ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ვილჰელმის კივილი

with 3 comments

1953 წელს აშშ–ს კინოთეატრებში ვესტერნის ჟანრის ახალი ფილმი “შეტევა მდინარე ფიზერზე” გამოვიდა. ფილმი არაფრით შემორჩა მასკულტურას, გარდა კივილისა, რომელიც მეორეხარისხოვან პერსონაჟს, რიგით ვილჰელმს აღმოხდება დაეცემა რა პირქვე ისარგანგმირული. ამერიკული კინოს ისტორიკოსები ამტკიცებენ ეს ხმა პირველად სხვა ფილმში გაისმაო, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ვილჰელმის კივილი კლიშედ იქცა და ჰოლივუდელი გურუები თავს ვალდებულად თვლიან ეს ხმა დაადონ ყოველ იმ კადრს, სადაც რომელიმე კინოგმირი ისარგარჭობილი უფსკრულში ვარდება, გოძილას მიერ ისრისება, თუ გავარვარებულ ლავაში თავით ეშვება.

ჩემდა გასაკვირად ვილჰელმის კივილად წოდებული ბგერების ერთობლიობა ძალიან ბევრ ფილმში გაისმის, რომელთა მცირე ნაწილი მიყვარს, უმრავლესობა მომწონს და დიდ უმრავლესობას კი ვერ ვიტან. დღეს დილას, როდესაც ახალი წლის ეიფორიით გაბრუებულმა ერმა დაიძინა, რატომღაც მაშინ გამეღვიძა და უსაქმურობის ნიადაგზე, ინტერნეტის სქროლვისას, სწორად ეს ხმა აღმოვაჩინე იუთუბში. ჩემს თავზე გავბრაზდი, რატომ აქამდე არ შემიმჩნევია არც “ბეჭდების მბრძანებელში”, არც “ვარსკვლავურ ომებში” თუ “ინდიანა ჯონსში”?!

ადამიანებს დეტალებში ჩაკვირვება რომ არ ეხერხებათ ეს აქამდეც იყო ჩემთვის ცნობილი. აი, თუნდაც გუშინდელი გესთ–პოსტი რომ ავიღოთ, უმრავლესობამ ისე დაიწყო და დაასრულა კითხვა, რომ ვერც კი შენიშნეს, რომ ჩემი არ იყო, თუმცა მე სხვა რამეზე დავფიქრდი. რამდენი ასეთი ვილჰელმის კივილია გარშემო, რომლებიც ელემენტების სახით ჩვენს კულტურას ქმნიან. რიჩარდ დოკინსი მგონი მართალი იყო, როცა მემეტიკის თეორიას ქმნიდა. ვილჰელმის კივილიც ერთგვარი მემია, ინფორმაციის კულტურული ერთეული, თაობიდან თაობას მემკვიდრეობით რომ გადაეცემა.

გუშინდელი ღამეც ერთი ჩვეულებრივი საახალწლო ღამე იყო ჩვენს სახლში. შეიკრიბნენ ოჯახის დიდი და პატარა წევრები და დაიწყეს სამუდამოდ წასული, ანუ გარდაცვლილი და სამუშაოდ წასული, ანუ ემიგრირებული წევრების გახსენება. არასოდეს დამირღვევია ტრადიცია, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველი მომდევნო ახალი წელი ერთმანეთს ჰგავს: ისტორიები, ფრაზები და პერსონაჟები (საჭმელებიც კი!) არ იცვლება და ახლა ვხვდები, რომ რამდენიმე ვილჰელმის კივილიც კი გამოერია გუშინ ხელახლა მოსმენილ გარდასულ ამბებში.

კიდევ ერთხელ მოვძებნე იუთუბში კადრების კოლაჟი, სადაც გვარიანად უშრომიათ Jeff–ს, Rob-ს და Chris-ს ფილმებში შესაბამისი ადგილების ჯერ პოვნაზე და შემდეგ დამონტაჟებაზე. ბოლოში გაკეთებული მინაწერიც ერთობ ნიშანდობლივი იყო ამერიკული კულტურისთვის: “Please don’t sue us” (არ გვიჩივლოთო), ჰოდა ამ ვიდეოს თვალის გადავლების შემდეგ შეკითხვა დამებადა: რაში სჭირდებათ ეს კლიშეები ადამიანებს, დავიჯერო ახალი ხმის ჩაწერა და დამონტაჟება ძნელია და ისინი ხმების, ისტორიების თუ ფრაზების სახით იმდენად სჭირდებათ, რომ მათ გარეშე ვერ გაძლებენ, თუ ამ ყველაფრის სათავე სიზარმაცეა?! – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

Advertisements

Written by linguistuss

January 1, 2011 at 7:44 am

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეტად საინტერესო და ერთობ საჭირბოროტო პოსტია

    Zura

    January 2, 2011 at 2:38 am

  2. არა მგონია, სიზარმაცის ბრალი იყოს.
    უბრალოდ, საკულტო რამის შექმნა უნდათ, ან უბრალოდ ტრადიციაა, რომელსაც ყოველი ახალი რეჟისორი სიამოვნებით აგრძელებს.

    ეს იმის მსგავსია, ყოველი პარაშუტისტი ”ჯერონიმოს” ყვირილით რომ ხტება.

    კიდევ უფრო უკეთესს გეტყვი – ფილმებში რომ ხშირად ერთი და იგივე გაზეთია გამოყენებული, შეგიმჩნევია? :)

    http://www.slashfilm.com/lol-the-reoccurring-prop-newspaper/

    dv0rsky

    January 2, 2011 at 11:12 pm

  3. ჩემი აზრით, მიჩვევის ამბავია. ადამიანი რაღაცას იმდენად ეჩვევა, რომ დროთა განმავლობაში ნოსტალგია უჩნდება მისდამი, თუნდაც თავის დროზე დიდი სიმპატიით არ ყოფილიყო გამსჭვალული ამ რაღაცის მიმართ, მაგალითად გამოდგება ვოლოდარსკის ხმა, ალბათ დამეთანხმებით, რომ საზიზღარი მოსასმენია მისი ხმით ნათარგმნი ფილმები, მეც არ მომწონდა ახალგაზრდობაში, როცა ამერიკული ფილმების უდიდესი ნაწილი მისი ხმით იყო ნათარგმნი, მაგრამ ახლა ეს ხმა ძალიან მომწონს და დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე მსგავსი ხმით ნათარგმნ ფილმებს (ვოლოდარსკის გარდა სხვებიც იყვნენ). ვფიქრობ, ვილჰელმის კივილი გახდა კულტურის ნაწილი, ფილმის შემქმნელებისა და ძველი თაობის მაყურებლებისთვის ეს ხმა ძველ ‘კეთილ’ დროსთან ასოციაციას იწვევს, ხოლო ახალგაზრდებისთვის ეს უბრალოდ ეგზოტიკაა. მეორეს მხრივ ეს ხმა არ არის ყველა ფილმში, ე.ი. საზოგადოების ნაწილს მოსწონს, ნაწილს არა, შესაბამისად ფილმის შემქმნელები ხან მხარის ერთის ინტერესებს პასუხობენ, ხან მეორის.

    George

    January 5, 2011 at 1:35 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: