ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

2011 წლის ზამთრის პრემიერლიგა, I ტური

leave a comment »

დღეს პირველი ტური ჩავატარეთ პრემიერ–ლიგის. ნათარგმნ კითხვებში იყო შერეული ჩემი კითხვები. სხვისი არ ვიცი და კითხვების აღებადობით კმაყოფილი დავრჩი:

ისეთი კითხვა, რომელიც ექვსზე ნაკლებმა გუნდმა გამოიცნო იყო 16 ცალი (ძნელი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც შვიდიდან-ცამეტამდე გუნდმა გამოიცნო იყო 14 ცალი (საშუალო კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც თოთხმეტიდან-ოცამდე გუნდმა გამოიცნ იყო 12 ცალი (ადვილი კითხვა)
ისეთი კითხვა, რომელიც ოცდაერთიდან-ოცდაშვიდამდე გუნდმა გამოიცნ იყო 6 ცალი (ძალიან ადვილი კითხვა)

“გრობი” არ ყოფილა, ანუ რომელიც ვერავინ გამოიცნო და ისეთი, რომელიც ყველამ გამოიცნო იყო ორი ცალი (კამიკაძე და ქინდერი)

დასკვნები თავად გამოიტანეთ…

 

[ პასუხების და კომენტარების წასაკითხად მონიშნეთ მაუსით ]

პირველი ტური

1. (ადვილი) ტრამპლინიდან მხტომელებს არ უყვართ, როდესაც ამას უსურვებენ ხოლმე, რადგან ამითი მედლის მოგება შეუძლებელია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ორი სიტყვით.

პასუხი: ზურგის ქარი
კომენტარი: ტრამპლინიდან ხტომაში ზურგის ქარის შემთხვევაში შედეგი ანულირდება.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

2. (საშუალო) ლევან გოთუას მოთხრობაში “ქვის ხოხობი” მოთხრობილია, თუ როგორ ესროლა ხოხობს ისარი ვახტანგ გორგასალმა, როგორ ჩავარდა ხოხობი ცხელ გუბეში, სადაც მოხუცები ძვლებს ითბობდნენ, როგორ მივიდა მათთან და გამოელაპარაკა… საინტერესოა ისიც, რომ მოხუცებმა მეფე ვერ იცნეს, რის გამოც მოთხრობის ფინალში თავი იმით იმართლეს, რომ [გამოტოვებულია სამსიტყვიანი ცნობილი ფრაზა]. აღადგინეთ ეს ფრაზა.

პასუხი: მეფე იყო შიშველი
კომენტარი: მოთხრობაში მეფემ ცხელი გუბე დაინახა თუ არა, შეუერთდა მოხუცებს და მანაც ბანაობა დაიწყო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

3. (ადვილი) კლოტერ რაპაი თავის წიგნში „კულტურული კოდი“ წერს, რომ ამ კომპანიის სახელწოდებაში ჩადებულია შინაგანი კონფლიქტი. ერთის მხრივ ის მიუთითებს გარდასული ეპოქის მკაცრ ზნე–ჩვეულებებზე, მეორეს მხრივ კი – ის მიუთითებს მისტიურობაზე, რომელიც აკრძალული სექსუალობისა და მიმზიდველობისა განსახიერებაა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კომპანია.

პასუხი: Victoria’s secret
კომენტარი: Victoria – გარდასული ეპოქის მკაცრ ზნე–ჩვეულებებზე მიუთითებს, Secret – მისტიურობაზე, რომელიც აკრძალული სექსუალობისა და მიმზიდველობისა განსახიერებაა.
წყარო: 1. ბმული 2. Клотер Рапай, “Культурный код”
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

4. (ადვილი) ფრანგმა ეკონომისტებმა და სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ყოველწლიური საერთაშორისო ფულადი ნაკადი, რომელსაც ქმნიან ისინი სამჯერ აღემატება განვითარებადი ქვეყნებისათვის განკუთვნილ ოფიციალურ საერთაშორისო დახმარებას. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ვინ არიან ისინი ერთი გერმანული სიტყვით.

პასუხი: გასტერბაიტერები
კომენტარი: საუბარია ფულზე, რომელსაც მშრომელი მიგრანტები რიცხავენ სამშობლოში.
წყარო: 1. “Наука и Жизнь”, 1/2010 БИНТИ. – С. 51.
ავტორი: დმიტრი სლავინი

5. (ადვილი) შარშან ზაფხულში რაფაელ რეიფი МФТИ-ის ეწვია და მის რექტორს საჩუქრად მაისური გადასცა. მაისურზე გამოსახული იყო ფორმულა, რომელიც დაგირიგდათ. ყურადღება შეკითხვა: აშშ–ს რომელ შტატში ცხოვრობს და მოღვაწეობს რაფაელ რეიფი?

პასუხი: მასაჩუსეტსი
კომენტარი: ფორმულაში ჩაშიფრულია MiT, ანუ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: გიორგი არაბული

6. (ძნელი) 2003 წელს ანა ფუნდერმა დაწერა წიგნი აწუკვეარარსებული ქვეყნის შესახებ, სადაც აღწერა ის გაუსაძლისი პირობები, რომელშიც უბრალო მოსახლეობას უხდებოდა ცხოვრება. წიგნის სათაურში ორი ასო რომ შევცვალოთ მივიღებთ სამხრ. აფრიკული ქვეყნის სახელწოდებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ წიგნის სათაური.

პასუხი: შტაზილენდი
კომენტარი: საუბარია გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და მის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე შტაზი–ზე. ინგლისურ ტრანსკრიპციაშიც ორი ასოა განსხვავება Stasiland და Swaziland–ს შორის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

7. (ძნელი) სემ მენდესის ფილმში “ჩვენ შორს წავალთ” (Away We Go) მთავარი პერსონაჟი ქალბატონი თავის სიძულვილს ამ ნივთის მიმართ ასაბუთებს იმით, რომ ეს ნივთი აიძულებს ბავშვი განზიდოს (Оттолкнуть от себя / Push away from) მაშინ, როცა ბავშვებს პირიქით მიზიდვა და ჩახუტება სჭირდებათ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნივთი.

პასუხი: საბავშვო ეტლი
კომენტარი: ბავშვების ეტლით ტარებისას ჩვენ ბავშვებს განვზიდავთ ვაწვებით რა ეტლს, სხვანაირად ეტლი ვერ გადაადგილდება.
წყარო: 1. სემ მენდესის ფილმი “Away we go”, 49-50-ე წუთები.
ავტორი: ალექსანდრე კობლოვი

8. (ძნელი) სტოკჰოლმის სიახლოვეს მდებარე ერთ პატარა სოფელში ძეგლი დაუდგეს პორტფელს, რომელსაც დარიგებულ მასალაზე ხედავთ. დაასახელეთ პორტფელის პატრონის სახელი და გვარი.

პასუხი: რაულ ვალენბერგი
კომენტარი: შვედმა დიპლომატმა რაულ ვალენბერგმა მეორე მსოფლიო ომის დროს მრავალი ათასი ებრაელი გადაარჩინა. პორტფელში სიმბოლურად იმ ადამიანების სია დევს, რომლებიც მან დაღუპვას გადაარჩინა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

9. (ძალიან ადვილი) ნილ ბლეიქის წიგნში „კლავიშებიანი ინსტრუმენტები დამწყებთათვის“ ავტორი აღწერს მეთოდს, თუ როგორ მოვძებნოთ კლავიატურაზე სასურველი თეთრი კლავიშები შავი კლავიშების განლაგების მიხედვით. მეთოდის აღწერისას ავტორი მოიხსენიებს 1825 წლით დათარიღებულ გამოგონებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს გამოგონება.

პასუხი: ბრაილის ანბანი
კომენტარი: ნილ ბლეიქი წერს, რომ „ამობურცული“ შავი კლავიშები უსინათლოთა ანბანის, ბრაილის ანბანის ფუნქციას ასრულებს და ხელის ცეცებით აადვილებს თეთრი კლავიშების მოძებნას.
წყარო: 1. Нил Блейк «Клавишные инструменты для чайников», 2008, М. ООО «И.Д. Вильямс», с. 39
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

10. (ძალიან ადვილი) ერთ ლექსში ავტორი მოგვითხრობს არაპუნქტუალურ ქალბატონზე, რომელიც პაემნებზე მუდამ აგვიანებდა ხოლმე, რის გამოც, ეს ქალბატონი მისმა სატრფომ დასაჯა და სიკვდილის შემდეგ იქსის შიგთავსად აქცია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ქვიშის საათი
კომენტარი: არაპუნქტუალობის გამო ქალბატონის ნეშტი კრემაციის შემდეგ ქვიშის საათის შიგთავსად გამოიყენა მისმა სატრფომ.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე კობლოვი

11. (ადვილი) 1963 წელს გამოქვეყნდა პოლ რინკის წიგნი “გაყოფილი მიწა, გაერთიანებული მსოფლიო” (The Land Divided , The World United), რომელიც დაახლ. ნახევარი საუკუნით ადრე მომხდარ რეალურ ისტორიას მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: რომელ ქვეყანაში მიმდინარეობს წიგნის ძირითადი მოქმედება?

პასუხი: პანამა
კომენტარი: წიგნში მოთხრობილის პანამის არხის შექმნის ისტორია, რომელიც 1914 წლის 15 აგვისტოს გაიხსნა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

12. (ძნელი) აშშ–ს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბლოგერებმა ობამა და მაკ–კეინი შეადარეს ძმებს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ძმები.

პასუხი: აბელი და კაენი
კომენტარი: ინგლისურად McCain–ის შეიცავს კაენის (Cain) სახელს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

მეორე ტური

13. (საშუალო) 1980 წლის გაზაფხულზე აშშ–ს ამ შტატში მდებარე მაუნტ სენტ–ჰელენსის ვულკანი ამოიფრქვა და ჰაერში ამოტყორცნილმა ლავამ, ფერფლმა და კვამლმა გარშემო ტერიტორია დაფარა. ცოტა ხანში აშშ–ში გამოჩნდა იუმორისტული სარეკლამო პლაკატები, რომლებზეც შტატის სახელში პირველი ასო იყო წაშლილი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს შტატი.

პასუხი: ვაშინგტონი
კომენტარი: Ash – ინგლისურად ფერფლია (Ashington)
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ელენა ვენგერსკაია

14. (ძნელი) ერთ ლიტერატურულ კარიკატურაზე აღბეჭდილია შემდეგი სცენა: ადამიანი წევს ლოგინში. ფანჯრიდან კი რაღაც დიდი და შავი მოძვრება და ეალერსება მას. ყურადღება შეკითხვა: მითხარით მე–20 საუკუნეში დაწერილი რომანი, რომელსაც ეძღვნება ეს კარიკატურა.

პასუხი: ნაზია ღამე
კომენტარი: კარიკატურაზე გადათამაშებულია სკოტ ფიტცჯერალდის რომანის, “ნაზია ღამეს” სათაური.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

15. (საშუალო) იმის გამო, რომ არაბულში იქსი და იგრეკი ომონიმებია, ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ მას შემდეგ რაც არაბებმა დაიპყრეს ეგვიპტე და იხილეს იქსი, სწორად ამის შემდგომ გაჩნდა მათ არქიტექტურაში იგრეკები. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკებიც.

პასუხი: ფაროსის შუქურა და მინარეთები
კომენტარი: მინარეთები ფაროსის შუქურას ფორმით წააგავს და არაბულად ორივე გამოითქმის, როგორც „მანაარა“, რაც „სინათლის ადგილს“ ნიშნავს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: დმიტრი ჟარკოვი

16. (საშუალო) ეს კოლაჟი ბორის აკუნინმა დადო თავის ბლოგზე და ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ორი პიროვნების ბედ–იღბალი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შეკითხვის ავტორი მიიჩნევს, რომ აკუნინმა ამ სურათის ბლოგზე განთავსებით საკუთარი თავი სხვა მწერალთან გააიგივა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს მწერალი.

პასუხი: ემილ ზოლას
კომენტარი: სურათზე ალფრედ დრეიფუსი და მიხეილ ხოდორკოვსკი არიან წარმოდგენილები. ბორის აკუნინმა ამით რუსეთის ხელისუფლება ამხილა ახალ დრეიფუსის საქმეში, რაც ოდესღაც ემილ ზოლამ გააკეთა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

17. (საშუალო) იქსი შეიქმნა მე–14 საუკუნეში და დღესდღეობით 786 წევრისაგან შედგება. ერთ ანეკდოტში კი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაკეთებულია წარწერა: იქსი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ლორდთა პალატა
კომენტარი: ლორდთა პალატა მე–14 საუკუნეში შეიქმნა. ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში იყო გაკეთებული წარწერა ანეკდოტში.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: დიმიტრი ბოჩაროვი

18. (საშუალო) 1964 წელს ამერიკელმა ჯაზმენმა დიზი გილესპიმ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა აშშ–ს პრეზიდენტის პოსტზე და თავის ამომრჩევლებს უჩვეულო პროგრამა წარუდგინა. იგი პირდებოდა ამომრჩევლებს, რომ დიუკ ელინგტონს დანიშნავდა სახელმწიფო მდივნად, მაილს დევისს კი – CIA-ის ხელმძღვანელად. დიზ გილესპიმ გაითვალისწინა სხვა ქვეყნის პრეცედენტი და ასევე დადო პირობა, რომ რეი ჩარლზს ამ დაწესებულების უფროსად დანიშნავდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დაწესებულება.

პასუხი: კონგრესის ბიბლიოთეკა
კომენტარი: რეი ჩარლზი უსინათლო იყო და მისი დანიშნვა კონგრესის ბიბლიოთეკის უფროსად გაიმეორებდა ხორხე ლუის ბორხესის პრეზედენტს, რომელიც ასევე უსინათლო იყო და არგენტინის ეროვნული ბიბლიოთეკის უფროსად დანიშნეს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ილია ბერი

19. (ძნელი) ინდოეთის ქალაქ აგრაში მდებარე ტაჯ–მაჰალის მავზოლეუმის ფასადზე დატანილია ამონარიდები შუა საუკუნეებში შექმნილი ნაწარმოებიდან. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ნაწარმოები.

პასუხი: ყურანი
კომენტარი: მოგოლები მუსლიმები იყვნენ. ღვთისმოშიში მუსლიმი იყო შაჰ–ჯაჰანიც, რომელმაც მავზოლეუმი აუგო თავის მეუღლეს, მუმთაზ მაჰალს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

20. (ადვილი) კლოტერ რაპაი თავის წიგნში „კულტურული კოდი“ წერს, რომ ყველის აღქმა აშშ–სა და საფრანგეთში დიამეტრალურად განსხვავდება. ფრანგებისათვის ყველი „ცოცხალი“ სუბსტანციაა, რომელსაც ყნოსავენ, აჭაშნიკებენ და ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ. აშშ–ში კი ყველი მკვდარი პროდუქტია, რომელსაც ამერიკელები პოლიეთილენში ფუთავენ და მაცივარში კეტავენ. ამ აზრის განვითარების დროს კლოტერ რაპაი ასახელებს ყველის სიკვდილის ნამდვილ მიზეზს და მოიხსენიებს მის თანამემამულეს… ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ თანამემამულის სახელი და გვარი.

პასუხი: ლუი პასტერი
კომენტარი: მისი აზრით ყველს პასტერიზაციის პროცესი “კლავს”.
წყარო: 1. ბმული 2. Клотер Рапай, “Культурный код”
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

21. (ძნელი) თქვენს წინაშეა ფოტოკოლაჟი ერთი ფოტორესურსიდან. ეს კოლაჟი მისმა ავტორმა 1861 წელს გამოქვეყნებული კლასიკური რომანის სახელწოდებით დაასათაურა. დაასახელეთ რომანის სახელწოდება.

პასუხი: დიდი მოლოდინები
კომენტარი: ჩარლზ დიკენსის რომანს ეწოდება “დიდი მოლოდინები” (Great Expectations)
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

22. (ადვილი) აგატა კრისტის წიგნში “ჰერაკლეს გმირობები”, ერკულ პუარომ იქსს ძნელად მოსასპობი ჭორები შეადარა. იქსის მთავარი თავისებურება, რომელიც ძალიან წააგავს ძნელად მოსასპობ ჭორებს, პირველმა ძვ. ბერძენმა პოეტმა, პისანდრემ აღწერა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით იქსი ორი სიტყვით.

პასუხი: ლერნეს ჰიდრა
კომენტარი: ლერნეს ჰიდრას მკლელობა ჰერაკლეს ერთ–ერთი გმირობათაგანია. ჰიდრას ერთი თავის მოკვეთის დროს ეზრდებოდა მეორე, რასაც ერკულ პუაროს აზრით ადგილი აქვს ჭორების შემთხვევაში. თუ ვსპობთ ერთ ჭორს, მის ადგილას იბადება ორი სხბა ჭორი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

23. (ძალიან ადვილი) ჯიჯი პადოვანი თავის წიგნში ჰყვება ასეთ ისტორიას: ერთხელ მიკელე ფერერომ თავისი თანამშრომლები შეკრიბა და ჰკითხა – “იცით რატომ უყვართ ბავშვებს აღდგომის დღესასწაული? ჰოდა თუ იცით, მოდით ვუქციოთ ბავშვებს ყოველი დღე აღდგომად!”. ჯიჯი პადოვანი წერს, რომ ასე შეიქმნა… ყუტადღება შეკითხვა: რა შეიქმნა ამის შედეგად?

პასუხი: კინდერ–სიურპრიზი
კომენტარი: მიკელე ფერერომ, იტალიელმა შოკოლადის მაგნატმა აღდგომის კვერცხის შესაბამისად შექმნა კინდერ–სორპრეზა, ანუ “კინდერ–სიურპრიზი”.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

24. (ძნელი) ლარს ფონ ტრირის ფილმში “ანტიქრისტე” არის სცენა, რომელიც რამდენიმე ათეულ წამს გრძელდება. მასში კადრები სწრაფად იცვლება და ამიტომაც მაყურებლის ცნობიერება აგვიანებს მის აღქმას. ამ სცენაში ასახული მოქმედება კი კრიტიკოსთა აზრით კინემატოგრაფის განვითარების დასასრულს მოასწავებს. ყურადღება შეკითხვა: რა მოქმედებაა ნაჩვენები ამ სცენაში?

პასუხი: მატარებლის გამგზავრება სადგურიდან
კომენტარი: კინემატოგრაფი დაიწყო მატარებლის შემოსვლით სადგურში, კრიტიკოსთა აზრით ამ სცენაში ნაჩვენები საპირისპირო მოქმედება კინემატოგრაფის განვითარების დასასრულს აღნიშნავს.
წყარო: 1. газета “Завтра” от 22.07.2009.
ავტორი: ტიმოფეი მალახოვი

მესამე ტური

25. (ძალიან ადვილი) ჯონათან ფრეიქსის ფილმში „იუდას თასის წყევლა“ ფიგურირებს იუდას თასი, რომელიც ვამპირების მიერ შექმნილ ე.წ. ანტიგრაალის თასს წარმოადგენს. ფილმიდან ასევე ირკვევა თასის შექმნის შავბნელი ისტორიაც. ყურადღება შეკითხვა: მითხარით ორი სიტყვით, რისგანაა დამზადებული იუდას თასი?

პასუხი: ოცდაათი ვერცხლისგან
კომენტარი: იმ ოცდაათი ვერცხლისგან, რომელიც იუდამ აიღო ქრისტეს გაცემისათვის.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

26. (საშუალო) მადრიდის “რეალის” ინგლისურენოვან ბლოგზე შეკითხვის ავტორი წააწყდა სტატიას რაულ გონსალესის შესახებ, სადაც ესპანელ ფეხბურთელს აქებენ, ადიდებენ და ხოტბას ასხამენ. სტატია დასათაურებულია ფრაზით, რომლითაც იწყება მე–19 საუკუნეში შექმნილი პოეტური შედევრი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ პოეტური შედევრის ავტორი.

პასუხი: უოლტ უიტმენი
კომენტარი: რაული მადრიდის “რეალის” კაპიტანი იყო 2003–2010 წლებში. უოლტ უიტმენის ლექსი, რომელიც მან აბრაჰამ ლინკოლნს მიუძღვნა იწყება სიტყვებით: Oh Captain, My Captain (ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო).
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

27. (ძნელი) ამ ფილმის მთავარი პერსონაჟის წარმატების გზა შეიძლება გამოისახოს ასოების შემდეგი თანამიმდევრობით: A, A, D, A, C, A, D, D, A. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა ეწოდება ამ ფილმს?

პასუხი: მილიონერი გარეუბნიდან (Slumdog Millionaire)
კომენტარი: ეს თანმიმდევრობა არის სწორი პასუხების ვარიანტები თამაშში „ვის უნდა იყოს მილიონერი“ ამ ფილმში.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

28. (საშუალო) დარიგებულ სურათზე გამოსახული სკულპტურა მდებარეობს აშშ–ს ამ ქალაქში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: ცინცინატი
კომენტარი: ოჰაიოს შტატში მდებარე ქალაქს რომაელი კონსულის, ლუციუს კვინტუს ცინცინატუსის საპატივსაცემოდ ჰქვია სახელი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

29. (ძნელი) ჯონ რობინსონის წიგნში “შესავალი ადრეულ ძვ. ბერძნულ ფილოსოფიაში” მოტანილია თუ როგორ გამოიყურებოდა ანაქსიმანდრეს მიერ შექმნილი გეოგრაფიული რუკა, რაც დაგირიგდათ კიდეც. საინტერესო ის, არის რომ ამ რუკაზე ცენტრი არის არა დელფოსი, როგორც იმ დროს მიჩნეული იყო, არამედ ეს ქალაქი. დაასახელეთ ეს ქალაქი.

პასუხი: მილეტი
კომენტარი: ანაქსიმანდრე მილეტელი იყო (თალეს მილეტელის მოწაფე) და ეს ქალაქი მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ცენტრი რუკაზე ზუსტად მილეტზე მოდის.
წყარო: 1. ბმული 2. John Mansley Robinson, “An Introduction to Early Greek Philosophy”, Houghton and Mifflin, 1968.
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

30. (ძნელი) 1907 წელს ლონდონში გამოქვეყნდა ეველინ ბეატრისის წიგნი, რომელიც დიდი ფილოსოფოსის ათ მეგობარს ეძღვნება. თავი თითოეული მეგობრის შესახებ დასათაურებულია ერთი სიტყვით. ასე მაგალითად: ვოვენარგისადმი მიძღვნილ თავს ჰქვია “აფორისტი”, ბომარშესას – “დრამატურგი” და ა.შ. ყურადღება შეკითხვა დაასახელეთ ორი მეგობარი, რომელთა თავებსაც ჰქვიათ – მოლაპარაკე (Talker) და მოაზროვნე (Thinker).

პასუხი: დიდრო და დ’ალამბერი
კომენტარი: წიგნს ჰქვია “ვოლტერის მეგობრები” და ვოლტერის ეს ორი მეგობარი ტანდემში არიან ცნობილნი, “ენციკლოპედიის” შექმნის გამო.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

31. (საშუალო) აიზეკ აზიმოვი შექსპირის “მაკბეტის” განხილვის დროს წერს, რომ პიესაში მამაცი და შეუპოვარი მხედართმავრის, ბენკოს არსებობით შექსპირმა რევერანსი გაუკეთა მათ, ვინაიდან ისტორიულად ისინი მეფის მაჟორდომები, ანუ მსახურები იყვნენ და ამიტომ გასაგებიცაა, რომ ბენკოს სახით გმირ წინაპარს საჭიროებდნენ. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: სტიუარტები
კომენტარი: სტიუარტების დინასტია იწყება ნორმანი ბარონით, რომელიც ედუარდ პირველის მაჟორდომი იყო. აზიმოვი მიიჩნევს, რომ შესპირმა დაკვეთა შეასრულა და სტიუარტებს გმირი წინაპრით დაწყებული ისტორია შეუქმნა.
წყარო: 1. Айзек Азимов, Путеводитель по Шекспиру: Английские пьесы. – М., 2007. – С. 163.
ავტორი: დიმიტრი ბოჩაროვი

32. (ძალიან ადვილი) რიჩარდ დოკინზი წიგნში “ეგოისტური გენი” წერს, რომ ფუტკრები, რომლებიც თაფლის ქურდებს ესხმიან თავს ჰგვანან მათ. ერთი რუსული ანეკდოტის თანახმად კი 11 სექტემბერს შევარდნაძემ ბუშს წერილი მისწერა, სადაც ეწერა: “ისინი ქართველები არ არიან”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: კამიკაძე
წყარო: 1. რიჩარდ დოკინზი, “ეგოისტური გენი” 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

33. (საშუალო) პირველად ამ ჯგუფის შესახებ მსოფლიომ 1989 წელს შეიტყო, მასში სულ ხუთი წევრია და მათ ორიგინალში ჰქვიათ: მონტერეი ჯეკი შემოკლებით “მონტი”, გაჯეტ ჰექრენჩი შემოკლებით “გაჯეტი” და ზიპერი… ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ჯგუფის დანარჩენი ორი წევრის სახელები.

პასუხი: ჩიპი და დეილი
კომენტარი: საუბარია მულტსერიალზე “რეინჯერი მაშველები”. ჯგუფის სხვა წევრების სახელები ჩვენთვის ძირითადად რუსულ თარგმანშია ცნობილი: როკფორი, გაიკა და ვჟიკი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

34. (ძნელი) 1967 წელს ჟორჟ პომპიდუმ განაცხადა: “თუ მათი რიცხვი საფრანგეთში ნახევარ მილიონს მიაღწევს, რევოლუცია მოხდება”. დღესდღეობით მათი რიცხვი საფრანგეთში 2 მილიონს აღწევს, თუმცა რევოლუცია ჯერ–ჯერობით არ მომხდარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ისინი.

პასუხი: უმუშევრები
კომენტარი: უმუშევრობა დღესდღეობით საფრანგეთში უმთავრესი პრობლემაა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

35. (საშუალო) მწერლის ადრეულ ხელნაწერში ეს ფრაზა ჟღერდა ასე, მოისმინეთ ქართული თარგმანი: “და აი, ყველაფერი წესრიგშია და ღამის ასულმა, მოირამაც დაართო თავისი ძაფი”. ყურადღება შეკითხვა: ქალის რომელი სახელი ფიგურირებს წიგნში, ფრაზის საბოლოო ვარიანტში?

პასუხი: ანუშკა
კომენტარი: ბულგაკოვის რომანში “ოსტატი და მარგარიტა”, სწორად ასე გამოიყურებოდა ბერლიოზის სიკვდილის წინასწარმეტყველი ფრაზა. ანუშკა და მზესუმზირას ზეთი, ბოლო რედაქციებში დაემატა.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსანდრე ვედეხინი

36. (ძნელი) ბერნულის ეფექტის გამო პრობლემები რომ არ შეიქმნას, ფორმულა 1–ის რბოლის დაწყებამდე, ქალაქის ქუჩებში გამოდიან ერთი კონკრეტული სპეციალიზაციის მუშები და გზებზე, სადაც რბოლა უნდა გაიმართოს თავის სამუშაოს ასრულებენ. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდებათ ასეთი სპეციალიზაციის მუშებს?

პასუხი: შემდუღებლები („სვარშჩიკები“)
კომენტარი: ბერნულის ეფექტის გამო, როდესაც ბოლიდი მაღალი სიჩქარით გადაუვლის საკანალიზაციო ჭის წნევა თავსახურს ჰაერში ისვრის, რაც გზაზე ქმნის შეფერხებას და პრობლემებს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

მეოთხე ტური

37. (ძნელი) უილიამ თეკერეის აზრით ეს ქმედება ფილოსოფოსს სიბრძნის გამოთქმაში ეხმარება, სულელს კი აიძულებს გაჩუმდეს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ქმედება.

პასუხი: მოწევა
წყარო: 1. G. L. Apperson, „The Social History of Smoking“, p. 96
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

38. (ძალიან ადვილი) სერიალ “სუპერნეჩერალის” ერთ–ერთ სერიაში მთავარი გმირები უპირისპირდებიან გრაფ დრაკულას. ყურადღება შეკითხვა: აშშ–ს რომელ შტატში ვითარდება ამ დაპირისპირების მოქმედება?

პასუხი: პენსილვანიაში
კომენტარი: პენსილვანია ტრანსილვანიის თანაჟღერადია
წყარო: 1. Сериал “Сверхъестественное”, 4-ый сезон, 5-ая серия, 2-ая минута.
ავტორი: ალექსანდრე ვედეხინი

39. (ადვილი) თქვენს წინაშეა ილუსტრაცია, რომელსაც შეკითხვის ავტორი ვიკიპედიის ერთ–ერთ სტატიაში წააწყდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იტალიელი, რომელიც ფიგურირებს სტატიის სათაურში.

პასუხი: ფიბონაჩი (ლეონარდო პიზელი)
კომენტარი: ილუსტრაციაზე წარმოდგენილი კვადრატების ზომები იმეორებენ ფიბონაჩის მწკრივს: 1,1,2,3,5,8…
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

40. (ადვილი) ჰომეროსის პოემაში, ოდისევსი მოგზაურობის დროს მალავს თავის ვინაობას და გზად შეხვედრილ პერსონაჟებს გამოგონილ ბიოგრაფიას უყვება. შეკითხვის ავტორის აზრით, შემთხვევითი არ არის ის, რომ გამოგონილ ბიოგრაფიაში ოდისევსი თავის სამშობლოდ ასახელებს არა კუნძულ ითაკას, არამედ სხვა გეოგრაფიულ ობიექტს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს გეოგრაფიული ობიექტი.

პასუხი: კრეტა
კომენტარი: ოდისევსი იტყუება და ცნობილია ფრაზა, რომ „ყველა კრეტელი ტყუის“.
წყარო: 1. Одиссея 13:256; 14:199, 14:380, 19:172.
ავტორი: მაქსიმ რუსო

41. (საშუალო) ერთ ლიტერატურულ და მეორე სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა ურთიერთდამოუკიდებელი სტატიები ამერიკელ მწერლის და ახალზელანდიელი მეცნიერის მნიშვნელოვანებაზე კაცობრიობის ისტორიაში. სტატიებს ის აქვთ საერთო, რომ ორივეს სათაური წარმოადგენს მე–19 საუკუნის ბოლოს შექმნილი ნაწარმოების სათაურის გადათამაშებას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ამ ნაწარმოების ავტორი.

პასუხი: ოსკარ უაილდი
კომენტარი: საუბარია ერნესტ ჰემინგუეიზე და ერნესტ რეზერფორდზე. სტატიებს შესაბამისად ერქვა – „The Importance of Being Ernest Rutherford“ და „The Importance of Being Ernest Hemingway“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

42. (საშუალო) 90–იანი წლების საკულტო ფილმში მთავარი პერსონაჟი სთხოვს ბავშვს, რომ ეთამაშოს ერთი თამაში, რაზედაც ბავშვი მიუგებს: მომწყინდა, სულ გიგებ! ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ რა ჰქვია ამ მთავარ პერსონაჟს?

პასუხი: ედვარდი
კომენტარი: ტიმ ბარტონის ფილმში „ხელმაკრატელა ედვარდი“ მთავარ პერსონაჟს ხელების ნაცვლად მაკრატლები აქვს, შესაბამისად სულ მაკრატელს აკეთებს (ქვის და ქაღალდის გაკეთება არ შეუძლია), ამიტომაც ბავშვი სულ უგებს.
წყარო: 1. ბმული 2. ეპიზოდი ზემოხსენებულ ფილმში
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

43. (ადვილი) ამერიკელი ოკეანოგრაფის, კარლ დრიუსის აზრით ეს მოვლენა მოხდა პორტ–საიდის სიახლოვეს და მისი ლოგიკური ახსნა შესაძლებელია ფლუიდების დინამიკით ძლიერი და ხანგრძლივი ქარის ზემოქმედების პირობებში. ყურადღება შეკითხვა: რა მოვლენაზეა საუბარი?

პასუხი: მოსეს მიერ წყლის გაყოფის
კომენტარი: საუბარია ბიბლიურ ისტორიაზე, როდესაც მოსემ წყალი ორად გაყო. ამ მოვლენის სამეცნიერო დასაბუთებას ცდილობს კარლ დრიუსი.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: სერგეი შორინი

44. (ძნელი) Baptismus Flaminis კათოლიციზმში ეწოდება სულის გადარჩენის გზას, როდესაც ადამიანს სურვილი აქვს რომ ქრისტიანად მოინათლოს, თუმცა გარკვეული გარემოებების გამო ვერ ახერხებს ნათლობისათვის საჭირო პროცედურების გავლას. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სახელი ადამიანისა, რომლის სულის გადარჩენაც კათოლიციზმში მიჩნეულია Baptismus Flaminis–ის პირველ პრეცედენტად.

პასუხი: დისმასი (კეთილგონიერი ყაჩაღი)
კომენტარი: დისმასი იყო იესოსთან ერთად ჯვარზე გაკრული ავაზაკი, რომელმაც მოისურვა მონათლულიყო ქრისტიანად, გესტასისგან განსხვავებით, თუმცა მონათლვის კანონიკური პროცედურები ვერ გაიარა გასაგები მიზეზების გამო.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სემიონ როდიგინი

45. (ძნელი) ძველი ბერძნული ლეგენდის თანახმად ერთხელ ზევსმა თაფლიან ნაყენში გაურია მარილი და მდოგვი… შედეგად ამ სასმელმა გამოიწვია ის, რის შესახებაც 1938 წელს გამოქვეყნებული რომანი მოგვითხრობს. ყურადღება შეკითხვა: ვინ არის ამ რომანის ავტორი?

პასუხი: ჟან პოლ სარტრი
კომენტარი: საუბარია რომანზე “გულზიდვა”. კრონოსმა დალია რა ეს სასმელი დაემართა გულზიდვა და აღებინა, რასაც თან გადმოყვნენ ზევსის გადაყლაპული და–ძმები.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: სემიონ როდიგინი

46. (საშუალო) სტენფორდის უნივერსიტეტში წაკითხულ საჯარო ლექციაში ანალოგიებისა და აზროვნების შესახებ, დუგლას ჰოფშტადტერმა განაცხადა, რომ მას ზუსტად არ შეუძლია მტკიცება, თუმცა მისი აზრით გალილეო გალილეი იყო პირველი ადამიანი, ვინც ეს ლათინური სიტყვა მრავლობით ფორმაში მოიხსენია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ლათინური სიტყვა.

პასუხი: luna (მთვარე)
კომენტარი: გალილეომ 1610 წელს იუპიტერის თანამგზავრები აღმოაჩინა და ანალოგიით მათ თავის ნაშრომში “Sidereus nuncius” მოიხსენიებს როგორც მთვარეებს (lunae). მანამდე მთვარე ყველას წარმოდგენაში ერთი იყო და მრავლობითი ფორმა არ ჰქონდა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

47. (ადვილი) ეტიმოლოგიური ლექსიკონები ამ საკომუნიკაციო საშუალების სახელწოდებას უკავშირებენ მცირეწლოვან მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენთვის ფრანგული ჟღერადობით არიან ცნობილი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს საკომუნიკაციო საშუალება.

პასუხი: პეიჯერი
კომენტარი: ეტიმოლოგიური ლექსიკონების მტკიცებით Pager მომდინარეობს სიტყვა Page–ისგან, რაც „პაჟს“, მცირეწლოვან მოსამსახურეს ნიშნავს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ალექსეი ბაევი

48. (ადვილი) ამერიკულმა როკ–ჯგუფმა “Ramones” თავისი ბოლო, გამოსათხოვარი ალბომი დაასათაურა ორი სიტყვით. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ალბომის სათაური, თუ ორივე სიტყვა ერთსა და იმავე ასოზე იწყება.

პასუხი: Adios Amigos
კომენტარი: ბოლო ალბომი იყო და შესაბამისად დაემშვიდობნენ თავის მსმენელებს.
წყარო: 1. ბმული
ავტორი: ვახო ელერდაშვილი

შეკითხვები ერთ ფაილად

Advertisements

Written by linguistuss

February 21, 2011 at 4:36 pm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: