ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘ბმულები’ Category

ახალი ლექსიკონის საწყისებთან

with one comment

ეს ქალი, ერინ მაკკინი მგონი ჩემს აზრებს კითხულობს, უფრო სწორად შეიძლება მე წავიკითხე მისი აზრები სადღაც პარალელურ სამყაროში (ჩჟუანცზის და პეპლის ისტორია ხომ გახსოვთ?!), თუმცა ფაქტია რომ ის, რასაც იგი “ახალი იდეების” გრიფით აჟღერებს, ჩემთვის არ იყო ახალი და უკვე ნაფიქრი მქონდა, ან სადღაც წაკითხული და ამავდროულად მისი მანერა ლექსიკოგრაფთა ერთი შეხედვით მოსაწყენ და უინტერესო რუტინას შეხედოს როგორც თავშესაქცევ საქმიანობას, ძალიან მხიბლავს.

მეტაფორასაც არა უშავდა, თავის თავს რომ მებადურს უწოდებს, ყოველ დღე სიტყვების ზღვაში რომ გადის და თევზაობს. “ცუდი” სიტყვების რეაბილიტაციის მცდელობაც და ვიქტორიანული მორალის, რომელიც დღემდე შემორჩენილია თანამედროვე ინგლისურენოვან ლექსიკონებში, კრიტიკაც ერთობ სახალისო იყო. ერთი სიტყვით ამ ქალის ყურებითა და მოსმენით ძლიერ ვისიამოვნე, ჰოდა იდოს აქ ეს ბმული, კიდევ ვუყურებ ცუდ ხასიათზე როცა ვიქნები.

Advertisements

Written by linguistuss

October 21, 2010 at 12:10 pm

პარიზის მეტროს უცნობები

with 29 comments

ჩემი ბოლოდროინდელი აღმოჩენა მსურთ გაგიზიაროთ. თავდაპირველად იდეამ იმდენად მომხიბლა, რომ ქართული ანალოგის გაკეთებაზეც კი დავიწყე ფიქრი, თუმცა მივხვდი, რომ არ გამომივა, ამიტომ იდეის გაქართულება დროებით დავივიწყოთ და თავად პროექტზე ვისაუბრებ, რასაც პარიზის მეტროს უცნობები ჰქვია. ბლოგიდან ბლოგზე მოგზაურობისას, ერთი უჩვეულო ბლოგი აღმოვაჩინე, რომლის მისამართი – http://linconnudumetro.wordpress.com – ზუსტად ასახავს მის შიგთავსს. ბლოგის აღწერილობაში წერია:

თქვენს თავს ეკითხებით თუ ვინ არის თქვენს წინ მჯდომი უცნობი, რომელიც ფანჯარაში იხედება. ყოველ ჯერზე, როდესაც მისი მიმართულებით აპარებთ მზერას, მის მზერას აწყდებით. შეწუხებული დაბლა ხრით თვალებს. მეტროში თვალებში მიშტერება, ხომ “არ მოსულა”. ზუსტად იგივე შეკითხვა აწუხებს მასაც. ამასთან თქვენ მას კიდევ ვეღარასოდეს იხილავთ. იგი მეტროს უცნობია.

ბლოგის ავტორი პარიზის მეტროში მოგზაურობს და მის წინ მჯდომ უცნობებს ესაუბრება, მათი ცხოვრების შესახებ რამდენიმე შეკითხვას უსვამს, სურათს უღებს და ბოლოს ბლოგზე აქვეყნებს. სულ რაღაც სამი თვეა, რაც ეს პროექტი დაიწყო და ფრანგულ ბლოგოსფეროში უკვე მოვლენად იქცა. თითქოს არაფერია, რა უნდა ამის გაკეთებას?! არადა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითისთვის რამდენიმე უცნობის პორტრეტს მოვიშველიებ და მინაწერს ვთარგმნი.

მუჰამედი

მუჰამედს კინოს კინოს გარეგნობა აქვს, გამოკვეთილი სახე და ძალიან სიმპათიურია. სანამ გამოველაპარაკებოდი, ცოტა ხანი ვაკვირდებოდი. რასაც, როგორც წესი, არ ვაკეთებ ხოლმე. იგი 43 წლისაა და ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად მიიჩქარის. 2002 წელს ჩამოვიდა ალჟირიდან და მშენებლობაზე მუშაობდა ერთ დიდ სამშენებლო კომპანიაში. თუმცა ფინანსური კრიზისის გამო უმუშევარი დარჩა და ელოდება, როდის გააგრძელებს კომპანია მშენებლობას. მუჰამედს თავისი ოჯახი, რომელიც ქალაქ ორანში დატოვა, დიდი ხანია არ უნახავს და ისინი ძალიან ენატრება. თუმცა დღესდღეობით არ აქვს საშუალება მათი მონახულების, საჭირო დოკუმენტების არქონის გამო. როდესაც ფოტოს ვუღებდი, წელში გაიმართა და ობიექტივს მიაშტერდა. მიუხედავად იმისა, რომ ორ ფოტოზე მეტს არ ვიღებ ხოლმე, ძალიან გავერთე. მუხლებზე დავდექი და კადრების გადაღება დავიწყე, უკეთესი კადრი რომ დამეჭირა. იმედი მაქვს, რომ ჯეროვანი პატივი მივაგე მის ფოტოგენურობას. დიდი მადლობა, მუჰამედ!

ლიუდივინი

ლიუდივინი სორბონაში სწავლობს ფილოსოფიურზე და მესამე კურსზეა. სანამ გამოველაპარაკებოდი ხვალინდელ სემინარზე ფიქრობდა, რომელიც კარგად არ ჰქონდა მომზადებული და მთელი ღამე უნდა ემეცადინა. ლიუდივინმა მითხრა, რომ როდესაც პროკრასტინაციის ტყვეობაში არ იმყოფება, მაშინ ცეკვავს. მის სათვალეებზეც ჩამოვუგდე სიტყვა, რაზედაც მომიგო, რომ ძალიან კმაყოფილია, ასეთი სათვალეები რომ მოდაშია. ისეთი ახლომხედველისთვის, როგორიც მე ვარ, რაც უფრო დიდია მინები მით უკეთესიო…

პ. ს. საინტერესო იქნება თბილისის სამარშრუტო ტაქსებზე, ასეთი ბლოგის გაკეთება. ან თბილისელ ტაქსისტებზე!!!

აინშტაინის და თაგორის გაბაასება

with 33 comments

tagore-einstein

ოდესღაც ალბერტ აინშტაინის ფენომენით რომ ვიყავი გატაცებული, თსუ–ს ფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტად ყოფნისას, აინშტაინის ცხოვრების აღმწერ ერთ ბიოგრაფიაში წავაწყდი ამბავს, თუ როგორ ესტუმრა რაბინდრანათ თაგორი მას პოტსდამის მახლობლად პატარა სახლში 1930 წლის 14 ივლისს. შემდეგ წიგნში მათ შორის გამართული დიალოგის ტრანსკრიპტი იყო მოტანილი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ სხვა დიალოგებიც ჰქონიათ მათ, იქ ისინი მუსიკაზე და მეცნიერებაზე საუბრობენ, თუმცა აქ იმ ერთ კონკრეტულ დიალოგს შევეხები, სადაც  საუბრის მთავარი თემა ჭეშმარიტების რაობაა. დიალოგის მოკლე შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ინგლისურად, ან რუსულად, სულ სხვა რამეზე მსურს ყურადღების შეჩერება – ამ დიალოგის ორ განსხვავებულ წაკითხვაზე…

პირველად წაკითხვის დროს იმდენად ვიყავი მოჯადოებული აინშტაინის იდეებით და ხედვებით, რომ ვერ მივხვდი რა უნდოდა თაგორს, რატომ მიადგა და საერთოდ რისი თქმა სურდა. თითქოს ის ყველაფერი, რაც ძია ალბერტმა განაცხადა ისედაც “იასნი” იყო. არადა ახლა რომ წავიკითხე აღმოვაჩინე რომ აინშტაინი ახურებს და არაფრით განსხვავდება მისი საუბარი სკოლაში ჩემი რელიგიის ისტორიის მასწავლებლის მონათხრობისგან ცათა სასუფეველისა და სულის გადარჩენის შესახებ რომ “გვაბოლებდა” ღრმა ბავშვობაში. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ აინშტაინს სხვა რამის სწამდა და ჩემს ექსმასწავლებელს კი – სხვის.

აინშტაინი ტერმინებში ჩაკეტილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, უფრო სწორად კი არ ტოვებს არის ასეთი, რომელიც ყოველ სიტყვაზე ეკიდება თაგორს და ცდილობს ყველაფერი მკაცრი ლოგიკის ჩარჩოებში მოაქციოს, ამასობაში კი ავიწყდება, რომ ლოგიკის ჩარჩოებში თუ აქცევ რამეს, იმ ჩარჩოს გარეთ ვერ გაიხედები – აკრძალული გაქვს, აკრძალვა კი კურტ გიოდელმა აჩვენა თავის არასრულობის თეორემის დამტკიცებით. თაგორი კი თავისუფლად, ლაღად აზროვნებს, ყოველგვარი ნორმების გარეშე, ხატოვნად და მოხდენილად. ბოლოში აკი აინშტაინი ეუბნება კიდეც, გამოდის რომ მე უფრო რელიგიური ვარ, ვიდრე თქვენო. ეს თვითირონია იყო თუ არა უცნობია, თუმცა ერთი რამ ფაქტია ორი სხვადასხვა ტექსტი წავიკითხე ათი წლის შუალედით, არადა ტექსტი არ შეცვლილა, მხოლოდ მკითხველი შეიცვალა. შესაბამისად 10 წლის შემდეგ კვლავ უნდა წავიკითხო და თუ ეს ბლოგი კიდევ იარსებებს, საინტერესო იქნება რა შეიცვლება…

Classics in Lego

with one comment

2508921097_0516d3a6ee

არის ერთი ბრიტანელი ხელოვანი მაიკ ბალაკოვი, რომელიც გატაცებულია ლეგოს სათამაშოებით. გარდა იმისა, რომ Star Wars-ის თავგადაკლული ფანია, იგი ამავდროულად ჭეშმარიტი ფოტოხელოვანია. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მისი ფოტოების სერიით Classics in Lego, სადაც აღებულია ძალზედ გახმაურებული ფოტოები და მათი ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი ლეგოს სათამაშოების გამოყენებით. ერთი სიტყვით ნამუშევრებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.

Written by linguistuss

August 14, 2009 at 12:44 am

პოლიგლოტი ალექსანდრე არგელესი

with 9 comments

თქვენს წინაშეა Alexander Arguelles–ის, ერთი შეხედვით უბრალო ადამიანის, ერთი სამუშაო დღე. თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ვიდეოს ვუყურე, მივხვდი რომ ასეთი ცხოვრება ძალიან მოსაწყენია, მაგრამ არ შემიძლია აღტაცება არ გამოვხატო ამ ადამიანის ენერგიისა და ნებისყოფის წინაშე.

Written by linguistuss

July 30, 2009 at 5:41 pm

“წმინდა” ენა არ არსებობს

with 4 comments

linguasan
ზემოთ მოტანილი ციტატა www.nplg.gov.ge–ზე ელექტრონული ძველი წიგნების თვალიერებისას შემომხვდა. ეს ამონარიდი გაკეთებულია შემდეგი წიგნიდან: ენათმეცნიერების პროპედევტიკა და ზოგადი ფონეტიკა / გ.ახვლედიანი, არნ. ჩიქობავა: სსსრ განათლ. სახ. კომისარიატი, დაუსწრ. პედინ-ტი, ენისა და ლიტ-რის განყ. I კურსი -მეცნიერული გრამატიკის (ენათმეცნიერების) დარგები. მეცნიერული და სასკოლო პრაქტიკული გრამატიკა განაკვეთი I-II. ტფ. -38გვ.

ნაშრომის სრულად სანახავად დააჭირეთ ბმულს.

ადამიანის სიცოცხლე

with 5 comments

life
დღეს წარმოგიდგენთ ამერიკელ კარიკატურისტს, შენონ უილერს და მის კომიქსების ჟურნალს “Too Much Coffee Man”. ეს ადამიანი ძალიან მრავალი იუმორისტული და ამავდროულად ნაღვლიანი კარიკატურისა და ჩანახატის ავტორია. სულ რომ არაფერი დაეხატა მას გარდა “ადამიანის სიცოცხლისა”, მაინც დასაფასებელი შემოქმედი იქნებოდა. ძალიან ძნელია ასეთი განსხვავებული ფორმით, იუმორითა და ამავდროულად ტრაგიზმით აღწერო ადამიანის ცხოვრება. დანარჩენ მის ნამუშევრებს შეგიძლიათ მის გვერდზე გაეცნოთ.

http://www.tmcm.com/