ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თსუ–ს 2010 წლის ზამთრის ჩემპიონატი, ფინალი

with one comment

დღეს დასრულდა თსუ–ს 2010 წლის ზამთრის ჩემპიონატი. თანაბარი სწორი პასუხები დააგროვეს ინტეგრალმა და 26–ე საათმა და შეთანხმებული წესების თანახმად გამარჯვებული გამოვლინდა ე.წ. რეიტინგით. კითხვები იყო რთული (განზრახ), ამიტომაც არ არის გასაკვირი 10 კითხვა ვერავინ რომ ვერ გამოიცნო, საბოლოო ჯამში ტურნირი შედგა და კმაყოფილი ვარ. ვულოცავ პრიზიორებს გამარჯვებას.

კითხვები:

1. ერთი ამერიკელი მწერალი იგონებდა თუ როგორ ამოჭრა ბაბუამისმა ძველი ჟურნალიდან რეცეპტი, როდესაც ეს მწერალი სამი წლის იყო. ამ რეცეპტის სახელი შემდგომში მწერლის გახმაურებულ რომანს ეწოდა. დაასახელეთ ამ რომანის სათაური.

პასუხი: ბაბუაწვერების ღვინო
კომენტარი: ბაბუამისმა ბაბუაწვერების ღვინის რეცეპტი ამოჭრა.
წყარო: 1. ბმული

2. ერთმა ენამოსწრებულმა და უცხო ენებით გატაცებულმა ბლოგერმა დეტექტიური რომანებით ცნობილი მწერალი ძმების გვარს თავში დაუმატა ერთი ასო და ასე მოიხსენია სხვა ძმები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მათი სახელები.

პასუხი: ნიფნიფა, ნუფნუფა, ნაფნაფა
კომენტარი: Schwein – გერმანულად ღორია. ძმები ვაინერების გვარში ასოს დამატებით მიიღება – ძმები შვაინერები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

3. აიზეკ აზიმოვის მოთხრობაში “გზავნილი” (The Message) დროის მანქანის საშუალებით XXX–ე საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომში დაბრუნებული ისტორიკოსი კედელზე ტოვებს წარწერას. ყურადღება შეკითხვა: რა გვარია ეს ისტორიკოსი?

პასუხი: ქილროი
კომენტარი: ამდაგვარად ახსნა აიზეკ აზიმოვმა ფრაზის – Kilroy was here – წარმოშობა, რომელსაც ტოვებდნენ ამერიკელი ჯარისკაცები კედლებზე მეორე მსოფლიო ომის დროს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

4. ჯანეტ ლაუს წიგნში, რომელიც კომპანია Google-ის შექმნას ეძღვნება, არის ასეთი თავი: “სწორად ეს აუცილებელი ატრიბუტი”. 1979 წელს გადაღებულ იქნა მხატვრული ფილმი, რომლის სათაურიც ამ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. დაასახელეთ ეს აუცილებელი ატრიბუტი.

პასუხი: გარაჟი
კომენტარი: მრავალი კომპანია შეიქმნა გარაჟში, სწორად ამას გულისხმობს ავტორი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

5. შტეფან ჰერბრეხტერის და ივან კალუსის რედაქციით რამდენიმე წლის წინ გამოიცა წიგნი, ესეების კრებული, სადაც ერთი მწერლის შემოქმედებაა განხილული თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ფონზე. წიგნის ავტორები ამ მწერალს ჰიპერტექსტური და ვირტუალური სამყაროს წინამორბედად მიიჩნევენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ წიგნის ყდაზე ამ მწერლის გვარს დამატებული აქვს თავკიდურა ორი ასო – cy. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზემოხსენებული მწერალი.

პასუხი: ხორხე ლუის ბორხესი
კომენტარი: წიგნს ჰქვია “Cy-Borges: Memories of the Posthuman in the Work of Jorge Luis Borges”. Cy-Borges – კიბორგის და კიბერსამყაროს ალუზიაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

6. ოლივერ სტოუნის 2006 წლის ფილმის პოსტერზე გამოსახულია ორი შავი ზოლი. ახლო წარსულში ისინი, რასაც სიმბოლურად ეს ზოლები გამოხატავენ შეადგენდნენ 2/7–ს (ორ მეშვიდედს). ყურადღება შეკითხვა: რის 2/7–ს შეადგენდნენ ისინი?

პასუხი: WTC (მსოფლიო სავაჭრო ცენტრი)
კომენტარი: ფილმი 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებს ეძღვნება. შავი ზოლები კი დანგრეულ ტყუპ–ცათამბჯენებს აღნიშნავენ, რომლებიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შვიდშენობიანი კომპლექსის ორი შენობა იყო.
წყარო: 1. ბმული

7. 2004 წელს ელექტრონული ფოსტის ლიმიტი Hotmail-ზე წარმოადგენდა 2 მეგაბაიტს, Yahoo-ზე კი – 4 მეგაბაიტს. ამავე წელს გაეშვა კომპანია Google-ის ინოვაციური პროდუქტი Gmail, სადაც საფოსტო ყუთის ლიმიტი 1 გიგაბაიტი იყო. 2004 წლის რომელ თვეს და რომელ დღეს განაცხადა Google–მა Gmail–ის გაშვების შესახებ?

პასუხი: 1 აპრილს
კომენტარი: თავდაპირველად ეს ყველას საპირველაპრილო ხუმრობა ეგონა იმდენად დიდი იყო გუგლის საფოსტო ყუთის დაანონსებული ზომა.
წყარო: 1. ბმული

8. თქვენს წინაშეა ძველი ჩინური მინიატურა, რომელზედაც მე წავშალე ერთი არსება.

ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს არსება.

პასუხი: პეპელა
კომენტარი: მინიატურაზე გამოსახულია ჩჟუანცზი, რომელმაც არ იცის იგი ჩჟუანცზია, რომელსაც ესიზმრება რომ პეპელა, თუ პეპელაა, რომელსაც ესიზმრება რომ ჩჟუანცზია.
წყარო: 1. ბმული

9. ენტონი ჰარვის ფილმი, “შუშის სამხეცე”, ერთობ ალუზიურად იწყება. მთავარ პერსონაჟს რამდენჯერმე ჩაესმის თუ როგორ ეძახის მას დედა, იგი ფიქრებშია გართული და ხმას არ იღებს. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა ჰქვია ზემოხსენებულ მთავარ პერსონაჟს?

პასუხი: ტომი
კომენტარი: ალუზიაა მარკ ტვენის რომანზე “ტომ სოიერის თავგადასავალი”, რომელიც იწყება ასე – “ტომ. პასუხი არ არის. ტომ. პასუხი არ არის”.
წყარო: 1. ბმული

10. ამერიკელი ლექსიკოგრაფი, ეირინ მაკკინი ამბობს, რომ ქაღალდის წიგნი არ არის სრულყოფილი ფორმა ლექსიკონისათვის, თუმცა მეორეს მხრივ დანანებით აღნიშნავს, რომ ელექტრონულ ლექსიკონებში ძებნის ფუნქცია ლექსიკონს უკარგავს იმას, რასაც ერთი ინგლისური სიტყვა გამოხატავს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ინგლისური სიტყვა.

პასუხი: serendipity
კომენტარი: serendipity აღნიშნავს ქმედებას, როცა აღმოჩენას აკეთებ ისე, რომ ამ აღმოჩენას საერთოდ არ გეგმავდი.
წყარო: 1. ბმული

11. თქვენს წინაშე წარმოდგენილია მოსკოვის მეტროპოლიტენის სადგურები, რომლებიც ბლოგერმა დმიტრი ჩერნიშოვმა შეადარა მათ.

  • Киевская
  • Краснопресненская
  • Белорусская
  • Новослободская
  • Проспект Мира
  • Комсомольская
  • Курская
  • Таганская
  • Павелецкая
  • Добрынинская
  • Октябрьская
  • Парк культуры

ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მათი კრებითი სახელი ერთი ძვ. ბერძნული წარმოშობის სიტყვით.

პასუხი: ზოდიაქო
კომენტარი: წარმოდგენილი სადგურები ე.წ. “კოლცევაია ლინიის”, ანუ წრიული ხაზის შემადგენელი სადგურებია. 12 წრეზე განლაგებული სადგური ჩერნიშოვმა 12 წრეზე განლაგებულ ზოდიაქალურ თანავარსკვლავედს შეადარა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

12. თქვენს წინაშეა სახელოვანი ფრანგი ფოტოგრაფის, ანრი კარტიე–ბრესონის ფოტონამუშევარი, რომელზედაც არანაკლებ სახელოვანი ფრანგი ხელოვანია გამოსახული.

ნამდვილად ძნელია რაიმე წუნი უპოვო ამ ფოტოპორტრეტს. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ფოტოზე გამოსახული ხელოვანის სახელი და გვარი.

პასუხი: ბრაკი
კომენტარი: ჩვენს მეტყველებაში “წუნის” სინონიმია რუსული ბარბარიზმი “ბრაკი”, რომელიც წარმოადგენდა მინიშნებას. ფოტოზე კუბიზმის მამამთავარი ჟორჟ ბრაკია გამოსახული.
წყარო: 1. “Tete-a-Tete”, Portraits by Henri Cartier-Bresson, A Bullfinch Press Book, 1998, Page 40

13. სპეციალისტები მას უძველეს სიცრუის დეტექტორს უწოდებენ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან თუ რომელ ანტიკურ ღვთაებას განასახიერებს ის – ოკეანოსს, თუ ტრიტონს. ერთი ვერსიის თანახმად კი ის იმ მდინარის სიმბოლოა, რომლის ნაპირასაც მდებარეობს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მდინარე.

პასუხი: ტიბრი
კომენტარი: საუბარია რომში, ტიბრის ნაპირას განლაგებულ სკულპტურულ ქმნილებაზე – bocca della verità (სიმართლის ბაგეები).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

14. 1949 წლის 15 ნოემბერს განდიდების მანიით შეპყრობილი ნატჰურამ ვინაიაკ გოძე სიკვდილით დასაჯეს. ყურადღება შეკითხვა: რა დანაშაული ჩაიდინა მან?

პასუხი: მოკლა მაჰათმა განდი
კომენტარი: 1948 წლის 30 იანვარს მან მოკლა მაჰატმა განდი და ამ გზით შევიდა ისტორიაში.
წყარო: 1. ბმული

15. თქვენს წინაშეა სოსო ნადირაძის ლექსი.

ნისლებისაკენ მივდევ არყიანს…
ვუახლოვდები მთებს და ქარაფებს,
მივდივარ, მაგრამ ზურგზე მატყვია,
რაც ჩემს ზურგს უკან ილაპარაკეს
განა ლექსს ვამბობ , ჩემს სიზმარს ვყვები,
მქოლავენ, მაგრამ მაინც მიმართლებს,
და მოშურნეთა ნასროლი ქვებით
შენდება ჩემი მეტამორფოზა

ყურადღება შეკითხვა: რომელი სიტყვა შევცვალე მე ამ ლექსში და რომელი სიტყვით?

პასუხი: მეტამორფოზა –> ციხე–სიმაგრე
კომენტარი: ფრანც კაფკას ერთი ნაწარმოების სახელი “ციხე–სიმაგრე” შეცვლილია მეორე ნაწარმოებით “მეტამორფოზა”.
წყარო: 1. ბმული

16. თქვენს წინაშეა ფოტო, რომელსაც Flickr.com-ზე წავაწყდი.

ეს ფოტო ავტორმა დაასათაურა მე–20 საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი რომანის სახელწოდებით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რომანის სახელწოდება.

პასუხი: ქარწაღებულნი
კომენტარი: მარგარეტ მიტჩელის რომანს, ასევე ეწოდება Gone with the wind, ანუ “ქარწაღებულნი”.
წყარო: 1. ბმული

17. დიზაინერ ალედ ლუისის პოსტერზე ალისფერ ფონზე გამოსახულია კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი. პოსტერზე კითხვის ნიშანი ახდენს იქსის სიმბოლიზირებას, ძახილის ნიშანი კი – იგრეკისას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი და იგრეკი სწორი თანამიმდევრობით.

პასუხი: ნამგალი და ურო
კომენტარი: ალედ ლუისის ნამუშევარი სსრკ–ს დროშის პაროდიაა.
წყარო: 1. ბმული

18. ეს სიტყვა აწერია ფრანგული წარმოების ფოლადისგან დამზადებულ ნაწარმს და „დაუჟანგავს“ ნიშნავს. 1909 წელს კარლ ელსენერმა, მას შემდეგ რაც მშობელი გარდაეცვალა, მშობლის სახელს დაუმატა ეს სიტყვა და სწორად ასე შეიქმნა მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ბრენდის სახელწოდება.

პასუხი: Victorinox
კომენტარი: Victorinox = Victoria + inox, ეს უკანასკნელი შემოკლებული ფორმაა „დაუჟანგავის“, ანუ inoxydable–ის.
წყარო: 1. ბმული

19. შეკითხვას სვამს ინგლისელი კინორეჟისორი: შექსპირის პიესაში ერთი პერსონაჟი ამბობს – “იქსების გარეშე იგრეკი ისეთივე სულელია, როგორც მე”. ყურადღება შეკითხვა: მითხარით იგრეკიც და იქსებიც, თუ ისინი ამ კინორეჟისორის ფილმის სათაურს ემთხვევა.

პასუხი: პროსპეროს წიგნები
კომენტარი: შექსპირის პიესაში “ქარიშხალი” კალიბანი ამბობს პროსპეროზე წიგნების გარეშე იგი ისეთივე სულელია, როგორც მეო. “პროსპეროს წიგნები” პიტერ გრინუეის 1991 წელს გადაღებული ფილმია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

20. ერთ ინტერვიუში ედსონ არანტეს დუ ნასიმენტომ განაცხადა, რომ ბრაზილიაში ეს ადამიანები ტყვიამფრქვევებს ჰგვანან, რომლებსაც მოკლე ტყვიები სჭირდებათ, თორემ შენელდებიან და ვერ გაისვრიან. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ ამ ადამიანების რომელიმე ქართველი კოლეგა.

პასუხი: მაგალითად დიმიტრი ობოლაძე
კომენტარი: ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს, იგივე პელეს აზრით ბრაზილიელი ფეხბურთელების მოკლე მეტსახელებს თავად სპორტული კომენტატორები იგონებენ, ვინაიდან მათ უჭირთ მათი გრძელი სახელების და გვარების წარმოთქმა მატჩის კომენტირების დროს.
წყარო: 1. ჟურნალი Личности №6 (28), 2010, გვ. 8

21. თქვენს წინაშეა ერთი ქალაქის ღირსშესანიშნაობა:

ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით რა ეწოდება პატარა შეღებულ კარს დარიგებულ სურათზე.

პასუხი: ნემსის ყუნწი
კომენტარი: არსებობს ლეგენდა, რომ სახარებისეული ფრაზა “ოდეს აქლემი გაეტევა ნემსის ყუნწში” იერუსალიმის კარიბჭიდან იღებს სათავეს, რომელშიც მსხივლფეხა საქონელი ძნელად ეტეოდა. თანამედროვე იერუსალიმში ამ ლეგენდის გამო რამდენიმე “ნემსის ყუნწი” კარები არსებობს.
წყარო: 1. ბმული

22. მისი სახელწოდება წარმოდგება პატარა სათამაშო ქვებისაგან, რომლებიც ძალიან წააგავს გოს სათამაშო ინვენტარს, ამიტომაც გოს მოთამაშეები მის რეალურ პროტოტიპად მათ საყვარელ თამაშს მოიაზრებენ. ფილოსოფოსები კი მასა და ლაიბნიცის მიერ შექმნილ უნივერსალურ ენას შორის ბევრ საერთოს პოულობენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მისი სახელწოდება.

პასუხი: თამაში რიოში მარგალიტებით
კომენტარი: საუბარია ჰერმან ჰესეს რომანზე, სადაც მოთხრობილია ამავე სახელწოდების მქონე უნივერსალური თამაშის შესახებ.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

23. 1947 წელს აშშ–ს კინოეკრანებზე გამოვიდა ფილმი “ძვირფასო რუთ” (Dear Ruth), რომელშიც მამაკაცის მთავარი როლი უილიამ ჰოლდენმა შეასრულა. ყურადღება შეკითხვა: რა გვარი იყო ქალის მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი?

პასუხი: კოლფილდი
კომენტარი: არსებობს მოსაზრება, რომ ჯერომ სელინჯერმა აფიშაზე წაიკითხა უილიამ ჰოლდენის და ჯოან კოლფილდის გვარები და აქედან შექმნა მისი პერსონაჟის, ჰოლდენ კოლფილდის სახელი და გვარი.
წყარო: 1. ბმული

24. ფრანგმა მათემატიკოსმა და ასტრონომმა პიერ ლუი დე მოპერტიუიმ იწინასწარმეტყველა, რომ 1757 წელს დედამიწას შეეჯახებოდა კომეტა. ერთი ვერსიით მოპერტიუის სწორად ამ წინასწარმტყველებამ დაუდო საფუძველი ერთ ფრთიან ფრაზას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ფრთიანი ფრაზა.

პასუხი: ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა ყოფილა
კომენტარი: მოპერტიუიმ იწინასწარმეტყველა, რომ კომეტის შეჯახების შემდეგ დედამიწაზე მოხდებოდა წარღვნა. ერთი ვერსიით ეს იცოდა მარკიზა დე პომპადურმა, რაც აისახა კიდეც მის ფრთიან ფრაზაში.
წყარო: 1. А. Г. Назарян, «Почему так говорят по-французский», Изд. «Наука», Москва, 1968, с.97

25. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა თავის მემკვიდრედ სსრკ–ს გოსპლანის თავმჯდომარე ნიკოლაი ვოზნესენსკი დაასახელა, რაც არ მოეწონა მის გარემოცვას და შესაბამისად რამდენიმე თვეში სტალინის მაგიდაზე ვოზნესენკის შავბნელი საქმე დაიდო. ისტორია მოგვითხრობს, რომ სტალინს საქმე გადაუთვალიერებია, მასალების შეკვრისთვის ორი სიტყვა წაუწერია და გვერდზე გადაუდია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ორი სიტყვით რუსულ სინამდვილეში სხვა პიროვნებაა ცნობილი. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ორი სიტყვა თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: Не верю
კომენტარი: სტალისლავსკის სისტემის თანახმად მსახიობი უნდა შეესისხლხორცოს როლს და თუკი ის ამას ვერ მოახერხებს იქვე გაისმის მისი не верю, რაც სიყალბეში ამხელს მსახიობს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

26. ინტერნეტში შეკითხვის ავტორი წააწყდა კარიკატურას, რომელზეც გამოსახული იყო აფრიკის ქვეყნის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები. თუმცა ფეხბურთელებს სახე ტრადიციული შავი ფერის ნაცვლად ჰქონდათ ლურჯი. სურათზე კი გაკეთებულ წარწერაში აფრიკის ქვეყნის სახელწოდებაში შეცვლილი იყო ერთი ასო. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ აფრიკის ეს ქვეყანა.

პასუხი: კამერუნი
კომენტარი: კამერუნის ნაკრების ნაცვლად გამოსახული იყო კამერონის ნაკრები, რომლებსაც “ავატარის” კინოგმირების მსგავსად სახეები ჰქონდათ ლურჯი შეფერილობის.
წყარო: 1. ბმული

27. 1885 წლის 26 ნოემბერს ჟურნალ “Nature”–ში 74–ე გვერდზე დაიბეჭდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ ერთმა ცნობილმა ადვოკატმა სასამართლო პროცესის დროს თავისი მოწმეები დაჰყო სამ კატეგორიად. მე არ გეკითხებით თუ რა ეხერხებოდათ პირველ ორ კატეგორიაში მოხვედრილ მოწმეებს, ამასთან პირველებს ეს გამოსდიოდათ მეტნაკლებად კარგად და მეორეებს კი – ძალიან კარგად, მითხარით რას იშველიებდნენ მესამე კატეგორიაში გადანაწილებული მოწმეები ჩვენების მიცემის დროს?

პასუხი: სტატისტიკას (რიცხვებს)
კომენტარი: ითვლება, რომ ეს არის პირველი გამოყენება ცნობილი ფრაზისა: არსებობს სამი ტყუილი – ტყუილი, უტიფარი ტყუილი და სტატისტიკა. პირველ კატეგორიაში მატყუარები მოხვდნენ, მეორეში – უტიფარი მატყუარები და მესამეში ექსპერტები.
წყარო: 1. ბმული

28. თანამედროვე სამეცნიერო სამყაროში ეს ფენომენი გამოხატავს ზოგიერთი არაწრფივი დინამიური სისტემის უცნაურ ქცევას. არსებობს სპეციალური თეორია, რომელიც იკვლევს ზემოხსენებულ ფენომენს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ არსება, რომელიც ასოცირდება ამ თეორიასთან.

პასუხი: პეპელა
კომენტარი: საუბარია ქაოსზე და ქაოსის თეორიაზე. პეპლის ეფექტი ქაოსის თეორიის თვალსაჩინო ილუსტრაციაა.
წყარო: 1. ბმული 2. Свен Ортоли, Никола Витковски, Дмитрий Баюк: “Ванна Архимеда Краткая мифология науки”, 2007

29. იუტას შტატში მდებარე ფართობით ყველაზე დიდ ტბას უწოდებენ ამერიკის იქსს. ყურადღება შეკითხვა: დამისახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: მკვდარი ზღვა
კომენტარი: დიდი მარილიანი ტბა დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მარილიანი ტბაა, იუტას ადმ. ცენტრიც ამ ტბის მოსახელეა.
წყარო: 1. ბმული

30. ეს გერმანული სიტყვა პირველად დაფიქსირებულია გუსტავ დიცელის ნაშრომში, რომელიც გერმანიის სახელმწიფო მოწყობას ეხება. ფრიდრიხ ნიცშე მას იყენებდა ოტო ფონ ბისმარკის მისამართით და ასევე ეს სიტყვა ხშირად ჟღერდა ჰელმუტ კოლის მოხსენებებში, როდესაც იგი გერმანიის გაერთიანებაზე საუბრობდა. დაასახელეთ ეს გერმანული სიტყვა, თუკი ამ სიტყვით შეგვიძლია მოვიხსენიოთ ერთი ესპანელი ბიზნესმენის საქმიანობა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.

პასუხი: რეალპოლიტიკა
კომენტარი: ფლორენტინო პერესი კლუბ მადრიდის “რეალის” პრეზიდენტია 1995 წლიდან.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

შედეგები: ბმული

 

 

Advertisements

Written by linguistuss

November 28, 2010 at 5:13 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. OMG! რა არის რას გავს, რა ჩაგრეხილ–ამოგრეხილი კითხვებია? შენ რა შედეგების ფურცელზე გრაფების გაწითლებაზე ჩალიჩობ?

    Pegi

    November 29, 2010 at 11:30 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: