ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გასეირნება ღრუბლებში

with one comment

ხელოვნური ინტელექტის მამამთავარმა, ჯონ მაკკარტიმ გასული საუკუნის 60-იან წლებში რევოლუციური იდეა გამოთ­ქვა – გამოთვლითი ტექნიკა ერთ მშვენი­ერ დღეს კომუნალური მომსახურება გახდებაო. ამ თემაზე, შემდეგ არაერთი შრომა დაიწერა, თუმცა, ეს ყველაფერი, იმ დროს თეორიულ ჩარჩოებს ვერ გას­ცდა. ბოლო წლებში ინტერნეტის სიჩქარის მკვეთრმა ზრდამ შესაძლებელი გა­ხადა, რომ ამერიკელი მეცნიერის იდეას ხორცი შესხმოდა და თავად ინტერნე­ტი ევოლუციის ახალ საფეხურზე ასულიყო. შედეგად, მაღალი ტექნოლოგიე­ბის ჰორიზონტზე, „ქლაუდად” წოდებული გამოთვლითი ღრუბელი (Cloud computing) გამოჩნდა.

ტექნიკურ დიაგრამებზე აღნიშვნისას ღრუბელი, როგორც ზოგადად ქსელის მეტაფორა, ინტერნეტის შექმნის დღიდან გამოიყენება და კონკრეტულ რაღა­ცას აღნიშნავს. თუმცა სპეციალისტები დღემდე მაინც ვერ შეთანხმდნენ ზუსტ განსაზღვრებაზე, თუ რა არის „გამოთვლითი ღრუბელი”. ერთი განმარ­ტებით ეს არის ვირტუალური სერვერების კლასტერი, რომელიც შეგიძლიათ ნაწილობრივ, ან მთლიანად დაიქირაოთ და მისი საშუალებით თქვენი მიზნე­ბი განახორციელოთ – განათავსოთ თქვენი საკუთარი ვებ-სერვერი, მეილ-სერ­ვერი, ფაილების სერვერი, გადასახადი კი, როგორც კომუნალური მომსახურე­ბის შემთხვევაში, დახარჯული რესურსის პროპორციულად გადაიხადოთ. მე­ორე მხრივ, „ქლაუდს” უწოდებენ ყველაფერ იმას, რაც ფაირვოლის მიღმა მდე­ბარეობს. ამ შემთხვევაში ძირითადი იდეა ის არის, რომ თქვენი მოთხოვნის შესრულება სადღაც „იქ” ხდება და თქვენ მზა შედეგს იღებთ – თუმცა წარ­მოდგენის დონეზეც კი არ შეგიძლიათ იმის თქმა, თუ ფიზიკურად სად მდება­რეობს სერვერი, რომელიც მოგემსახურათ

თავდაპირველი ჩანაფიქრით, გამოთვლითი ღრუბელი მხოლოდ კომპანიების­თვის განკუთვნილი მოქნილი სერვისი იყო. წარმოიდგინეთ, გაქვთ კომპანია, რომლის ოფიციალურ ვებგვერდს დღეში განსაზღვრული რაოდენობის ადამი­ანი სტუმრობს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მომხმარებლებმა მატება და­იწყო და თქვენს კომპანიაში დამონტაჟებული სერვერი აღარ არის საკმარისი. დადგა სერვერის შეცვლის პრობლემა. საჭიროა ხელახლა გამართოთ ის, რაც დამატე­ბით რესურსებს მოითხოვს. თუ მომხმარებლების რიცხვი კატასტროფულ რა­ოდენობას მიაღწევს, მაშინ მხოლოდ სერვერის შეცვლა ვერ გადაჭრის პრობ­ლემას. დაგჭირდებათ სერვერების კლასტერი, რომელსაც სხვა ტიპის პროგრა­მული უზრუნველყოფა აქვს. შესაბამისად, მოგიწევთ მომსახურე პერსონალის­თვის ტრენინგის ჩატარება, ანუ კიდევ დამატებით ხარჯებამდე და პრობლემე­ბამდე მივდივართ.

გამოთვლითი ღრუბლის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა: გაქვთ „ღრუ­ბელში” გამოყოფილი ადგილი, რომელიც ემსახურება თქვენს მომხმარებ­ლებს, როგორც კი მათი რიცხვი გაიზრდება, ყოველგვარი დამატებითი დანა­ხარჯების გარეშე გაგეზრდებათ მოხმარებული რესურსის ოდენობა და პრობ­ლემას ვერც კი შეიგრძნობთ. შედარება რომ გამოვიყენოთ: პირადი სერვერი, რომლის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ტექნიკურ გამართვაზე და მომსა­ხურებაზე თქვენ თავად აგებთ პასუხს, არის პირადი ავტომობილი, რომლის რემონტი, გარეცხვა და საწვავის ჩასხმა თქვენი საზრუნავია. გამოთვლითი ღრუბელი კი ამ შემთხვევაში ტაქსი გამოდის – მოდის, გემსახურებათ და მი­დის. თქვენ მხოლოდ მგზავრობის საფასურს იხდით, ამასთან, ამ ჯადოსნურ ტაქსის იმდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რამდენის გადაყვანის ფინანსუ­რი საშუალებაც გაქვთ.

ბოლო ორ წელიწადში ბლოგების და სოციალური ქსელების განვითარებამ ახა­ლი ტიპის მოთხოვნილებები გაუჩინა ადამიანებს. შედეგად განსხვავებული ქლაუდ-სერვისები მივიღეთ – დაწყებული ფაილების გაზიარებით, დასრულე­ბული პირადი ბლოგების განთავსების სერვისით. ახალი თაობის სმარტფონე­ბი აღჭურვილია ტექსტის მთარგმნელი, ხმოვანი და გრაფიკული ინფორმაცი­ის გასაშიფრი კლიენტური პროგრამებით, რომლებიც თქვენგან იღებენ ინ­ფორმაციას, შემდეგ მას ღრუბელში აგზავნიან და მიღებულ მზა შედეგს გიბ­რუნებენ. ეს არასრული სიაა იმისა, თუ რა სარგებლობა მოაქვს „ღრუბელს”.

გამოთვლითი ღრუბლის ადეპტების თქმით, პერსონალური კომპიუტერების ეპოქა, რომელმაც სამი ათეული წელი გასტანა, დასრულდა და „ქლაუდის” ეპოქა დაიწყო. გვარწმუნებენ, რომ უახლოეს მომავალში, ფართო მოხმარების­თვის მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერები იარსებებს, აღჭურვილი იქნება ეკრანით და ინფორმაციის შესაყვანი მოწყობილობით, კომპიუტერის შემადგე­ნელი ყველა ნაწილი კი ღრუბელში იქნება განთავსებული. თქვენს ინფორმაცი­ასთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ და ისეთი პროზაული პრობლემები, როგორიცაა მყარი დისკის გადაწვა, ოპერაციული სისტემის გა­დაყენება და ა.შ., საერთოდ გაქრება თქვენი ლექსიკონიდან. როგორც ჩანს, გა­მოთვლითი ღრუბელი დიდ ცვლილებებს გვიქადის, დაველოდოთ!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა” 

Advertisements

Written by linguistuss

November 28, 2011 at 2:40 am

Posted in სხვა

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. მიყვარს ასეთი პოსტები რა!

    giv

    June 10, 2012 at 7:51 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: