ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

საქართველოს მანანებო

with 5 comments

საქართველოში მრავალ სხვა ინსტიტუტთან ერთად სუფრის ინსტიტუტიც გვაქვს, ამასთან ეროვნული და ჭეშმარიტად ქართული. მერე რა, რომ “სუფრა” არაბული სიტყვაა და გზაში წაღებულ საგზალს ნიშნავს, ან ქსოვილის ნაჭერს, რომელსაც ბედუინები მზის გულზე გავარვარებულ ქვიშაზე შლიდნენ, წაიხემსებდნენ, შემდეგ აქლემს აჰკიდებდნენ და გზას განაგრძობდნენ ხოლმე თვალუწვდენელ უდაბნოში. ქართული სუფრა სტუმრის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს, რომელიც უნდა მიიპატიჟო, შემდეგ ასვა და აჭამო, სანამ ამ უკანასკნელს გადაადგილების და აზროვნების უნარი არ წაერთმევა და ყველაფერზე იქნება თანახმა, ოღონდ მეტი აღარაფერი შესთავაზონ საჭმლის და სასმელის სახით.

ამას წინათ ზურაბ ქარუმიძის ვიდეოაზრებს ვუსმენდი ინტერნეტში, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ დაატყვევეს გურულებმა შავ ზღვაში სამეკობრეოდ შემოხეტებული ბურგუნდიელი რაინდები, დიდი ხნის განმავლობაში ცივი ნიავი არ მიაკარეს, არაფერი მოაკლეს, ასვეს, აჭამეს და გალოთებულები გაუშვეს უკან შორეულ ბურგუნდიაში. ამ ისტორიის თხრობისას ჩანაწერის ავტორმა მე-15 საუკუნის ფრანგი ისტორიკოსის, ჟან დე ვოვრენის სამტომეული ნაშრომი მოიშველია, სადაც მართლაც დაცულია ეს ერთი მხრივ სახალისო და მეორე მხრივ ნიშანდობლივი ისტორია.

ბურგუნდიელ რაინდებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების დიდი პარტია მივიღეთ, ვინ იცის ისინიც ავიკლეთ პატიჟით, სმა-ჭამითა და სადღეგრძელოებით. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ლაპარაკი. სამწუხაროდ არც ყივჩაღების და არც ბურგუნდიელი რაინდების უშუალო ჩანაწერები არ შემორჩა ისტორიას, განსხვავებით იმ “ნეითივსფიქერებისაგან”, რომლებიც განათლების სამინისტრომ დაპატიჟა საქართველოში ჩვენი ახალი თაობის ინგლისურ ენაში გასავარჯიშებლად. მასწავლებლობის გარდა ისინი სოციალმედიურად აქტიური ხალხი აღმოჩნდნენ და ინტერნეტში ჩანაწერების გაკეთება დაიწყეს, რომლებიც უმალვე “ყივჩაღთა ბლოგებად” მოინათლა და აგერ უკვე რამდენიმე თვეა ქართულ ინტერნეტში არ ცხრება დისკუსიები მათ გარშემო.

როგორც მათი ბლოგებიდან ირკვევა, ისინი ოჯახებში გადაანაწილეს და თითო სტუმარს თითო მზრუნველი თვალი და ყური მიუჩინეს, როგორც ისინი უწოდებენ, ჰოსტ-დედის სახით, რომლებმაც უცხო სტუმრებს საუცხოო მასპინძლობა გაუწიეს და ამას კვლავაც ჩვეულ რიტმში აგრძელებენ, თუმცა ვაი რომ ზემოხსენებულმა ჰოსტ-დედებმა ინგლისური არ იციან და მათი ბლოგების წაკითხვა არ შეუძლიათ, თორემ ეცოდინებოდათ, რომ თითოეული ჩვენი ამერიკელი, თუ ავსტრალიელი სტუმარი იმაზე წუხს თუ რამდენს აჭმევენ მათი ჰოსტ-დედები და რამდენს ასმევენ მათი ჰოსტ-მამები. ერთმა მათგანმა თავს დამტყდარი გასტრონომიული უბედურება განაზოგადა და ისიც კი განაცხადა, რომ საქართველოში ქალები მზარეულები არიან და კაცები კი – მსმელებიო.

ერთ ასეთ მასწავლებელ-ბლოგერს ორმაგად არ გაუმართლა. პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ რუსული იცის და მეორედ კი იმიტომ, რომ სახლში ორი ჰოსტ-დედა დახვდა და ორივე სახელად მანანა. ჰოსტ-დედებმა ახალჩამოსული სტუმარი გაძლიერებულ კვებაზე გადაიყვანეს და ტრაპეზობისას ავანჩავანის გამოკითხვა დაუწყეს (სხვა ჰოსტ-დედები ამ “ბედნიერებას” მოკლებულნი არიან, ვინაიდან, როგორც ირკვევა, მათ ინგლისური არ იციან). მანანებმა გამოარკვიეს, რომ ჩვენი სტუმარი უცოლო იყო და სანათესაოში და სამეზობლოში ახალგაზრდა გოგო არ დატოვეს, რომ მისთვის გარიგება არ ეცადათ. საბოლოოდ კი ჩვენს სტუმარს მოსწრებული ენა აღმოაჩნდა და საკუთარ ჰოსტ-დედებზე განაცხადა: I don’t know what it is with these Mananas but they’re driving me bananas! (მოკლე თარგმანი ასეთია: მანანებმა ჭკუიდან გადამიყვანესო). ჰოდა, არ გამიკვირდება სულ მოკლე ხანში ინგლისურ ენაში ახალი სიტყვა – Manana – რომ დამკვიდრდეს ქართველი აბეზარი დიასახლისის აღსანიშნავად.

ძვ. ქართულში, აი იმ დროს, როცა ჩვენ ჯერ ყივჩაღები გვეწვივნენ და შემდეგ ბურგუნდიელი რაინდები, სიტყვა “პატიჟი” ტანჯვა-წამებას ნიშნავდა (სულხან-საბა დამემოწმება), “ვეფხისტყაოსანში” ტარიელი ავთანდილს გამიჯნურების ისტორიას რომ უყვება, ერთ ადგილას ამბობს: “შევქმენ სმა და ნადიმობა პატიჟთა და ჭირთა მალვად”-ო. როგორც ჩანს, სტუმრის განსაკუთრებული პატივისცემა, ე.წ. “პატიჟი” ჩვენი საიდუმლო იარაღი ყოფილა და არის უცხოებთან საურთიერთოდ: ყივჩაღები მოვინელეთ, ბურგუნდიელი რაინდები გავალოთეთ, ჰოდა ახლა “ნეითივსფიქერი” მასწავლებლების ჯერია!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

Written by linguistuss

December 2, 2010 at 5:10 pm

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან გავმხიარულდი – წეღან ტაბულას საიტზე წავიკითხე :)

    keti

    December 2, 2010 at 8:05 pm

  2. : ))))))))))))))))))))))))))))) ♥

    ლილიანი

    December 2, 2010 at 10:24 pm

  3. ვახო, ვგიჟდები , ისე დახამდი ამ ინგლისურის უცხოელ ვითომ პედაგოგებზე, კაი რა. ჩვენ რომ ჩავდივართ საზღვარგარეთ, ჩვენზე ვინმე ხამდება? ნუ გააგიჟეთ და გაატუტუცეთ ეგ ერთუჯრედიანები “cultural clash” არა ჩემი ფეხები კიდე. ხო, აი, ბურებს რომ ჩამოგისახლებენ, მერე გაიჩითება ახალი “cultural clash” და ბლოგე რამდენიც გინდა. მაგათზე ერთი სიტყვაც არ უნდა დაწეროს კაცმა, მე თუ შევდივარ მაგათ ბლოგებზე მარტო იმიტომ, რომ უცხოელებზე დახამებულ ამ გოიმ ქართველებს 2 გადაკრული სიტყვა ვუთხრა.შენც იცი,რომ მეც ბევრი რამე არ მომწონს ქართველების, მაგრამ აბა სხვა ეროვნების ადამიანმა დაიწყოს ჩვენი დაცინვა, ეგრევე მოვაკეტინებ ხოლმე. ქართველების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ყველას თავზე ვისვამთ და მერე ყველა გვებლატავება გინდ რუსი იყოს, გინდ ამერიკელი და გინდაც ფრანგი.

    Pegi

    December 2, 2010 at 10:28 pm

  4. :)]

    irali

    December 4, 2010 at 9:52 am

  5. პეგის ვეთანხმები.
    განვითარებული ქვეყნიდანან ჩამოსული ნეითივსფიქერების მიმართ რატო გვაქვ მოწიწება?

    shota

    November 11, 2011 at 6:42 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: