ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

თსუ–ს 2011 წლის ზამთრის ჩემპიონატი, ფინალი

with one comment

1. რენესანსის ეპოქის ფერწერაში მამა-ღმერთი ხშირად წარმოდგენილია წიგნით ხელში, რომლის სატიტულო გვერდზეც გამოსახულია ორი სიმბოლო. ყურადღება შეკითხვა: გამოსახეთ ეს ორი სიმბოლო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: α ω
კომენტარი: ალფა და ომეგა რენესანსის ეპოქის მხატვრობაში ღმერთის სიმბოლოებია, რომლითაც იწყება და მთავრდება ყველაფერი.
წყარო: 1. Джеймс Холл , «Словарь сюжетов и символов в искусстве», Москва: Крон-пресс, 1996, с.43

2. სტატიაში, რომელიც პლაგიატის დადებით და უარყოფით მხარეებს ეძღვნება, სტატიის ავტორი ციტირებს მერვეს. ყურადღება შეკითხვა: მერვე „რას“ ციტირებს ავტორი?

პასუხი: მცნებას
კომენტარი: მერვე მცნება ჟღერს ასე: „არა იპარო“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

3. ბულგარელები მას „პეპელიაშკას“ უწოდებენ, ხორვატები – „პეპელიუგას“, ქართულში კი მისი სახელწოდება მეორად ტანსაცმელს უკავშირდება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ძმების გვარი, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს მის პოპულარიზაციაში.

პასუხი: გრიმები
კომენტარი:  ქართულში კონკები, იგივე ძონძები ძველ, მეორად ტანსაცმელთან ასოცირდება. ბულგარულ და ხორვატულ ვარიანტში ფუძეში ურევია „პეპელ“, რაც ეტიმოლოგიურ კავშირშია კონკიას სახელწოდებებთან სხვა ენებზე: Золушка (ნაცარა), Cinderella (ნაკვერჩხალა) და ა.შ. ძმებმა გრიმებმა დაწერეს ზღაპარი კონკიას შესახებ და ამ ზღაპრის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი მიუძღვით.
წყარო: 1. ბმული

4. ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსში არის ასეთი სიტყვები: „უგზოდ და უკვლოდ მიქარავნობს აქლემთა წყება, და ზანზალაკთა ხმად ჩაესმის…“ ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით რა ჩაესმის ზანზალაკთა ხმად აქლემთა წყებას?

პასუხი: ძაღლების ყეფა
კომენტარი:  ლექსში გადათამაშებულია ანდაზა „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“.
წყარო: 1. ბმული

5. ესპანურად „ნათურა“ ჟღერს როგორც bombilla (ბომბიია). იმის გამო რომ ეს სიტყვა თანაჟღერადია „ბომბის“, ერთმა ცნობილმა ადამიანმა თავის ქმნილებაში ნათურა ნგრევისა და განადგურების სიმბოლოდ აქცია. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ადამიანი.

პასუხი:  პაბლო პიკასო
კომენტარი: საუბარია პაბლო პიკასოს ტილოზე „გერნიკა“, სადაც ნათურა ნგრევისა და განადგურების სიმბოლოა.
წყარო: 1. ბმული

6. ჩინელთათვის ის დღეგრძელობის სიმბოლოა, ამიტომაც ჰაიდაოს ხელოვნების ოსტატები მისგან უხსოვარი დროიდან ამზადებენ მინიატურულ ფიგურებს (ერთ-ერთ ასეთ ფიგურას სურათზე ხედავთ). ენციკლოპედიაში წერია, რომ ის არის დანაოჭებული, დაკაწრული, ნეკნებიანი და სქელკედლიანი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ის ორი სიტყვით.

პასუხი: ატმის კურკა
კომენტარი: ჰაიდაო ატმის კურკებისაგან მინიატურული ფიგურების შექმნის ხელოვნებაა, დარიგებულ მასალაზე სწორად ატმის კურკისგან დამზადებული ფიგურაა წარმოდგენილი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

7. „რა? სად? როდის?“-ის ერთ საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობდა მხოლოდ მამაკაცებისაგან დაკომპლექტებული გუნდი, რაც ხაზგასმული იყო გუნდის ერთ-ერთი წევრის მაისურზე წარწერილი ქვეყნის სახელწოდებაში. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, რომელსაც ეს გუნდი წარმოადგენდა ტურნირზე.

პასუხი: სომხეთი
კომენტარი: მაისურებზე მათ ეწერათ ARMENIA, სადაც MEN (მამაკაცები) იყო სხვა ფერით წარწერილი.
წყარო: 1. სამხრეთ კავკასიის მე-13 ჩემპიონატზე მონაწილე გუნდის მაისური.

8. როკ-მუსიკოსმა ვის ვიტალისმა თავისი წიგნის ეპიგრაფში 1950-იან წლებში შექმნილი ფილმის სათაურს მიაწერა შემდეგი ფრაზა: „არსება ანჩხლი გამოვიდა, თუმცა თავშესაქცევი“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1950-იან წლებში შექმნილი ფილმის სახელწოდება.

პასუხი: „…და შექმნა ღმერთმა ქალი“
კომენტარი: 1956 წელს როჟე ვადიმმა გადაიღო ფილმი „…და შექმნა ღმერთმა ქალი“.
წყარო: 1. ბმული

9. ევროპელთა ცნობიერებაში დრო წრფივად მიედინება, ინდოელთათვის კი – წრიულად, ამიტომაც არ არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ ჰინდიზე სიტყვა „კალ“ აღნიშნავს პირველსაც და მეორესაც. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ 1960-იანი წლების ფილმი, რომლის სათაური შეიცავს პირველსაც და მეორესაც.

პასუხი: “გუშინ, დღეს, ხვალ”
კომენტარი: ჰინდიზე სიტყვა „კალ“ აღნიშნავს „გუშინ“-საც და „ხვალ“-საც. 1963 წელს ეკრანებზე გამოვიდა ვიტორიო დე სიკას ფილმი „გუშინ, დღეს, ხვალ“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

10. ჟურნალ „Scientific American“-ში 1982 წელს გამოქვეყნდა დუგლას ჰოფშტადტერის სტატია, რომელიც იმ დროს გამოჩენილ სიახლეს ეძღვნებოდა. სტატიის სათაურში ფიგურირებს ევროპაში მდებარე მდინარე. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ მდინარეს?

პასუხი: რუბიკონი
კომენტარი: სტატია ეძღვნებოდა იმ დროის პოპულარულ თავსატეხს „რუბიკის კუბს“. სტატიას ერქვა „გადავლახოთ რუბიკონი“, სადაც ამ თავსატეხის ამოხსნის გზები იყო მოთავსებული.
წყარო: 1. Douglas Hofstadter, „Metamagical Themas: Questing For The Essence Of Mind And Pattern“, ISBN: 0465045669, chapter 15. 2. ბმული

11. მულტსერიალ „ფუტურამას“ მთავარ პერსონაჟს, ინტერნეტში ხშირად გამოსახავენ თეთრი გრძელი კაშნეთი და კეპიანი თეთრი ქუდით, რომელსაც ხელში უჭირავს კუბოკრული ნივთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს კუბოკრული ნივთი ორი სიტყვით.

პასუხი: ჭადრაკის დაფა
კომენტარი: „ფუტურამას“ მთავარი პერსონაჟია რობოტი ბენდერი, რომელსაც ხუმრობით ოსტაპ ბენდერის ფორმაში გამოსახავენ. ოსტაპ ბენდერი ცნობილია თავისი ჭადრაკთან დაკავშირებული კომბინატორული ისტორიებით.
წყარო: 1. ბმული

12. ცნობილ ფილმში ერთი პერსონაჟი წარმოთქვამს ფრაზას, რომელსაც შეიძლება გავუკეთოთ ასეთი პერიფრაზი: „მე ლექსებს ვწერდი 1941 წლამდე“. ყურადღება შეკითხვა: რომელ ფილმში ჟღერს ეს ფრაზა?

პასუხი: ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
კომენტარი: იაპონურ პოეზიაში ტანკა ეწოდება კონკრეტული ტიპის ლექსებს. პოეტებს, რომლებიც ტანკებს ქმნიან, მათ ტანკისტებს უწოდებენ. ფილმში „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“ ჟღერს ფრაზა „მე ტანკისტი ვიყავი ომამდე“.
წყარო: 1. ბმული

13. ერთ პოლიტიკურ კარიკატურაზე გამოსახულია ალ-ქაიდას ლიდერების საფლავის ქვები. იმის აღსანიშნად, რომ ალ-ქაიდას ლიდერების განადგურება ბინ-ლადენის სიკვდილით დაიწყო, კარიკატურაზე საფლავის ქვები წარმოადგენენ იქსებს. ვიკიპედიის სტატიაში მოთავსებულ ილუსტრაციაზე კი იქსებზე წარწერილია აზიის ქვეყნების სახელწოდებები. ყურადღება შეკითხვა: არ გეკითხებით იქსებს, დაასახელეთ ორი სიტყვით, რა ეწოდება ვიკიპედიის ზემოხსენებულ სტატიას?

პასუხი: დომინოს თეორია
კომენტარი: საფლავის ქვებს დომინოს ქვების ფორმა აქვს და ბინ-ლადენის საფლავის ქვა ეჯახება დანარჩენ ქვებს. 1950-იან წლებში იშვა დომინოს თეორია, რომელიც გულისხმობდა, რომ თუკი აზიის რომელიმე სახელმწიფო დაეცემოდა და იქ კომუნიზმი იზეიმებდა, მაშინ მას დომინოს პრინციპით მიყვებოდნენ სხვა მეზობელი სახელმწიფოებიც.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

14. ერთ ქართულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ეფელიდები, ანუ რა ვუყოთ გაზაფხულის საჩუქარს“. მედიკოსების განმარტებით ეფელიდები წარმოადგენს ორგანიზმის ბუნებრივ რეაქციას, რომელიც ადამიანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ქართულში ზემოხსენებულ ეფელიდებს?

პასუხი: ჭორფლი
კომენტარი:  რუსულად ჭორფლს веснушки ჰქვია და როგორც ჩანს სტატიის ავტორმა ამიტომ უწოდა მას „გაზაფხულის საჩუქარი“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

15. მე-17 საუკუნის შემდგომ ეს ფერწერული ტილო იმდენჯერ დაფარეს ლაკით, რომ გამუსახულება მასზე ჩამუქდა, ერთი ვერსიის თანახმად სწორად ამას მიაწერენ მისი გავრცელებული სახელწოდების წარმომავლობას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ფერწერულ ტილოს?

პასუხი: ღამის გუშაგი
კომენტარი: ავტორის ჩანაფიქრით რემბრანდტის ტილოზე მოქმედება დღის სინათლეზე ხდება, გადამუქების გამო მას „ღამის გუშაგს“ უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ტილოს რეალური სახელწოდებაა „კაპიტან ფრანსის ბანინგ კოკისა და ლეიტენანტ ვან როიტენბურგის მსროლელთა რაზმის გამოსვლა“.
წყარო: 1. ბმული

16. თქვენს წინაშეა ფოტო, რომელიც 1926 წლის 13 სექტემბერს ვაშინგტონში გამართულ აღლუმზეა გადაღებული. ყურადღება შეკითხვა: ვინ იღებდა მონაწილეობას ამ აღლუმში?

პასუხი: კუ-კლუქს-კლანის წევრები
კომენტარი: სურათზე კარგად ჩანს მონაწილეთა თეთრი ფორმა და დიდი K, რომელსაც აღლუმის მონაწილენი ადგენენ.
წყარო: 1. ბმული

17. 1994 წელს ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქში ტანგოს მოყვარულთა ასოციაცია დაფუძნდა, ორაზროვანი სახელწოდებით „ასეთი ტანგო“. ყურადღება შეკითხვა: რომელი ზედსართავია შეცვლილი შეკითხვაში სიტყვით „ასეთი“?

პასუხი: გრაციოზული
კომენტარი: ავსტრიის სიდიდით მეორე ქალაქი არის გრაცი.
წყარო: 1. ბმული

18. ჩაიწერეთ არაბული ცხოვრებისეული სიბრძნე: ქალი არის იქსი, რომელიც მამაკაცს ცხოვრების იგრეკის გადალახვაში ეხმარება. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.

პასუხი: აქლემი, უდაბნო
კომენტარი: არაბული სიბრძნე გვამცნობს: რომ ქალი არის აქლემი, რომელიც მამაკაცს ცხოვრების უდაბნოს გადალახვაში ეხმარება.
წყარო: 1. ბმული

19. 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ სტადიონზე ელენა ისინბაევამ ჭოკით ხტომაში ახალი რეკორდი დაამყარა. ამ ფაქტისადმი მიძღვნილ სტატიაში ცნობილი ნაწარმოების სათაურში ფრინველი შეცვლილი იყო „პეკინით“. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს ცნობილი ნაწარმოები.

პასუხი: ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
კომენტარი: პეკინის ოლიმპიურ სტადიონს როგორც ცნობილია ჰქვია „ჩიტის ბუდე“. საგაზეთო სტატიას ერქვა: „ვიღაცამ პეკინის ბუდეს გადაუფრინა“.
წყარო: 1. ბმული

20. სამხრ. აფრიკული წარმოშობის ჰოლივუდელი ლამაზმანის სექსუალურობით მოხიბლულმა მამაკაცებმა მის გვარს თავში ექვსი ასო ჩაუმატეს. ყურადღება შეკითხვა: დაწერეთ ეს ექვსი ასო თქვენს ფურცლებზე.

პასუხი: ტესტოს
კომენტარი: მას შარლიზ ტესტოსტერონს უწოდებენ. ტესტოსტერონი მამაკაცის სათესლე ჯირკვლების ჰორმონია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული

Advertisements

Written by linguistuss

December 26, 2011 at 2:22 am

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. ოდეს ყოფილ არს ქართული ვიკიპედია წყაროდ ხსენებულ ყოფილიყოს?:D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: