ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘სიტყვები’ Category

რამდენად ზუსტია სიტყვა „ზუსტი“?

with 3 comments

ამ ბოლო დროს ერთი შეკითხვა მაწუხებს: რამდენად ზუსტია სიტყვა „ზუსტი“? შეიძლება ჩათვალოთ, რომ მეტი საქმე არ მაქვს და ლინგვისტური პირმრუდობით ვირთობ თავს, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის. ინდუსტრიაში მუშაობამ და პრობლემების პრაქტიკულ ჭრილში დანახვამ ახალი ტიპის საჭიროებები გამიჩინა. წინა ცხოვრებაში სულ თეორეტიკოსი ვიყავი, აქ კი გადაჭრილ ამოცანაში ფასობს არა თეორიული მხარე, არამედ თუ რამდენად ზუსტი და სანდოა შედეგი. ამასთან, როგორც აღმოჩნდა, სიტყვა „ზუსტს“ ორი იპოსტასი აქვს და ორივეს ქართულში ერთ სიტყვაში ვაერთიანებთ, რაც თქვენი არ ვიცი და ჩემს ტვინში გაურკვევლობას ბადებს.

ინგლისურში სიტყვები – Accuracy და Precision – სინონიმებია, არც მთლად ერთი და იმავეს აღნიშნავს, მიუხედავად იმისა რომ ორივე ითარგმნება როგორც „სიზუსტე“. Accuracy აღნიშნავს თუ რამდენად ზედმიწევნითაა შესრულებული სამუშაო, ან გაკეთებული რაიმე და მის საზომად სასურველ შედეგთან მიახლოება გამოიყენება. ასე მაგალითად თუ ფეხბურთელმა ოცჯერ დაარტყა კარში და საშუალოდ ხუთი მეტრით აცილებდა მიზანს Accuracy ამ შემთხვევაში ეს ხუთი მეტრი იქნება. Precision კი აღნიშნავს თუ რამდენად ერთნაირად ზუსტია შესრულებული სამუშაო სხვადასხვა დროს, ან რამდენად ერთნაირია ერთი სამუშაო პროცესის შედეგად მიღებული შედეგები. თუ Accuracy სასურველ შედეგთან დაშორებით იზომება, Precision მცდელობებს შორის დაშორებაა, ნაკეთობებს შორის მსგავსებაა.

როდესაც მომიწია დაფიქრება ამ ორ ინგლისურ სიტყვაზე, რომლებიც თვალნათლივ სხვადასხვა რამეს აღნიშნავენ, მომიხდა გარჩევა და როგორც აღმოვაჩინე საუკეთესო შემთხვევაში Accuracy სისწორეა, Precision კი – სიზუსტე: ფეხბურთელი შეიძლება სულ ზედა მარცხენა ძელს არტყამდეს ბურთს და ყოველი დარტყმისას ერთნაირად ზუსტი იყოს, თუმცა არც ერთი დარტყმა არ იქნება სწორი (სასურველ მიზანს მიღწეული), ან სხეულის ნორმალური ტემპერატურის დროს თერმომეტრი სულ 38 გრადუს ცელსიუსს აჩვენებდეს და ზუსტი იყოს, თუმცა არასწორი. აქვე იმასაც დავამატებ, რომ სწორად ამ Accuracy/Precision-ს შორის განსხვავების გამოა, რომ ერთნაირ შედეგს არ უნდა ვენდოთ, ვინაიდან მონაცემთა სემპლში შეიძლება bias (სისტემატური შეცდომა) იყოს და მიუხედავად მცირე ვარიაციისა, მთლიანი შედეგი ნაგავში იყოს გადასაგდები.

საინტერესოა, რომ სიტყვა „სწორს“ სულხან-საბა მრუდის საპირისპიროდ განმარტავს და შემდეგ იქ, სადაც „მრუდია“ ახსნილი სხვადასხვა ტიპის სიმრუდეს ასახელებს: ელამიდან დაწყებული ღვარჭნილით დამთავრებული. „არაზუსტი“ (ისევე როგორც „ზუსტი) სულხან-საბას ჩამონათვალში არ არის, ვინაიდან ეს სიტყვა ფრანგული juste-ისგან (ჟჲუსტ) აწარმოეს გასული საუკუნის გარიჟრაჟზე ჩვენმა ფრანკოფილმა წინაპრებმა, თუმცა მე მაინც არა მგონია, რომ ეს ის ფლობერისეული le mot juste-ია (სწორი სიტყვა), რომელიც ცხონებული გუსტავის ცხოვრების კრედო გახლდათ. ჩემი აზრით დაუშვებელია, რომ იქ სადაც “სწორს” ვგულისხმობთ “ზუსტი” ვთქვათ, სადაც “სრულის” თქმა გვსურს იქაც ზუსტი გამოვიყენოთ და სადაც “ზედმიწევნითი” უნდა ეწეროს იქაც “ზუსტი” იწონებდეს თავს. Le mot juste-ო ტყუილად კი არ ამბობდა ის კაცი?!

ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენად ზუსტია სიტყვა „ზუსტი“ (ან რამდენად სწორია – „სწორი“), როდესაც accuracy-ის ან precision-ს ვგულისხმობ არ ვიცი, თუმცა თარგმანის უკეთესი ვარიანტი ვერ მოვიფიქრე.

Written by linguistuss

April 2, 2014 at 4:30 am

ეფექტური vs. ეფექტიანი

with 5 comments

პარონიმები ეწოდება ისეთ სიტყვებს, რომლებიც ჟღერადობით ჰგავს ერთმანეთს, მაგრამ შინაარსით განსხვავდება და რომლებსაც ძალიან ხშირად ერთმანეთში ურევენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა აი, რამდენიმე მაგალითი ინებეთ: ადრესატი-ადრესანტი, კამპანია-კომპანია, აბონენტი-აბონემენტი, ინდიელი-ინდოელი, ჰიპი-ჰიპსტერი… ეს ტყუპისცალი სიტყვები წყვილ-წყვილად თანაარსებობენ ჩვენს თავში, ხანდახან ვამბობთ ერთს და ვგულისხმობთ მეორეს.

ჩამოთვლილი მაგალითებიდან განათლებულ ადამიანებს ასე თუ ისე არ ეშლებათ კამპანია კომპანიაში, ჰიპი – ჰიპსტერში, და აბონენტი – აბონემენტში, თუმცა არის წყვილი, რომლებსაც ხშირად დიდად არ ასხვავებენ, არადა ისინი პრინციპულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამ სიტყვათა წყვილზე მსურდა საუბარი და პარონიმებზე შესავალი ამიტომაც დავურთე. ჰოდა, მოდით ვისაუბროთ იმაზე თუ რითი განსხვავდება ეფექტური ეფექტიანისგან და პირიქით.

ეფექტიანი (en. – efficient, fr. – efficace, de. – effizient, ru. – эффективный) – აღნიშნავს ყველაფერ იმას, რაც იწვევს შედეგს და ორიენტირებულია შინაარსზე. ასე, მაგალითად ეფექტიანი შეიძლება იყოს საქმე, მედიკამენტი, მიღებული ზომები, თავდაცვა, მართვა, კონტროლი, მკურნალობა, ანალიზი, თანამშრომელი, ლიონელ მესი… ერთი სიტყვით ეფექტიანია ყველაფერი ის, რაც საჭირო და მოსალოდნელ შედეგს გვაძლევს დამოუკიდებლად იმისა თუ რა შთაბეჭდილებას და ეფექტს ახდენს ის ჩვენზე.

ეფექტური (en. – effective, fr. – effectif, de. – effektvoll, ru. – эффектный) – აპელირებს ფორმაზე, გარეგნულ მახასიათებლებზე, ამით შექმნილ მოკლევადიან შთაბეჭდილებაზე, სადაც შედეგი არ არის საინტერესო და გათვლა ეფექტზეა გაკეთებული. ასე მაგალითად ეფექტური შეიძლება იყოს: კაბა, ქალი/კაცი, მსახიობი, სანახაობა, ცეკვა, სპექტაკლი, ფილმი, სასახლე, კოლონადა, თამაში, ფოკუსი, კრიშტიანუ რონალდო… ანუ ეფექტურია ყველაფერი ის, რაც ახდენს ჩვენზე შთაბეჭდილებას, ეფექტს და შესაძლოა ეფექტიანიც იყოს, თუმცა ეფექტური და ამავდროულად არაეფექტიანი მაგალითების ჩამოთვლაც მრავლად შეიძლება.

ოდესღაც 21-ე საუკუნის დასაწყისში დამკაბადონებლად რომ ვმუშაობდი ათასი ჯურის კორექტორთან მიხდებოდა ურთიერთობა, რომლებსაც მანტრასავით ჰქონდათ დაზეპირებული, რომ სწორია ეფექტიანი და არასწორია ეფექტური, სწორია – რეკომენდება და არასწორია – რეკომენდირება (ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ). ჩაქუჩით დასდევდნენ სიტყვა ეფექტურს და იქაც კი, სადაც ეს სიტყვა სწორად იყო გამოყენებული, მაინც ეფექტიანით ცვლიდნენ იმიტომ, რომ… ამისი მიზეზი არ ვიცი, თუმცა ის რაც ვიცი არის შემდეგი: მათი განსხვავება აუცილებელია!

Written by linguistuss

December 20, 2013 at 7:42 am

უილიამ შექსპირი და მეფე ჯეიმსის ბიბლია

leave a comment »

მე-16-17 საუკუნეების მიჯნაზე ინგლისურ ენაში, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ორი დიდი პროექტი განხორციელდა: უილიამ შექსპირი და მეფე ჯეიმსის ბიბლია (შემოკლებით KJV). ინგლისური ენის ქურუმები ამტკიცებენ, რომ თანამედროვე ინგლისური ამ ორი გიგანტის მხრებზე დგას და რომ არა ისინი ნისლიანი ალბიონი ახლა სულ სხვა ენაზე იმეტყველებდაო. ისტორიას კავშირებითი კილო რომ არ აქვს ცნობილია, ამიტომ ამ საკითხს მოდით, ნუ ჩავუღრმავდებით. ამ პოსტში უცნაურ დამთხვევაზე მსურს საუბარი, რომელიც უილიამ შექსპირს KJV-სთან აკავშირებს.

მეფე ჯეიმსის ბიბლია 1604-1611 წლებში ითარგმნა და გამოიცა. ამავე წლებს ემთხვევა უილიამ შექსპირის შემოქმედებითი აღზევების ხანა, სწორად ამ წლებში შეიქმნა “ოტელო“, „მეფე ლირი“ და „მაკბეთი“, ამავე წლებში გამოიცა შექსპირის სონეტები. არსებობს „გონივრული“ ეჭვი რომ ჩვენი უილიამი ბიბლიის თარგმნის პროცესის უშუალო მონაწილე იყო და 46 წლის ასაკში 46-ე ფსალმუნში „კვალიც“ კი დაუტოვებია. ამ ფსალმუნის KJV თარგმანი ასე გამოყურება:

God is our refuge and strength, a very present help in trouble. Therefore will not we fear, though the earth be removed, and though the mountains be carried into the midst of the sea; Though the waters thereof roar and be troubled, though the mountains shake with the swelling thereof. Selah. There is a river, the streams whereof shall make glad the city of God, the holy place of the tabernacles of the most High. God is in the midst of her; she shall not be moved: God shall help her, and that right early. The heathen raged, the kingdoms were moved: he uttered his voice, the earth melted. The LORD of hosts is with us; the God of Jacob is our refuge. Selah. Come, behold the works of the LORD, what desolations he hath made in the earth. He maketh wars to cease unto the end of the earth; he breaketh the bow, and cutteth the spear in sunder; he burneth the chariot in the fire. Be still, and know that I am God: I will be exalted among the heathen, I will be exalted in the earth. The LORD of hosts is with us; the God of Jacob is our refuge.

ტექსტს თუ კარგად დააკვირდებით დასაწყისიდან 46-ე სიტყვა არის shake, დასასრულიდან 46-ე სიტყვა კი – spear (შეგიძლიათ გადაამოწმოთ, მე პირადად ასეც მოვიქეცი, ვინაიდან სიტყვაზე არავის ვენდობი!). ამ ჩახლართულ საქმეში, რაც დანამდვილებითაა ცნობილი ისაა, რომ როდესაც ეს ტექსტი ითარგმნა უილიამ შექსპირად ცნობილი პიროვნება 46 წლის იყო (მისი დაბადების თარიღის გათვალისწინებით). აი, ის კი დღემდე გაურკვეველი რჩება 46-ე ფსალმუნში თავიდან 46-ე და ბოლოდან 46-ე სიტყვები შექსპირის გვარს შემთხვევით ადგენს, თუ „ბუდეა“, თუმცა მე ის უფრო მაინტერესებს ეს დამთხვევა ვინ და რა საშუალებით იპოვა?!

ადამი და მისი “ნეკნი”

with 2 comments

ბოლო სამი დღეა ერთ სიტყვას დავდევ, ძვ. ებრაულ צְלָעֹת-ს (იკითხება როგორც “ცელ’ა”) რომელიც ბიბლიის პირველწყაროში აღნიშნავს “გვერდს”. ეს სიტყვა ხუთწიგნეულის მეორე წიგნში, „გამოსვლაში“ გვხვდება თხუთმეტჯერ, სადაც ზოგან ნოეს კიდობნის გვერდია, ზოგან ოთახის გვერდი (ანუ კედელი), ზოგან მთის გვერდია (ანუ ფერდობი), ზოგან კუთხეა, ზოგან საყრდენი და როგორც ბიბლიის კომენტატორები წერენ საზოგადოდ მთლიანის არაუმნიშვნელო ნაწილს აღნიშნავსო. საინტერესო ისაა, რომ თორას პირველ წიგნში, დაბადებაში ეს სიტყვა გვხვდება სულ ორჯერ და ორივეჯერ აღნიშნავს “ნეკნს”, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში ნეკნის ნაცვლად ერთგან “ფერცხალი” წერია და მეორეგან – “გუერდი”. ჰოდა, ეს “ნეკნი” საიდან გაჩნდა არავინ იცის. ზოგი ამ “იაღლიშსაც” (კიდევ ერთი „იაღლიში“ იხილეთ აქ) წმინდა იერონიმეს მიაწერს, რომელმაც ბიბლიის ლათინურ თარგმანში, ვულგატაში ფრაზა: “უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო” თარგმნა როგორც “tulit unam de costis eius et replevit carnem pro ea”, სადაც costa (ბრუნვაში costis) ლათინურად “გვერდიცაა” და “ნეკნიც”.

ბიბლიის თანამედროვე მკვლევარები (მაგალითად ზიონი ზევიტი და სკოტ გილბერტი) ძალზედ საინტერესო ვერსიას გვთავაზობენ צְלָעֹת-ის თარგმნასთან დაკავშირებით. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ იქიდან გამომდინარე რომ ნეკნების რაოდენობა ქალებსა და მამაკაცებს შორის თანაბარია და ეცოლუციის ყველა ჩვენთვის ნაცნობ ეტაპზე მათი რიცხვი მუდამ თანაბარი იყო, „ნეკნის“ ვერსია ნაკლებადსარწმუნოა განსხვავებით ძვლისგან, რომელიც ადამიანებმა ევოლუციის ადრეულ ეტაპზე დაკარგესო. ამ ძვალს ლათინურად baculum ეწოდება და გორილების და შიმპანზეების გარდა აქვთ სხვა პრიმატებსაც, ასევე მღრღნელებს, ღამურებს და ა.შ. (ვინაიდან ამ ძვლის ქართულ თარგმანს ვერსად მივაკვლიე, გასაგები რომ გახდეს რომელ ძვალზეა საუბარი ასე ვთარგმნი: „პენისის ძვალი“). ჩამოთვლილ ძუძუმწოვრებში ეს ძვალი ხვადებს მრავალჯერადი სქესობრივი აქტის ჩატარებაში ეხმარება და ერთი სიტყვით ძალიან საჭირო ნაწილია სხეულის (არაუმნიშვნელო ნაწილი!), ჰოდა ბიბლიის ზემოხსენებული მკვლევარები ამტკიცებენ, რომ დაბადებაში მოთხრობილი ისტორია ადამიანის უძველეს დაკვირვებას წარმოადგენს: ჩვენმა წინაპრებმა ოდითგანვე შენიშნეს ამ ძვალის არარსებობა და ამგვარი ახსნა მოუძებნეს მის გაქრობასო, რაც შემოგვინახა კიდეც პლანეტის ერთ-ერთმა უძველესმა ტექსტმა, ბიბლიამო.

P. S. ზევიტს და გილბერტს სხვა არგუმენტებიც მოყავთ თავიანთ წერილში (დაინტერესებული მკითხველებისთვის წყარო: “Congenital Human Baculum Deficiency: The Generative Bone of Genesis 2:21-23,” Scott F. Gilbert & Ziony Zevit, American Journal of Medical Genetics, May 2001, Vol. 101, pp. 284-285 და ბმული). თქვენი არ ვიცი და ეს ვერსია მე სავსებით ლოგიკურად მეჩვენება.

Written by linguistuss

July 2, 2013 at 3:35 am

“სოციალური ქსლის” თუ “სოციალური ქსელის”?!

with 5 comments

რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლების“ ეთერით გადაიცა რეპორტაჟი სოციალური ქსელების შესახებ, სადაც გადაცემის ავტორები შეეცადნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ინტერნეტაქტივობა გაეშუქებინათ. გადაცემა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული გამოვიდა, თუმცა ჩემი ყურადღება ჩემი ყურისთვის უჩვეულო ფრაზამ „სოციალურმა ქსლებმა“ მიიპყრო, რომელიც მთელი გადაცემის განმავლობაში რამდენჯერმე გაისმა. ამ „ქსლებს“ შემდგომში დიდი განხილვა მოჰყვა ჩემი მეგობრის, თამუნა მირიანაშვილის ფეისბუქის კედელზე, რომელშიც გადაცემის ავტორი, დათო ჩიხლაძე ჩაერთო და განგვიმარტა: „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით სიტყვა “ქსელი” კუმშვადია, ანუ თუ სახელობით ბრუნვაში გვაქვს “ქსელი”, ნათესაობითში იქნება “ქსლისა”. ჟღერადობა ერთია და ენობრივი ნორმები მეორე. ვისაც გსურთ შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (რედაქტორები ვარლამ თოფურია და ივანე გიგინეიშვილი, გამომცემლობა “განათლება”, თბილისი, 1998 წ.)“, ამასთან ისიც დასძინა, რომ „რადიო თავისუფლების“ მომზადებულ სიუჟეტებში ეს სიტყვა ამ ფორმით ძალიან ხშირად გამოიყენება.

„რადიო თავისუფლების“ რედაქციის დიდი პატივისცემის მიუხედავად ზემოხსენებული სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსლების“ შესახებ ჩემს ყურს იმდენად ჭრის, რომ გადავწყვიტე დამედგინა სიმართლე, კერძოდ თუ რა წერია ლექსიკონში, რა ფორმითაა დამკვიდრებული თანამედროვე ქართულში სიტყვა “ქსელი” ნათესაობით ბრუნვაში და საერთოდ რატომ იკუმშება არსებითი სახელები… პირველ რიგში ის უნდა აღვნიშნო, რომ გადაცემის ავტორის მიერ დამოწმებულ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (1990 წ. გამოცემა) ვკითხულობთ: „ქსელი (ქსლისა) 1. საფეიქრო დაზგაზე სიგრძივ გაბმული საქსოვი ძაფები. 2. ძაფი, რომელსაც გამოყოფს აბრეშუმის ჭია 3. ერთობლიობა რაიმე ტერიტორიაზე, რაიმე სივრცეში განლაგებული გზებისა, ხაზებისა“. ამასვე მოწმობს ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (1968 წ. გამოცემა), სადაც წერია: „ქსელი (ქსლისა)“. გამოძიება დასრულებულად მქონდა გამოცხადებული და უკვე ვიწყებდი „სოციალური ქსლების“ ყურის შეჩვევას, რომ გამახსენდა კიდევ ერთი რესურსი: www.ena.ge – ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი!

ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი (www.ena.ge) შექმნილია არსებული ნორმატიული გამოცემების: თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები“ ბაზაზე, მოქმედი ორთოგრაფიული წესების გათვალისწინებით. ეს ლექსიკონი წარმოადგენს ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის მიმდინარე ინტერნეტ-გამოცემას და მასში ასახულია ყველა ნორმატიული ცვლილება, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში მოხდა ქართულ ენაში. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ სწორი ფორმებია: „ქსელად“, „ქსელიანად“, ხოლო ფორმა „ქსლის“ საერთოდ არ გვხვდება მონაცემთა ბაზაში. ბუნებრივია გამიჩნდა შეკითხვა: რომელია სწორი „ქსელის“ თუ „ქსლის“, „ქსელების“ თუ „ქსლების“. ამის გამოსარკვევად, მოდით, ჯერ გამოვარკვიოთ თუ რა არის რედუქცია, ანუ არსებითი სახელის ფუძის კუმშვის პროცესი.

„ქართული ენის ენციკლოპედიაში“ (2008 წ. გამოცემა) სტატიაში „რედუქცია“ ვკითხულობთ: „ხმოვანდაკარგვითი რედუქცია ქართულში გვხვდება ფუძეთა შეკუმშვის გზით სამ ბრუნვაში − ნათესაობითში, მოქმედებითში  და ვითარებითში. რედუქცია ქართულში არ არის მოქმედი პროცესი. ამჟამად იგი მხოლოდ ტრადიციული ნორმაა, შემონახული იმ დროიდან, როდესაც ენას უნდა ჰქონოდა ძლიერდინამიკური სიტყვათმახვილი (გ. ახვლედიანი, ა. ჩიქობავა, ვ. თოფურია)“. ე.ი. “ქსელ”-ის შემთხვევაში მოქმედებით, ნათესაობით და ვითარებით ბრუნვებში სწორი ფორმებია: „ქსლით, ქსლის, ქსლად“, თუმცა როგორც ზემოთ ჩანს ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი ამბობს, რომ სწორი ფორმაა: „ქსელად“ და „ქსელიანად“, რაც ეწინააღმდეგება რედუცირებულ ვარიანტებს. საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაზე არსებულ Google-ის მიერ დაინდექსებულ ვებ-გვერდებში სიტყვათშეთანხმება „სოციალური ქსელების“ გვხვდება 59200, ხოლო „სოციალური ქსლების“ კი – 5 შემთხვევაში. „სოციალური ქსელის“ ვარიანტი დაფიქსირებულია 112000 ვებ-გვერდში, „სოციალური ქსლის“ კი – 75-ში და, რაოდენ საინტერესოც არ უნდა იყოს, ამ 75 შემთხვევაში ბმულების უმრავლესობას „რადიო თავისუფლების“ მიერ მომზადებულ სტატიებამდე მივყავართ.

ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით სავსებით შეგვიძლია იმის დასკვნა, რომ „სოციალური ქსლის“, ან „სოციალური ქსლების“ ფორმა არ წარმოადგენს თანამედროვე ქართული ენის ნორმას (ამას მოწმობს ქართული ენის ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი და ამას მოწმობს ქართულად მოლაპარაკეთა უმრავლესობა, რომლებიც „სოციალურ ქსელებს“ ანიჭებენ უპირატესობას). პირადად ჩემთვის უცნობია, თუ რატომ განიცადა ენამ ცვლილება ბოლო წლების განმავლობაში და რატომ იცვალა იერსახე სიტყვამ „ქსლის“ და მოგვევლინა ახლებური ფორმით „ქსელის“, მიუხედავად იმისა, რომ „ვეფხიტყსაოსანში“ ვხვდებით შემდეგ ციტატას: „კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქსლისა მბეჭველსა“, თუმცა ფაქტია ერთი რამ: ქართული ენა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ენა, ცოცხალი ორგანიზმია და დროთა განმავლობაში იცვლება, ამიტომაც მე პირადად როცა მსურს გავარკვიო თუ რომელია სწორი ფორმა, მაგალითად „სოციალური ქსლის“ თუ „სოციალური ქსელის“, საამისოდ მტვერდადებულ ლექსიკონს არ მივაშურებ ხოლმე და ამ შემთხვევაში ჩემს ყურს უფრო ვენდობი, რომელიც უკიდურესი ფორმით აპროტესტებს „სოციალურ ქსლებს“.

P. S. დამატებითი ინფორმაცია კუმშვის და კვეცის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ამ ვებ-გვერდზე.

Written by linguistuss

August 7, 2012 at 6:18 am

Much Vs. Many

with 6 comments

ინგლისურთან მიმართებაში ყოველთვის პასიური დამოკიდებულება მქონდა. ეს იყო ენა, რომელიც ინფორმაციის მისაღებად მჭირდებოდა და მას შემდეგ, რაც ინგლისური იმდენად კარგად (თუ ცუდად) ვისწავლე, რომ წიგნები და ვიკიპედია წამეკითხა, ინგლისური ენის გრამატიკა დავიწყებას მივეცი და არც არასოდეს მქონია სურვილი შესაბამის სახელმძღვანელოში ჩამეხედა, მაგრამ როგორც კი ავტრიაში სწავლის დროს ინგლისურის აქტიურად გამოყენება დავიწყე გრამატიკული ნიუანსების დაზუსტება მომიხდა.

ერთ-ერთი ასეთი ნიუანსი შეეხება much-ის და many-ის შორის განსხვავებას. გრამატიკის  ყველა სახელმძღვანელოში წერია, რომ პირველი არათვლადი ობიექტების მიმართ გამოიყენება, მეორე კი – თვლადი (ანალოგიური სიტუაციაა little-ის და few-ს და ა.შ. შემთხვევაში). ერთი სიტყვით ინგლისურში ყველაფერი იყოფა ორ კატეგორიად: ის, რაც ითვლება და ის, რაც არ ითვლება. საკმარისია გავიხსენოთ ის, რის შესახებაც ვსაუბრობთ ითვლება თუ არა, რომ ამის შემდეგ აღარ დაგვჭირდება მკითხაობა, რომელია სწორი.

many-ის და much-ის შემთხვევა ზუსტად აღწერს იმ განსხვავებას, რაც განასხვავებს არითმეტიკას მათემატიკური ანალიზისგან. პირველ შემთხვევაში ჩვენ ნატურალური რიცხვები გვჭირდება, მეორეში კი – ნამდვილი რიცხვები. ნატურალურ რიცხვებით ვითვლით, ნამდვილი რიცხვებით კი − ვზომავთ. სწორად ეს პროცედურული დაყოფა თვლასა და გაზომვას შორის განასხვავებს ამ ორ სიტყვას ერთანეთისგან, თუმცა ყველაფერი ასე იდეალურად არ არის როგორც ჩვენ გვგონია და აქ იმალება ერთი პატარა „მაგრამ“…

ეს პატარა მაგრამ ეხება იმ შემთხვევებს, როცა მკაცრად განსაზღვრული არ არის ის, რაზეც ვსაუბრობთ ითვლება თუ იზომება. მაგალითად ინგლისურში ამბობენ many hours და much time, თუმცა მაგალითად რომელია სწორი many data, თუ much data ცოტა გაუგებარია, ვინაიდან ერთი შეხედვით მონაცემები (data) დისკრეტული ბუნებისაა, მაგრამ მისი მისამართით მაინც უპირატესად much გამოიყენება. ჯონი დერბიშირი ამ საკითხს თავის წიგნში უფრო ღრმად ჩაუღრმავდა, რამაც ახლიდან დამაფიქრა ერთ ჩემთვის უკვე გარკვეულ საკითხზე.

ყველას ახსოვს კამათი იმის შესახებ, თუ როდიდან იწყება საუკუნის ათვლა, როდის უნდა გვეზეიმა ახალი ათასწლეულის დადგომა: 2000 წელს, თუ 2001 წელს. როგორც აღმოჩნდა ამ კამათს საფუძვლად many-ის და much-ის, ანუ თვლისა და გაზომვის დაპირისპირება უდევს. ადამიანები, როგორც წესი საათებს, დღეებს და წლებს ითვლიან. რობინზონ კრუზო მაგალითად ხეზე ჭდეებს აკეთებდა, ზოგიერთი ჩვენგანი საამისოდ თითებს იყენებს. მთავარი აქ ის არ არის, თუ რითი ვითვლით, მთავარი ისაა, რომ ვითვლით და არ ვზომავთ.

ჯონი დერბიშირი ამბობს, რომ ნებისმიერი კალენდარი აგებულია თვლის ლოგიკაზე, სწორად ამის გამო არ არსებობს 0 წელიწადი. ბავშვების შესახებ ვამბობთ, რომ ისინი 1, 2, 3 წლის არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი შეიძლება 9 თვის იყოს, არასოდეს ვიტყვით მის შესახებ, რომ ის 0.75 წლისაა. ჰოდა მივადექით ჩვენს შეკითხვას: როდის დგება ახალი საუკუნე − 2000 წელს, თუ 2001 წელს. სიმართლე გითხრათ მე სულ მუდამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ შეკითხვაზე სწორი პასუხი „2001“-ია, მაგრამ თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ საჭიროა იმის დაკონკრეტება, ათვლის ლოგიკას ვიყენებთ, თუ გაზომვის და ასევე იმისაც, საუკუნე სრული ასეული წელია გაზომვის დროს, თუ მეასე წელია ათვლის დროს…

თქვენი არ ვიცი და ყოველ ჯერზე, როცა ინგლისურად „ბევრის“ თქმა მსურს ყოველთვის მიწევს დაფიქრება და იმის გარკვევა, much უნდა ვთქვა თუ many…

Written by linguistuss

March 8, 2012 at 7:56 pm

ნაცნობი სიტყვები თუ ყალბი მეგობრები?!

with 5 comments

უცხო ენების შესწავლა ზოგის­თვის ჰობია, ზოგისთვის კი − საჭიროება. ხანდახან ისეც ხდება ხოლ­მე, რომ ენა, რომელიც არც გვაინტერესებს და არც გვჭირდება, მო­დის და იპყრობს ჩვენს ტვინს და გონების საკუჭნაოებს უსარგებლო სიტყვებით ავსებს. ყველაზე საინტერესო ეს პროცესი მაშინაა, როდე­საც ე.წ. ყალბ მეგობრებს ვაწყდებით. ეს ის სიტყვებია, რომელთა მნიშვნელობასაც გვგონია რომ მივხვდით, სინამდვილეში კი ისინი დიამეტრულად საპირისპირო ცნებებს გამოხატავენ. ყალბი მეგობრე­ბი დიდი ხანია შენიშნეს მეცნიერებმა, გლამურული ფრანგული სა­ხელწოდება Faux-amis (ფრ. „ყალბი მეგობრები”) უწოდეს, მათ შეს­წავლას შეუდგნენ და ათასი ტერმინი მოიგონეს კლასიფიკაციისათ­ვის, როგორიცაა პოლისემია, ჰომონიმია და მრავალი სხვა. თუმცა მოუხელთებელი ყალბი მეგობრები კლასიფიკაციის ჩარჩოებში ვერ ეტევიან და ჩვენს გაოცებას განაგრძობენ. მათ წარმოშობას ლინგვის­ტიკაში სიტყვების მოგზაურობებს უკავშირებენ, როდესაც სულ სხვა­დასხვა გზის გავლით, ერთი სიტყვა განსხვავებულ მნიშვნელობებს იძენს. მაგალითად, როგორიცაა სიტყვები კაიფი და ქეიფი. პირველი არაბულიდან რუსულის გავლით მოხვდა ქართულში, მეორე კი − სპარსულის გავლით. რეალურად კი, ორივე ერთ არაბულ ფუძეს უკავშირდება, რომელიც „სიამოვნებას და ტკბობას” ნიშნავს.

ყალბი მეგობრების დათვური სამსახური ყველაზე მეტად მონათესა­ვე ენებში იჩენს თავს. ასე მაგალითად: ჩეხურში Pozor ყურადღებას ნიშნავს, Pozorny კი − ყურადღებიანს, Zakaz − აკრძალვაა, Sleva − ფასდაკლება, Urok − პროცენტი, hodina − საათი, mesto − ქალა­ქი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რუსულის ცოდნა არათუ გვეხმა­რება, პირიქით − ხელს გვიშლის. ეს არამხოლოდ ჩეხურის შემთხვე­ვაშია ასე. უკრაინულის, სლოვაკურის, ბულგარულის თუ ხორვატუ­ლის შესწავლისას პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ რუსუ­ლი უნდა დავივიწყოთ. იმავეს თქმა შეიძლება რომანული ჯგუფის ენებზეც. მთელი ლექსიკონებია შედგენილი სიტყვებისა, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა დავისწავლოთ, ვინაიდან მათ იტალიურ, ფრან­გულ, პორტუგალიურ და ესპანურ ენებში განსხვავებული მნიშვნე­ლობა აქვთ. ასე მაგალითად: embarrassé ფრანგულში დარცხვე­ნილ, შეწუხებულ და უხერხულ სიტუაციაში მყოფ ადამიანზე ით­ქმის, ესპანურში კი embarazada ფეხმძიმე ქალბატონების მისამარ­თით გამოიყენება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, რო­მელიც ინგლისური და ჰოლანდიური ენების ურთიერთობას ასა­ხავს: ერთ სოციალურ რეკლამაში ბავშვი დაფაზე წერს: „Mama, die, die, die…” − ინგლისური ენის ცოდნას შეცდომაში შევყავართ. ინ­გლისურად ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც „დედა, მოკვდი, მოკ­ვდი, მოკვდი”, სინამდვილეში კი die მდედრობითი არტიკლია და ამ შემთხვევაში დედას აღნიშნავს: „დედა, რომელიც, რომელიც, რომე­ლიც…”

ხშირად ყალბი მეგობრები პოლიტიკური სპეკულაციების არენად იქ­ცევა ხოლმე. ასე მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ მთელი ქართუ­ლი მედია არკვევდა იმას, თუ „რა იგულისხმა პრეზიდენტმა ობამამ სიტყვა formal-ში”. დღემდე ვერ შეთანხმდა პოზიცია და ოპოზიცია ამ სიტყვის ზუსტ მნიშვნელობაზე. პრობლემა ისაა, რომ სიტყვა formal ამ შემთხვევაში არ ნიშნავს “ფორმალურს” და მხოლოდ ფორ­მალურად წააგავს მას.

უფრო კურიოზული შემთხვევების გახსენებაც შეიძლება პირადი დაკ­ვირვებიდან: 2002 წელს ბაქოში მომიხდა წასვლა. პირველად მოვ­ხვდი უცხო ქალაქში და სწორად მაშინ დავავადდი ქუჩაში წარწერებ­ზე დაკვირვებით. ბევრი ნაცნობი სიტყვაც შევნიშნე, მაგალითად, ბან­კომატებზე ეწერა: 7/24 saat nağd pul. მათ შორის იყო ერთი ყალბი მეგობარიც, რომელიც დღემდე არ მავიწყდება: ბაქოს სარკინიგზო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიასთან შევნიშნე წარწერა: Sex Master. ჯერ შევცბი, რადგან ასეთ წარწერას ბაქოში არ ველოდი, თუმცა შემდეგ ამიხსნეს, რომ სიტყვა Sex აზერბაიჯანულში „ცეხს” ნიშნავს (გნებავთ საამქროს) და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. არის შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო სიტყვები იმდენადაა ჩვენს ტვინში გამჯდარი, რომ ვერაფრით ვეგუებით სხვა სიტყვებს. ახლაც მახსოვს რამდენი ხანი ვეძებდი ალმა-ათაში ყოფნისას აფთი­აქს, როდესაც ქუჩაში ყინვა მინუს 20 გრადუსს აღწევდა. ვერაფერი მსგავსი Pharmacy-ისა და Аптека-სი რომ ვერ ვიპოვე, მერე დავუშ­ვი, რომ ყაზახურში შეიძლება რამე განსხვავებული რქმეოდა და ბო­ლოს ვიპოვე Дәріхана!

ინტერნაციონალურ საზოგადოებებში ყალბი მეგობრები ყოველ ფე­ხის ნაბიჯზე გვხვდება. პირადად შევესწარი როგორ ლაპარაკობდნენ ხორვატი, ბულგარელი და სლოვაკი თავ-თავის ენაზე და ერთმანე­თის მშვენივრად ესმოდათ. თუმცა ყველაზე დიდი დრო მათ საუბარ­ში მაინც იმ სიტყვების განმარტებაზე იხარჯებოდა, რომლებიც ამ ენებში ერთნაირად ჟღერს და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს.

უცხო ენების ცოდნა საჭიროა, თუმცა ყალბი მეგობრების არსებობა არ უნდა დაგვავიწყდეს.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

February 29, 2012 at 7:55 pm