ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მილიარდის ეპოქა

with 4 comments

გასულ კვირას, გაერომ დედამი­წაზე მეშვიდემი­ლიარდე ადამიანის დაბადების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. „გიხაროდენ, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ!” – წერდა მსოფლიო პრესა, თუმცა რიგითი მოკ­ვდავების ცხოვრება ამ ფაქტს არაფრით შეუცვლია – აღქმის თვალსაზრისით, ექ­ვსსა და შვიდ მილიარდს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა. ადამიანის ტვინს არ ძალუძს ასეთი დიდი რიცხვების ვიზუალიზაცია. ნაირ-ნაირი მაგალითების მოფიქრებაა საჭირო, რათა როგორ­ღაც აღვიქვათ ჩვენს ტვინში პლანეტის მოსახლეობის ერთმილიარდიანი ნამა­ტი.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენია შვიდი მილიარდი? ის ფაქტი, რომ სკო­ლაში გვასწავლეს დიდი რიცხვების ჩაწერის წესი, არ ნიშნავს იმას, რომ 7000000000-ის წარმოდგენა ადვილია. აი, მაგალითად, დაფიქრებულხართ იმა­ზე, რომ შვიდი მილიარდი წამის წინ, 1789 წელს საქართველოში გეორგიევ­სკის ტრაქტატი სულ რაღაც 6 წლის დადებული იყო, ოკეანის გადაღმა კი ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ის პირველ პრეზიდენტად „აკურთხეს”? შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ შვიდი მილიარდი წუთის წინ (დაახლ. 13300 წლის წინ), დე­დამიწაზე ზემო პალეოლითის ხანა იდგა და ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ პლანეტის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონები? და ბოლოს, შეგიძლიათ წარ­მოიდგინოთ, რომ შვიდი მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწა საერთოდ არ არსებობდა?!

ანტუან ფურეტიერის მიერ შედგენილ, 1701 წელს გამოცემულ ფრანგულ უნი­ვერსალურ ლექსიკონში სიტყვა „მილიარდი” ჯერ კიდევ არ არის, „ბევრის” სი­ნონიმად კი cent mille millions, ანუ „ასი ათასი მილიონი” სახელდება. „მილიარ­დი” მე-18 საუკუნის საფრანგეთში იშვა და ამ ქვეყნის საზღვრებს 1870 წელს გასცდა, როდესაც პრუსიელებმა დამარცხებულ ფრანგებს რეპარაციის სახით ხუთი მილიარდი ფრანკის გადახდა დააკისრეს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც „მილიარდი” თვლად მატერიას აღნიშნავდა და არა უბრალოდ სიტ­ყვა „ბევრს”.

თანამედროვე ქართულ მედიაში სიტყვა „მილიარდი” ყველაზე აქტიურად სამ შემთხვევაში გამოიყენება: დედამიწის მოსახლეობაზე საუბრისას, საქართვე­ლოს საგარეო ვალის დასათვლელად და ბიძინა ივანიშვილის ქონების შესაფა­სებლად. სამივე შემთხვევაში მილიარდი ყურისმომჭრელი სიტყვაა და ის ნაკ­ლებად აღნიშნავს რიცხვს. „მილიარდი” ჩვენში „ბევრის” სინონიმი უფროა, რომელსაც შთაბეჭდილების მოსახდენად ხმარობენ და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ იტყვის მილიარდში ექვსი ნულია, ცხრა თუ თორმეტი!

საინტერესოა ჩვენი წინაპრების დამოკიდებულება დიდ რიცხვებთან. „ვეფხის­ტყაოსანში” არაერთხელ ფიგურირებს სიტყვა ბევრი და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები: „ბევრის-ბევრი” და „ბევრ-ათასი”. მაგალითად, ავთანდილი ფრიდონს რომ ეწვევა, ნათქვამია: „შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა”. ამ უკანასკნელში „ბევრ-ათასი” ათ მილიონს აღნიშნავს, ბევრის-ბევ­რი კი ასი მილიონი გამოდის. შეიძლება იმის თქმაც, რომ „ბევრი” ძველ ქარ­თულში იყო ზღვარი თვლად და უთვლად სიდიდეებს შორის. ის ათი ათასს აღნიშნავდა და იმის ზემოთ ყველაფერი ბევრი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა.

„ქართლის ცხოვრებაში” ჟამთააღმწერელი წერს, რომ ჯალალედინმა თბილის­ში ათი ბევრი კაცი შეიწირაო. ათი ბევრი (ასი ათასი) მოწამის ხსენების დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე აღნიშნავს – მიუხედავად იმისა, რომ ასი ათასი ადამიანის სიკვდილით დასჯა ერთი დღის, თუნდაც ერთი კვი­რის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელია, იმ ფაქტორების გათვალისწი­ნებით, როგორც ეს მატიანეშია აღწერილი. სავარაუდოდ, როდესაც ჟამთააღ­მწერელი წერდა „ათნი ბევრნი მოწამენიო”, ამით რაოდენობას კი არა, ფაქტის სისასტიკეს უსვამდა ხაზს. მის სიტყვებში ის მხოლოდ უსასრულოდ დიდი რიცხვის მეტაფორაა.

ანტუან ფურეტიერის ლექსიკონში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია: მილიო­ნი ეს არის სიტყვა, რომლითაც მეფეთა ქონება აღიწერებაო. შეიძლება ითქვას, რომ XV-XVIII საუკუნეებში ადამიანის შემეცნების ფარგლები „მილიონებში” იზომებოდა, ჩვენ კი „მილიარდის” ეპოქაში ვცხოვრობთ. სწორედ „მილიარ­დია” დღესდღეობით კაცობრიობის შემეცნების საზომი: მისი საშუალებით ვზომავთ სამყაროს ასაკს, სამყაროს განფენილობას, ყველაზე მდიდარი ადამი­ანების ქონება ჩვენს წარმოდგენაში მილიარდებშია შეფასებული და უკანასკნე­ლად როდის დაგვჭირდა სიტყვა ტრილიონი, კვადრილიონი თუ კვინტილიო­ნი, არ გვახსოვს.

მსოფლიოს მოსახლეობის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, დედამიწის ბი­ნადრებმა ერთ მილიარდს 1800 წლისთვის მიაღწიეს, საუკუნეზე მეტი დას­ჭირდა, რომ მოსახლეობა გაორმაგებულიყო, მხოლოდ 1930 წელს ავიდა ორ მილიარდამდე. შემდეგ ყველაფერი აჩქარდა: ოცდაათ წელიწადში სამი მილი­არდი გახდა, თოთხმეტ წელიწადში – ოთხი მილიარდი, ცამეტ წელიწადში – ხუთი მილიარდი და თორმეტ-თორმეტ წელიწადში ექვსი და შვიდი მილიარ­დი.

ყოველი მილიარდიანი ნამატი კაცობრიობას დამატებით პრობლემებს უქმნის. ცივილიზაციის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზ­რდება ადამიანების მიერ წარმოებული და მოხმარებული პროდუქტების, ინ­ფორმაციის და ა.შ. რაოდენობა. ჩვენც უფრო დიდი რიცხვების შემოტანა გვი­წევს ყოფა-ცხოვრებაში და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, კი არ გაგვიხარ­დეს, არამედ დიდი მწუხარებით აღვნიშნოთ მორიგი მილიარდი ჰომო საპიენ­სი ჩვენ ირგვლივ. მანამდე კი, სანამ ეს დღე დამდგარა, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ, გიხაროდენ!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა” 

Advertisements

Written by linguistuss

November 13, 2011 at 3:18 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. შენ ნუ გვიბღალავ წარმოდგენებს აქ ;დ

    როდე

    November 13, 2011 at 1:23 pm

  2. ტრილიონითაც იზომება ბატონო ავტორო :)) ბევრი ქვეყნის ბიუჯეტი მაგალითად. ნუ კიდევ არის ბევრი რამ(ტრანზისტორების რიცხვი, სუპერკომპიუტერების სიჩქარე რაღაც ტერაფლოპი თუ რაღაც) მაგრამ ბიუჯეტი უფრო ყოველდღიურია. ამიტომ ჩვენ უკვე თამად შეიძლება ითქვას რომ ტრილიონის ერაში ვცხოვრობთ.

    პ.ს. ახლობლის შვილის დაბადება ხო გიხარია? :დ

  3. მალთუსი :დ

    lomski

    November 14, 2011 at 5:30 pm

  4. მილიონ მილიონ მილიონ ალიხ როოზ :*

    litterator

    November 14, 2011 at 7:16 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: