ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საიდან ვიცით ის, რაც ვიცით?!

with 10 comments

დღევანდელ სვეტში ერთ დელიკატურ თემას უნდა შევეხო და დავსვა შეკითხვა: საიდან მოდის ჩვენი ცოდნა?! – სრულად ვაცნობიერებ იმ ფაქტს, რომ ჩემი შეკითხვა წაურიტორიკულებს, ამიტომ იხტიბარს მაინც არ გავიტეხ და ცოტა სხვანაირად ვიკითხავ: სად არის გარანტია იმისა, რომ ის, რაც ვიცით, ნამდვილად ვიცით? მოდით ამ შეკითხვის ირგვლივ რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.

მარტივი შეკითხვით დავიწყოთ: რატომ იწერენ მართლმადიდებლები პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ და კათოლიკეები – პირიქით? ამ კითხვაზე პასუხის საპოვნელად ინტერნეტ-არქივები, წმინდა წერილები და ფორუმები ამოვაბრუნე და მრავალ ვერსიას გავეცანი. ერთ-ერთი ვერსიათაგანი კი, რომელიც მე ყველაზე ლოგიკურად და დასაბუთებულად მეჩვენება, შემდეგნაირად ჟღერს:

ძველი წარმოდგენით, ადამიანის სული მდებარეობდა გულში, ამიტომ წმინდა სამების მოხსენიების დროს სიტყვა “სული” უნდა ეთქვათ ხელის გულზე, ანუ მარცხნივ დადების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ ზოგ ენაში მსაზღვრელი წინ უსწრებს საზღვრულს და ზოგში – პირიქით, ზოგ ენაზე ითქმის წმიდა სული და ზოგზე სული წმიდა, შესაბამისად, ხელსაც შუბლსა და მუცელზე დადების შემდეგ იდებენ ჯერ ან მარცხნივ, ან მარჯვნივ. ვინაიდან ეს განსხვავება მკვეთრად ლათინურ და ბერძნულ ენებშია გამოხატული, ამიტომ ამ ორი ენის მაგალითი განვიხილოთ:

ლათინურ ვარიანტში ზედსართავი სახელი Sancti (წმინდა) არსებითი სახელის, Spiritus (სული) შემდეგაა, ბერძნულში კი – პირიქითაა, ჯერ “ჰაგიოა” (წმინდა) და შემდეგ “პნევმატოს” (სული). ამგვარად, იმ ეკლესიებში, სადაც ღვთისმსახურება ბერძნულად სრულდება, პირჯვარს მარჯვნიდან მარცხნივ იწერენ, და იქ კი, სადაც ლათინურ ენაზეა – მარცხნიდან მარჯვნივ. ლათინურ და ბერძნულ ენებს შორის განსხვავება კი საბოლოოდ კათოლიციზმზე და მართლმადიდებლობაზე აისახა.

ლათინურად: in nomine Patris, et Filii, et Spiritus Sancti
ბერძნულად: εἰς τὸ ὄνομα τοῦ Πατρὸς καὶ τοῦ Υἱοῦ καὶ τοῦ Ἁγίου Πνεύματος

ყველაფერ ზემოხსენებულთან დაკავშირებით სულ ორი წყარო ვიპოვე: 1) ერთ-ერთ ფორუმზე კონკრეტული მომხმარებლის პოსტი, რომელიც თბილისის სურბ-გევორქის ეკლესიის მოძღვრის, მამა აბგარის მოსაზრებას ეყრდნობა; 2) ინგლისურ ვიკიპედიაში სტატია “Sign of the Cross”, სადაც წყაროდ ბერძნულ კატეხიზმოს იშველიებენ.

უფრო ღრმად ჩაძიების საშუალებას ინტერნეტი აღარ იძლევა, თუმცა, რომ მივაკითხო მამა აბგარს სურბ-გევორქის ეკლესიაში (იმედია ცოცხალი დამხვდება) და წყარო მოვთხოვო, დარწმუნებული ვარ, რომ რომელიმე ძველ წიგნზე მიმითითებს, სადაც ასევე ვიღაცის სიტყვები იქნება მოტანილი აზრის გასამყარებლად. ვიკიპედიის წყაროს შემთხვევაშიც მსგავსი სურათი იქნება: რომელიმე წმინდა მამის წიგნი იქნება მოტანილი სქოლიოში, იმ წმინდა მამასთან სხვა წმინდა მამის წიგნი და ა.შ.

ერთი კონკრეტული მაგალითის საფუძველზე ირკვევა, რომ ის, რაც ვიცით, შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, ვინაიდან გადამოწმებას არ ექვემდებარება. ჩვენ გარშემო არსებული ინფორმაცია კი უმეტესწილად ასეთი გადაუმოწმებელი ხასიათისაა. წყაროს წყაროს წყაროს ჯაჭვის ბოლოში კი საბოლოოდ რომელიმე წმინდა მამას, ან საყოველთაოდ აღიარებულ ავტორიტეტს ვადგებით, რომელსაც უსათუოდ უნდა დავუჯეროთ, შვებით ამოვისუნთქოთ და ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულად გამოვაცხადოთ – სხვა არაფერი დაგვრჩენია!

მოდით, მეორე შეკითხვა დავსვათ: ვინ წარმოთქვა პირველმა სიტყვები “ის მაინც ბრუნავს”? – ამ შეკითხვაზე პასუხის გამცემები ორ ბანაკად დაიყოფიან, პირველები გალილეო გალილეის დაასახელებენ და მეორენი კი – ჯორდანო ბრუნოს. საინტერესო ის არის, რომ არც ჯორდანო ბრუნოს წარმოუთქვამს ეს ფრაზა რომში ყვავილების მოედანზე 1600 წლის 17 თებერვალს, როდესაც მის გარშემო მოგროვილი ფიჩხი აგიზგიზდა და არც დაუძლურებულ გალილეოს უთქვამს Eppur si muove (ის მაინც ბრუნავს) 1633 წელს იმ ავადსახსენებელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მას ინკვიზიტორებმა მოუწყვეს.

თქვენ შეიძლება მხრები აიჩეჩოთ, არ დამიჯეროთ (ისევ დაჯერება!) და მრავალი წერილობითი, თუ ზეპირსიტყვიერი წყარო გაიხსენოთ, სადაც ეს ფრაზა ან ერთ და ან მეორე იტალიელს მიეწერება. საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიტყვები არ გვხვდება გალილეის უშუალო მოწაფის, ვინჩენცო ვივიანის ვრცელ ბიოგრაფიაში. სხვა მოწაფენიც დუმან ამის შესახებ. პირველად კი ის გამოქვეყნდა ფრანგულენოვან კრებულში Querelles Littéraires (ლიტერატურული კამათები) 1761 წელს. გაითვალისწინეთ, გალილეის სიკვდილიდან დაახლოებით ასოცი წელი არავინ იხსენიებს ამ ფრაზას და პირველად ფრანგულენოვან წყაროში ვკითხულობთ! ახლა, როგორღა ვირწმუნოთ, რომ ეს ფრაზა გალილეიმ წარმოთქვა და არა რომელიმე ფრანგმა მწიგნობარმა, რომელმაც ლამაზი ლეგენდა შეთითხნა და ორიოდე სუ იშოვა, მიაწერა რა გალილეის საკუთარი სიტყვები?!

ასე სამარის კარამდე ჩაძიება ნებისმიერ “აღიარებულ” ფაქტზე შეიძლება: დაეცა თუ არა ნიუტონს ვაშლი, იყვირა თუ არა “ევრიკა” არქიმედემ, იხსნეს თუ არა რომი ბატებმა, იყო თუ არა ლეონარდო და ვინჩი ჰომოსექსუალი, იბრძოდა თუ არა სერვანტესი ლეპანტოს ბრძოლაში, იყო თუ არა ფრენსის ბეკონი შექსპირის ტრაგედიების ავტორი და ა.შ. მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, ამიტომ მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ – ის, რაც ვიცით, სინამდვილეში გვჯერა, რომ ვიცით. ჩვენი ცოდნა დაჯერებების ვრცელი კრებულია და რომ არ დავიჯეროთ, სხვა გზა არ გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ჩვენს ცხოვრებას წყაროს წყაროს წყაროს წყაროს გადამოწმებას მოვანდომებთ.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უუფ ნუ მე მთლად ასე ღრმად არ ჩავძიებივარ მაგრამ ერთხელ როცა ამ იდეამ დამარტყა და გავახმოვანე მტრების არმია შევიძინე და ურწმუნო თომად და ინტრიგანად მოვინათლე :)
    მადლობა რომ ასე არგუმენტირებულად დაწერე ეს პოსტი წავედი ახლა ნახევარ ნაცნობებს თავში უნდა ვურტყა ეს! : )

    ლილიანი

    October 1, 2010 at 12:26 pm

  2. დროის მანქანა გვინდა :) რომ ეჭვი ან გავფანტოთ ან დავადასტუროთ :)

  3. აი ზუსტად! აგვისტოში ვმუშაობდი ელიზაბეთ ბათორის ბიოგრაფიაზე და იმდენი უზუსტობა აღმოვაჩინე ჯერ მარტო ქართულ ინტერნეტში, რომ გავგიჟდი!!! ამ დღეებში დავდებ ამ ნაშრომს…

    ერთადერთი სარწმუნო, დღევანდელობაა, ეს წუთი და წამი…

    undone

    October 1, 2010 at 8:04 pm

  4. უიმე

    NO-Spa

    October 4, 2010 at 3:43 pm

  5. საინტრესო პოსტია მართლა

    tornike12

    October 6, 2010 at 12:11 am

  6. პირველად კი ის გამოქვეყნდა ფრანგულენოვან კრებულში Querelles Littéraires (ლიტერატურული კამათები) 1761 წელს.
    პირველად ეს ფრაზა გამოქვეყნდა Giuseppe Baretti-ს წიგნში Italian Library (1757 წელს).4 წლის შემდეგ Querelles Littéraires-ში დაიბეჭდა ამ წიგნის ფრანგული თარგმანი.ფრაზა ნამდვილად არ არის ფრანგული,ეყოფათ ფრანგებს ბოროტება თვისი.:)

    ლევან ც

    October 6, 2010 at 1:34 am

    • Eppur si muove = Cependant elle remue

      ახურებს ვიკიპედია. ვერ ვიპოვე ჯუზეპე ბარეტის წიგნი. ფრანგული წიგნი ვნახე და არსად წერია რომ თარგმანიაო. აჰა ლინკი:

      Querelles littéraires

      49-ე გვერდი ნახე.

      linguistuss

      October 6, 2010 at 2:13 am

  7. ვახო რა სად როდის როდის იწყება?

    ნუგი

    October 7, 2010 at 8:10 pm

  8. რამდენიმე დღის წინ ჩემმა ლექტორმა ამ სიტყვებით დაიწყო ლექცია: ” Where our knowledge comes from? where is the guarantee that what we know is true?!…”

    როგოც ჩანს, მარტო თქვენ არ გაწუხებთ ეგ საკითხი. :)

    ingula

    October 12, 2010 at 4:38 am

  9. რაღაც ახმიანდა ჩემს გონებაში… მაგრამ მერე დავწერ კომენტარს :დ

    kevana

    October 15, 2010 at 5:33 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: