ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პატრიოტული სიმღერა ბანჯგვლიან ბოზებზე

with 7 comments

გუშინ ეკა კვესიტაძის “აქცენტებს” ვუყურე. შეკრებილი ბატონები ცდილობდნენ ერთმანეთი დაეწმუნებინათ, რომელი სჯობს, ჩვენს შვილებს ინგლისური ვასწავლოთ, რუსული, თუ საერთოდ სუაჰილი, ან არაბული. ამ პრობლემატიკაში ვიყავი ჩაძირული, რომ ერთი სიმღერა ამეკვიატა. თქვენც გექნებათ მოსმენილი. ბავშვები რომ დგანან ერთ მწკრივად და მხოლოდ “бляди, бляди, бляди” რომ ისმის და მეტი არაფერი. ჰოდა, ძალიან მოსაწყენი საუბარი რაიმე სახალისოთი რომ დამებალანსებინა ამ სიმღერის პირველწყაროს ძებნა დავიწყე. ასეთ სეანსებს გუგლთან ჭიდილს ვეძახი. თან თუ საძიებო მასალა არატრივიალურია, პროცესი ერთ სიამოვნებად იქცევა ხოლმე.

გამახსენდა, ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, ეჭვი მაქვს არაბულად მღერიანო, თუმცა რაღაც ჩემთვის უცნობ დიალექტზეო, მაგრამ ფაქტია, რომ მისამღერი არის بلادي بلادي يا بلادي (ბილადი, ბილადი, ია ბილადი), რაც არაბულიდან ითარგმნება, როგორც “ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ, ჩემო ქვეყანავ”. ამ თეორიის შემოწმება დავიწყე და როგორც მინიმუმ ათი სიმღერა ვიპოვე, რომელიც ასე იწყება, მათ შორის ერთ–ერთი ეგვიპტის ამჟამინდელი ჰიმნია. ბოლოს, როცა მივხვდი რომ ევროპულ ენებზე ძებნა უშედეგო იყო. ბრმად დავიწყე არაბულენოვან ინტერნეტში ხელის ცეცება.

ძებნა–ძიება წარმატებით დასრულდა და ისრაელის სუპერ–მეგა–პუპერ შოუ “არავიზია” ვიპოვე, რომელიც სინამდვილეში პოლიტკორექტულობისათვისაა შექმნილი და თელ–ავივის, ჰაიფას, ბეერშევას და კიდევ სხვა ქალაქების არაბულენოვანი მოსახლეობის წასახალისებლად გადის ეთერში. შოუში მონაწილეები ერთმანეთს არაბულად (ისრაელის ორიდან ერთ–ერთ სახელმწიფო ენაზე) ეჯიბრებიან, გადაცემას კი სუბტიტრები ახლავს თან ივრითზე. ერთი სიტყვით ვერც ერთი ინგლისურენოვანი საიტი ვერ ვიპოვე ამ შოუსი.

გუგლ–თრანსლეითისა და ჩემი მწირი არაბულის არცთუ სახარბიელო ცოდნის საშუალებით შემდეგი რამ გავარკვიე: პატრიოტული სიმღერის (بلادي – ბილადი) ტექსტი დიდ პალესტინელ პოეტს იბრაჰიმ ტუკანს დაუწერია, სადაც არაბული პოეზიისათვის დამახასიათებელი მეტაფორულობით ხოტბაა შესხმული პოეტის მშობლიური თვალწარმტაცი სანახებისადმი. ეს სიმღერა ჩვენებური “ჩემო კარგო ქვეყანის” არაბული ვარიანტია, რომელიც ზემოხსენებულ არავიზიაზე წარუდგენია მუსიკალურ კოლექტივს, “ფერასს”.

ვინ იფიქრებდა, რომ ეს ქმნილება ინტერნეტს დაიპყრობდა. მსგავსი კლიპები არასოდეს ხდება ხოლმე მილიონიანი პუბლიკის განსჯის საგანი. აი, ხომ წარმოუდგენელია ზუკაკო ამყოლაძის “დნნ–დშნ” მსოფლიო მეგა–ჰიტად რომ ქცეულიყო და youtube-ში რამდენიმემილიონიანი რეიტინგი რომ ჰქონოდა?! თუმცა, ჩვენი ჩრდილოელი “ძმები” უსაქმოდ არ დარჩნენ და ამ “бляди, бляди”–ის შესაბამისი ტექსტიც დაადეს. სწორად აქედან დაიწყო მსვლელობა რუსულენოვან ინტერნეტში  კლიპმა “ბანჯგვლიანი ბოზების” (Мохнатые бляди) შესახებ.

თქვენ იკითხავთ კვესიტაძის “აქცენტები” რა შუაშიაო! – გიპასუხებთ. მანამ სანამ რიგით ქართველს ამ სიმღერის მოსმენისას “Мохнатые бляди” ჩაესმის, ამაოა ლაპარაკი ინგლისური ენის დომინანტობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ არაბულს ვეჭიდავები წელიწადზე მეტია და ვიცი, რომ بلد (ბალად) ქვეყანაა და بلاد (ბილად) მისი მრავლობითი და ბოლოკიდურა ي (ი) კი პირველი პირის კუთვნილებითი ნაწილაკი, მაინც ეს “ბანჯგვლიანი ბოზები” ჩამესმის და ჩემდაუნებურად მეცინება. ჯერ–ჯერობით ვერ ვიპოვე ქართველი, რომელსაც ამ სიმღერის მოსმენისას სახეზე ღიმილი არ ეფინება, როცა ვიპოვი დავიჯერებ რომ ინგლისურმა ჩვენს თავებში რუსული დაამარცხა, მანამდე არა!

Advertisements

Written by linguistuss

October 25, 2010 at 2:26 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ”ჩემი დიდი ბერძნული ქორწილი” თუ არ გაქვს ნანახი, გირჩევ

    ფრაზა ფილმიდან:
    ”დამისახელე ნებისმიერი სიტყვა და მე დაგიმტკიცებ, რომ ის ბერძნული წარმოშობისაა”.

    შენს შემთხვევაში არაბული ცხადია :D :D

    litterator

    October 25, 2010 at 2:58 pm

  2. შენ ხომ არ იცი მე როგორი დარწმუნებული ვიყავი ამ ბლიადების მახნატობაში :D :D გავოცდი :D

    კარგი იყო :)

    Matilda

    October 25, 2010 at 5:39 pm

  3. სხვათაშორის ამ ვიდეოს რამოდენიმეჯერ ვუყურე და არ გამცინებია :) აი ახლაც ვუყურებ და არაფერი :)

    დადებული ხმა თავიდანვე გამოვრიცხე, მე არაბული არ ვიცი, ამიტომ თურქულ-აზერბაიჯანულ რაღაც ”ნოტებს” ვიჭერდი, ვერაფერი ვერ გავარკვიე და მერე დავანებე თავი.

    litterator

    October 25, 2010 at 6:12 pm

  4. ამბობენ, არაბულად ქვეყანას ნიშნავსო. თუ საკუთარ ქვეყანაზე ისე მღერიან როგორც ქართველები: “ჩემო კარგო ქვეყანას”, კარგად ჟღერს. მართალია რაღაცის ასოციაციას აღძრავს, მაგრამ ის რუსეთში დარჩება ისეთად როგორადაც მოიხსენიებენ…

    gela_jvania

    October 25, 2010 at 6:46 pm

  5. მე კიდევ არ მომისმენია და ვერ ვიტყვი, რა ასოციაციას აღძრავს
    საღამოს ვნახავ :)
    ეგ კი მართალია, როცა თავებიდან რუსული გამოირეცხება…
    მაგრამ ახალ თაობას ეგ ნაკლებად შეაწუხებს მგონი

    keti

    October 26, 2010 at 2:40 pm

  6. პრინციპში, ახლა აღარ იცის ბევრმა რუსული, მაგრამ “ბლიადის” მნიშვნელობა ისე მყარადაა ჩაბეჭდილი, კიდევ დიდხანს დარჩება.

    Sophie SUNNY Golden

    October 28, 2010 at 4:46 pm

  7. სახალისოა. ფრიად.

    S.P.

    November 1, 2010 at 2:07 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: