, რომელთა შემქმნელები ქართველები არასოდეს ყოფილან, შესაბამისად, მათი აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვები როგორღა უნდა გვქონდეს?!

“მინა” (ميناء) არაბულად მინანქარს/ემალს ჰქვია, რომელიც სპარსულში ამავე ჟღერადობით შევიდა და იქვე დაემატა საქმის აღმნიშვნელი ბოლოკიდურა “ქარ” (كار) და საბოლოო სახით “მინაქარ” (ميناكار) სპარსულში მინანქრის სპეციალისტის მოსახსენიებელ სიტყვად იქცა, “მინაქარი” (ميناكاري) კი – ამ სპეციალისტის შრომის შედეგად. როგორც ჩანს, ჩვენთან “ნ” შუაში კეთილხმოვნების გამო ჩაემატა და საბოლოოდ “ჭეშმარიტად” ქართული სიტყვა “მინანქარი” მივიღეთ. რაც შეეხება სიტყვას “эмаль”, რომელიც ფრანგულად გამოიყურება როგორც émail (ელექტრონულ ფოსტაში არ აგერიოთ), ის ჯერ ფრანგულის გზით მოხვდა რუსულში და შემდეგ ჩვენი რუსეთუმე წინაპრების წყალობით გაქართულდა კიდეც. შესაბამისად, ძნელი სათქმელია რომელი სიტყვა უფრო “ქართულია” – ემალი თუ მინანქარი!

მე-19 საუკუნეში იყო მცდელობა, რომ არაბული “მურაბა” ფრანგული “კონფიტიურ”-ით ჩანაცვლებულიყო. დღემდე მიმდინარეობს სპარსული “პერანგისა” და რუსული “საროჩკის” ხელჩართული ბრძოლა. რუსულმა “სტოლ”-მა არაბულ “მაგიდა”-სთან პირწმინდად წააგო და ინგლისურ “ივენთ”-სა და ქართულ “მოვლენას” შორის მატჩში “ივენთი” მცირე ანგარიშით იმარჯვებს. ასევე შეეჭიდნენ ერთმანეთს ქართული “წვეულება” და ინგლისური “ფართი” და ვინ იცის კიდევ რამდენი ასეთი ბრძოლა მიმდინარეობს ჩვენს დროში, რამდენი ასეთი ბრძოლა გაიმართა და რამდენი “დამარცხებული” სიტყვა მიეცა დავიწყებას.

სულხან-საბას “სიტყვის კონა” სწორედ ის ადგილია, სადაც დაინტერესებულ ადამიანს ამ “დამარცხებული” და გამქრალი სიტყვების მოძებნა შეუძლია. ასე მაგალითად, სულხან-საბა ბრძანებს “არაყი” ოფლია არაბულად და ქართულად “იყი” ჰქვიაო. “ბატი” სომხური სიტყვაა და “ღერღეტი” დაუძახეთო. “გიშერ”-იც სომხურია (ღამეს ნიშნავს) და ქართულად “სათი” ეწოდებაო და ა.შ. მაგალითები იმაზე მეტია, ვიდრე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუმცა ამ ძველი და თანამედროვეობისათვის არაფრისმაქნისი სიტყვების გახსენება ხანდახან სასარგებლოა თუნდაც იმიტომ, რომ “ზექართულ” სიტყვებში შეყვარებულ ადამიანებს შევახსენოთ ან გავაგებინოთ, რომ ის სიტყვები, რომლებსაც ისინი ასე თავგანწირვით იცავენ, არაფრით აღემატებიან თანამედროვე ბარბარიზმებს.

ჩვენად წოდებული ქართული ენა პალიმფსესტს მაგონებს, რომელიც ორას-ორასი (ან უფრო მეტი) წლით ჰქონდათ მფლობელობაში ლექსო მაჭავარიანის მიერ ჩამოთვლილ ერებს: ბერძნებს, სპარსელებს, არაბებს, თურქებს, რუსებს… ახლა ამერიკელთა ჯერია და ყოველი “დამპყრობი”, თუ ცივილიზაციასთან ჩვენი დამაკავშირებელი მედიუმი ერი სიტყვების ახალი კომპლექტით “ამდიდრებდა” მას და საბოლოოდ, ქართული ენის სახით პირველყოფილი ტაბულა რაზადან მრავალშრიანი პალიმფსესტი მივიღეთ.

P.S. ზემოთ აღწერილი “სწავლული” დიალოგები კი, ჩემი აზრით, ამ პალიმფსესტის უნაყოფო ფხეკაა და მეტი არაფერი.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

Written by linguistuss

September 15, 2010 at 6:48 pm

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ნუ,ეგ შენ გაგონებს:P

    მწირი

    September 15, 2010 at 11:19 pm

  2. ერთი ეგ ბურღი ტვინზე რომ მოგხვედროდა, რაღაცა შენც გეშველებოდა და ჩვენც.

    ვენერა

    September 15, 2010 at 11:55 pm

    • უყურე შენ!
      ენაკვიმატი ქალბატონი ვენერა.

      dv0rsky

      September 16, 2010 at 10:04 am

  3. გაიხარე შენ.
    ჯერ ერთი, კარგად გიწერია და მაგიტომ.
    მერე მეორეც, სულხან-საბა რომ მოიყვანე მაგალითად.
    მესამეც, იმედი მაქვს რომ ქართული ენის ყველა დამცველი და თავგამოდებული ქომაგი (რომლებიც ძირითადად სიტყვა ”რამეთუს” ამბობენ და ამით იკმაყოფილებენ მოთხოვნილებას) წაიკითხავს ამ პოსტს.
    მეოთხე – პოსტს ალბათ სტატია უნდა დავარქვათ ქართულად, ან ჩანაწერი (სტატია მაინც ჟურნალისტიკის სფეროდანაა)
    მეხუთე – წავალ ეხლა (ვიცი, რომ შეცდომაა) და წავიკითხავ ”ტაბულას”, რამდენიმე დღეა ვუტრიალებდი მაგ სტატიას და ცოტა მეხამუშებოდა მაგაზე დროის კარგვა.
    Danke schön.

    dv0rsky

    September 16, 2010 at 10:03 am

  4. ვაიმე,ვენერა,მაგას არავის არ ვუსურვებ

    მწირი

    September 16, 2010 at 11:31 am

  5. ამასობაში ვენერამ როგორი ეპატაჟური გზავნილი გააშანშალა, ლინგვისტუსიც კი დაჩრდილა

    NO-Spa

    September 16, 2010 at 4:49 pm

  6. მოკლედ დღის ქალი გავხდი. მწირი, მე მაგ ბურღვის მოხვედრა ბოროტი განზრახვით არ მითქვამს, უბრალოდ, მედიცინის მუშაკებს ტვინის მოშვებულ ჭანჭიკებზე რომ მიუწვდებოდეთ ხელი.

    ვენერა

    September 16, 2010 at 8:25 pm

  7. კარგია,საყვარელო,ბოროტო ზრახვები შორს ჩვენგან!:)

    მწირი

    September 16, 2010 at 9:06 pm

  8. საროჩკა მაინც რუსულ სიტყვად დარჩება ჩემს გულში (როფლ)

    ნინო

    September 16, 2010 at 9:55 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: