ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ქალაქი და ზომბები

with 11 comments

გუშინ მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა და ვბორგავდი. მესიზმრა უკაცრიელ ქალაქში ვმართავდი მანქანას. ბენზინი მითავდებოდა. გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და ყველა ბენზინგასამართი სადგური ჩაბნელებული იყო. უკაცრიელი თბილისი დამთრგუნველად მოქმედებდა. აქა–იქ შუა გზაში გაჩერებული ამოყირავებული პატრულის მანქანები მართვას გაუსაძლისს ხდიდა. გარშემო ვიყურებოდი და ქალაქს ვერ ვცნობდი.

მტირალა კლდისპირას ისეთი შმორის სუნი იდგა, ფანჯარა ავწიე. ბარათაშვილის ხიდთან ჩალეწილი შუქნიშანი კარგს არაფერს მიქადდა. ძრწოლამ ამიტანა. თენდებოდა. გზაზე ქვები ეყარა და თავახდილი ჭები მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვდა ჩემგან. მანქანამ კიდევ ერთხელ მანიშნა, ბენზინი თავდებაო. გზას გავუყევი. გარშემო სიცოცხლის ნიშან–წყალი არ იგრძნობოდა. ვერ ვხვდებოდი ასეთი რა უნდა დამართნოდა ქალაქს.

გრიბოედოვის ძეგლის ნამტვრევები ეყარა სანაპიროზე. თავი ზედ შუა გზაზე გამოგორებულიყო, მანქანა ძლივს ავუქციე, რომ არ შევჯახებულიყავი. აღმოვაჩინე რომ გავრბოდი. უკანა სავარძელზე ვინჩესტერი მედო და ტყვიები. ბენზინი მინიმუმამდე იყო დასული. უკანასკნელი იმედი მუშთაიდის ასახვევთან მდებარე “ვისოლის” კალონკა იყო, თუმცა იქაც არავინ დამხვდა. ყველაფერი დაემტვრიათ და ჩაებნელებინათ.

ხიდის ქვეშ მანქანა ჩამიქრა. მოქუფრული ცის და ჩაბნელებული ქალაქის ფონზე გარშემო მხოლოდ კონტურებს ვამჩნევდი. ის–ის იყო მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ პირველი მოძრავი სილუეტი დავინახე. ხელში მოგრძო ნივთი ეჭირა და მანქანისკენ მორბოდა. შემდეგ მეორე დავინახე, უზარმაზარ დრელს იქნევდა… მესამე… მეოთხე… და თვლა ამერია… მიახლოვდებოდნენ… გაურკვეველ ხმებს გამოსცემდნენ და ხიდიდან სანაპიროზე ჩამორბოდნენ.

ინსტინქტურად ვინჩესტერს დავწვდი და დრელიანს დავუმიზნე. გასროლამ ყვავები ააფრინა ხიდიდან. დრელიანმა მოძრაობა შეწყვიტა, თუმცა დანარჩენები არ დამფრთხალან, კვლავ ჯიუტად მოიწევდნენ მანქანისკენ. ფანჯარა ჩავლეწე და უსისტემო სროლა დავიწყე. ფილმებში რომ მინახავს ზომბები აი, ზუსტად მსგავსი მოძრაობით მიახლოვდებოდნენ “ბალგარკიანი”, პერფორატორიანი და ციკლოვკის აპარატიანი კონტურები.

ნახევარი საათი ვისროდი. უკანასკნელ მოახლოებულ ზომბის ფეხი მოვაცალე. სადღაც შორს სინათლე შევნიშნე. მანქანა კვლავაც არ იძვროდა. კარი გავაღე და გადმოვედი. გარშემო ზომბების დაფლეთილი ნაწილები და სამშენებლო იარაღები ეყარა. აუტანელი სუნი იდგა. ცხვირ–პირზე ხელი ავიფარე და სინათლისკენ გავიქეცი. ხიდს რომ გავცდი თვალებში სისხლით დათხვრილი წარწერა შემეფეთა: “ელიავას ბაზრობა 50 მ.”… გამომეღვიძა…

Advertisements

Written by linguistuss

January 4, 2011 at 11:41 am

11 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საკაიფოა. :) ელიავას დაზომბებილი მუშები :D

    Borgez

    February 18, 2011 at 11:43 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: