ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘მოთხრობები’ Category

კუ და არწივი

with one comment

arwivi

მოდით კუზე და არწივზე დავფიქრდეთ.

კუ ხმელეთის ბინადარი ცხოველია – თითქმის შეუძლებელია იცხოვრო და გადარჩე მიწაზე განრთხმულმა ისე, რომ მიწაში არ ჩაძვრე, როდესაც სამყაროს ერთი-ორი გოჯის იქით ვერ ხედავ და გადაადგილდები იმდენად სწრაფად, რამდენიც ეს ბალახეულით პირის ჩატკბარუნებას სჭირდება. თუმცა ცოცხალი რჩები იმის წყალობით, რომ არავინ გემუქრება, ვინაიდან შენი შეჭმა არც ისე ადვილია.

არწივი ცის ტატნობზე ცხოვრობს – მისი მზერა დედამიწის კიდეს წვდება, მახვილ თვალს კილომეტრში მცირე შარიშურიც კი არ ეპარება, სრული ძალაუფლება აქვს და ცის კიდეს განაგებს. ელვისებური ფრთოსანი სიკვდილია. კლანჭები საკმარისად ბასრი და მოქნილი აქვს, პატარა არსება რომ მოიხელთოს და უმალ საკვებად აქციოს.

…და აი, ზის არწივი კლდის ქარაფზე და გაჰყურებს არემარეს, სანამ პატარა მოძრავ არსებას დალანდავს და დაეშვება. ეშვება, ეშვება და უცებ ბუჩქებს დააცხრება.

რამდენიმე წამში კუ ხედავს როგორ ეცლება მიწა ფეხქვეშ და როგორ დიდდება სამყარო, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე გოჯის იქით ხედავდა და ფიქრობს: რა კარგია არწივისნაირი მეგობრის ყოლა!

ამ დროს არწივი კუს კლანჭებს უშვებს…

კუ სასიკვდილოდაა განწირული. ყველამ იცის მისი სიკვდილის მიზეზი: გრავიტაცია მავნე ჩვევაა! არავინ უწყის რატომ ჩადის არწივი ამას. გასაგებია, რომ კუს ხორცი გემრიელია, მაგრამ თუ სათვალავში მივიღებთ იმას, თუ რა ძალისხმევა სჭირდება კუს გასეირნებას ცის ტატნობზე, როდესაც უფრო ადვილი საკბილოებით გაძეძგილია ბუნება, შეიძლება ვთქვათ, რომ არწივს კუს წვალება მოსწონს!

არწივი კი ცხადია ვერ ხვდება, რომ ბუნებრივი გადარჩევის უხეშ ფორმაში მონაწილეობს და ერთხელაც კუ ფრენას აუცილებლად ისწავლის!

© ტერი პრეტჩეტი, „პატარა ღმერთები“, თარგმანი ჩემია.

Written by linguistuss

July 19, 2013 at 4:18 pm

ქალაქი და ზომბები

with 11 comments

გუშინ მთელი ღამე კოშმარები მესიზმრებოდა და ვბორგავდი. მესიზმრა უკაცრიელ ქალაქში ვმართავდი მანქანას. ბენზინი მითავდებოდა. გარშემო კაციშვილის ჭაჭანება არ იყო და ყველა ბენზინგასამართი სადგური ჩაბნელებული იყო. უკაცრიელი თბილისი დამთრგუნველად მოქმედებდა. აქა–იქ შუა გზაში გაჩერებული ამოყირავებული პატრულის მანქანები მართვას გაუსაძლისს ხდიდა. გარშემო ვიყურებოდი და ქალაქს ვერ ვცნობდი.

მტირალა კლდისპირას ისეთი შმორის სუნი იდგა, ფანჯარა ავწიე. ბარათაშვილის ხიდთან ჩალეწილი შუქნიშანი კარგს არაფერს მიქადდა. ძრწოლამ ამიტანა. თენდებოდა. გზაზე ქვები ეყარა და თავახდილი ჭები მაქსიმალურ კონცენტრაციას ითხოვდა ჩემგან. მანქანამ კიდევ ერთხელ მანიშნა, ბენზინი თავდებაო. გზას გავუყევი. გარშემო სიცოცხლის ნიშან–წყალი არ იგრძნობოდა. ვერ ვხვდებოდი ასეთი რა უნდა დამართნოდა ქალაქს.

გრიბოედოვის ძეგლის ნამტვრევები ეყარა სანაპიროზე. თავი ზედ შუა გზაზე გამოგორებულიყო, მანქანა ძლივს ავუქციე, რომ არ შევჯახებულიყავი. აღმოვაჩინე რომ გავრბოდი. უკანა სავარძელზე ვინჩესტერი მედო და ტყვიები. ბენზინი მინიმუმამდე იყო დასული. უკანასკნელი იმედი მუშთაიდის ასახვევთან მდებარე “ვისოლის” კალონკა იყო, თუმცა იქაც არავინ დამხვდა. ყველაფერი დაემტვრიათ და ჩაებნელებინათ.

ხიდის ქვეშ მანქანა ჩამიქრა. მოქუფრული ცის და ჩაბნელებული ქალაქის ფონზე გარშემო მხოლოდ კონტურებს ვამჩნევდი. ის–ის იყო მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ პირველი მოძრავი სილუეტი დავინახე. ხელში მოგრძო ნივთი ეჭირა და მანქანისკენ მორბოდა. შემდეგ მეორე დავინახე, უზარმაზარ დრელს იქნევდა… მესამე… მეოთხე… და თვლა ამერია… მიახლოვდებოდნენ… გაურკვეველ ხმებს გამოსცემდნენ და ხიდიდან სანაპიროზე ჩამორბოდნენ.

ინსტინქტურად ვინჩესტერს დავწვდი და დრელიანს დავუმიზნე. გასროლამ ყვავები ააფრინა ხიდიდან. დრელიანმა მოძრაობა შეწყვიტა, თუმცა დანარჩენები არ დამფრთხალან, კვლავ ჯიუტად მოიწევდნენ მანქანისკენ. ფანჯარა ჩავლეწე და უსისტემო სროლა დავიწყე. ფილმებში რომ მინახავს ზომბები აი, ზუსტად მსგავსი მოძრაობით მიახლოვდებოდნენ “ბალგარკიანი”, პერფორატორიანი და ციკლოვკის აპარატიანი კონტურები.

ნახევარი საათი ვისროდი. უკანასკნელ მოახლოებულ ზომბის ფეხი მოვაცალე. სადღაც შორს სინათლე შევნიშნე. მანქანა კვლავაც არ იძვროდა. კარი გავაღე და გადმოვედი. გარშემო ზომბების დაფლეთილი ნაწილები და სამშენებლო იარაღები ეყარა. აუტანელი სუნი იდგა. ცხვირ–პირზე ხელი ავიფარე და სინათლისკენ გავიქეცი. ხიდს რომ გავცდი თვალებში სისხლით დათხვრილი წარწერა შემეფეთა: “ელიავას ბაზრობა 50 მ.”… გამომეღვიძა…

Written by linguistuss

January 4, 2011 at 11:41 am

საახალწლო მოთხრობა

with 24 comments

Guest post from MyGirl

B

ანინა 19 წლის გოგოა. უყვარს ტირამისუ და მაღალპროცენტიანი ბელგიური შოკოლადი.

ანინა ბლოგს წერს, სექსუალური სარჩულით. მწერლობის ამბიციაც აქვს, მაგრამ ამას ასე პირდაპირ არ აღიარებს – როგორც ყველა ჭეშმარიტი მწერლობისმოსურნე, ამბობს ფრაზებს, როგორიცაა “მე არ ვარ მწერალი, მე უბრალოდ მთხრობელი ვარ”.

თავიდან, როგორც ყველას, მეც მისი გახსნილმა სექსუალურობამ დამაინტერესა. თუმცა ამ მხრივ ინტერესი მალევე გამიქრა – პირველივე შეხვედრაზე მივხვდი, რომ პატარა და გამოუცდელი გოგო იყო, მე კი პატარებთან სექსის დიდი მოყვარული არ ვარ. მითუმეტეს – გამოუცდელებთან.

თუმცა ანინასთან საუბარი ძალიან საინტერესოა, ბევრი წიგნი აქვს წაკითხული და ერთნაირი გემოვნება გვაქვს. თუ მას რაიმე მოსწონს, ის მეც მომწონს, თუ რამეზე თვლის, რომ ლეღვობაა – მეც ვეთანხმები. ამიტომ მასთან ურთიერთობას მაინც ვინარჩუნებ და ხანდახან, როცა სადმე მპატიჟებს, მივყვები.

მისი აქტიურობა საზასაოდ გამოწევით შემოიფარგლება. ძირითადად ეს ჩემს მანქანაში ხდება, მე კი პრინციპი მაქვს – მანქანაში არ ვზასაობ! მაგისთვის უკეთესი ადგილებიც არსებობს, თან მაგას გაგრძელება უნდა მოყვეს, მანქანაში სექსი კი, ვისაც გამოუცდია, ძალიან მოუხერხებელი რამაა. მოკლედ, ანინას ყველა გამოწევას მანქანაში ჩემი უარი მოჰყვება, თუმცა ბოლოს მაინც მკოცნის სადღაც კარაოკეზე. კარგად ზასაობს. მერე კი თავისი საყვარელი შოკოლადის ფილას მჩუქნის საახალწლოდ. მანქანის ბარდაჩოკში ვაგდებ. დიდად არ მიყვარს შოკოლადი.

C

B თვლის, რომ თავისი თაობის უჭკვიანესი მამრია, თუმცა ამას არასდროს აღიარებს. კიდევ არ აღიარებს გრძელვადიან ურთიერთობებს და მალალეტკებთან სექსს.

ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ. ვიცნობთ ისე, შორიდან, შეხების წერტილები დიდად არ გვაქვს, შიგადაშიგ ვირტუალურად ვიკვეთებით. ამ წლების მანძილზე მე ქმარი მყავს, მას – სხვა ქალები და ერთმანეთი არ გვაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია.

ხო, მთავარი, რაც საერთო გვაქვს მე და B-ს ისაა, რომ მეც არ ვაღიარებ გრძელვადიან ურთიერთობებს და ის, რასაც ჩემი ოჯახი ჰქვია, სრულიად განსხვავდება ამ სიტყვის სტანდარტული გაგებისგან. განსაკუთრებით ბოლო ერთი წელია.

რატომღაც ჩემს თვალსაწიერში ხვდება, მიზეზს ვერ ვიხსენებ. ვინტერესდები, ნეტა როგორია საწოლში.

მანქანაში ვზივართ. საზასაოდ ვიწევ და დიდხანს ვკოცნით ერთმანეთს. მერე მეუბნება, რომ მანქანაში არ ზასაობს. თუმცა ამის შემდეგ კიდევ ყველა შუქნიშანზე ვზასაობთ, სანამ მწვანე აინთება. ზასაობას გაგრძელებაც უნდა მოჰყვეს, რაც მანქანაში ძალიან მოუხერხებელია, ვისაც გამოცდილი აქვს – დამეთანხმება. მის ბინაში ავდივართ. მეუბნება, რომ წლებია, ჩემი გაჟიმვა უნდა.

სახლში დილის 8 საათზე ვბრუნდები. ჩანთაში მიგდია ბელგიური შოკოლადის ფილა, რომელიც B-მ მომცა და მითხრა, რომ ანინა კარგად ზასაობს.

D

C როცა გავიცანი ძალიან საინტერესო, სექსუალურად გახსნილი და აქტიური გოგო იყო, რომელსაც 3-ჯერ იმაზე მეტი კაცები ჰყავდა ცხოვრებაში, ვიდრე მე ქალები და კიდევ უფრო უარესი – ქალებიც კი ჩემზე მეტი ყავდა. ყველაზე მეტად რაც მომწონდა მასში, ის იყო, რომ არავისგან იღებდა საჩუქარს, არც სადმე დაპატიჟებას და სახლში გაცილებას ელოდებოდა პირველი კოცნისთვის – ყოველთვის თვითონ იწევდა კაცზე, რომელიც უნდოდა.

რატომ მოვიყვანე ცოლად ასეთი ქალი? იმიტომ, რომ მანამდე მყავდა ცოლი, რომელიც იყო იდეალური, მაგრამ ცხოვრება მასთან იყო აბსოლუტურად მოსაბეზრებელი.

მე და C დიდხანს ვეცადეთ “კარგი გოგოსა და კარგი ბიჭის” როლს მოვრგებოდით, არ გამოგვივიდა და დავუბრუნდით იმ ჩვენს თავებს, რომლებიც ერთმანეთში ყველაზე მეტად მოგვწონდა.

იმ დილას 8 საათზე დაბრუნდა სახლში. მომიყვა, რა ხდებოდა ღამე. ძალიან აღვეგზენი და ვიჟიმავეთ. შემდეგ ჩანთიდან შოკოლადის ფილა ამოიღო და მითხრა, რომ ანინა კარგად ზასაობს, B-ს კი სექსი ნამდვილად ეხერხება.

E

D საინტერესო ტიპია, საინტერესო ცხოვრებით და გამოცდილებით. ბოლოს და ბოლოს, ხუმრობა ხომ არაა ჯერ 30-ს გადაუცილებელს ორი ცოლი გყავდეს გამოცვლილი.

ერთმანეთს რამდენიმე წელია ვიცნობთ და კვირაში ერთხელ ვხვდებით – ერთი ჰობი გვაქვს. იმ ჰობიში ჯერჯერობით ის მჯობნის და ნერვები მეშლება.

ბოლო დროს განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ჩემდამი. მეპატიჟება შეხვედრებზე, მწერს, მიგზავნის მესიჯებს. საღამოობით ერთად სირბილს ვიწყებთ. სამსახურიდან გავდივარ და ვვარჯიშობთ – ის მეტს, მე ნაკლებს. შემდეგ გაწელვებს ვაკეთებ, ის გვერდით დგას და ვლაპარაკობთ. ბნელა. უცებ წელზე მის ხელებს ვგრძნობ, მზასავს. ვფიქრობ, რომ არაფერს ვკარგავ და სპორტულ შარვალს დაბლა ვიწევ.

ვერ ვიტან ბუნებაში სექსს. არაფერი აღმაგზნებელი ამაში არ არის, მოუხერხებელია, ცივა, ფოთლები, ბუჩქები, ბალახები, მწერები. ძლივს ვსველდები, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვალწინ ჩემი თანამშრომლის მკერდი წარმომიდგება. რამდენჯერ მომნდომებია, რომ გამელოკა თავიდან ბოლომდე. რატომ არც ერთხელ არ ვცადე? და როდის გაათავებს ბოლოს და ბოლოს, რომ სახლში წავიდე? ცივა.

მანქანამდე უხმოდ მივდივართ. მშია. ბელგიური შოკოლადის ფილას მაწვდის და მეუბნება, რომ ანინა კარგად ზასაობს, B-ს სექსში არაუშავს, C-ს კი გადასარევი ტაკო აქვს.

ვარჯიშის შემდეგ ჭამა არ შეიძლება.

* * *

ახალ წლამდე რამდენიმე საათი რჩება. E ფეისბუქს ათვალიერებს. თვალში ანინას დაშეარებული ეროტიკული ვიდეო ხვდება. დიდი ხანია მოსწონს ეს გოგო, კითხულობს მის ბლოგს და ეძებს გაცნობის საბაბს, თუმცა სხვადასხვა სამყაროებში ცხოვრობენ და ეს ვერ ხერხდება.

კომპიუტერთან ბელგიური შოკოლადის ფილა დევს. ახსენდება წინა დღის სექსი, ასევე ახსენდება ის, რომ ანინა კარგად ზასაობს. გამბედაობას იკრებს და ფეისბუქის ჩატს ხსნის:

– გამარჯობა, ანინა. შოკოლადი გიყვარს?

P. S. ანინას პასუხი

Written by linguistuss

December 31, 2010 at 3:14 pm

ტირამისუ

with 20 comments

ლიტერატურულ კაფეში ტრადიციულად სნობილი ხალხი შეკრებილიყო. ერთ გოგოს მაგიდაზე მოკბეჩილვაშლიანი ლეპტოპი გაეშალა და სურათებს ათვალიერებდა. ეტყობოდა, რომ ვიღაცას ელოდებოდა და დროდადრო თვალს შემოსასვლელისკენ აპარებდა. ლიმნიან ჩაის წრუპავდა და მაგიდის ქვეშ გაწოლილ კოლის ეფერებოდა. ჩვენს უკან მაგიდაზე ბორდოსფერბერეტიანი ბიჭი და ლურჯკაშნეიანი გოგო ისხდნენ და რომელიღაც ახალ რომანზე ლაპარაკობდნენ. ჩვენც რაღაცაზე ვლაპარაკობდით, მიმტანი კი არ მოდიოდა. ბოლოს, მოთმინების ყველა ძაფი რომ გამიწყდა მიმტანს ხელით ვანიშნე მოგვხედე მეთქი.

მიმტანი ნელი ნაბიჯებით, ტორტმანით დაიძრა ჩვენსკენ. ხელში მენიუ ეჭირა და გვკითხა რას ინებებთო. მე ჩაი მინდა მეთქი, ანინამ – ყავაო. არაფერს დააყოლებთო წარბაწეულმა დაამატა – არა, არაფერი მეთქი უნდა მეთქვა, რომ ამ დროს ანინამ ჩემზე ანიშნა, ამას ტირამისუ მოუტანეთო მე კი – ალუბლის ნამცხვარიო. არ მინდა მეთქი არაფერი ჩავილაპარაკე ჩემთვის, ანინამ კი დაიჟინა შენ აუცილებლად ტირამისუ უნდა შეჭამოო. თუ გინდა ქალი კამათში დაამარცხო დაეთანხმეო – გამახსენდა ჩემი ძმაკაცის საყვარელი ფრაზა – ჰოდა, მეც დავეთანხმე. მიმტანი გაბადრული გაგვშორდა.

მარტონი რომ დავრჩით ანინას ვეკითხები – იცი, “ტირამისუ” იტალიურად რას ნიშნავს მეთქი? – არაო – მიპასუხა. ჩავეკითხე – როგორ, არც მისი წარმოშობის ლეგენდა იცი მეთქი? – არაო – გამიმეორა. ამასობაში მაგიდის ქვეშ კოლი აწრიალდა და წკმუტუნი დაიწყო, ლურჯკაშნეიანი გოგო აღტაცებული თვალებით უსმენდა თავის ბერეტიან რომეოს. მე კი ტირამისუს შესახებ დავიწყე ლაპარაკი. არ გამომრჩენია იმის აღნიშნვა, რომ სწორი გრამატიკული ფორმა “tiramesù” არის, tirami – გამქაჩეა იტალიურად და ამას დამატებული ნაწილაკი su (მაღლა) mi-ს აქცევს me-დ და მიღებული კომპოზიტი ითარგმნება როგორც – “ამქაჩე”. ბოლოს კი ვუთხარი, რომ ლეგენდის თანახმად ტირამისუს, იტალიურ ბორდელებში, კურტიზანი ქალები კლიენტებისათვის ერექციის დასაბრუნებლად ან გასაძლიერებლად იყენებდნენ მეთქი.

ანინა გაწითლდა და მეკითხება, როგორ გგონია მიმტანს ეს ამბავი ეცოდინებაო? – მე მხრები ავიჩეჩე და აქეთ–იქით დავიწყე ყურება. ანინამ რაღაც ისტორიის მოყოლა დაიწყო, თავის ყაზახეთში თუ სადღაც შორს წასულ მეგობარზე. კარგა ხანს ვუსმინე და ვერც თავი გავუგე ისტორიას და ვერც ბოლო. ვერ ჩავწვდი, რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ამ სიცივეში იქ წასვლა. გამახსენდა, რომ ყაზახეთში ზამთარში ძალიან ცივა, ტანში დამიარა ორი წლის წინ განცდილმა ყაზახურმა ყინვამ, თუმცა ამასობაში მიმტანმა ტირამისუ მომიტანა და ანინას ჯანდაბაში გადახვეწილ მეგობარზე ფიქრს შევეშვი.

უცნაური ტირამისუ იყო. არ ჰგავდა იმ ტირამისუებს, იტალიაში რომ ვჭამდი ამ ზაფხულს. ისე, სიმართლე რომ ითქვას, ყველა თავისებურად აკეთებს ტირამისუს. მაგალითად ფლორენციაში ჭიქაში მოაქვთ და ნაყინივით უნდა ჭამო, მილანში კი გაცილებით თხელია, ვიდრე რომში და არც ერთ იმ ტირამისუს არ ჰქონდა მოყრილი ზედ იმდენი ყავა, რამდენიც ანინას შეკვეთილს. გემოც სხვანაირი ჰქონდა, ჰოდა ის–ის იყო უნდა გამომეცხადებინა, რომ რა ბანძობაა მეთქი, რომ ანინამ თვალები ამიჟუჟუნა და მეკითხება – ჰა, მოგწონსო?! – ვერაფერი ვუპასუხე და ტირამისუს ათვისება განვაგრძე.

კოლი მაგიდის ქვეშ კვლავ აწრიალდა, მისი პატრონი მოკბეჩილვაშლიან ლეპტოპში იყო ჩამძვრალი და ყურადღებას არ აქცევდა. ბორდოსფერი ბერეტი და ლურჯი კაშნე უკანა მაგიდაზე მსხდომთ გაეძროთ და ცარიელ სკამზე დაეწყოთ, ანინა კი ისევ თავისი მეგობრის ისტორიით მბურღავდა. მეც აქა–იქ ვურთავდი შორისდებულებს და ტირამისუზე ვფიქრობდი. რაღაც ჩემთვის უცნობი სპექტაკლის მონაწილედ ვიგრძენი თავი, სადაც გარშემომყოფები თავის მიზანსცენებს ასრულებდნენ ანინას მონოლოგის ფონზე, მე კი არ ვიცოდი რა მეთქვა, ჩემი რეპლიკა აღარ მახსოვდა. ჰოდა, ბოლოს გამახსენდა რაც უნდა მეთქვა. მიმტანს გავხედე და ხელით ვანიშნე ანგარიში მოგვიტანე მეთქი. რამდენიმე წუთში ჩვენს მაგიდასთან გაჩნდა, ხელში პატარა ცალხაზიანი ფურცელი ეჭირა, რომელზეც გაკრული ხელით რიცხვები ეწერა.  ფული გადავიხადეთ და გამოვედით. გზაში მიმტანი დაგვეწია, რაღაც დაგრჩათო და ოთხკუთხედი პაკეტი გამომიწოდა, რომ დავხედე პრეზერვატივი იყო, ჯიბიდან ამომვარდნოდა. ანინა კიდევ ერთხელ გაწითლდა…

Written by linguistuss

December 19, 2010 at 5:18 am

პირველი მოგზაურობა

with 11 comments

* * *

ეს სიბნელე მაგიჟებს. ნეტავი შევძლო და გავარკვიო სად ვარ. გარშემო ვერც სილუეტების დალანდვას ვახერხებ და ვერც სუნის გარჩევას. რა სუნია, ღმერთო ჩემო, რა გულისამრევი სუნია! გარს მივლიან. აი, წრეც შემომარტყეს. რა მძაღე სუნია! ოფლის და საცვლების, ათობით, ასობით და ათასობით უსახლკაროს ფეხის სუნთან შერეული… და ეს სიმძიმე რა აუტანლად მექაჩება ძირს, როგორც გამობმული მყრალი ლოდი. მარტო არ ვარ, დღესავით ნათელია. გარშემო ჩემნაირების თანდასწრებას ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ ზოგიერთის მეშინია კიდეც… ზოგი კი ამრეზით მიყურებს. ვინმე რომ გამაგებინებდეს… ხმაური მაგიჟებს. ეს ყრუ და ჯიუტი ხმაური, რომელიც ყველაფერს ახშობს და აქრობს ჩამოწოლილი ნისლივით. ნეტა შემეძლოს, რომ ამ ყველაფრის მიმართ უგრძნობი ვიყო… ნეტა შემეძლოს შეგრძნებების გარეთ განდევნა… და ეს ძაღლები, ღმერთო ჩემო, ამ ძაღლებს რაღა აყეფებს… ოჰ, როგორ გაბმულად ყეფენ საათობით… მათი აყროლებული შარდის სუნი მცემს… მთელი არსებით ვერ ვიტან მათ! ცოტა შემცივდა კიდეც. სისველე ნელ–ნელა ჩემს შიგნით აღწევს. მეშინია!

* * *

აააააააააა…!!! ეს რაღაც თავზე დამეცა! ახლაც ზედ მაწევს, მფხაჭნის და არ მეშვება, ისევ ზედ მაწევს… ღმერთო ჩემო, რა მომდის! ეს ცივი სითხე რაღაა, თან ზეთოვანი… შიგნით შემდის! რა არის? რა მომდის?! ნეტა, იმან რაღას მიმაგდო აქ  და ვიღაცეების სათრევად გამხადა… შიგნით რომ ჩააგდებინა ჩემი თავი და ასე აცემინა?! ნაბიჭვარი! ალბათ, იმ ალქაჯმა გააკეთებინა ასე… ჩემზე პირველივე წამიდან ეჭვიანობდა, როგორც კი დამინახა. რა უთხრა ნეტავ ამისთანა? რამდენი ხანი უყურებდა იმ კაბას, ნეტა ჩემთვისაც ასეთი თვალით შემოეხედა, როგორც იმ კაბას უყურებდა… იმ წაკლას, იმას!

* * *

რაღაც შეირყა. ნამდვილად რაღაც ხდება. აი, კიდევ. აი, კიდევ უფრო მაგრად, რაღაცას ვეჯახებით… რაღაც რკინის ხმა ისმის, იმაზე უფრო ძლიერი და გამაყრუებელი, აქ შიგნით რომ გაისმის. ჩემნაირებიც შეშფოთებულები ჩანან. ნეტა სად მიგვათრევენ. რას გვიპირებენ? უნდა დამეჯერებინა იმისთვის, რასაც ფაბრიკაში მიყვებოდნენ, სანამ გარეთ გამომიშვებდნენ… და რაზე ლაპარაკობდნენ? კარგად არც მახსოვს ისე… პირველ მოგზაურობაზე… ჰო, ჰო, პირველ მოგზაურობაზე… და რას ამბობდნენ, ნეტა გამახსენდეს! ნეტა, ვინმე დამეხმარებოდეს! ღმერთო გპირდები, შემეწიე და აქედან გამაღწევინე, დამეხმარე რომ გავუძლო ამ განსაცდელს და შენს სახელს ვიწამებ სამარადჟამოდ… გემუდარები, მიხსენი!

* * *

აი, უფრო და უფრო ძლიერად ყანყალებს. ნამდვილად რაღაცა მოხდება, გული მიგრძნობს. ისევ ჩაკეტილები ვართ. ჩემნაირებს შორის ცვლილებას ვამჩნევ, რაღაცისთვის ემზადებიან… ამ წყეულმა ძაღლებმა ისევ მორთეს წკავწკავი… მთელი ძალით დაეხეთქა რაღაცა… ახლა კი, ნამდვილად რაღაც მოხდა. რაღაცის ღრჭიალის ხმა ისმის. ისევ ჩაკეტილები ვართ. ეს სიმძიმე აუტანელი გახდა. სიბინძურის შეგრძნება მაქვს, სიმყრალისაც და ეს ზეთოვანი სითხეც სულ შიგნით ჩამეღვარა. ნეტა რას იფიქრებენ ჩემზე, ასე რომ მნახავენ? მაგრამ აი ისიც – სინათლე! უფალო, გმადლობ რომ შეისმინე ჩემი ვედრება! აი, ადამიანებიც გამოჩნდნენ! გვეხმარებიან. გარეთ გასვლაში გვეხმარებიან! თავისუფლები ვართ! მალე მას ვიხილავ და ვთხოვ, რომ არასოდეს მიმაგდოს ასე. ვთხოვ, რომ მაპატიოს თუ რამე შემეშალა. ყველაფერს გავაკეთებ რასაც ისურვებს. არა, გთხოვ, არა!!! ნაბიჭვარო!!! ვიღაცის ხელების ფათურს ვგრძნობ ჩემს შიგნით. ამ ნაბიჭვარმა თავისი ოფლიანი თითები შიგნით შემიყო. უფალო, რად დაუშვი, რომ მე ეს დამმართნოდა!!! წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევ. ტირილი მაინც შემეძლოს… ნეტა კიდევ მოვუნდები იმას, მას შემდეგ რაც ამ ბინძურმა თითებმა მიქნეს? ალბათ, ამასაც მე დამაბრალებს, იფიქრებს რომ ჩემი ბრალია?! ო, როგორ გაუსაძლისად იღიმება. თან მე მიყურებს და ჩემზე ამბობს, რა ლამაზიაო… ჯერ კიდევ ლამაზიაო… ჩემი ნახევარ ხელფასს დავთმობდიო, ჩემი რომ გახდებოდესო და თითებს ისევ შიგნით მიყოფს ეს მოძალადე. რაღაცას ეძებს… ნეტა მისთვის ზიანის მიყენება შემეძლოს!

* * *

აი, როგორც იქნა გარეთ ვარ. რაღაც რკინაზე მიმანარცხეს. ახლა უკეთ ვხედავ, ჩემნაირები ასამდე იქნებიან, ერთიმეორეზე დაწყობილები. იმ ნაბიჭვარმა გამხსნა და მიმაგდო. თავზე მაწვიმს. წვიმა ჩემს გულ–მუცელში აღწევს და მყრალ სითხეს ერევა, რომლითაც მანამდე გავიჟღინთე. ვყარვარ. ოოო, როგორ ვყარვარ… არადა რა ლამაზი ვიყავი და რა ახალი, ახლა კი როგორ ვყარვარ! გამახსენდა პირველ მოგზაურობაზე მოყოლილი ზღაპრები. პირველი მგზავრობის რიტუალზე. ახლა ვიხსენებ. თითქოს მოგზაურობის ყველა დემონის წყევლამ ჩვენ გვიწიაო. ეს იმიტომ რომ ყველაზე ლამაზები და ყველაზე გახსნილები ვიყავით. არადა კარგად რომ ეზრუნა ჩემზე, რომ ჩავეკეტე, პატარა კლიტე მაინც დაედო სანამ ასე მიმაგდებდა, თითქოს რაღაც არარაობა ვყოფილიყავი. ცარიელი გადასაგდებად გამეტებული არარაობა… ახლა რაღაცას გვახვევენ, მაგრამ არა უშავს… აი, დავინახე!!! ის დავინახე!!! მანაც დამინახა, ხელი მომკიდა და მომეფერა, თითქოს ბოდიშს მიხდისო… აი, ისინიც, ღმერთო ჩემო. როგორ მინდოდა მისი ხელები შემეგრძნო, თუნდაც ჭუჭყიანი, მაგრამ მისი ხელები. ნეტა შემეძელოს რაიმენაირად ავუხსნა, რომ ვეცადე დამეცვა ის, რაც მომანდო, ვეცადე… შევეწინააღმდეგე… შეუძლებელია რომ შევძულდე… შეუძლებელია, რომ ვერ გამიგოს…

* * *

– შე წაკლა, ეს ხომ ჩემი ჩემოდანია?

– მმმმ, ჰო ჰგავს.

– ეს რა მოსვლია, ამის დედაც.

ბექამ თავის ლუი ვიტონის ჩემოდანს ხელი წაავლო. მებარგულზე ბრაზობდა. არა, რატომ უნდა ხდებოდეს, რომ როცა რაიმე კარგი და ლამაზი ხდება აუცილებლად უნდა ჩაგშხამდეს ადამიანს, ან თუ რაიმე ცუდი ხდება რატომ გვაყენებს ეს ცუდ ხასიათზე, იმის მაგივრად რომ ერთმანეთს მოვეფეროთ, ერთმანეთზე ვბრაზობთ ხოლმე.

ბექამ ჩემოდანი აიღო და გაბრაზებულმა მიწაზე დაახეთქა. შემდეგ აიღო და იქვე სკამზე შემოდო.

– ნაბიჭვრები, რატოა ღია… ბოზის გაზრდილები. ჩემი ჩემოდანი გაუხსნიათ!

– რამე ამოგაცალეს?

– არა, არა… აი, ბილეთები… ხო, უსაფრთხოების ზომები მიუღიათ. კაცმა არ იცის რას ეძებდნენ… კიდევ კაი კლიტე არ გავუკეთე… კლიტესაც ხომ გამიტეხავდნენ…

– ნაღდად, რაღაც ამოგვაცალეს: შეხედე, ეს რაღაა? ზეთის ლაქა? თან დაჩხაპნილია… ხომ გითხარი, რომ ეს შენი კოსმეტიკა და რაღაცეები არ წამოიღო მეთქი…

– რამე უკეთესი ჩემოდანი უნდა გვეყიდა, რკინის და არ გაიხსნებოდა ასე. არც არაფერი ჩაიღვრებოდა.

გაბრაზებულმა ბექამ ჩემოდანი დაკეტა, ბორბლები გაუკეთა, სახელურს ხელი წაავლო და გაქაჩა, მაგრამ რაღაცამ გააჩერა, ვერ მიდიოდა. ჩაიმუხლა. ფეხებში აბლანდული თავშალი აიღო და ჩემოდანს წმენდა დაუწყო, ეს ხომ მისი პირველი მოგზაურობა იყო.

Written by linguistuss

December 9, 2010 at 4:52 am