ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სტივ ჯობსი – ვაშლის გამყიდველი

with 6 comments

სტივ ჯობსის შესახებ პირველად უნივერსიტეტში გავიგე, ოთხმოცდაათიანი წლების მიწურულს, ინფორმატიკის ლექციებზე. ეს სახელი და გვარი მაშინ არაფერს მეუბნებოდა, არადა იმ დროს ჯობსი Apple Computer-ში ახალი დაბრუნებული იყო და დაღუპვას უნდა გადაერჩინა კომპანია, საიდანაც თორმეტი წლის წინ, დირექტორთა საბჭომ დაითხოვა და მერე რა, რომ ეს კომპანია მისი დაარსებული იყო! მაშინ არ ვიცოდი, რომ იგი ვაშლის გამყიდველი იყო და თანაც დამპალი ვაშლის, ისეთ დღეში იყო მაშინ Apple-ი ჩავარდნილი! თავად “ვაშლის გამყიდველი” კი ჩემთვის ზუმბას სიმღერასთან ასოცირდებოდა, მიწისქვეშა გადასასვლელებში რომ გაისმოდა იმ შავბნელ წლებში.

უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, რომ “სტივ ჯობსი” მხოლოდ სახელი და გვარი იყო ჩემთვის, საჯარო ბიბლიოთეკის რომელიღაც მტვრიან წიგნში ამოკითხული. მეტი ინფორმაცია მის შესახებ ჩემ გარშემო არ მოიძებნებოდა, ინტერნეტი კი ძალიან იშვიათი ფუფუნება იყო. სადღაც მაგ დროს ვიყიდე თავისუფლებაზე მიწისქვეშა გადასასვლელში ჯინ ლანდრამის წიგნი “13 მამაკაცი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”. წიგნის ცამეტ პერსონაჟს შორის სტივ ჯობსიც ერია. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ეს ადამიანი ჩემთვის სახელი და გვარი აღარ იყო. მან ბიოგრაფიული შტრიხები შეიძინა და ვაშლის გამყიდველი გახდა, რომელიც სტივ ვოზნიაკთან ერთად, მშობლების გარაჟში პერსონალურ კომპიუტერს აწყობდა და ამგვარად აპირებდა მსოფლიოს შეცვლას.

2005 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სტივ ჯობსი სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების წინაშე წარდგა. იმ დროს სტივი უკვე ჩემი ძველი ნაცნობი იყო, მრავალი რამ მსმენოდა მის შესახებ, მისი როლიც გაცნობიერებული მქონდა ციფრულ ეპოქაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა. კურსდამთავრებულის მანტიამოსხმული ჭაღარამორეული ჯობსი კათედრასთან მივიდა და იქ დამსწრე სტუდენტებს განუცხადა სამი ისტორია უნდა მოგითხროთო. პირველი წერტილების შეერთებაზე იყო, მეორე – სიყვარულზე და დანაკარგზე, მესამე კი – სიკვდილზე.

პირველ ისტორიაში მოთხრობილი იყო იმაზე, თუ როგორ არ დაამთავრა ჯობსმა კოლეჯი და უნივერსიტეტი, როგორ სწავლობდა ხან კალიგრაფიას, ხან აღმოსავლურ რელიგიებს, ხან – რას და ხან – რას და თუ როგორ შეერთდა წარსულის თითოეული წერტილი, ჯობსის სიტყვებით, “უმშვენიერეს ქმნილებაში”, მაკინტოშში. მეორე ისტორიაში ჯობსმა Apple-იდან წასვლაზე, Pixar-ის და Next-ის დაარსებაზე და კვლავ მშობლიურ კომპანიაში დაბრუნებაზე ისაუბრა, თუ რატომ უნდა ვაკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს. მესამე ისტორიაში კი სტივმა სიკვდილზე და ადამიანის ცხოვრებაში მის მნიშვნელოვნებაზე გაამახვილა ყურადღება, მან თქვა:

“სიკვდილი არავის სურს. არც იმ ხალხს, ვისაც სამოთხეში მოხვედრა სწადია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიკვდილი ის დანიშნულების ადგილია, სადაც ყველანი მოვხვდებით. არავის დაუღწევია თავი ამისგან და ეს ასეც უნდა იყოს, ვინაიდან სიკვდილი, ალბათ, სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ის ცხოვრებისეული ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელია. ის ძველს აცილებს და ახალს გზას უთავისუფლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ, მაგრამ ერთ დღესაც, და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, დაძველდებით და თქვენც გაგაცილებენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს ასეა. თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში. ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში – ნუ იცხოვრებთ მხოლოდ სხვისი ნააზრევის შედეგზე. ნუ მისცემთ საშუალებას სხვათა მოსაზრებების ხმაურს, ჩაახშოს თქვენი შინაგანი ხმა და, რაც ყველაზე მთავარია, გქონდეთ საკუთარი გულის და ინტუიციისთვის ბოლომდე მიყოლის უნარი. ამ ორმა უკანასკნელმა იცის, ჭეშმარიტად რა გსურთ, ყველაფერ დანარჩენს კი – არ აქვს მნიშვნელობა”.

პირველად მაშინ გაიგო ყველამ, რომ ჯობსი პანკრეასის სიმსივნით იყო დაავადებული, რის გამოც დროებით კომპანიიდან წასვლაც კი მოუწია ორჯერ, 2004 და 2009 წლებში, პირველად – როცა პანკრეასის სიმსივნე მოკვეთეს, მეორედ კი – ღვიძლი გადაუნერგეს, თუმცა მაშინ ეს არ იყო მთავარი. ჯობსი იმ დღიდან მილიონების სულიერ ლიდერად იქცა, მის შესახებ შემდეგ დაწერენ, რომ იგი სეკულარული ხანის მოციქულიაო და მისი ევანგელე იმედის და ცხოვრების აზრის ახლებურ გააზრებას გვთავაზობსო. ჯობსი, ზუმბასი არ იყოს, თითქოს მთელი შინაგანი არსებით მოუწოდებდა სტუდენტებს: “ზოგჯერ უბრალოდ მოინდომეთ, ბოლოს აგისრულდებათო” – რაც უნდა გასაკვირი იყოს, სწორად ასე იშიფრება აბრევიატურა “ზუმბა”.

ავადმყოფობასთან ბრძოლის პარალელურად ჯობსი ციფრული ეპოქის მთავარი ვიზიონერი გახდა, iPod-ებმა, iPhone-ებმა და iPad-ებმა კი ახალ რელიგიას დაუდეს დასაბამი. ჯობსის “ვაშლები” აღარ იყო “დამპალი”, როგორც უწინ, მისმა კომპანიამ მთავარ კონკურენტს, Microsoft-საც კი გაუსწრო თითქმის ყველა პარამეტრით. დღესდღეობით კი ჯობსის ახალ პრეზენტაციებს მილიონები გულისფანცქალით ელიან, სადაც ის ჯინსებში, გაუპარსავი და კეთილი ღიმილით დადგება სცენაზე და ახალ საოცრებას წარუდგენს სამყაროს.

სტივ ჯობსი გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებულ CEO-დ, ანუ გენერალურ დირექტორად დაასახელეს და მართლაც, ბოლო ათი წელიწადი მისი იყო, მან აჩვენა ბიუროკრატ ჰალსტუხიანებს, რომ ჯინსებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა. დაუმტკიცა ყველას, რომ ინდივიდუალიზმთან და ქარიზმასთან ერთად გუნდური მუშაობაც აუცილებელია, რისი მასტერკლასიც, მან კომპანია Apple-ის მაგალითზე აჩვენა და ბოლოს, არავინ რომ არ ელოდა, წერილი მისწერა თავის თანამშრომლებს, სადაც ეწერა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მიდიოდა კომპანიიდან განუსაზღვრელი ვადით…

როგორც ჩანს, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის სტივ ჯობსის ეპოქასაც. მრავალი მილიონი ადამიანი, მათი სულიერი ლიდერის ჯანმრთელობითაა შეწუხებული, იგი ხომ ის ვაშლის გამყიდველია, რომელიც არასოდეს იქნება მიწადასაყრელი!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

Written by linguistuss

February 3, 2011 at 9:14 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სტივ ჯობსი გასული ათწლეულის ყველაზე წარმატებულ CEO-დ, ანუ გენერალურ დირექტორად დაასახელეს და მართლაც, ბოლო ათი წელიწადი მისი იყო, მან აჩვენა ბიუროკრატ ჰალსტუხიანებს, რომ ჯინსებითაც შეიძლება წარმატების მიღწევა.

    აი, აქ წარმოვიდგინე, რაღაც გრანდიოზულს, საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ გაუმხელელს, როგორ აკეთებ შორტებჩაცმული და როგორ იმხნევებ თავს ამ სტატიის წერით :))
    იმედია, წარმოსახვას გამიმართლებ :))

    me

    February 3, 2011 at 9:49 pm

  2. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამ დრომდე მისი კარიერული წინსვლის შესახებ კომპრომატი (ჭორის დონეზეც კი) არ გაჩენილა :) ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

    პ.ს. ნუ ზუმბასთან პარალელის გავლება, ვფიქრობ მთლად მართებულიც არ უნდა იყოს :)

    Precelsus

    February 4, 2011 at 11:14 am

  3. აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს – ყველაზე დიდი გამართლებაა ცხოვრებაში…

    Marry Poppins

    February 4, 2011 at 1:33 pm

  4. ჰოლივუდელ პროდიუსერებს მინდა მივაწოდო იდეა -გადაიღონ ფილმი.

    Sea-Son

    February 5, 2011 at 12:34 am

  5. as if!

    kathy

    February 21, 2011 at 5:27 am

  6. Steve Jobs 1955-2011

    .. Stay Hungry. Stay Foolish ..

    ქეთი

    October 6, 2011 at 3:56 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: