ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘აშშ

პერიოდული შეკითხვა #31

with 8 comments

აშშ–ს რომელ ქალაქშია გადაღებული ეს ფოტო? სწორ პასუხებს დავმალავ :)

Advertisements

Written by linguistuss

January 11, 2011 at 5:17 pm

ფრენბურთი საზღვრებს გარეშე

with 15 comments


1895 წელს უილიამ მორგანს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ჰოლიოკში ახალი თამაშის იდეა დაებადა, რომელსაც მინტონეტი უწოდა და ეს თამაში ჩოგბურთის და ხელბურთის უკანონო შვილად შეიძლება მოინათლოს, ვინაიდან ამ ორი სპორტით გატაცებულმა მორგანმა ახალი ჰიბრიდი შექმნა, სადაც ჰარმონიულად იყო შერწყმული ორივე თამაშის წესები.

რას წარმოიდგენდა უილიამ მორგანი, რომ შემდგომში Volleyball–ად წოდებული მისი პირმშო 1979 წელს ამერიკელთა და მექსიკელთა დამეგობრების მიზეზი გახდებოდა. ფოტო 1979 წელსაა გადაღებული და აღებულია კლეიტონ კუბიტის ფოტობლოგიდან (იხ. ბმული). თითქოს არაფერია მასში უჩვეულო, გარდა ერთი დეტალისა: ბადეს აშშ–მექსიკის საზღვარი წარმოადგენს და ორივე მოასპარეზე მხარე – თავის ტერიტორიაზე თამაშობს.

Written by linguistuss

May 18, 2010 at 2:26 pm

მაკდონალდსის ქსელი

with 24 comments

mcd
ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკელთა ბლოგებზე ეს რუკა გაჩნდა, რომელიც მაკდონალდსის ქსელის განაწილებას აჩვენებს. აშშ–ს რუკაზე დატანილი 13000 წერტილი მაკდონალდსის რესტორნებს აღნიშნავს. ბედნიერი ვარ იმით, რომ თბილისის რუკაზე სულ სამი ასეთი წერტილია და მეტი არა!

Written by linguistuss

September 24, 2009 at 1:08 pm

12.00 pm თუ 12.00 am – რომელია სწორი?

with 13 comments

ამასწინათ სამსახურში Oracle Corporation-დან წერილი მოგვივიდა, ზეგ ჩამოვდივართო და 12.00 pm–ზე შეხვედრა იქნებაო. ჩემი თანამშრომელი მეკითხება, ხომ არ იცი, ეს 12.00 pm შუადღეა თუ შუაღამეო? – მე ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, რომ შუაღამე გამოდის მეთქი, მაგრამ არალოგიკური იყო, შეხვედრა შუაღამისას ვერ შედგებოდა! ამ ამბავს დიდხნიანი გარჩევა მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩემი ფრაზით დასრულდა: ამერიკელების დედაც ჯეკ!

მოდით ყველაფერი თავიდან დავიწყოთ და ჯერ ენობრივი საკითხი გავარკვიოთ. თითქმის ყველას, ვისაც ინგლისურს ასწავლიან და როცა დგება ჟამი I am a table-იდან What time is it-ზე გადასვლისა, მოძღვრავენ, რომ ეს ორი ჯადოსნური აბრევიატურა: PM და AM – Past Meridian–ს და After Meridian–ს ნიშნავსო – არადა როგორ ცდებიან! სინამდვილეში ამ ორ აბრევიატურაში შემავალი სამი სიტყვიდან არც ერთი არ არის ინგლისური ენის ნაწილი, სამივე – ლათინურია. საუბარი გვაქვს სიტყვებზე: Ante, Post და Meridies – რომელთაგან პირველი ორი დროის წინსართებია და “მდე”–ს და “შემდეგ”–ს აღნიშნავს, Meridies კი – შუადღეა. ამასთან ფრაზაში ეს შუადღე ბრალდებით ბრუნვაში დგას და ამიტომაცაა, რომ ეს ორი აბრევიატურა ასე იშიფრება:

  • PM – Post Meridiem – შუადღის შემდეგ
  • AM – Ante Meridiem – შუადღემდე

მას შემდეგ, რაც ენობრივი საკითხი გავარკვიეთ, მოდით ლოგიკურ ნაწილზე გადავიდეთ. საუბარი გვაქვს დროის აღრიცხვის 12 საათიან სისტემაზე, რომელსაც შორეული წარსული აქვს და რომლის ფესვებიც ძვ. ეგვიპტესა და შუამდინარეთში იკარგება. მესოპოტამიასა და ეგვიპტეზე ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ძველ რომში 12 საათიანი სისტემა ზუსტად იგივე იყო, რაც ახლა გვაქვს, თავისი PM/AM–ით, ამიტომაც რა გასაკვირია, რომ მთელს პლანეტაზე დროის უნიფიკაციისა და სისტემაციის დროს 12 საათიანი აღრიცხვისათვის ძვ. რომაული ტრადიცია აეღოთ ბაზისად! თუმცა მთელი სიგრძე სიგანით ამ ტრადიციას როგორც ჩანს არავინ მისდევს. ერთი სიტყვით, 12.00 PM–იც და 12.00 AM–იც ორივე ერთი და იმავე დროზე – შუაღამეზე – მიუთითებენ, ოღონდ განსხვავება იმაშია რომ ეს შუაღამეები სხვადასხვა დღის გასაყარს ეკუთვნის. შუადღიდან უკან გადაზომილი 12 საათი და შუადღიდან წინ გადაზომილი 12 საათი – ორივე შუაღამეზე უწევს!

ორაზროვნება თავიდან რომ აეცილებინათ რომაელები, როცა საუბარი ჰქონდათ ზუსტად შუადღეზე და შუაღამეზე, Post Meridiem/Ante Meridiem ფორმულაზე უარს ამბობდნენ და პირდაპირ შუადღეს (Merides), ან შუაღამეს (media nox) იძახდნენ. ეს ტრადიცია შემდგომში ინგლისშიც გავრცელდა და დღესდღეობით არსებობს პირდაპირი მითითება, რომ შუადღეს და შუაღამეს noon და midnight უწოდონ და არ გამოიყენონ ეს ჯადოსნური აბრევიატურები PM/AM სახით, თუმცა ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებოდნენ, ორიგინალობა რომ არ დაეწყოთ?!

მაგალითისთვის, გრინვიჩის ეროვნული მუზეუმის საიტიდან ამონარიდიც კმარა:

Is noon 12 a.m. or 12 p.m.? 12 noon is neither a.m. nor p.m.
To avoid confusion, the correct designation for twelve o’clock is 12 noon or 12 midnight. Alternatively, the twenty-four-hour-clock system may be used.
The abbreviation a.m. stands for ante-meridiem (before the Sun has crossed the line) and p.m. for post-meridiem (after the Sun has crossed the line). At 12 noon, the Sun is at its highest point in the sky and directly over the meridian. It is therefore neither “ante-” nor “post-“.

ამერიკაში კი სხვაგვარად ფიქრობენ და ისინი 12.00 PM-ს შუადღეს უწოდებენ, 12.00 AM–ს კი – შუაღამეს, რატომ არავინ იცის! :)

ამ მშრალ რიცხვებზე რომ ვწერდი, თავში იოსებ გრიშაშვილის ლექსი, “საათის ისრები” მიტრიალებდა, ამიტომაც ამ ლექსით დავასრულებ ჩემს დღევანდელ პოსტს:

საათის ისრები
იოსებ გრიშაშვილი

ო, შეხამება სხვადასხვა ფერთა
პოეზიისთვის არის მისწრება.
ნეტავი ერთხელ ჩვენც შეგვაერთა
საათის ყდაზე შეკრულ ისრებად.

მინდა გფარავდე, მინდა მფარავდე,
ერთად ვიაროთ განუყრელ წყვილად.
მე შენს საყურეს კოცნას ვპარავდე,
შენ ჩემს ლოყაზე გეძინოს ტკბილად.

მსურს ერთად ვიყოთ შენაფიცარი,
როგორც ყვავილზე სუნთქვა ნამისა,
როგორც საათის ორი ისარი
შუადღისას და შუაღამისას.