ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘არაბული ენა

იხტიბარი, ანუ როცა ცდი, ცდი, ცდი, ცდი…

with 20 comments

ერთი უცნაური ჩვევა აქვთ ადამიანებს – შეცდომებზე სწავლობენ. ზოგი – საკუთარზე, ზოგი – სხვისაზე, მთავარი კი ის არის, რომ შეცდომა ამოძრავებს წინსვლას და განვითარებას, სისტემების სრულყოფას და მოდიფიცირებას. კარლ პოპერი უფრო შორს წავიდა და ისიც კი განაცხადა, რომ ამ მეთოდით, რომელსაც სამყარო ცდისა და შეცდომის მეთოდის სახელით იცნობს, თავად ბუნება ევოლუციონირებს და ჩვენ, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი ასე რომ ვაზროვნებდეთ რა გასაკვირიაო… მიუხედავად ზემოთქმულისა მე მაინც იხტიბარს არ ვიტეხ და ვამბობ, რომ მეორე მეთოდი – თეორიისა და მისგან გამომდინარე დასკვნების გაკეთების მეთოდი უფრო ქმედითია, არ შეიცავს თავის თავში განუზღვრელობებს და დიდ სისტემებთან საქმის დაჭერა უფრო მოსახერხებელია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ  ცდისა და შეცდომის მეთოდს საერთოდ იგნორირებას ვუწევ.

აი, მაგალითად ავიღოთ აი–ფონი, რომელიც მე არასოდეს მინახავს, არც ხელში მჭერია და საერთოდ მის სტრუქტურას, ისევე როგორც “ეფლ კომპიუტერს”–ის წარმოებულ სხვა ტექნიკას საერთოდ არ ვიცნობ (გაუმარჯოს Windows Mobile-ს და PC-ის). თუკი მოხდა სასწაული, შევიცვალე რელიგია და აი–ფონი ვიყიდე, რა თქმა უნდა, ყიდვისთანავე არ მივვარდები და ინსტრუქციის კითხვას არ დავიწყებ და არ გადავქექავ ფორუმებს. უმალვე შევეცდები საბაზისო ოპერაციებისა და ღილაკების ფუნქციონალობის ჩემით დადგენას, რაშიც ცდისა და შეცდომის მეთოდი უსათუოდ დამეხმარება. ინსტრუქციის კითხვა საბაზისო ოპერაციების გარკვევის შემდეგ იქნება ქმედითი. ახლა ავიღოთ, მაგალითად რომელიმე დიდი და ჩახლართული სისტემა, მაგალითისთვის, არაბული ენა. აქ საქმე პირიქითაა – ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე (ამ შემთხვევაში გრამატიკის სახელმძღვანელო იგულისხმება) ცდისა და შეცდომის მეთოდი არაფერს მოგვცემს. მას შემდეგ, რაც თეორია კარგად გვეცოდინება, ამის მერე შეიძლება პატარ–პატარა ექსპერიმენტების ჩატარება და შედეგების ანალიზი.

საინტერესო ის არის, რომ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც იხტიბარს არ იტეხენ და პატარა სისტემებთან ურთიერთობას ინსტრუქციების წაკითხვით იწყებენ, ვინაიდან ინსტრუქცია რამდენიმე გვერდიანი ბროშურაა და დიდ სისტემებთან კი სქელტანიანი სახელმძღვანელოების კითხვა ეზარებათ და შესაბამისად მამაპაპური ცდისა და შეცდომის გზით აპირებენ ფონს გასვლას. ორივე შემთხვევაში წამოწყება ამაოა და შედეგი მარცხი, ან დროის კარგვაა. არადა არსებობენ ისეთი ჭკვიანებიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ყველაზე ჭკვიანები არიან და მათი მეთოდი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში, აი იმათზე ვსაუბრობ თავზე რომ დაგადგებიან ხოლმე და ჭკვიანი სახით რჩევებს რომ გაძლევენ – აბა ამას დააჭირე, აბა ეს ქენი, აბა ის და ა.შ. ყოველთვის როდესაც ასეთ ადამიანებს ვაწყდები იხტიბარს არ ვიტეხ და დიდ სისტემებთან მიმართებაში თეორიას ვკითხულობ, პატარებთან კი – ყველა ღილაკს ერთდროულად ვაჭერ…

შეიძლება მოგეჩვენათ, რომ ჩემს დღევანდელ პოსტში სიტყვა “იხტიბარი” ზომაზე მეტად გამოვიყენე. დაკვირვებული თვალი, თუ ყური აუცილებლად შენიშნავდა ამას და მე სიტყვათა მარაგის ნაკლულობაში დამადანაშაულებდა, თუმცა არის ერთი გარემოება. სიტყვა იხტიბარი, უფრო სწორად მისი არგატეხვა ზუსტად აღწერს იმ პროცესს, როდესაც ცდი, ცდი, ცდი, ცდი… შეცდომებს უშვებ და გაუგებარია იქ, სადღაც მილიონი ცდის იქით ჭეშმარიტება პასუხის სახით არის თუ არა! სწორად ეს მშვენიერ სიტყვა გახდა ამ პოსტის დაწერის მიზეზიც და საბაბიც, ამიტომ მის შესახებ ქვემოთ მოგახსენებთ…

ძველ თბილისში აქტიურად გამოიყენებოდა სიტყვა “ხაბარი”, რომელმაც ქართულ ლიტერატურაშიც კი შეაღწია. ამაში რომ დარწმუნდეთ, შეგიძლიათ რომელიმე ქართულ ელექტრონულ რესურსზე, მაგალითად lib.ge-ზე, ეს სიტყვა დაძებნოთ. სომხური გამოთქმა “ინჩ ხაბარ”–იც შეიძლება ბევრს სმენია. თქვენ წარმოიდგინეთ სუაჰილიზეც კი რა არის ახალიო, ერთმანეთს რომ ეკითხებიან “ხაბარი განი”–ო ამბობენ. მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მთავარი კი ის არის, რომ სიტყვა ხაბარი არაბულიდან მოდის და ხ,ბ,რ ტრიადა ახალ ამბავთან, მის მოპოვებასთან, გადაცემასთან და ა.შ. არის დაკავშირებული. ზმნა “ხაბარა” მერვე თემაში “იხთაბარა” იქნება და მისი მნიშვნელობა შემდეგია: ცდა და ინფორმაციის მიღება ცდის შედეგად. მერვე თემის სახელზმნა ანუ, ე.წ. მასდარი “იხთიბაარ” არის და ფორმით და შინაარსით გადმოსცემს ზუსტად იმას, რასაც ინგლისურში “trying”, ანუ ცდა ეწოდება.

სულ მაინტერესებდა თუ რას ნიშნავდა ეს “იხტიბარი”, რომელსაც ქართულში მხოლოდ იტეხენ და სხვა არანაირი ფორმით არ გვხვდება. საინტერესო ის არის, რომ ვინმემ არაბული ანბანი რომ ისწავლოს და ლექსიკონის ფურცლვა დაიწყოს, ამ სიტყვას შიგნით ვერ აღმოაჩენს. მხოლოდ იპოვის, რომ “ხაბარა” ზმნის მერვე თემა არის “იხთაბარა”, რომელიც ცდას ნიშნავს. შესაბამისად ეს ის შემთხვევაა, როცა ჯერ თეორიას უნდა გაეცნო, ცდის და შეცდომის გზა უნდა დაივიწყო და მერე შეგიძლია თამამად განაგრძო იხტიბარის გაუტეხელობა მანამდე სანამ “იხტიბარ”–ის ეტიმოლოგიას ძირისძირამდე არ ჩაწვდები. მე არ გავიტეხე იხტიბარი, თქვენც ნუ გაიტეხთ…

Advertisements

Written by linguistuss

April 1, 2010 at 9:30 pm

მიშმიშის კვირაში

with 12 comments

ამ ახალი წლის დღეებში ყველაფერი თითქმის იგივე იყო, რაც წინა წლებში, დედაჩემის საახალწლო სუფრას ვგულისხმობ, ერთი გარგრის ჩირი დამაკლდა, რომელიც ძალიან მიყვარს… ჰოდა, ავიკვიატე და ავიხირე ეს გარგარი. აკვიატება ჩემგან დამოუკიდებელი პროცესია. ხან რას ავიკვიატებ ხოლმე და ხან – რას. ჰოდა აი, ამ ახალ წლებში გარგარი ავიხირე… გარგარი გახდა ამ ჩემი ნამთვრალევი დღეების თანამგზავრი.

გარგართან სიმპათიანარევი ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროიდან მაკავშირებს, როდესაც იტალიური გარგარი, ანუ “ალბიკოკკა” შემომხვდა. ასეთ სიტყვებს როდესაც აღმოვაჩენ ხოლმე, იმ დღეს მშვენიერ ხასიათზე ვარ, ვინაიდან ახალი სათამაშო მაქვს ჩემი გონებისათვის. ჰოდა, გარგარმა ჩემი ძველი სათამაშო “ალბიკოკკა” გამახსენა, დავგუგლე და დაიწყო…

თუ ზედა ამონარიდს დავუჯერებთ, ლათინური გარგარი “პრეკოკვუმ” არაბული “ალ–ბურკუკ” გამხდარა და ამის შემდგომ პორტუგალიურის გზით დატრიალებულა ევროპულ ენებში. რამდენიმე საუკუნის წინ არ ვიცი რა ხდებოდა, თანამედროვე არაბული ლექსიკონები ამბობენ “ალ–ბურკუკ” ქლიავიაო და გარგარს “მიშმიშ” ჰქვიაო, თუმცა არაბული ლექსიკონების ჩიჩქნამ ერთი მშვენიერი აღმოჩენა მაინც გამაკეთებინა არაბული გამოთქმის – ბუქრა ფილ მიშმიშ! – სახით, რომელიც სიტყვასიტყვით რომ ვთარგმნოთ “ხვალ გარგარობისას” გამოვა…

თურმე ნუ იტყვით და ეს ლათინური “პრეკოკვუმ” ანუ ადრედამწიფებული მოცემულ ფრაზოლოგიზმთან პირდაპირ კავშირში ყოფილა. ამონარიდი ეგვიპტური გაზეთის “ალ–აჰრამის” სტატიიდან, გახსენებაზე იმასაც ვიტყვი, რომ ალ–აჰრამ – “პირამიდებია” არაბულად:

The apricot season in Egypt is notoriously short. Its fragile flowers blossom in the Coptic month of Amsheer, the windiest month of the year, which inaugurates the Khamsine season. Very few of the flowers survive to become mishmish, or apricots, the first fruit to appear, fleetingly, after winter’s dreary regimen of citrus fruits and bananas. Apricots can all too easily be missed in the inundation of plums, peaches, grapes and watermelons that follows. In Egyptian vernacular Arabic, bukra fil mishmish — tomorrow, when the apricots come — expresses a mythical tomorrow that will never arrive.

გარგარის სეზონი ეგვიპტეში ხანმოკლე და იმდენად შეუმჩნეველი ყოფილა, რომ ადგილობრივები ვერც კი ასწრებენ გარგრის სეზონის დადგომის დაფიქსირებას. თურმე ადგილობრივი ქარების წყალობით თითო–ოროლა ნაყოფი ასწრებს ხეზე დამწიფებას, რომელსაც ეგვიპტელები “მიშმიშ”–ს უწოდებენ. ჰოდა, ამ ყველაფრის გათვალისწინებით ფართოდ გავრცელებული გამოთქმა დამკვიდრებულა – “ხვალ გარგარობისას” – ქართულად რომ ვთქვად – “როდინობის კვირაში” – ანუ არასოდეს!

ახალ წელს ჩვენმა პრეზიდენტმაც მოგვილოცა, როგორც ყოველთვის დაგვპირდა განათებულ ქუჩებს, დაგებულ გზებს და ნათელ მომავალს… და სანამ ის გაბრწყინებულ ივერიაზე საუბრობდა, მანამდე მე, გარგარაკვიატებულს ერთმა აზრმა გამიელვა… მივხვდი, რომ მიშმიშის სეზონზე მიცემული არაბული დაპირებები ქართულ რეალობაშიც არანაკლებ აქტუალური ყოფილა…

შირბახტ გაიღე!

with 16 comments

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 99% არ იცის რა არის შირბახტი
უცნობი ქართველი იუზერი

დღევანდელ პოსტს შეკითხვით დავიწყებ: თუ იცით როგორ ითარგმნება შირბახტი არაბულ და ლათინურ ენებზე? – ამ შეკითხვის პასუხი ორი სიტყვისაგან შედგება, ერთი ლათინური და მეორე არაბული, თქვენ ორივე გსმენიათ და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს დაფიქრებულხართ, თუ რატომ იხმარება ეს ორი სიტყვა, როგორც სინონიმები… თქვენ მანამდე იფიქრეთ, მე კი ფრანგი ორიენტალისტის ანტუან გალანის ქებათა–ქებას შევუდგები. თუმცა იგი ჩემამდე უკვე იმდენჯერ შეაქეს, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ მხოლოდ იმას გავიხსენებ, თუ რა უთხრა  ხორხე ლუის ბორხესმა ერთხელ თავის სტუდენტებს: ანტუან გალანი ეს ის კაცია, რომლის მეოხებითაც რომანტიზმი იშვა ევროპაშიო. დიახ, სწორად მან, პირველმა თარგმნა ათას ერთი ღამის ზღაპრები ფრანგულ ენაზე და სრულიად ევროპას გააცნო ეს ნაწარმოები.

ამას წინათ ვიყიდე “პარნასში” ანტუან გალანისეული Les Mille et Une Nuits-ის ოთხტომეული სულ რაღაც ათ ლარად, ჩამოფასებულ წიგნებში იდო საწყლად და ზედ არავინ უყურებდა… სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე სფეართაიმის (ამ ბოლო დროს ასე საუბარია მოდაში!), ანუ თავისუფალ დროს. განსაკუთრებით მთარგმნელისეულ ჩანართებზე ვხალისობ. ერთი ადგილია პირველივე ტომში მებარგულს სამი ქალბატონი რომ შეიპატიჟებს, მერე რომ გაშიშვლდებიან და რომ წავა ერთი ალიაქოთი… ეს პასაჟი, კარგად მახსოვს, ქართულ თარგმანში უკიდურესი ნატურალიზმითაა  აღწერილი, ანტუან გალანი კი ასეთ დროს თხრობას წყვეტს და ამბობს: მერე იქ ისეთი ამბავი ატყდა, აღზრდა არ მაძლევს უფლებას დეტალებს ჩავუღრმავდეო… ასეთ მონაკვეთებს მრავლად წააწყდებით მასთან, განსხვავებით რიჩარდ ბარტონის ინგლისური თარგმანისაგან, რომელსაც, როგორც ჩანს, ეგონა ისევ კამა–სუტრას ვთარგმნიო და კამა სუტრაში აკრეფილი ინერცია Arabian Nights–შიც გაყვა და ისეთი თავაშვებით აღწერა გალანის მიერ მიჩქმალული ეპიზოდები, რომ თვით ტინტო ბრასსაც კი შეშურდებოდა…

ჯერ სათაურზე ვიტყვი ორ სიტყვას… ფრანგულად სიტყვასიტყვით ზემოხსენებული Les Mille et Une Nuits, “ათას და ერთ ღამეს” ნიშნავს, რომელიც არაბულად უფრო პოეტურად ჟღერს – ألف ليلة وليلة (ალფ ლაილა ვა ლაილა) – სიტყვასიტყვით “ათასი ღამე და ღამე”). თუ ვინმეს “ლაილა” ეცნო და ქალის სახელს, ლეილას მიამსგავსა, მინდა მივულოცო, რომ ინტუიციამ არ უმტყუნა. ნამდვილად, “ლაილა” ღამეს ნიშნავს არაბულად… ყველას კარგად მოეხსენება, რომ ათას ერთი ღამის ზღაპრები, შეიძლება ითქვას, შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ყოფა–ცხოვრების ენციკლოპედიაა, სადაც მოთხრობილი ამბები ყველას სმენია, ორიგინალურ ვარიანტში თუ არა, მულტფილმი მაინც უნახავს რამე ალადინის, ჯინისა თუ ჯაფარის შესახებ…

ანტუან გალანის თარგმანი განსხვავებით სხვა თარგმანებისაგან იმითაც გამოირჩევა, რომ თავისუფალი და არააკადემიურია. იგი სადაც უნდა ამოკლებს ამბავს, სადაც უნდა – აგრძელებს, რაც არ მოსწონს საერთოდ იგნორირებას უკეთებს და უფრო მეტიც, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ გალანმა არაკანონიკური ზღაპრები ღამეებისეულ ზღაპრებად გაასაღაო… ერთ–ერთი ასეთი ზღაპარი “ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღია”, რომელიც თუ მავან კირკიტა მეცნიერებს დავუჯერებთ, არ შედიოდა ღამეების კლასიკურ ვარიანტში და გალანს ჩაუმატებია. ამ ზღაპრის მრავალი ვერსია არსებობს, მე–17 საუკუნეშიც უყვებოდნენ ალიბაბას ზღაპარს აღმოსავლელი შავთვალება ლეილები თავის შვილებს, ჰოდა ჩვენს ანტუანსაც, ერაყში თუ ეგვიპტეში მოსმენილი ზღაპარი იმდენად მოსწონებია, რომ ათას ღამესთვის კიდევ ერთი დაუმატებია, დიდი ამბავი! დაიქცა ქვეყანა!

თქვენი არ ვიცი და მე მადლიერი ვარ მუსიე ანტუანის. ალიბაბას ზღაპარი კი ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი უსაყვარელი ზღაპარია. მშვენიერი მორგიანა (არაბული მურჯანა უფრო კარგად ჟღერს), ნაფლეთებად ქცეული ყასიმი, ბეყე ყაჩაღები და მაგიური მთა რომელ მკითხველსა თუ მსმენელს დატოვებენ გულრგილს?! ვიღაცამ შეიძლება იფიქროს მოგცლიაო, საიდან გაგახსენდა ახლა ალიბაბაო… მართალია, სრულებით არ გამახსენდებოდა ალიბაბას ისტორიიდან ჩემი არაბულის წიგნში ამონარიდი რომ არ ყოფილიყო, სადაც მაგიურმა “სიმსიმ”–მა მიიპყრო ჩემი ყურადღება, უფრო კი იმან, რომ “სიმსიმ”–თან იქვე სქოლიოს ნიშანი ჰქონდა დასმული და განმარტებაში ეწერა “სიმსიმ” ქუნჯუტი, იგივე შირბახტიაო…

ქუნჯუტი, თუ შირბახტი (მაინც ვერ გავიგე ეს ორი სახელი რა საჭიროა) ქართულ ენაში იმ მცენარის აღსანიშნად გამოიყენება, რომლის მარცვლებიც მაკდონალდისეულ ბიგ–მაკის ბულკს აყრია ზემოდან წვრილ–წვრილად… ამ მცენარეს აღმოსავლეთში დიდ პატივს სცემენ, უფრო მეტიც ქუნჯუტი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. იყიდება ქუნჯუტის პურები, მისგან გამოხდილი ზეთი და ათასი აღმოსავლური კერძის უმთავრესი კომპონენტია ქუნჯუტი… ერთი სიტყვით ეს მცენარე იმდენად გავრცელებულია, რომ მისი არაბული ვარიანტი “სიმსიმ” ალიბაბას ზღაპარშიც კი მოხვდა… სანამ ქუნჯუტზე თხრობას განვაგრძობდე აქვე იმასაც დავძენ, რომ ლათინურად შირბახტი Sesamum არის და აქედანაა ნასესხები ალიბაბას მაგიური ფორმულა: “სეზამ გაიღე!”

შეიძლება შეკითხვა დაგებადოთ, სად ალიბაბა და სად ქუნჯუტიო, ამიტომ ზღაპრის პატარა ნაწყვეტს გავიხსენებ, სადაც ალიბაბას ძუნწი და გაუმაძღარი ძმა ყასიმი, შეიტყობს რა ძმისგან  მაგიური მთისა და განძეულობის (არაბულად مجوهرات – “მუჯავჰარაათ”, ეს სიტყვა მიყვარს!) შესახებ, ათ ვირს შეკაზმავს და გაემგზავრება მისკენ… “სიმსიმ გაიღეო” შესძახებს და აურაცხელი ოქროულობით თვალები ისე დაევსება, რომ გამოსვლისას პაროლი დაავიწყდება და დაიწყებს ნაირ–ნაირი მარცვლოვანი კულტურის ჩამოთვლას, ხორბლიდან დაწყებული შვრიით დასრულებული, თუმცა ქუნჯუტს ვერ გაიხსენებს… ბოლოს მოვლენ ყაჩაღები, აკუწავენ და აღარ არის საინტერესო…

ბავშვობაში სულ მიკვირდა ერთი და იგივე პაროლი ჰქონდა ამ მთას და თუ შესვლისას იცოდა ამ ოჯახაშენებულმა, გამოსვლისას როგორღა დაავიწყდა მეთქი… ამ ფაქტს აღმოსავლეთში დაახლოებით ისე ხსნიან, როგორც ჩვენში რამე იმდენად ცნობილს რომ ვერ იხსენებ და “ჭადის სახელი დამავიწყდაო” რომ იძახი… ჰოდა ვერ გაიხსენა ამ ყასიმმაც ქუნჯუტის სახელი და ძვირადაც დაუჯდა, რომ მიდიოდა რას მიდიოდა?!

…ამით დავასრულებ, ერთი პოსტის კვალობაზე სიტყვა ძალიან გამიგრძელდა.

არაბულის ფაქიზი შარმი

with 7 comments

arab
არც თუ ისე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც არაბულით დავინტერესდი. ვინც ჩემს ბლოგს თვალყურს ადევნებს ემახსოვრება ჩემი ადრეული პოსტები, სადაც ჯერ კიდევ კითხვას ვსწავლობდი. ბოლო დროს ახალი გასართობი მაქვს – არაბული კლავიატურა ვისწავლე, როგორც იქნა, და უკვე შემიძლია სავარჯიშოების გაკეთება და მარტივი ტექსტების წარმოება არაბულ ენაზე, რაც ტექსტებში მოცემული თარგმანებით შემოიფარგლება. აღმოვაჩინე, რომ გამიათკეცდა ამ ენით დაინტერესება, არადა, კაცმა რომ თქვას, რა მოხდა, აკრეფა ვისწავლე, მეტი ხომ არაფერი?! რათა ზედმეტი შეკითხვები არ დარჩეს, აქვე განვმარტავ, რაც მოხდა ერთი მაგალითის ფონზე… ერთ–ერთ ტექსტში მოცემული იყო სავარჯიშოები, სადაც  ახალი სიტყვები უნდა ჩამესვა და მერე წერილობით პასუხი გამეცა. ძირითადად, როცა რაიმე ახალი სიტყვა მხვდება ბარანოვის ლექსიკონში, ან lessan.org-ზე ვნახულობ ხოლმე, თუმცა ერთმა ტექსტმა ნერვები მომიშალა:

arab2

ზემოხსენებულ ტექსტზე ჩემს მუდარისას, ანუ არაბულის მასწავლებელს განვუცხადე ჩემით გავარჩევ და რასაც მთხოვენ თავად გავართმევ თავს მეთქი და დაიწყო! თან პრობლემა ის არის, რომ ყველა სიტყვა, რაც გავიარეთ ასე თუ ისე მახსოვს და თუ არადა ვიხსენებ, მაგრამ როცა ტექსტში პირველად მხვდება საეჭვო წარმომავლობის სიტყვა, ან ფრაზა მაშინ იწყება თავის ტკივილი. თან პრობლემას ის ქმნის, რომ მოკლე ხმოვნები არ წერია და გიწევს მარჩიელობა. პირველ ხაზგასმულ ფრაზაში იმან მიშველა, რომ სახელი “რალფი” ამოვიკითხე და მერე ვიკიპედიაში მოვძებნე, ვიღაც რალფ ნადერი ყოფილა არაბული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკოსი. უფრო ქვემოთ “შუქულათა” მივხვდი, რომ შოკოლადი იყო, მაგრამ მის გვერდით ხაზგასმული “ალ–ბითიზაა” კარგა ხანს ვეძებე ლექსიკონებში. ვერსად რომ ვერ ვნახე, მერე გუგლში ჩავწერე და მადისმომგვრელი პიცა რომ შემეფეთა პირველივე სურათში, მივხვდი რომ “ალ–ბითიზაა” არაბულად “პიცა” ყოფილა! ძალიან სახალისო იყო “ბინაია იმბაირ სთაით”–იც. თუმცა ეს არსად არ მიძებნია, უმალვე მივხვდი, რომ “ემპაია სთეით ბილდინგ”–ზე იყო საუბარი, სულ ქვემოთ ხაზგასმული “ფლურიდაა”–ც ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ სულ ბოლო ხაზზე ბოლო ორი სიტყვა, რომლის ხაზგასმაც დამავიწყდა – “ალ–ვილაიაათ–ულ–მუთთაჰიდა” იყო საბოლოო აკორდი. ბოლოს ამაშიც ვიკიპედიამ მიშველა და, როგორც აღმოჩნდა, “შეერთებული შტატები” ყოფილა ეს “ვილაიათ მუთთაჰიდა”!

ყოველ ახალ ტექსტზე სულ ვიძახი, რომ ვა, ეს რა საინტერესოა, აი ამაზე უნდა გავბლოგო და მერე მავიწყდება ხოლმე. დღესაც ასე დამემართა, როცა აღმოვაჩინე, რომ ქართული მივიწყებული სიტყვა “ხასა”, რომელსაც საყვარლის მნიშვნელობით ხმარობდნენ ჩვენი მამა–პაპანი და სიტყვა “ხასიათი” ორივე არაბული წარმომავლობისაა და ერთი ძირიდან მომდინარეობს. პირველი არაბულში ზედსართავია და “პირადულს” ნიშნავს, მეორე კი – “გამორჩეულობას”… მსგავსი მაგალითები ბევრია, თუმცა მათზე შემდეგ პოსტებში, სხვა დროს ვისაუბრებ…

Written by linguistuss

October 4, 2009 at 1:13 am

პიქტოგრამა – უნივერსალური დამწერლობა

with 6 comments

313237

ჩემი არაბულით დაინტერესება მეორე ფაზაში გადავიდა. უფრო სწორად, თავდაპირველი ჩანაფიქრი ანბანის ათვისება და კითხვის სწავლა იყო. ამ ყველაფერს კი პრაგმატული მიზნები ჰქონდა, როცა რაიმე სიტყვას ვეძებდი ხოლმე, ლექსიკონებით მამაჩემთან დავრბოდი – აქ რა წერია და აქ რა მეთქი, ჰოდა არაბულის და სპარსულის ლექსიკონებით პატარა ბავშვივით სირბილი რომ მომბეზრდა, სწორად ამიტომ გადავწყვიტე ანბანის შესწავლა. ჩანაფიქრი სისრულეში მოყვანილია: ყველა ასოს ნებისმიერ მოდიფიკაციაში ვარჩევ და შესაბამისად გამეხსნა…

ჩემს წიგნში თითოეული გაკვეთილის ბოლოს ერთი არაბული ანდაზაა ხოლმე მოცემული, რომელსაც ძირითადად თარგმანი არ ახლავს და შესაბამისად სწავლის მძებნელი პირის დავალებაც ის გახლავთ, რომ გაშიფროს და თარგმნოს მოცემული ანდაზა. პრობლემა კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ ხშირად ტექსტს სიტყვა–სიტყვით თარგმნი და აზრი კი არ გესმის, ვინაიდან არაბული ანდაზები თურმე კი არა(!) პირდაპირ, ანუ “ბუკვალურად” (რა უშნოდ დამკვიდრდა ეს სიტყვა) არ გადმოდის ჩვენს ენაზე  და გიწევს თავის მტვრევა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კარაკულები. ერთი სიტყვით ჩემნაირი ლინგვო–მაზოხისტებისათვის მისწრება გასართობია…

დღევანდელ გაკვეთილში ასეთი ანდაზა იყო წარმოდგენილი:

araband

მოცემულ ფრაზაში სულ ოთხი სიტყვაა, შუაში კავშირი “და”–თი გაერთიანებული. ფრაზის პირველი ნახევარი – “ალ ყაინუ ბასირათუნ” ითარგმნება როგორც – “თვალი კარგად მხედველია”, მეორე ნახევარი – “ალ–იადუ ყასირათუნ” კი ასე – “ხელი მოკლეა”. შესაბამისად მთლიანობაში სიტყვასიტყვით თარგმანი ასეთია – “თვალი კარგად ხედავს და ხელი მოკლეა”.

ამიდუღდა ტვინი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე კონტექსტი, რომელშიც ეს არაბული ანდაზა ქართულად გამართულად იჟღერებდა. ბოლოს ჩემმა გონებამ საბოლოოდ რომ გაჭედა მივმართე გუგული დეიდას. ავკრიფე ეს ანდაზა არაბულად, როგორც საჭირო იყო, მაგრამ რად გინდა, ყველა გვერდი რომელიც ძებნის დროს ვნახე – არაბული იყო. ჩემდა გასახარად ტუნისში მცხოვრები არაბების ფრანგულენოვანი ბლოგებიც ვიპოვე ამ ძიება–ძიებაში, საკმაოდ საინტერესო პოსტებით, თუმცა ამ ანდაზის ახსნა–განმარტება ამ ფრანგულ ბლოგებზეც არ ეწერა. საბოლოოდ კი პოსტის თავში წარმოდგენილი კარიკატურა ვიპოვე, რომლის კომენტარსაც ზუსტად ეს ანდაზა წარმოადგენს და სურათმა ყველა წერტილი დასვა ყველა i–ზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე უნივერსალური ანბანი პიქტოგრამული ხასიათისაა. აბა გიჟები კი არ არიან იაპონელები, ცოცხალი თავით რომ არ თმობენ თავის იდეოგრამებს, თავის პროტესტს იმით ასაბუთებენ რა, რომ ჩვენი დამწერლობა “სურათული” ხასიათისაა და ტექსტი ამ იდეოგრამებით, რომელიც თავის მხრივ გამარტივებული პიქტოგრამებია, უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სხვა “ანბანური” დამწერლობებიო.

Yes, I am a table

with 3 comments

საქართველოში სუფრა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა წმიდათაწმიდათა ცნებების კატეგორიას განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, შევეცდები და ჩემს “მკრეხელურ” კვლევა–ძიებას მაინც დავდებ მაგიდისა და ტაბლის შესახებ, რომლებზეც ორივეზე ხუჭავს სულხან–საბა თვალს და არც ერთზე ამბობს არაფერს და არც მეორეზე, ანუ ორივეს ქართულად ასაღებს (მიჩუმათება ამ შემთხვევაში ქართულად გასაღებას ნიშნავს, როცა გვერდზე ბატზე გიწერია სომხურიაო და ქართულად ღერღეტი ჰქვიაო). ჰოდა, იმის თქმა მსურდა, რომ ვაგრძელებ ჩემს არაბულ ოდისეას და დღესაც ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ, ამჯერად მე–19 გაკვეთილიდან:

table1

ტრანსკრიპტი:  “უაჯადთუჰაა ‘ალაალ–მაა’იდათი”. თარგმანი:  “ვიპოვე ის მაგიდაზე”. ხომ არაფერი გეცნობათ? – მე კი. მაგიდა არაბულად არის “მაა’იდათუნ”. აქედან ეს ‘ (აპოსტროფი), ‘აინად წოდებული ხახისმიერი ბგერაა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და რომელიც არაბულში სრულფასოვანი თანხმოვანია. არაბულის ფრანგულ თვითმასწავლებელში, საიდანაც არაბულის ვირუსი შემეყარა, წერია, რომ აი, ეს ბგერა ღებინების დროს რომ გამოვცემთ ის ბგერააო. არაბები კი თურმე ამ ‘აინზე ამბობენ, რომ ეს აქლემის მიერ გამოცემული ხმა არისო. არაბების და აქლემის სიყვარულზე კი შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ ცალკე ვრცელ საუბარს, არ შეიძლება ამ თემის ორი სიტყვით მიფუჩეჩება…

ჰოდა, იმას ვამბობდი რომ “მაა’იდათუნ”–ში აპოსტროფი აქლემის ხმიანობაა, “–ათ” იმის მიმანიშნებელი რომ სიტყვა მდედრობითი სქესისაა და “–უნ” კი განუსაზღვრელი არტიკლის მაგვარი ნაწილაკი, ასე რომ ჩვენს მაგიდასა და “მაა’იდათუნ”–ის ფუძეს მხოლოდ ერთი ‘აინი ანსხვავებს თუ გრძელ ა–ზე თვალებს დავხუჭავთ და იმას გავითვალისწინებით, რომ მე ოდესღაც ალბათობის თეორია ნასწავლი მაქვს, რომელიც ამბობს რომ, თუ ეს დამთხვევაა, მაშინ ასეთი დამთხვევა ხვალ, სახლიდან გასული, სადარბაზოსთან, დინოზავრს რომ გადავეყრები იმის ალბათობას უდრის დაახლოებითო, შესაბამისად ვასკვნი – მაგიდაც არ ყოფილა ჩვენი, რომლის შესახებაც თვით სულხან–საბა ხუჭავს თვალებს…

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტაბლაზე თვალების დახუჭვა, ლინგვისტურ უნამუსობას ჰგავს, იმედნად თვალშისაცემია მსგავსება ინგლისურ–ფრანგულ table-სა და ტაბლას შორის. თუმცა აქვე ერთი რიტორიკული შეკითხვა მებადება: ვინ იცის, სულხან–საბას დროს რომელი უფრო თვალშისაცემი იყო “მაა’იდათუნ” რომ მაგიდაა, თუ table, რომ ტაბლაა?! მაშინ ხომ აღმოსავლური ენები უფრო იცოდნენ განათლებულმა–”პერო” ქართველებმა, ვიდრე ევროპული ენები…

ხარჯი და ბაითი

with 5 comments

დღეს მეთხუთმეტე გაკვეთილამდე მივედი არაბულში და პირველად ვიგრძენი წაბორძიკება. ამ განუსაზღვრელმა არტიკლებმა თუ ბოლოსართებმა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების აღმნიშვნელბა ნაწილაკებმა, რომლებიც სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა რიცხვში სხვადასხვანაირად ჟღერს და იწერება, ცოტა არ იყოს ტვინის გამრუდება დამიწყო, თუმცა ეს აქ არაფერ კავშირშია, ისე უბრალოდ გამახსენდა. ჰოდა მე–15 გაკვეთილის ფინალში რომ გავედი და სავარჯიშოების კეთება რომ დავიწყე, შემომხვდა ასეთი წინადადება:
deux_mots21 ტრანსკრიპტი ამ ფრაზის ასეთი იქნება: “ხარაჯა–ლ–უალადუ მინ–ალ ბაიითი”. თარგმანი კი ასეთი – “გავიდა ბავშვი სახლიდან”. მოცემულ წინადადებაში “ხარაჯა” არის გავიდა, “ბაიითი” კი – სახლი, რომლის ბოლოკიდურა “ი” იმას განსაზღვრავს, რომ ეს სიტყვა ირიბ დამატებას წარმოადგენს, ჰოდა ამ გრამატიკულ ამბებს თავი რომ დავანებოთ და უფრო გლობალურ საკითხზე  რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ქართულ ჟარგონში სიტყვა “ბაითი” და ლიტერატურულ ქართულში – სიტყვა “ხარჯი” (გასავალი) ორივე არაბულიდან შემოსულა… მაშ!

Written by linguistuss

January 24, 2009 at 11:44 pm