ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for June 2017

წითელ ნემსიყლაპიაზე ნადირობა

with 2 comments

მე-18 საუკუნის იაპონიაში, ედოს ეპოქაში ცხოვრობდა პოეტი ქალი ფუკუდა ტიო-ნი, რომელიც ჩემთვის მხოლოდ ერთი ჰაიკუთია ცნობილი, თუმცა სხვა ჰაიკუებიც აქვს ცხადია. პოეტს ეს ჰაიკუ, გადმოცემის თანახმად შვილის სიკვდილის შემდეგ დაუწერია და მასში ის გამოუთქმელი სევდაა ჩაქსოვილი, რომლითაც გაჟღენთილია კარგი პოეზია. ეს ჰაიკუ თქვენც გეცოდინებათ თამაზ ჩხენკელის თარგმანში:

“ო, კალიების მდევნელო ჩემო.
აწ რა უცნაურ ქვეყანაში
შეგირბენია.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თარგმანი სრულად გადმოსცემს შვილმკვდარი დედის დარდს, მგონია რომ სიღრმე აკლია. ის სიღრმე, რომელიც იაპონური ორიგინალის გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე (გუგლტრანსლეითით იაპონური საიტების დევნა ჩემი ჰობია). ჰაიკუში ის ბიჭი ნემსიყლაპიაზე ნადირობას გადაყვა და არა კალიების დევნას. ნემსიყლაპია კი ამ ჰაიკუში ე.წ. “კიგოს” წარმოადგენს, რომელიც ჰაიკუს აუცილებელი ატრიბუტია და წელიწადის ერთ-ერთი დროის სიმბოლიზირება უნდა იტვირთოს. ამ შემთხვევაში ნემსიყლაპიაზე ნადირობა შემოდგომის მაცნეა, იმ შემოდგომისა, რომელიც ფუკუდა ტიო-ნის ცხოვრებაში დაიწყო, შვილის სიკვდილის შემდეგ.

იაპონური მითებისა და თქმულებების კრებულში შემომხვდა ადრე იაპონიის ძველი პოეტური სახელწოდება – “აკიცუშიმა” რაც სიტყვასიტყვით “ნემსიყლაპიების ქვეყანას” ნიშნავს. შემდეგ აკიცუშიმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის ფლოტის დიდ სამხედრო ხომალდს ერქვა, თუმცა ეს სხვა ისტორიაა. ერთი სიტყვით იმის თქმა მსურს, რომ ნემსიყლაპიების, როგორც შემოდგომის მახარობლების მიმართ იაპონელებს საკრალური დამოკიდებულება აქვთ, რასაც ეს ისტორია ცხადყოფს: მე-17 საუკუნეში მცხოვრებ პოეტს ტაკარაი კიკაკუს დაუწერია ჰაიკუ “ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონდეს მერცხალი იქნებოდას” სტილში:

წითელი ნემსიყლაპია.
ფრთები მოაგლიჯე და
წითელ წიწაკად იქცევა

ეს არ მოსწონებია მაცუო ბაშოს და კიკაკუსთვის უთქვამს შენ ასე აკატონბო (წითელი ნემსიყლაპია) მოკალიო. მე ასე დავწერდიო:

წითელ წიწაკას,
ფრთები რომ გამოვაბათ
ნემსიყლაპიად გადაიქცევა

პოეზია უნდა ქმნიდეს, ახალ სიცოცხლეს უნდა შთაბერავდეს სულს და არ უნდა კლავდესო…

წითელ ნემსიყლაპიაზე ნადირობის დასასრული.

Advertisements

Written by linguistuss

June 27, 2017 at 5:23 am