ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

“სოციალური ქსლის” თუ “სოციალური ქსელის”?!

with 5 comments

რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლების“ ეთერით გადაიცა რეპორტაჟი სოციალური ქსელების შესახებ, სადაც გადაცემის ავტორები შეეცადნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინტერნეტაქტივობა გაეშუქებინათ. გადაცემა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული გამოვიდა, თუმცა ჩემი ყურადღება ჩემი ყურისთვის უჩვეულო ფრაზამ „სოციალურმა ქსლებმა“ მიიპყრო, რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა. ამ „ქსლებს“ შემდგომში დიდი განხილვა მოჰყვა ჩემი მეგობრის, თამუნა მირიანაშვილის ფეისბუქის კედელზე, რომელშიც გადაცემის ავტორი, დათო ჩიხლაძე ჩაერთო და განგვიმარტა: „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით სიტყვა “ქსელი” კუმშვადია, ანუ თუ სახელობით ბრუნვაში გვაქვს “ქსელი”, ნათესაობითში იქნება “ქსლისა”. ჟღერადობა ერთია და ენობრივი ნორმები მეორე. ვისაც გსურთ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედაქტორები ვარლამ თოფურია და ივანე გიგინეიშვილი, გამომცემლობა “განათლება”, თბილისი, 1998 წ.)“, ამასთან ისიც დასძინა, რომ „რადიო თავისუფლების“ მომზადებულ სიუჟეტებში ეს სიტყვა ამ ფორმით ძალიან ხშირად გამოიყენება.

„რადიო თავისუფლების“ რედაქციის დიდი პატივისცემის მიუხედავად ზემოხსენებული სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსლების“ შესახებ ჩემს ყურს იმდენად ჭრის, რომ გადავწყვიტე დამედგინა სიმართლე, კერძოდ თუ რა წერია ლექსიკონში, რა ფორმითაა დამკვიდრებული თანამედროვე ქართულში სიტყვა “ქსელი” ნათესაობით ბრუნვაში და საერთოდ რატომ იკუმშება არსებითი სახელები… პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნო, რომ გადაცემის ავტორის მიერ დამოწმებულ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (1990 წ. გამოცემა) ვკითხულობთ: „ქსელი (ქსლისა) 1. საფეიქრო დაზგაზე სიგრძივ გაბმული საქსოვი ძაფები. 2. ძაფი, რომელსაც გამოყოფს აბრეშუმის ჭია 3. ერთობლიობა რაიმე ტერიტორიაზე, რაიმე სივრცეში განლაგებული გზებისა, ხაზებისა“. ამასვე მოწმობს ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (1968 წ. გამოცემა), სადაც წერია: „ქსელი (ქსლისა)“. გამოძიება დასრულებულად მქონდა გამოცხადებული და უკვე ვიწყებდი „სოციალური ქსლების“ ყურის შეჩვევას, რომ გამახსენდა კიდევ ერთი რესურსი: www.ena.ge – ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი!

ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი (www.ena.ge) შექმნილია არსებული ნორმატიული გამოცემების: თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“ ბაზაზე, მოქმედი ორთოგრაფიული წესების გათვალისწინებით. ეს ლექსიკონი წარმოადგენს ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიმდინარე ინტერნეტ-გამოცემას და მასში ასახულია ყველა ნორმატიული ცვლილება, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ქართულ ენაში. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სწორი ფორმებია: „ქსელად“, „ქსელიანად“, ხოლო ფორმა „ქსლის“ საერთოდ არ გვხვდება მონაცემთა ბაზაში. ბუნებრივია გამიჩნდა შეკითხვა: რომელია სწორი „ქსელის“ თუ „ქსლის“, „ქსელების“ თუ „ქსლების“. ამის გამოსარკვევად, მოდით, ჯერ გამოვარკვიოთ თუ რა არის რედუქცია, ანუ არსებითი სახელის ფუძის კუმშვის პროცესი.

„ქართული ენის ენციკლოპედიაში“ (2008 წ. გამოცემა) სტატიაში „რედუქცია“ ვკითხულობთ: „ხმოვანდაკარგვითი რედუქცია ქართულში გვხვდება ფუძეთა შეკუმშვის გზით სამ ბრუნვაში − ნათესაობითში, მოქმედებითში  და ვითარებითში. რედუქცია ქართულში არ არის მოქმედი პროცესი. ამჟამად იგი მხოლოდ ტრადიციული ნორმაა, შემონახული იმ დროიდან, როდესაც ენას უნდა ჰქონოდა ძლიერდინამიკური სიტყვათმახვილი (გ. ახვლედიანი, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია)“. ე.ი. “ქსელ”-ის შემთხვევაში მოქმედებით, ნათესაობით და ვითარებით ბრუნვებში სწორი ფორმებია: „ქსლით, ქსლის, ქსლად“, თუმცა როგორც ზემოთ ჩანს ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი ამბობს, რომ სწორი ფორმაა: „ქსელად“ და „ქსელიანად“, რაც ეწინააღმდეგება რედუცირებულ ვარიანტებს. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაზე არსებულ Google-ის მიერ დაინდექსებულ ვებ-გვერდებში სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსელების“ გვხვდება 59200, ხოლო „სოციალური ქსლების“ კი – 5 შემთხვევაში. „სოციალური ქსელის“ ვარიანტი დაფიქსირებულია 112000 ვებ-გვერდში, „სოციალური ქსლის“ კი – 75-ში და, რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, ამ 75 შემთხვევაში ბმულების უმრავლესობას „რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებულ სტატიებამდე მივყავართ.

ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით სავსებით შეგვიძლია იმის დასკვნა, რომ „სოციალური ქსლის“, ან „სოციალური ქსლების“ ფორმა არ წარმოადგენს თანამედროვე ქართული ენის ნორმას (ამას მოწმობს ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი და ამას მოწმობს ქართულად მოლაპარაკეთა უმრავლესობა, რომლებიც „სოციალურ ქსელებს“ ანიჭებენ უპირატესობას). პირადად ჩემთვის უცნობია, თუ რატომ განიცადა ენამ ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და რატომ იცვალა იერსახე სიტყვამ „ქსლის“ და მოგვევლინა ახლებური ფორმით „ქსელის“, მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხიტყსაოსანში“ ვხვდებით შემდეგ ციტატას: „კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“, თუმცა ფაქტია ერთი რამ: ქართული ენა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ენა, ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომაც მე პირადად როცა მსურს გავარკვიო თუ რომელია სწორი ფორმა, მაგალითად „სოციალური ქსლის“ თუ „სოციალური ქსელის“, საამისოდ მტვერდადებულ ლექსიკონს არ მივაშურებ ხოლმე და ამ შემთხვევაში ჩემს ყურს უფრო ვენდობი, რომელიც უკიდურესი ფორმით აპროტესტებს „სოციალურ ქსლებს“.

P. S. დამატებითი ინფორმაცია კუმშვის და კვეცის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ვებ-გვერდზე.

Advertisements

Written by linguistuss

August 7, 2012 at 6:18 am

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვა-ხო! ვა-ხო! ვა-ხო!
    <3
    ვეთანხმები 100%-ით :D

    Katiée

    August 7, 2012 at 1:05 pm

  2. „ხმოვანდაკარგვითი რედუქცია ქართულში გვხვდება ფუძეთა შეკუმშვის გზით სამ ბრუნვაში − ნათესაობითში, მოქმედებითში და ვითარებითში. რედუქცია ქართულში არ არის მოქმედი პროცესი. ამჟამად იგი მხოლოდ ტრადიციული ნორმაა, შემონახული იმ დროიდან, როდესაც ენას უნდა ჰქონოდა ძლიერდინამიკური სიტყვათმახვილი”, ზემოაღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ თანამედროვე ქართულში ეს მეთოდი აღარ გამოიყენება?..

    Lelashvili Nino

    August 10, 2012 at 3:04 pm

  3. რა ქსლები, რი ქსლები. მატრაკვეცობენ რაღაცას. მართლა მატრაკვეცობენ.

  4. ჰაჰა :დ ისე ხოა ხოლმე სულ რო გრამატიკულად რაღაც ჯდებოდეს, იმის გამო რო ყურში ცუდათ გხვდება- გამონაკლისები დაიშვება ხოლმე

    ent

    December 5, 2012 at 7:03 pm

  5. ხომ არაა ამის მიზეზი ომონიმიის თავიდან აცილება? მაგალითად, სიტყვა თვალს ორი მნიშვნელობა აქვს თვალის გუგა – აქ ადამიანის, ცხოველის თვალი იგულისხმება და ურმის თვლის გაკეთება, აქ თვალი ბორბლის მნიშვნელობითაა და იკუმშება. ქსელის შემთხვევაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ რედუქციას მიენიჭა სემანტიკური განსხვავების ფუნქცია. რადგანაც ტერმინი სოციალური ქსელი ახალია, მოვლენაც ახალი ჩანს. ქსლის და ქსელის ორივე სწორი გამოდის. კარგი იქნებოდა, ორთოგრაფიულ და განმარტებით ლექსიკონებში შესულიყო ეს ახალი მოვლენა :) თუმცა ჯერჯერობით ახალი გამარტებითი ლექსიკონის მხოლოდ სამი ტომია გამოსული.

    Makine

    January 12, 2013 at 12:53 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: