ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თსუ–ს 2010 წლის ზამთრის ჩემპიონატი, შესარჩევი

with one comment

დღეს გაიმართა თსუ–ს 2010 წლის ზამთრის ჩემპიონატის შესარჩევი ტურები, ფინალში გავიდა 24 გუნდი, რომლებიც ხვალ გაარკვევენ ვინ გახდება თსუ–ს ჩემპიონი. შეკითხვები და შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ. კითხვების ავტორი და რედაქტორი ვიყავი მე.

პირველი შესარჩევი ტური

1. ფილმში “ამელი პულენი მონმარტრიდან” არის ასეთი სცენა: ერთი პერსონაჟი ბარში ზის და პოლიეთილენის ბურთულებს ხეთქავს. რეჟისორის, ჟან–პიერ ჟენეს განმარტებით ეს პერსონაჟი დაკავებულია იმით, რასთანაც ასოცირდება ერთი მცენარე. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მცენარე.

პასუხი: გვირილა
კომენტარი: პერსონაჟი პოლიეთილენის ბურთულებით “ვუყვარვარ/არ ვუყვარვარ”–ს არკვევს.
წყარო: 1. Le Fabuleux destin d’Amélie Poulain, ორიგინალური DVD, ჟან–პიერ ჟენეს კომენტარებით.

2. 1979 წლის 27 აგვისტოს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ერთ–ერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქში ჩავიდნენ და მატჩის წინ, პირველ რიგში, ჯერ სასაფლაოს ესტუმრნენ. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქალაქში გაიმართა ეს მატჩი?

პასუხი: ტაშკენტი
კომენტარი: მათ 1979 წლის 11 აგვისტოს ავიაკატასტროფაში დაღუპული ტაშკენტის „ფახთაქორის“ გუნდის საფლავები მოინახულეს.
წყარო: 1. ბმული

3. შუა საუკუნეებში გენუაში ცხოვრობდა ოთხი წარჩინებული გვარი: ფიესკო, სპინოლა, დორია და მეოთხეს არ გეტყვით. არსებობს ასეთი ლეგენდა: 1297 წელს მეოთხე გვარის წარმომადგენელი ფრანჩესკო ვერაგი თავის თანამზრახველებთან ერთად ფრანცისკანელ ბერად გადაცმული შეიჭრა ერთ ციხე–სიმაგრეში და დაიპყრო ის. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თანამედროვე სახელმწიფო, სადაც ეს ციხე–სიმაგრეა განლაგებული.

პასუხი: მონაკო
კომენტარი: ფრანჩესკო ვერაგი იყო გვარად გრიმალდი. დღესდღეობით მონაკოს გრიმალდების დინასტია მართავს. Monaco – იტალიურად ბერია (არამხოლოდ იტალიურად).
წყარო: 1. ბმული

4. ქართველი პოეტესა, ლია სტურუა მიიჩნევს, რომ პოეტისათვის და ზოგადად შემოქმედი ადამიანისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს სამი შეკითხვაა. დაასახელეთ სახელი და გვარი ფრანგი ხელოვანისა, რომელიც მოიხსენია ლია სტურუამ ამ სამ შეკითხვაზე საუბრის დროს.

პასუხი: პოლ გოგენი
კომენტარი: “საიდან მოვედით? ვინ ვართ? სად მივდივართ?” – პოლ გოგენის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფერწერული ტილოა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5. ერთი პორტუგალიური ანდაზა ამბობს, რომ “იქსი არის ნახევარი პასუხი”. მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ ახლა მოისმინეთ იქსი, ამიტომაც მითხარით იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: კარგი შეკითხვა
კომენტარი: კარგი შეკითხვა ნახევარი პასუხია – პორტუგალიური ანდაზა.
წყარო: 1. ბმული

6. სულხან–საბას “სიტყვის კონაში” ამ სიტყვას შემდეგი განმარტება აქვს: “სხუათ სარიგებელთ გამგებელი”. ნელი ნენოვას და გენო წულაიას ფილმში კი ამ სიტყვით მოიხსენიებენ ერთ არსებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს არსება.

პასუხი: დელფინი
კომენტარი: ნელი ნენოვას და გენო წულაიას მოკლემეტრაჟიან ფილმში “მეტიჩარა” დელფინს მეტიჩარა ჰქვია.
წყარო: 1. სულხან–საბას “სიტყვის კონა”, ნებისმიერი გამოცემა. 2. ბმული

7. მილანის ცენტრში არის მზის სათვალეების მაღაზია. მაღაზიის სახელწოდება ემთხვევა 1961 წელს გამოქვეყნებული საკულტო რომანის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება მაღაზიას?

პასუხი: სოლარისი
კომენტარი: “solaris” – “მზის” ლათინურად.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

8. ისრაელის მუზეუმში ინახება უჩვეულო კვერცხი, რომელზედაც ამოტვიფრულია ერთი ნაწარმოების პირველი თავი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ არსებითი სახელი, რომელიც კვერცხზე ამოტვიფრულ ტექსტში 28–ჯერ ფიგურირებს.

პასუხი: ღმერთი
კომენტარი: კვერცხზე ბიბლიის “დაბადების” (შესაქმის) პირველი თავია ამოტვიფრული, რომელშიც სიტყვა ღმერთი 28–ჯერაა მოხსენიებული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

9. 2000 წელს ფიზიკოსმა ანდრე გეიმმა იგნობელის პრემია მიიღო. 2010 წელს კი იგი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს. ამასთან დაკავშირებით ერთმა ენამახვილმა ბლოგერმა დიდი მონარქის ფრთოსანი ფრაზა გაიმეორა. დაასახელეთ ეს ფრთოსანი ფრაზა.

პასუხი: სასაცილოდან ამაღლებულამდე ერთი ნაბიჯია
კომენტარი: ნაპოლეონს ეკუთვნის ფრაზა: სასაცილოდან ამაღლებულამდე ერთი ნაბიჯია. იგნობელის პრემია გაიცემა წლის ყველაზე სასაცილო გამოგონებისათვის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

10. კარლ საგანის რომანის მთავარი პერსონაჟი, ელეონორ ეროუეი სკეპტიკური აზროვნებითა და უკიდურესი რაციონალიზმით გამოირჩევა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მე–17 საუკუნეში დაბადებული ადამიანი, რომელიც კარლ საგანმა მისი პერსონაჟის სიმბოლურ მამად დაასახელა.

პასუხი: ვოლტერი
კომენტარი: მისი ნამდვილი გვარი “არუე” იყო. Arroway ფრანგულად რომ წავიკითხოთ “არუეს” მივიღებთ. ამასთან ვოლტერი სკეტიკურობითა და რაციონალიზმითაა ცნობილი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

11. ფინურ ენაში არსებობს უცნაური სიტყვა, პორონკუსემა. ის აღნიშნავს მანძილს, რომელსაც ხარირემი გადის ამის გაუკეთებლად. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ძველი რომაული სენტენცია, რომლის წარმოშობის ისტორიაც ამის გაკეთებას ირიბად უკავშირდება.

პასუხი: ფულს სუნი არ სდის
კომენტარი: პორონკუსემა არის მანძილი, რომელსაც ხარირემი გადის ისე, რომ მოშარდვისთვის არ გაჩერდეს. ამის გაკეთება არის – მოშარდვა. საზოგადოებრივ ტუალეტებზე გადასახადის გაზრდასთან დაკავშირებით ბრძანა ვესპასიანემ “ფულს სუნი არ სდის”.
წყარო: 1. ბმული

12. ოლივერ სტოუნის ფილმში “უოლ სტრიტი”, მაიკლ დუგლასის პერსონაჟი ამბობს, რომ ციხეში ყოფნისას იგი მიხვდა მთავარ ჭეშმარიტებას – ადამიანთა ცხოვრებაში მთავარია პირველი და არა მეორე. ყურადღება შეკითხვა: პირველიც და მეორეც სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: დრო, ფული
კომენტარი: პირველი – დრო, მეორე – ფული. მაიკლ დუგლასის პერსონაჟმა კი განაცხადა, რომ ციხეში ყოფნისას, იგი მიხვდა, რომ მთავარია დრო და არა – ფული.
წყარო: 1. ბმული

13. კრასნოდარის მხარეში მდებარე სტანიცას, ტიფლისსკაიას XX საუკუნის 30–იან წლებში სახელი შეუცვალეს. ყურადღება შეკითხვა: რა სახელი უწოდეს მას?

პასუხი: ტბილისსკაია სტანიცა
კომენტარი: 1936 წელს რუსულ წყაროებში ქალაქ ტფილისს სახელი შეეცვალა და თბილისი ეწოდა. ამასთან დაკავშირებით სახელი შეუცვალეს კრასნოდარის მხარეში მდებარე ჩვენი ქალაქის მოსახელე სტანიცასაც.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

14. ვიკიპედიის მტკიცებით ამ კუნძულის სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან, რომელიც თარგმანში “სპილენძს” ნიშნავს, თუმცა არსებობს სხვა, უფრო გავრცელებული მოსაზრება, რომელშიც მარადმწვანე მცენარე ფიგურირებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კუნძული.

პასუხი: კვიპროსი
კომენტარი: ვიკიპედიის მტკიცებით “კვიპროსი” მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “კუპროს”, რაც სპილენძს ნიშნავს, თუმცა უფრო ხშირად კვიპროსს კვიპაროსთან აკავშირებენ.
წყარო: 1. ბმული

15. ერთ სტატიაში სახელწოდებით “არ აჩვენოთ ეს ბავშვები მსოფლიოს” საბჭოთა კავშირი მოხსენიებულია, როგორც “ასეთი” ქვეყანა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ზედსართავი სახელი, რომელიც მე შეკითხვაში შევცვალე სიტყვით “ასეთი”.

პასუხი: მზიური
კომენტარი: ცნობილია ბრეჟნევის სიტყვები, რომლებიც მან ანსამბლ “მზიურის” ბავშვებზე თქვა: “აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი აღარ იქნება”.
წყარო: 1. ბმული

16. ფილმში “ნიურნბერგი”, რეიხსმარშალი ჰერმან გერინგი ამბობს, რომ “ერთი იქსი უდრის იდიოტს, ორი იქსი – კლუბს, სამი იქსი კი – იმპერიას”. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ქალაქი, რომელში მცხოვრები იქსის შესახებაც მსოფლიომ 1987 წელს შეიტყო.

პასუხი: ნიუ–იორკი
კომენტარი: იქსი – ინგლისელი. 1987 წელს სტინგმა დაწერა სიმღერა “ინგლისელი ნიუ–იორკში”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

17. სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე espn.com-მა გამოაქვეყნა მონაწილე გუნდების სტილიზებული პოსტერები. ერთ ასეთ პოსტერზე გამოსახულია დანიის ნაკრების მწვრთნელი მორტენ ოლსენი ძირითად შემადგნელობასთან ერთად. პოსტერზე გაკეთებული წარწერა კი ჟღერადობით ჰგავს ცნობილი ფილმის სახელწოდებისაგან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ფილმის სახელწოდება.

პასუხი: ოუშენის 11 მეგობარი
კომენტარი: პოსტერზე ოლსენის 11 მეგობარია წარმოდგენილი.
წყარო: 1. ბმული

18. XVI საუკუნეში მოღვაწე ესპანელი ისტორიკოსი გონსალო ფერნანდეს დე ოვიედო ი ვალდესი წერდა, რომ ვინც სვამს ამ სასმელს, სვამს ფულს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ სასმელს?

პასუხი: კაკაო (ცხელი შოკოლადი)
კომენტარი: კაკაო სწორად იმ დროს ჩაიტანეს ევროპაში და საშინლად ძვირი ღირდა.
წყარო: “Вокруг Света”, №11 (2842), Ноябрь, 2010, с. 98

19. 1979 წელს ეკრანებზე გამოსულ ბლოქბასტერში “შავი ხვრელი” გვხვდება მთავარი პერსონაჟი რობოტი, რომლის ვრცელი სახელწოდებაა vital information necessary centralized. ის სასიცოცხლოდ საჭირო და აუცილებელი, ცენტრალიზებული ინფორმაციის წყაროა კოსმოსურ ხომალდზე. ყურადღება შეკითხვა: მამაკაცის რა სახელით მოიხსენიებენ ამ რობოტს ხომალდის ეკიპაჟის წევრები?

პასუხი: ვინსენტი
კომენტარი: V.I.N.CENT (“Vital Information Necessary CENTralized”)
წყარო: 1. ბმული

20. 2003 წლის 14 მარტს, ალბერტ აინშტაინის დაბადების დღის საპატივსაცემოდ Google-ის ლოგოტიპი სტილიზებული იყო: სტანდარტულ ლოგოზე მიხატული იყო აინშტაინის ჰაბიტუსი და მიწერილი იყო ეს ოთხი სიმბოლო. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს ოთხი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: = mc2
კომენტარი: ეს ოთხი სიმბოლო Google–ის უკანასკნელ ასოსთან “e”–სთან ერთად ადგენდა აინშტაინის ცნობილ ფორმულას e = mc2
წყარო: 1. ბმული

მეორე შესარჩევი ტური

1. თუკი ენათმეცნიერ მიხეილ ქურდიანს დავუჯერებთ, არსებობს ასეთი ისტორიული ფაქტი: ქართველი ებრაელები არასოდეს სახლდებოდნენ მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. მიხეილ ქურდიანი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მრავალი საუკუნის წინ რიონზე გადიოდა საზღვარი. ყურადღება შეკითხვა: რისი საზღვარი?

პასუხი: ევროპა–აზიის
კომენტარი: ებრაელებს კი არ სურდათ ევროპის ტერიტორიაზე ეცხოვრათ, ისინი აზიას არ შორდებოდნენ.
წყარო: 1. მიხეილ ქურდიანის საჯარო ლექცია “ბასკური ენის ადგილი იბერიულ-კავკასიური ენების ოჯახში”. 2. ბმული

2. გასული საუკუნის დასაწყისში ამ ადამიანმა განაცხადა (ყოველ შემთხვევაში მას ასე მიაწერენ): “ცხოვრებაში მთავარია არა ტრიუმფი, არამედ ბრძოლა”, თუმცა ჩვენთვის უფრო ცნობილი ამ ფრაზის პირველი ნაწილია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელი და გვარი.

პასუხი: პიერ დე კუბერტენი
კომენტარი: მან სრული ფორმით თქვა – “ოლიმპიურ თამაშებში მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება, ისევე როგორც ცხოვრებაში მთავარია არა ტრიუმფი, არამედ ბრძოლა”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

3. თავის ერთ–ერთ ესეში გოგი გვახარიამ დაწერა, რომ ჭიჭიკოს და ბიჭიკოს არ აქვთ იქსი. დაასახელეთ გასულ საუკუნეში შექმნილი მუსიკალური კოლექტივი, რომლის სახელწოდებაც არის იქსი.

პასუხი: სახე
კომენტარი: ჭიჭიკო და ბიჭიკო რადიოწამყვანები არიან, მათ სახე არ აქვთ. 90–იანებში პოპულარული იყო ჯგუფი “სახე”.
წყარო: 1. ბმული

4. ეს სიტყვა სამეცნიერო წრეებში 1842 წელს დაამკვიდრა პალეონტოლოგმა რიჩარდ ოუენმა. ინტერნეტში კი ერთმა იუზერმა, ამ სიტყვით მოიხსენია მსოფლიო ჩემპიონი იტალიელი ფეხბურთელი. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ამ იტალიელი ფეხბურთელის სახელი და გვარი.

პასუხი: დინო ძოფი
კომენტარი: რიჩარდ ოუენი პალეონტოლოგიის ერთ–ერთი მამამთავარია. ეს სიტყვაა “დინოზავრი”, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონს დინო ძოფს ინტერნეტში დინოზავრი უწოდეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5. ძვ. ქართულში სიტყვა “ერგასი” ნიშნავდა ორმოცდაათს. ძვ. ქართული ენის სპეციალისტების აზრით, ამ სიტყვის შემადგენელი ნაწილი “ერგი” აღნიშნავს იმას, რაც ურევია 1963 წელს ეკრანებზე გამოსული ფილმის სათაურში. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: რვანახევარი
კომენტარი: ერგ–ასი ასის “ნახევარია”, ანუ ორმოცდაათი. 1963 წელს ფედერიკო ფელინიმ გადაიღო “რვანახევარი”.
წყარო: 1. ბმული 2. ზურაბ სარჯველაძე, “ძველი ქართული ენა”, გამომც. “საქართველოს მაცნე”, თბილისი, 2004, გვ. 53.

6. ჩაიწერეთ ციტატა: “(გამოტოვებულია ორი სიტყვა) ერთი წლიდან ლაპარაკობენ. მაინტერესებს, როდის იწყებს ბავშვი ლაპარაკს და რა შეიძლება იყოს ჩემი შვილის “სიმუნჯის” მიზეზი?” – თქვენს მოისმინეთ შეკითხვა, რომელიც ერთმა მომხმარებელმა დაპოსტა საიტზე mkurnali.ge. გამოტოვებული ორი სიტყვა წარმოადგენს მხატვრული ფილმის სათაურს. დაწერეთ ეს ორი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: სხვისი შვილები
კომენტარი: 1959 წელს ეკრანებზე გამოვიდა თენგიზ აბულაძის ფილმი “სხვისი შვილები”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

7. ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსში შეყვარებულ წყვილს შორის ჩამოწოლილი დუმილი წარმოადგენს ამას. ერთი საგაზეთო სტატიის თანახმად კი ამასვე წარმოადგენს ბავშვი მშობლების საწოლში. დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: მესამე ზედმეტი
კომენტარი: “ჩვენ სამნი მივდიოდით გზაზე: მე, ის და დუმილი… დუმილი ვერ ხვდებოდა, რომ ზედმეტი იყო… შეუგნებელი დუმილი.” – ვ. კოტეტიშვილი
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

8. ერთ ლათინური ენის სახელმძღანელოში ნათქვამია, რომ ლათინური ენა არის ფრანგულის, იტალიურის, პორტუგალიურის და ინგლისურის GCD. ყურადღება შეკითხვა: რა აღინიშნება ინგლისურში აბრევიატურით GCD?

პასუხი: უდიდესი საერთო გამყოფი
კომენტარი: GCD = Greatest Common Divisor
წყარო: 1. “Le Latin Sans Peine” par C. Desessard, “Assmili”, Paris, p. VI

9. კიევის ცენტრში არის წიგნების მაღაზია, რომლის სახელიც მოსკოვის უბნის სახელწოდებისაგან ერთი ასოთი განსხვავდება. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება წიგნის მაღაზიას?

პასუხი: ჩიტაი-გოროდ
კომენტარი: მოსკოვის უბანი – კიტაი-გოროდ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

10. ჩაიწერეთ ციტატა: “ეს არის ფსიქიური ავტომატიზმი თავისი შეურყვნელი ფორმით, რომელიც ცდილობს გამოხატოს ვერბალურად, ან რაიმე სხვა საშუალებით, ადამიანის ფიქრთა მდინარება, ნაკარნახევი გონების კონტროლისა და რაიმე სხვა ესთეტიური, ან მორალური საფუძვლის გარეშე”. ყურადღება შეკითხვა: რა იქნა განმარტებული ასე 1924 წელს პარიზში?

პასუხი: სიურრეალიზმი
კომენტარი: თქვენს წინაშეა ამონარიდი 1924 წელს სიურრეალისტების პირველი მანიფესტიდან.
წყარო: 1. ბმული

11. 1976 წელს ბილ კეისინგმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით “ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ მთვარეზე”. წიგნში ავტორი ამტკიცებს, რომ ამერიკელთა დაჯდომა მთვარეზე დადგმული იყო, რასაც ავტორი მთვარეზე გადაღებულ ფოტოებზე მათი არარსებობით ასაბუთებს. დაასახელეთ ისინი.

პასუხი: ვარსკვლავები
კომენტარი: მთვარეზე გადაღებულ არც ერთ ფოტოზე არ ჩანს ვარსკვლავები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

12. გუგლში ძებნისას, როდესაც ვაგროვებდი ინფორმაციას ინგლისელ მათემატიკოსზე, ასტრონომზე და ასტროლოგზე (საძიებო სიტყვები მისი სახელი და გვარი გახლდათ), გუგლმა გარდა იმ გვერდებისა, სადაც ეს ინგლისელი იყო მოხსენიებული გამოიტანა ასევე გვერდები ქართველი პოლიტიკოსის შესახებ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ქართველი პოლიტიკოსის სახელი და გვარი.

პასუხი: ჯონდი ბაღათურია
კომენტარი: გუგლმა პრობელი სახელ და გვარში “ჯონ დი” უგულებელყო და გარდა ინგლისელი მათემატიკოსის შემცველი გვერდებისა, ჯონდი ბაღათურიას გვერდებიც გამოიტანა.
წყარო: 1. ბმული

13. იაპონურში არსებობს თავაზიანობის ხარისხის გამომხატველი ოთხი სიტყვა: “ეშაკუ”, “კეირეი”, “სეიკეირეი” და “დოგეზა”. ყურადღება შეკითხვა რა ერთეულებში იზომება ზემოხსენებულ თავაზიანობის ხარისხები?

პასუხი: გრადუსებში
კომენტარი: ეს სიტყვები აღნიშნავენ ტანის დახრის კუთხეს მისალმებისას. ეშაკუ – 15 გრადუსით დახრილ მისალმებას ჰქვია, კეირეი – 30–იანს და ა.შ. ამასთან სიტყვა “ხარისხი” იყო მინიშნება.
წყარო: 1. ბმული

14. ეს ბრენდი ქალაქ სიეტლში 1971 წელს დაარსდა. მისი სახელწოდება არც ძალიან ცნობილ ადამიანებთანაა კავშირში და არც ფულთან. მისი ერთ–ერთი დამაარსებელი ინგლისურენოვანი ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ამიტომაც ბრენდს ჰერმან მელვილის რომანის, “მობი დიკის” პერსონაჟის სახელი უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ბრენდის სახელწოდება.

პასუხი: სტარბაქსი
კომენტარი: Starbuck “მობი დიკის” პერსინაჟია. Star – ვარსკვლავი, ცნობილი ადამიანი, Bucks – ასე უწოდებენ აშშ–ში დოლარებს.
წყარო: 1. ბმული

15. ჩაიწერეთ ციტატა: უოლტ უიტმენი ჭეშმარიტი (გამოტოვებულია სიტყვა) ახალი დროისა, მან აღმოაჩინა ამერიკის სული”. თქვენს მოისმინეთ ციტატა ზვიად გამსახურდიას ესსედან უოლტ უიტმენის შესახებ. გამოტოვებული სიტყვა დაწერილობით ემთხვევა ერთი სახელმწიფოს სახელწოდებას. მითხარით ეს სახელმწიფო.

პასუხი: კოლუმბია
კომენტარი: კოლუმბია = კოლუმბი არის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

16. მიხეილ ჭაბაშვილი იგონებს რომ “სტალინის” გადატანა ბელადის სიცოცხლეში მკაცრად იყო აკრძალული. ყურადღება შეკითხვა: რა პროფესიის ადამიანებს ექმნებოდათ ამით ყველაზე დიდი პრობლემა?

პასუხი: ასოთამწყობებს (დამკაბადონებლებს)
კომენტარი: წიგნებში და გაზეთებში სტალინის გვარის გადატანა აკრძალული იყო, ამიტომაც თუ “სტალინი” გადატანის ადგილას ხვდებოდა ასოთამწყობებს მთელი აწყობილი გვერდის გადაწყობა უწევდათ, რომ “სტალინი” არ გადატანილიყო.
წყარო: 1. ბმული

17. არაბულ ენაში სიტყვა “ალ–ჯაბბაარ” დიდი ძალის მქონე გოლიათს ნიშნავს. ყურადღება შეკითხვა: რომელ თანავარსკვლავედს უწოდებენ არაბები “ალ–ჯაბბაარს”?

პასუხი: ორიონს
კომენტარი: ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში ორიონს სახელი გოლიათი მონადირის საპატივსაცემოდ ეწოდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. Х. К. Баранов, Арабско-Русский словарь, Издатель Валерий Костин, 2005 г., ISBN: 5-901278-04-6, с. 117.

18. 1983 წელს მსოფლიო მედიაში ორი ახალი სიტყვა გავრცელდა, ერთი დიულას ენიდან იყო აღებული, მეორე კი – მოსის ენიდან. ორივე სიტყვა ერთად შეადგენდა ამ სახელმწიფოს ახალ სახელწოდებას. დაასახელეთ ეს სახელმწიფო.

პასუხი: ბურკინა ფასო
კომენტარი: 1983 წელს პრეზიდენტმა ტომას სანკარამ “ზემო ვოლტას” სახელი გადაარქვა და “ბურკინა ფასო” უწოფა, რომელიც ამ სახელმწიფოში მოსახლე ორი ერის წარმომადგენლების ენებიდან აღებული თითო–თითო სიტყვით არის მიღებული.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

19. ჟურნალმა “ეკონომისტმა” 2010 წლის ნოემბერში დაბეჭდა ინფორმაცია საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ უკანასკნელ ხუთწლედში საქართველო არის ნომერი პირველი რეფორმატორი ქვეყანა. იქვე საქართველოს სახელწოდებაში – GEORGIA – ერთი სიმბოლო იყო ჩანაცვლებული მეორე სიმბოლოთი. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რომელი სიმბოლო იყო ჩანაცვლებული რომლით?

პასუხი: 1 ეწერა I-ის ნაცვლად
კომენტარი: GEORG1A – ხაზგასმული იყო საქართველოს პირველობა.
წყარო: 1. The Economist, November 20th-26th, 2010, page 18

20. ჰაინრიხ ჰაინე 1850 წელს წერდა: “რკინიგზის ლიანდაგებით იქსი განადგურებულია და ჩვენ იგრეკის გარდა სხვა აღარაფერი დაგვრჩა”. დაახლ. ნახევარი საუკუნის შემდეგ კი იქსი და იგრეკი ერთმანეთს არსობრივად დაუკავშირდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი: სივრცე და დრო
კომენტარი: ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის სპეციალურ თეორიაში შემოიღო ტერმინი დრო–სივრცე.
წყარო: 1. ბმული 2. Свен Ортоли, Никола Витковски, Дмитрий Баюк: “Ванна Архимеда Краткая мифология науки”, 2007

შედეგები:

პირველი შესარჩევი ტური (ბმული)
მეორე შესარჩევი ტური (ბმული)

Advertisements

Written by linguistuss

November 27, 2010 at 7:48 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. მართლა კაი კითხვები იყო, მომეწონა მარა მზიური იყო ნამდვილად არაკარგი :D კითხვა

    ori shinabera da otxi mamakaci

    November 28, 2010 at 3:00 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: