ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

with 10 comments

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის “მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმ-ბერნერს ლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის “მამას” უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა – თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუთმეტ მილიარდ ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისაგან, სადაც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ საკუთარ ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს ინტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამისი ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით “ფეისბუქური” ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში “პირწიგნაკად” წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე – youtube.com, მეოთხეზე – odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსით არაფრით განსხვავდება – აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ფოტოებს წითელ ზოლად გასდევთ წარწერა “მე აქ ვიყავი”. ასეთ ფოტოებს განეკუთვნება სურათები, სადაც მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამ ყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანასკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით – “დედას ბუშტი”. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%-ის და ფრანგების 74%-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი “მე აქ ვიყავი” და “ჩემი ქორწილის” ტიპის ფოტოები განმთავსებლის პირადი საქმეა. “დედას ბუშტის” სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები “ფრენდების” თუ “დრუზიების” წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ. ეს აპლიკაციები იმ სოციალ-მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრონიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: “ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე”, “დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი”, “ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ.

Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს “კედელი” რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ – თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა “დედას ბუშტი” ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

November 6, 2010 at 2:44 am

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ,,დავალაიქებდი” ამ პოსტს, რომ შეიძლებოდეს … :)))))

    saliome

    November 6, 2010 at 3:18 am

  2. აჰა,სწორედაც რომ,ჩემო ვახო,ვიზიარებ შენს პათოსს…: )ჩვენი ცხოვრებაა, ჯერ “არაფრისმთქმელი” და Facebook- ის კედელი, მითუმეტეს : )

    მწირი

    November 7, 2010 at 12:12 am

  3. და მაშინ რა გვინდა ამ არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ტიპის ფოტოებით გავსებულ გამოქვაბულში დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში? ან ეს მოგვწონს, ან ჩვენც ასეთები ვართ, ან ეს ასე არაა ან კიდევ ერთი “ან”.
    მე არც ერთი მგონია. ეს სტატია ადნაკლასნიკზეა დაწერილი.

    Agasfer

    November 7, 2010 at 2:56 am

  4. Однокласники და Facebook ახალი ამბავი არ არის, რომ ორი დიდი იმპერიის სპეცსამსახურების წარმატებული მსოფლიო პროექტებია. პლანეტის მოსახლეობის კატასტროფულად სწრაფი ზრდა შიშისმომგვრელია, ამიტომაც ანარქიისა თუ სხვა “არასასურველი” მოვლენების თავიდან ასაცილებლად კომპიუტერებთან მიაჟაჭვეს ყველანაირი დონის, კატეგორიის, ასაკისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანი, ანუ დააზომბირეს, თან მეტნაკლებად კონტროლის ქვეშაც აიყვანეს. მისცეს ხალხს “სანახაობა” friend-ების, ინტერესების, ფოტოების, კომენტარების, თამაშების და სხვა ათასი სისულელეების სახით. ხომ ხედავთ, პოსტის ავტორი, ეს მეგაინტელექტის კაციც როგორ დაწვრილმანდა, რომ 24 საათი ვიღაცეების ფოტოებს ჩაჰკირკიტებს და კომენტარების კითხვით ერთობა :D :D
    ეს პოსტი კი არა, ავტოპორტრეტია, მე თუ მკითხავთ. მკვდარი არ არის ისე ღრმად ჩაფლული მიწაში, როგორც ვახო ვირტუალურ რეალობაში :D სხვას ნუ სწამებ ცილს, ვახო, შენ დასვი უკვე ტოლობის ნიშანი საკუთარ რეალურ ცხოვრებასა და ვირტუალურ ცხოვრებას შორის:D ისე, თვითკრიტიკა ყველაზე ჯანსაღი კრიტიკაა :D გილოცავ!

    Pegi Карпенко

    November 7, 2010 at 11:30 am

  5. რაღა დაგიმალოთ და არ მომეწონა სტატია! უფრო ღრმა და შინაარსიან ანალიზს ველოდი. ეს თემა ცოტა უფრო მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს ჩემი აზრით

    Archil Mikelashvili

    November 7, 2010 at 10:50 pm

  6. ფეისბუქი, ოდნოკლასნიკები, ბლოგები, ფორუმები, ჩათები… — ეს სოციალური ინტერნეტია. ისეთივე სოციალური, როგორც სამეზობლო, სამეგობრო, კოლექტივი… უბრალოდ ვირტუალური და უფრო ხელმისაწვდომი.
    რა არის ამაში გასაკვირი და უცნაური?
    ადამიანი მიისწრაფის კომფორტისაკენ და ცივილიზაციასაც მოაქვს ეს კომფორტი.
    ეს არც ცუდია, არც კარგი. უბრალოდ რეალობაა. სპირალურად განვითარებადი სამყაროს მორიგი ხვეული.

    მევარმე

    November 8, 2010 at 1:03 am

  7. ეს კომფორტი კი არა, ხშირად დისკომფორტია. ამ სოციალური ქსელების გამოისობით კონფიდენციალურობა საერთოდ აღარ არის დაცული, ძალაუნებურად გითრევს, როცა თავი შიგ გაქვს ჩარგული და არც კი იცი, რას ეძებ. სწორედაც რომ ამ სოციალური ქსელების დახმარებიტ ზოგიერთი ადამიანის პირადი ცხოვრება გამიშიფრავს ისე, რასაც ვითომ საგულდაგულოდ მალავდნენ. სურათების დადება. კომენტარები, შეფასება სურათებზე მონ დიეუ, რა სიშტერეა, არც ჩემი და არც ჩემი ქმრის ცხოვრებაში არ არის აქტუალური არც ოდნოები და არც facebook, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩემ ოjახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს ყოველდღიურად ვეკონთაქტები skype-ით და ეს სრულიად მაკმაყოფილებს. თქვენ გგონიათ საზღვარგარეთ სულ ამაზე არიან ჩაციკლულები, ნურას უკაცრავად, რამდენი რუსი, უკრაინელი თუ რუმინელი ნათესავი მყავს, რამდენი ფრანგი მეგობარი, კიდიათ შენი სოციალური ქსელები რა დონეზე ვერ აგიღწერთ :D

    Pegi Карпенко

    November 8, 2010 at 4:38 pm

  8. “პლანეტის მოსახლეობის კატასტროფულად სწრაფი ზრდა შიშისმომგვრელია, ამიტომაც ანარქიისა თუ სხვა “არასასურველი” მოვლენების თავიდან ასაცილებლად კომპიუტერებთან მიაჟაჭვეს ყველანაირი დონის, კატეგორიის, ასაკისა თუ მსოფლმხედველობის ადამიანი, ანუ დააზომბირეს, თან მეტნაკლებად კონტროლის ქვეშაც აიყვანეს.”

    აუჰ ეს შეთქმულების თეორიები :D
    და კიდევ 2030–ისთვის მსოფლიო მოსახლეობა ამჟამინდელის ნახევარს უნდა შეადგენდეს (c) მალთუსი :D

    Anushka

    November 16, 2010 at 10:29 pm

  9. მეტად არაყურადღებისმისაქცევია, ჩემი აზრით, ეს სოციალური ქსელნი დიდნი… ერთ–ერთი ზემოთ მოხსენებული პოსტის არ იყოს, ეს უბრალოდ რეალობაა… არის და მორჩა…

    eli

    November 21, 2010 at 7:44 pm


Leave a reply to Megzuri Cancel reply