ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for the ‘სხვა’ Category

გასეირნება ღრუბლებში

with one comment

ხელოვნური ინტელექტის მამამთავარმა, ჯონ მაკკარტიმ გასული საუკუნის 60-იან წლებში რევოლუციური იდეა გამოთ­ქვა – გამოთვლითი ტექნიკა ერთ მშვენი­ერ დღეს კომუნალური მომსახურება გახდებაო. ამ თემაზე, შემდეგ არაერთი შრომა დაიწერა, თუმცა, ეს ყველაფერი, იმ დროს თეორიულ ჩარჩოებს ვერ გას­ცდა. ბოლო წლებში ინტერნეტის სიჩქარის მკვეთრმა ზრდამ შესაძლებელი გა­ხადა, რომ ამერიკელი მეცნიერის იდეას ხორცი შესხმოდა და თავად ინტერნე­ტი ევოლუციის ახალ საფეხურზე ასულიყო. შედეგად, მაღალი ტექნოლოგიე­ბის ჰორიზონტზე, „ქლაუდად” წოდებული გამოთვლითი ღრუბელი (Cloud computing) გამოჩნდა.

ტექნიკურ დიაგრამებზე აღნიშვნისას ღრუბელი, როგორც ზოგადად ქსელის მეტაფორა, ინტერნეტის შექმნის დღიდან გამოიყენება და კონკრეტულ რაღა­ცას აღნიშნავს. თუმცა სპეციალისტები დღემდე მაინც ვერ შეთანხმდნენ ზუსტ განსაზღვრებაზე, თუ რა არის „გამოთვლითი ღრუბელი”. ერთი განმარ­ტებით ეს არის ვირტუალური სერვერების კლასტერი, რომელიც შეგიძლიათ ნაწილობრივ, ან მთლიანად დაიქირაოთ და მისი საშუალებით თქვენი მიზნე­ბი განახორციელოთ – განათავსოთ თქვენი საკუთარი ვებ-სერვერი, მეილ-სერ­ვერი, ფაილების სერვერი, გადასახადი კი, როგორც კომუნალური მომსახურე­ბის შემთხვევაში, დახარჯული რესურსის პროპორციულად გადაიხადოთ. მე­ორე მხრივ, „ქლაუდს” უწოდებენ ყველაფერ იმას, რაც ფაირვოლის მიღმა მდე­ბარეობს. ამ შემთხვევაში ძირითადი იდეა ის არის, რომ თქვენი მოთხოვნის შესრულება სადღაც „იქ” ხდება და თქვენ მზა შედეგს იღებთ – თუმცა წარ­მოდგენის დონეზეც კი არ შეგიძლიათ იმის თქმა, თუ ფიზიკურად სად მდება­რეობს სერვერი, რომელიც მოგემსახურათ

თავდაპირველი ჩანაფიქრით, გამოთვლითი ღრუბელი მხოლოდ კომპანიების­თვის განკუთვნილი მოქნილი სერვისი იყო. წარმოიდგინეთ, გაქვთ კომპანია, რომლის ოფიციალურ ვებგვერდს დღეში განსაზღვრული რაოდენობის ადამი­ანი სტუმრობს, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მომხმარებლებმა მატება და­იწყო და თქვენს კომპანიაში დამონტაჟებული სერვერი აღარ არის საკმარისი. დადგა სერვერის შეცვლის პრობლემა. საჭიროა ხელახლა გამართოთ ის, რაც დამატე­ბით რესურსებს მოითხოვს. თუ მომხმარებლების რიცხვი კატასტროფულ რა­ოდენობას მიაღწევს, მაშინ მხოლოდ სერვერის შეცვლა ვერ გადაჭრის პრობ­ლემას. დაგჭირდებათ სერვერების კლასტერი, რომელსაც სხვა ტიპის პროგრა­მული უზრუნველყოფა აქვს. შესაბამისად, მოგიწევთ მომსახურე პერსონალის­თვის ტრენინგის ჩატარება, ანუ კიდევ დამატებით ხარჯებამდე და პრობლემე­ბამდე მივდივართ.

გამოთვლითი ღრუბლის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა: გაქვთ „ღრუ­ბელში” გამოყოფილი ადგილი, რომელიც ემსახურება თქვენს მომხმარებ­ლებს, როგორც კი მათი რიცხვი გაიზრდება, ყოველგვარი დამატებითი დანა­ხარჯების გარეშე გაგეზრდებათ მოხმარებული რესურსის ოდენობა და პრობ­ლემას ვერც კი შეიგრძნობთ. შედარება რომ გამოვიყენოთ: პირადი სერვერი, რომლის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, ტექნიკურ გამართვაზე და მომსა­ხურებაზე თქვენ თავად აგებთ პასუხს, არის პირადი ავტომობილი, რომლის რემონტი, გარეცხვა და საწვავის ჩასხმა თქვენი საზრუნავია. გამოთვლითი ღრუბელი კი ამ შემთხვევაში ტაქსი გამოდის – მოდის, გემსახურებათ და მი­დის. თქვენ მხოლოდ მგზავრობის საფასურს იხდით, ამასთან, ამ ჯადოსნურ ტაქსის იმდენი მგზავრის გადაყვანა შეუძლია, რამდენის გადაყვანის ფინანსუ­რი საშუალებაც გაქვთ.

ბოლო ორ წელიწადში ბლოგების და სოციალური ქსელების განვითარებამ ახა­ლი ტიპის მოთხოვნილებები გაუჩინა ადამიანებს. შედეგად განსხვავებული ქლაუდ-სერვისები მივიღეთ – დაწყებული ფაილების გაზიარებით, დასრულე­ბული პირადი ბლოგების განთავსების სერვისით. ახალი თაობის სმარტფონე­ბი აღჭურვილია ტექსტის მთარგმნელი, ხმოვანი და გრაფიკული ინფორმაცი­ის გასაშიფრი კლიენტური პროგრამებით, რომლებიც თქვენგან იღებენ ინ­ფორმაციას, შემდეგ მას ღრუბელში აგზავნიან და მიღებულ მზა შედეგს გიბ­რუნებენ. ეს არასრული სიაა იმისა, თუ რა სარგებლობა მოაქვს „ღრუბელს”.

გამოთვლითი ღრუბლის ადეპტების თქმით, პერსონალური კომპიუტერების ეპოქა, რომელმაც სამი ათეული წელი გასტანა, დასრულდა და „ქლაუდის” ეპოქა დაიწყო. გვარწმუნებენ, რომ უახლოეს მომავალში, ფართო მოხმარების­თვის მხოლოდ პლანშეტური კომპიუტერები იარსებებს, აღჭურვილი იქნება ეკრანით და ინფორმაციის შესაყვანი მოწყობილობით, კომპიუტერის შემადგე­ნელი ყველა ნაწილი კი ღრუბელში იქნება განთავსებული. თქვენს ინფორმაცი­ასთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან შეგეძლებათ და ისეთი პროზაული პრობლემები, როგორიცაა მყარი დისკის გადაწვა, ოპერაციული სისტემის გა­დაყენება და ა.შ., საერთოდ გაქრება თქვენი ლექსიკონიდან. როგორც ჩანს, გა­მოთვლითი ღრუბელი დიდ ცვლილებებს გვიქადის, დაველოდოთ!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა” 

Written by linguistuss

November 28, 2011 at 2:40 am

Posted in სხვა

მილიარდის ეპოქა

with 4 comments

გასულ კვირას, გაერომ დედამი­წაზე მეშვიდემი­ლიარდე ადამიანის დაბადების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. „გიხაროდენ, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ!” – წერდა მსოფლიო პრესა, თუმცა რიგითი მოკ­ვდავების ცხოვრება ამ ფაქტს არაფრით შეუცვლია – აღქმის თვალსაზრისით, ექ­ვსსა და შვიდ მილიარდს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა. ადამიანის ტვინს არ ძალუძს ასეთი დიდი რიცხვების ვიზუალიზაცია. ნაირ-ნაირი მაგალითების მოფიქრებაა საჭირო, რათა როგორ­ღაც აღვიქვათ ჩვენს ტვინში პლანეტის მოსახლეობის ერთმილიარდიანი ნამა­ტი.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენია შვიდი მილიარდი? ის ფაქტი, რომ სკო­ლაში გვასწავლეს დიდი რიცხვების ჩაწერის წესი, არ ნიშნავს იმას, რომ 7000000000-ის წარმოდგენა ადვილია. აი, მაგალითად, დაფიქრებულხართ იმა­ზე, რომ შვიდი მილიარდი წამის წინ, 1789 წელს საქართველოში გეორგიევ­სკის ტრაქტატი სულ რაღაც 6 წლის დადებული იყო, ოკეანის გადაღმა კი ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ის პირველ პრეზიდენტად „აკურთხეს”? შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ შვიდი მილიარდი წუთის წინ (დაახლ. 13300 წლის წინ), დე­დამიწაზე ზემო პალეოლითის ხანა იდგა და ადამიანები ჯერ კიდევ არ იყვნენ პლანეტის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონები? და ბოლოს, შეგიძლიათ წარ­მოიდგინოთ, რომ შვიდი მილიარდი წლის წინ პლანეტა დედამიწა საერთოდ არ არსებობდა?!

ანტუან ფურეტიერის მიერ შედგენილ, 1701 წელს გამოცემულ ფრანგულ უნი­ვერსალურ ლექსიკონში სიტყვა „მილიარდი” ჯერ კიდევ არ არის, „ბევრის” სი­ნონიმად კი cent mille millions, ანუ „ასი ათასი მილიონი” სახელდება. „მილიარ­დი” მე-18 საუკუნის საფრანგეთში იშვა და ამ ქვეყნის საზღვრებს 1870 წელს გასცდა, როდესაც პრუსიელებმა დამარცხებულ ფრანგებს რეპარაციის სახით ხუთი მილიარდი ფრანკის გადახდა დააკისრეს. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც „მილიარდი” თვლად მატერიას აღნიშნავდა და არა უბრალოდ სიტ­ყვა „ბევრს”.

თანამედროვე ქართულ მედიაში სიტყვა „მილიარდი” ყველაზე აქტიურად სამ შემთხვევაში გამოიყენება: დედამიწის მოსახლეობაზე საუბრისას, საქართვე­ლოს საგარეო ვალის დასათვლელად და ბიძინა ივანიშვილის ქონების შესაფა­სებლად. სამივე შემთხვევაში მილიარდი ყურისმომჭრელი სიტყვაა და ის ნაკ­ლებად აღნიშნავს რიცხვს. „მილიარდი” ჩვენში „ბევრის” სინონიმი უფროა, რომელსაც შთაბეჭდილების მოსახდენად ხმარობენ და საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, საშუალო სტატისტიკური ქართველი ვერ იტყვის მილიარდში ექვსი ნულია, ცხრა თუ თორმეტი!

საინტერესოა ჩვენი წინაპრების დამოკიდებულება დიდ რიცხვებთან. „ვეფხის­ტყაოსანში” არაერთხელ ფიგურირებს სიტყვა ბევრი და მისგან ნაწარმოები კომპოზიტები: „ბევრის-ბევრი” და „ბევრ-ათასი”. მაგალითად, ავთანდილი ფრიდონს რომ ეწვევა, ნათქვამია: „შესამოსელი შეჰმოსეს დრაჰკნისა ბევრ-ათასისა”. ამ უკანასკნელში „ბევრ-ათასი” ათ მილიონს აღნიშნავს, ბევრის-ბევ­რი კი ასი მილიონი გამოდის. შეიძლება იმის თქმაც, რომ „ბევრი” ძველ ქარ­თულში იყო ზღვარი თვლად და უთვლად სიდიდეებს შორის. ის ათი ათასს აღნიშნავდა და იმის ზემოთ ყველაფერი ბევრი გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენებოდა.

„ქართლის ცხოვრებაში” ჟამთააღმწერელი წერს, რომ ჯალალედინმა თბილის­ში ათი ბევრი კაცი შეიწირაო. ათი ბევრი (ასი ათასი) მოწამის ხსენების დღეს კი მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე აღნიშნავს – მიუხედავად იმისა, რომ ასი ათასი ადამიანის სიკვდილით დასჯა ერთი დღის, თუნდაც ერთი კვი­რის განმავლობაში ფიზიკურად შეუძლებელია, იმ ფაქტორების გათვალისწი­ნებით, როგორც ეს მატიანეშია აღწერილი. სავარაუდოდ, როდესაც ჟამთააღ­მწერელი წერდა „ათნი ბევრნი მოწამენიო”, ამით რაოდენობას კი არა, ფაქტის სისასტიკეს უსვამდა ხაზს. მის სიტყვებში ის მხოლოდ უსასრულოდ დიდი რიცხვის მეტაფორაა.

ანტუან ფურეტიერის ლექსიკონში კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია: მილიო­ნი ეს არის სიტყვა, რომლითაც მეფეთა ქონება აღიწერებაო. შეიძლება ითქვას, რომ XV-XVIII საუკუნეებში ადამიანის შემეცნების ფარგლები „მილიონებში” იზომებოდა, ჩვენ კი „მილიარდის” ეპოქაში ვცხოვრობთ. სწორედ „მილიარ­დია” დღესდღეობით კაცობრიობის შემეცნების საზომი: მისი საშუალებით ვზომავთ სამყაროს ასაკს, სამყაროს განფენილობას, ყველაზე მდიდარი ადამი­ანების ქონება ჩვენს წარმოდგენაში მილიარდებშია შეფასებული და უკანასკნე­ლად როდის დაგვჭირდა სიტყვა ტრილიონი, კვადრილიონი თუ კვინტილიო­ნი, არ გვახსოვს.

მსოფლიოს მოსახლეობის საინფორმაციო ბიუროს ცნობით, დედამიწის ბი­ნადრებმა ერთ მილიარდს 1800 წლისთვის მიაღწიეს, საუკუნეზე მეტი დას­ჭირდა, რომ მოსახლეობა გაორმაგებულიყო, მხოლოდ 1930 წელს ავიდა ორ მილიარდამდე. შემდეგ ყველაფერი აჩქარდა: ოცდაათ წელიწადში სამი მილი­არდი გახდა, თოთხმეტ წელიწადში – ოთხი მილიარდი, ცამეტ წელიწადში – ხუთი მილიარდი და თორმეტ-თორმეტ წელიწადში ექვსი და შვიდი მილიარ­დი.

ყოველი მილიარდიანი ნამატი კაცობრიობას დამატებით პრობლემებს უქმნის. ცივილიზაციის კომპლექსურობის ზრდასთან ერთად პროპორციულად იზ­რდება ადამიანების მიერ წარმოებული და მოხმარებული პროდუქტების, ინ­ფორმაციის და ა.შ. რაოდენობა. ჩვენც უფრო დიდი რიცხვების შემოტანა გვი­წევს ყოფა-ცხოვრებაში და ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება, კი არ გაგვიხარ­დეს, არამედ დიდი მწუხარებით აღვნიშნოთ მორიგი მილიარდი ჰომო საპიენ­სი ჩვენ ირგვლივ. მანამდე კი, სანამ ეს დღე დამდგარა, ყველაფერი კარგადაა, ჩვენ შვიდი მილიარდი ვართ, გიხაროდენ!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა” 

Written by linguistuss

November 13, 2011 at 3:18 am

მახათი #1

with 9 comments

Python-ის (პროგრამირების ენაა ასეთი) შესწავლის პროცესში ვარ და ალბათობის თეორიის გადამეორების. ამ ორმა საქმიანობამ კი გადაკვეთის წერტილი ამ ღამეულ “მახათ #1″–ში ჰპოვა, სადაც მომინდა შემემოწმებინა თეორიულად მიღებული შედეგი პრაქტიკულ მაგალითზე. ამასთან დამაინტერესა პითონზე თუ შევძლებდი შესაბამისი კოდის დაწერას.

თეორიული ნაწილი:

უილიამ ფელერის წიგნში “შესავალი ალბათობის თეორიაში” ასეთი მაგალითია განხილული: გამოვთვალოთ რა არის ალბათობა იმისა, რომ პოკერის თამაშის დროს დარიგებული ხუთი კარტის ნახატი იქნება განსხვავებული. ამოხსნის გზა ასეთია: ხუთი განსხვავებული ნახატის კარტი შეიძლება ამოირჩეს [13,5] გზით, სადაც ეს [13,5] ბინომიალური კოეფიციენტებია. ვინაიდან ფერებს მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ ამორჩევის ვარიანტების რაოდენობა უნდა გავამრავლოთ ოთხის მეხუთე ხარისხზე და ალბათობის დასათვლელად უნდა გავყოთ ვარიანტების სრულ რაოდენობაზე, ანუ [52,5]–ზე, მივიღებთ:

ამ გამოსახულების პასუხი არის 0,5071 რაც იმას ნიშნავს, რომ პოკერში დარიგებული ყოველი ხუთი კარტიდან ორი ერთნაირი ნახატის მქონე კარტი თითქმის ყოველ მეორე დარიგებაში გვეჭირება (თითქმის იმიტომ, რომ 0,5071–ია და არა 0,5).

პრაქტიკული ნაწილი:

Python-ზე კოდი შემდეგნაირად გამოიყურება, რომლის დაწერა ჩემდა გასაკვირად არ გამჭირვებია:

მილიონჯერ არიგებს ხუთ კარტს სრული 52 კარტიანი კალოდიდან. შემდეგ ხდება გაანალიზება დარიგებული ხუთი კარტის ნახატები თუ განსხვავდება და თუ განსხვავდება diff ცვლადს ერთით ზრდის. ხუთჯერ გავუშვი სკრიპტი და შედეგები ასეთი იყო: 507182, 507213, 507127, 507759, 506622… რაც იმას ნიშნავს, რომ თეორიული გამოთვლები სწორია და ალბათობის თეორია ამ შემთხვევაში არ ცდება. ვაშა!

გზავნილი საქართველოდან

with 16 comments

1972 და 1973 წლებში ნასამ “პიონერ–10” და “პიონერ–11” დაძრა იუპიტერისაკენ, რომლებიც იუპიტერის ორბიტას დააჯდნენ, დამატებითი აჩქარება შეიძინეს და მზის სისტემის გარეთ იქნენ გატყორცნილები. სწორად მაშინ დაებადა კარლ საგანს, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ჩემს ერთ–ერთ ფავორიტ პერსონას, რომ ამ უპილოტო კოსმოსურ აპარატებში მოეთავსებინა ე.წ. Pioneer plaque, ანუ “პიონერის ფირფიტა”, გზავნილი დედამიწელებისგან, რომელზე გამოსახულ დიაგრამასაც არადედამიწური ცივილიზაციებისათვის უნდა შეეტყობინებინა ჩვენი პლანეტის ადგილმდებარეობა დროსა და სივრცეში და უმთავრესი ცნობები მისი გონიერი ბინადრების შესახებ.

დიდი ხნის ბჭობისა და განსჯის შემდეგ ცოლ–ქმარმა საგანებმა ეს სურათი შექმნეს (იხ. ილუსტრაცია). შემდეგ ლითონის ფირფიტაზე ამოკაწრეს და “პიონერ–10″–ში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოათავსეს და შემდეგ მისი ასლი “პიონერ–11″–საც გაატანეს. ნახატი გადატვირთულია სიმბოლოებით. მასზე არჩეულია დროისა და სივრცის ერთეულები. მითითებულია მზის სისტემისა და დედამიწის ადგილმდებარეობა 14 პულსარის ადგილმდებარეობის მიხედვით და მამაკაცისა და ქალის გამოსახულება, რომელსაც ძირითადი წარმოდგენა უნდა შეექმნა არადედამიწელ გონიერთათვის მზის სისტემის მესამე პლანეტაზე მოსახლე ჰომოსაპიენსების შესახებ.

პიონერის ფირფიტამ იმდროინდელ პურიტანულ ამერიკულ საზოგადოებაში მრავალი მითქმა–მოთქმა და შეკითხვა გააჩინა. მაგალითისთვის ერთ–ერთი საკითხი, რომელსაც მრავალი ტელეგადაცემა მიეძღვნა ის იყო, თუ რატომ არიან ქალი და მამაკაცი ფირფიტაზე შიშვლები?! უფრო მეტიც, ეს სურათი პირველი გამოსახულება იყო, კანადისა და ამერიკის ტელეეთერში გადაცემულ გამოსახულებებს შორის, რომელზეც ქალისა და მამაკაცის შიშველი ფიგურები იყო აღბეჭდილი.

დიდხანს ვფიქრობდი და აი, ქართველებს რომ დაემზადებინათ ეს ფირფიტა, უფრო სწორად რომ გახდეს საჭიროება გავაგებინოთ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დიაგრამის მეშვეობით, თუ ვინ ვართ და რა შეგვიქმნია, ნეტა რა უნდა ამოვკაწროთ ჩვენეულ ფირფიტაზე?! ჰოდა, დღეს ინტერნეტში ბოდიალისას ამ დიაგრამას წავაწყდი, რომლის ავტორიც გიორგი ჩახავაა. ჩემი მოკრძალებული აზრით ქვემორე განთავსებული დიაგრამა ზუსტად ასახავს იმას თუ ვინ ვართ, რა შეგვიქმნია და საერთოდ რა გვინდა ამ სამყაროში ჩვენ, ორზღვასშუა მობინადრე ქართველებს…

P. S. მიხვდით რა არის გამოსახული გიორგი ჩახავას დიაგრამაზე?!

Written by linguistuss

January 12, 2011 at 12:32 pm

Prosit Neujahr

with 19 comments

დღეს მთელი დღე მეძინა. ბოლო ათწლეულის რაღაც უცნაური, შემაჯამებელი სიზმარი ვნახე. ხშირად მიფიქრია და ეს აზრიც არაა ახალი, რომ ტვინი გადაღებული ვიდეოების საცავია და როდესავ ვიძინებთ ექსცენტრიული მონტაჟისტი დაბოდიალობს ამ არქივში, ამონტაჟებს როგორც გაუხარდება, რაც გაუხარდება, ზოგ რამეს თავისას ამატებს სპეცეფექტების სახით და ჩვენც ძილში გასართობი გვაქვს დამონტაჟებული ვიდეოს, როგორც სიზმრის ყურების, თუ თვალების დროს. ბოლოს მაინც ვიღვიძებთ რათა ახალი კადრები გადავიღოთ და ექსცენტრიულ მონტაჟისტს საქმეში შევეშველოთ.

ათი წლის წინ ჯერ კიდევ ფიზიკის და მათემატიკის წიგნებს ვურტყამდი თავს! ძალიან შორს დარჩა კვანტური მექანიკის და დიფერენციალური აღრიცხვის ლექციები. ბუნდოვნად მახსოვს რაღაცეები. მერე ფრანგულის სწავლა დავიწყე 2002–ში. დიდი ხანი დავდიოდი ხან კერძოდ და ხან დიუმას ცენტრში, ბოლოს დალფი ჩავაბარე და ფრანგულიდან იტალიურზე გადავედი, სადაც ერთი წელი ვიარე და რომ მივხვდი ვიკიპედიის კითხვა რომ შემეძლო, იტალიურსაც შევეშვი. მეგონა რომ იტალიურად ლაპარაკს ვერასოდეს შევძლებდი, თუმცა საჭირო დროს, საჭირო ადგილას როცა აღმოვჩნდი სიტყვების ნაკადი შევნიშნე და კომუნიკაცია შევძელი. ზუსტად მაშინ გამიჩნდა ის განცდა, რომ ინფორმაცია ტვინში არ იკარგება.

წელს პირველად გავაცნობიერე, რომ იმ ქალებს შორის, რომლებთანაც რაიმე სახის ურთიერთობა მქონდა იქნება ეს უბრალო სმს–ფლირტი, მეგობრობა, სექსი თუ სამკვდო–სასიცოცხლო ჩხუბი, ყველა არ მახსოვს… რაღაც კადრები დაუკარგავს ჩემს მონტაჟისტს, როგორც ჩანს. თუმცა ფაქტია, რაღაცეებს რომ ვიხსენებ, ბოლომდე მაინც ვერ ვიხსენებ და ეს მაწუხებს. სავარაუდოდ ათი წლის შემდეგ უფრო მეტი აღარ მემახსოვრება და პირადი ჩანაწერები რომლებიც ჯერ კიდევ წაუშლელია ჩემს არქივში კიდევ უფრო უცხო გახდება, ვიდრე ახლა.

ფიზიკაზე გული რომ ავიცრუე თავი მათემატიკით, ლოგიკით და პროგრამირებით გამოვიტენე, რის პარარალელურადაც პოეტური ინტუიცია დავკარგე, თუკი ოდესმე მქონდა ასეთი რამ. შემდეგ ბერტრან რასელმა ამიხსნა, თავის რომელიღაც წიგნში რატომაა შეუძლებელი ადამიანი ერთდროულად მათემატიკოსიც იყოს და პოეტიცო. ახსნა ლოგიკური იყო: პოეტი პირადი დეფინიციებით და შეგრძნებებით აზროვნებსო, მათემატიკოსი, ან ლოგიკოსი კი ცდილობს ადამიანებისათვის საერთო დეფინიციების შექმნას და ასე აზროვნებასო და ამიტომაც ლოგიკოსი ყველასათვის უინტერესოა როგორც პოეტი, ვინაიდან მისი სამყარო ყოველგვარი პირადულისგან შემოძარცულიაო.

ბოლო წლებია, როცა პროგრამირებაც მომბეზრდა და ფრანგულიც, აღმოსავლურ ენებზე გავჭედე. სადღაც საშუალო დონეზე ავედი არაბულში, კითხვა ვისწავლე, ლექსიკონის დახმარებით ტექსტებს ვთარგმნი. ეს დონე საკმარისი აღმოჩნდა, რომ იტალიაში რომელიღაც ჰოსტელის ტიპის სასტუმროში, სადაც როგორც ჩანს სულ არაბები სახლდებოდნენ, წარწერა ممنوع الدخول (მამნუყ ად–დუხულ), ანუ შესვლა აკრძალულიაო, გონებას ავტომატურად რომ გაეშიფრა, დაუძაბავად… როგორც ჩანს ინტერნეტში არაბულ საიტებზე ნანახი წარწერა “18 წლამდე შემოსვლა აკრძალულია”–ს მაგვარი ტექსტი მახსოვდა ვიზუალურად.

საინტერესო ის არის, რომ ნელ–ნელა არაბულიც მბერზრდება. სადღაც წინ ვიყურები, ახალ–ახალ გასართობებს ვეძებ. წელს პირველად დავინტერესდი გერმანული და ესპანური ენებითა და კულტურით, როცა ვერც ერთს ვიტანდი და ვერც მეორეს. თან იმ დონეზე გავჭედე, რომ გუშინ ვენაში Neujahrskonzert რომ გაიმართა ჩამოვქაჩე და ვუყურე როგორ აკომპანირებდა მთელი დარბაზი ტაშისცემით რადეცკის მარშს. ჰო, გუშინ ვიღაც ეძებდა ჩემს ბლოგზე “ახალი წლის მილოცვას გერმანულად”, საძიებარ სიტყვებში შემომხვდა, ამიტომ მის გასაგონად ვიტყვი, რომ გერმანელები ასე ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს: prosit Neujahr (პროზიტ ნოიიარ).

ამ ათწლეულის შემაჯამებელმა სიზმარმა ერთი არაბული ანდაზა გამახსენა: ما فات مات (მა ფაათა მაათა), ანუ ის რამაც ჩაიარა მოკვდაო, დაახლოებით ისევე, როგორც ამ კაცისთვის (სურათზე) ჩაიარა იმ ქალმა და მოკვდა, კორიდორში რომ მიაბიჯებს ჩანთის ქნევით და ტოპ–მოდელის ნაბიჯებით…

P. S. ფოტო აღებულია flickr–იდან (ბმული)

Written by linguistuss

January 2, 2011 at 10:50 pm

მარადონას სიყვარულში (Amando Maradona)

with 2 comments

ეს ფილმი რომელიღაც იტალიურ ვარეზნიკზე ვიპოვე. მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალი ესპანურადაა და იტალიური სინქრონი ადევს, ფილმი ისეთ უნიკალურ კადრებს შეიცავს, რომ საყურებლად ღირს. ჰოდა, ვაგრძელებ უცხო ენების მოყვარულთა გახარებას. ამჯერად იტალიურის მცოდნე მარადონელები გაიხარებენ ყველაზე მეტად.

P. S. ვისაც ჰგონია, რომ ფილმის სათაურში R გამორჩათ მათთვის ვიტყვი, რომ Amando იტალიურად Amare ზმნის გერუნდივია და ნიშნავს იგივეს, რასაც ინგლისური “loving” და რუსული “любя”.

გადმოსაწერი ბმული ქართული სერვერიდან: ბმული
გადმოსაწერი ბმული უცხოური სერვერიდან: ბმული

Written by linguistuss

December 5, 2010 at 5:53 pm

Posted in სხვა

Tagged with

ეს რუსთაველი ვიღა იყო?!

with 8 comments

გთავაზობთ უმბერტო ეკოს ტრადიციული სვეტის თარგმანს, რომელიც 2010 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ “ესპრესოში”.

მივდივართ გლობალიზაციისათვის შესაფერისი განათლებისაკენ მაშინ, როდესაც განათლებული ევროპელების 99 %–მა არ იცი ვინ არის ყველაზე დიდი პოეტი ქართველთა შორის ისტორიის მანძილზე?

ჰაროლდ ბლუმმა 1994 წელს ე.წ. “დასავლური სამყაროს საგანძური” შეადგინა, კანონიკური სია, რომელშიც 26 ავტორი მოხვდა. თავად ამ საგანძურის შექმნის იდეა ემყარება შეკითხვას: “რისი წაკითხვა უნდა სცადოს ამ ისტორიულად დაგვიანებულ დროში ადამიანმა, რომელსაც კვლავ აქვს რაიმეს წაკითხვის სურვილი?”. ჰაროლდ ბლუმი ასევე დააკვირდა იმ გარემოებას, რომ დატვირთული სამეცნიერო პროგრამები მხოლოდ ცოტაოდენი დიდი მწერლის შემოქმედების გაცნობის შესაძლებლობას იძლევა სწავლისთვის გამოყოფილი ცამეტი წლის მანძილზე და ამავდროულად სხვა ლიტერატურული ტრადიციის მქონე მწერლების შემოქმედება იგნორირებული რჩება. თუმცა თუ მხოლოდ დასავლური ტრადიციის ფარგლებში დავრჩებით და სხვაგან არ გავიხედავთ, მოდით დავსვათ შეკითხვა – მაინც რომელია ის წიგნები, რომლებმაც მაგალითისთვის ფრანგული, ან ფინური კულტურის ფორმირება მოახდინეს და რომელთა წაკითხვა თითოეულ დასავლელს ევალება? რა თქმა უნდა ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა დანტეს “ღვთაებრივმა კომედიამ”, შექსპირმა… თუ კიდევ უკან წავალთ ჰომეროსმა, ვირგილიუსმა, სოფოკლემ. მაგრამ იმიტომ ხომ არ განვიცდით ამ ავტორების ზეგავლენას, რომ ჩვენ მათი წიგნები წავიკითხეთ?

ნაუცბათევად კაცს ბაიარდის წიგნი გაახსენდება, რომლის რეცენზია წინა სვეტებში შემოგთავაზეთ (“როგორ ვილაპარაკოთ წიგნზე, როცა ის წაკითხული არ გვაქვს”). ასევე დღესავით ნათელია, რომ ბიბლიამ არამხოლოდ ებრაული და ქრისტიანული კულტურები შექმნა, არამედ ურწმუნო დასავლელებისაც კი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ, ვინც ვახსენე, რომლებმაც ბიბლიის გავლენა განიცადეს, ის თავიდან ბოლომდე წაიკითხა. იმავეს თქმა შეიძლება მაგალითისთვის შექსპირზე, რომ არაფერი ვთქვათ ჯოისზე. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რამდენად აუცილებელია განათლებული ადამიანისათვის, თუნდაც ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის, ბიბლიიდან ვთქვათ “ლევიანნის” ან “რიცხვნის” წაკითხვა? აუცილებელია “ეკლესიასტე” გვქონდეს წაკითხული და მორჩა ამითი, თუ ასევე უნდა ვიცოდეთ ვინ თქვა “ამაოება ამაოთა და ყოველივე ამაო”?

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საგანძურში შემავალი ავტორების სია არ არის მსგავსი ამერიკულ სკოლებში არსებული სილაბუსისა, სადაც ზუსტადაა განსაზღვრული რა და რა უნდა წაიკითხოს სტუდენტმა სასწავლო კურსის განმავლობაში. ამას გარდა დღესდღეობით საგანძურის პრობლემა კიდევ უფრო გართულდა, რაზეც გასულ კვირას მონაკოში გამართულ სემინარზე, მწერალთა საერთაშორისო შეკრებაზე, დაისვა შეკითხვა თუ რა უნდა მოვიაზროთ საგანძურში თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში. თუ ევროპული ბრენდებით დამშვენებული სამოსი ჩინეთში იწარმოება, თუკი იაპონურ ავტომობილებსა და კომპიუტერებს ვიყენებთ, თუკი “აფრაგოლას” ჰამბურგერებს მივირთმევთ პიცის ნაცვლად, თუკი მსოფლიომ საერთო ჯამში პროვინციული განზომილებები მიიღო და თუ ჩვენი ქუჩის კუთხეში მეჩეთი გვაქვს და ჩვენს სკოლებში ფერადკანიანი ბავშვები სვამენ შეკითხვას შეისწავლიან თუ არა ისინი მათი რელიგიის შესაბამის საგნებს, მაშინ როგორიღა იქნება ახალი საგანძური?

ამერიკის ერთ უნივერსიტეტში ამასწინათ აჩვენეს, როგორ არის შესაძლებელი პოლიტკორექტულობა იქცეს პოლიტსისულელედ: უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ვინაიდან გვყავს ბევრი შავკანიანი სტუდენტი, ამიტომ არ არის აუცილებელი შექსპირი ვასწავლოთ და უმჯობესია მათ აფრიკული ლიტერატურა შევთავაზოთო. ხუმრობამ საბოლოო ჯამში ამერიკელი ყმაწვილები იქამდე მიიყვანა, რომ შემდგომში უკვე აშშ–ს მოქალაქეებმა არ იცოდნენ რას ნიშნავდა ფრაზა “ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი, ეს არის” და ამგვარად დომინანტური კულტურის მარგინალებად იქცნენ. უკიდურეს შემთხვევაში, დღესდღეობით იკვეთება ტენდენცია, რომ რელიგიის გაკვეთილებზე ბავშვებმა სახარების გარდა, უნდა იცოდნენ რაღაც ყურანიდან, ან ბუდისტური ტრადიციიდან და ასევე არ იქნებოდა ცუდი, რომ საშუალო მოსწრების სტუდენტმა, გარდა ბერძნული ცივილიზაციისა, შეისწავლოს ცოტა რამ დიდი არაბული, ინდური ან იაპონური ლიტერატურიდან. რამდენიმე ხნის წინ პარიზში ევროპელი და ჩინელი ინტელექტუალების შეხვედრას დავესწარი და ძალიან დამამცირებელი იყო ის ფაქტი, რომ ჩვენმა აზიელმა კოლეგებმა ყველაფერი იცოდნენ კანტზე, ან პრუსტზე და სწორ თუ არასწორ პარალელებს ავლებდნენ ლაო ძისა და ნიცშეს შორის მაშინ, როდესაც ჩვენ კონფუცის ვერ ვცდებოდით და იმასაც ყურმოკრულს.

საგანძურის ეკუმენური იდეალიც კი გარკვეულ სიძნელეებს აწყდება. შესაძლოა მოვუყვეთ ახალგაზრდა იტალიელს “ილიადა” და ავუხსნათ ვინ იყვნენ ჰექტორი და აგამემნონი და ავუხსნათ რატომ ქმნიან ისინი მის უმნიშვნელო კულტურას იმ გამონათქვამების მაგალითზე როგორებიცაა “პარისის სამსჯავრო”, ან “აქილევსის ქუსლი” (ბოლო დროს ერთ საუნივერსიტეტო გამოცდაზე ჩვენ ერთ ბაკალავრს ეგონა, რომ აქილევსის ქუსლი მრეცხავი ქალის მუხლის და ჩოგბურთელის იდაყვისგან არაფრით განსხვავდებოდა), თუმცა როგორ შევძლებთ დავაინტერესოთ იგი რომ “მაჰაბჰარატა” ან ომარ ხაიამი წაიკითხოს იმგვარად, რომ მიწოდებულმა ინფორმაციამ მინიმალური კვალი მაინც დატოვოს მის მეხსიერებაში? მივდივართ ჭეშმარიტად გლობალიზაციისათვის შესაფერისი განათლებისაკენ, მაშინ როცა განათლებულ ევროპელთა 99 %–მა არ იცის, რომ ქართველებისათვის ყველაზე დიდი ლიტერატურული ძეგლი რუსთაველის “ვეფხისტყაოსანია” და ევროპელები ასევე ვერ შევთანხმებულვართ (შეამოწმეთ ინტერნეტში) ამ ჩვენთვის უცნობ ანბანზე დაწერილ ნაწარმოებში მთავარ პერსონაჟს პანტერის ტყავი მოსავს, ვეფხვის, თუ ლეოპარდის? და კვლავაც ვაგრძელებთ საკუთარი თავისთვის შეკითხვის დასმას: “ეს რუსთაველი ვიღა იყო?!”

Written by linguistuss

December 5, 2010 at 2:10 am