ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ბალზაკი

გოდოს მომლოდინეთა მოლოდინში

with 20 comments

დღეს სემუელ ბეკეტის პიესაზე მსურს საუბარი, რომლის გაუგებარ პოპულარობასაც ჩვენს ქალაქში რუსთაველის თეატრში 2002 წელს დადგმულ სპექტაკლს უნდა ვუმადლოდეთ. ნიშანდობლივია ისიც, რომ როდესაც გოდოზე ჩამოვარდება სიტყვა პირველივე შეკითხვა ის კი არ არის წაკითხული გაქვს თუ არაო, არამედ – ნამყოფი ხარ თუ არაო?! პრინციპში ვერც ვერაფერში დაძრახავ წიგნების არმოყვარულ თეატრალებს, მაგრამ მეორეს მხრივ რობერტ სტურუას სპექტაკლი რომ სტურუას გოდოა და არა ბეკეტის – ამის ვერ გაცნობიერებას არ მივესალმები, თუმცა ეს არ არის მთავარი, დღეს თავად იმ იდეის უნივერსალურობაზე მსურს საუბარი, როცა რაღაცას ელოდები, როცა არ იცი რას, არც ის იცი ზუსტად არსებობს თუ არა და არც ის, მოვა თუ არა საერთოდ და მაინც ელოდები. ერთი შეხედვით მაზოხისტური პოზაა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას თავისი გოდო ჰყავს, სხვაგვარად ადამიანთა მოდგმის ეგზისტენცია წარმოუდგენელია.

გოდოს იდეა ლიტერატურაში ახალი არ არის. კანონიკური ფორმით კი მას ბალზაკის პიესაში ვხვდებით ჩალიჩა და საქმოსანი მერკადეტის შესახებ. პიესაში ყელამდე ვალებში ჩაძირული მერკადეტი გამოიგონებს ბიზნეს–პარტნიორს, რომლის სახელითაც მევალეებს და მევახშეებს აკავებს. აი, მოვა ჩემი მამა და მარჩენალი და ყველას ყველაფერს გაგისტუმრებთო. საინტერესო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ მის გამოგონილ ბიზნეს პარტნიორს გოდო (Godeau) ჰქვია, მერე რა რომ ბეკეტისეული გოდოსგან (Godot) განსხვავებულად იწერება, მთავარი აქ ის არის, რომ ორივე გამოითქმის როგორც “გოდო”. ბეკეტს ეს პიესა რომ გამოუქექეს, თურმე ხელები გაუსავსავებია, ბალზაკის “მერკადეტი” წაკითხული არ მაქვს და უბრალო დამთხვევააო. ჰო, ბეკეტმა ტიპიური რედ–ჰედ მარკეტინგი, ანუ ქალაქურად “რიჟა ბაზარი” გაუშვა, მაგრამ ეპატიება, მისი გოდო უფრო არამატერიალური და უმოწყალოა, ვიდრე ბალზაკისეული და შესაბამისად ადამიანური ყოფიერების აბსურდულობის იდეა, რომელიც ბანალურ რწმენაზე დგას, ბეკეტთან უფრო ხელშესახებად და თვალნათლივაა ნაჩვენები.

გუშინ ინტერნეტის სქროლვის დროს ერთი ბოლივუდური, ანუ ინდური ფილმის არსებობის შესახებ შევიტყვე, რომელსაც ორიგინალში Jaane Tu Ya Jaane Na (შენ იცი, თუ არ იცი) ჰქვია. ფილმმა დამაინტერესა, უფრო სწორად ერთმა ეპიზოდმა, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, ასევე იმასაც თუ როგორ ვერ მოვახერხე ამ ფილმის ნახვა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში. აი, დაახლოებით ასეთი რამ ამოვიკითხე ერთ–ერთ საიტზე:

ბოლივუდურ ფილმში “შენ იცი, თუ არ იცი”, არის ასეთი ეპიზოდი: მამაკაცი დგას აეროპორტში და ელოდება ახალჩამოსულებს. მას ხელში წარწერა უჭირავს “GODOT”. ზემოხსენებული მამაკაცი მოხუცი კაცია, დაჩიავებული, ლოდინისგან დაღლილი, წყლიანი და უძინარი თვალებით და ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ იგი დიდი ხანია იცდის.

ფაქტი იმდენად მომეწონა, რომ შეკითხვის დაწერა განვიზრახე, ვიპოვე ფილმი ტორენტებზე, დავაყენე გადმოქაჩვაზე და დავიწყე ლოდინი. ვიფიქრე გადავამოწმებ, იქნება კიდევ რამე ხელჩასაჭიდი ფაქტი აღმოვაჩინო ფილმში, რომ შეკითხვა გავაფორმო მეთქი. ამასობაში გახდა დილის 2 საათი, შემდეგ დილის რვა საათი, ფილმი კი 2 კბ/წმ სიჩქარით აგრძელებს ქაჩვას. უფრო მეტიც, ახლა ამ პოსტის წერის დროსაც იქაჩება და როდის გადმოიქაჩება კაცმა არ იცის, არც ისაა ცნობილი ის ფაილი რაც იქაჩება, ნამდვილად ის ფილმია თუ არა და ნამდვილად არის თუ არა ამ ფილმში ბატონი, რომელიც გოდოს ელოდება აეროპორტში.

უცბად გავაცნობიერე, რომ მე გოდოს მომლოდინეს მომლოდინე ვიყავი… უფრო მეტიც, საქმეში ჩემი ფანტაზია ჩაერთო და წარმოვიდგინე მაზოხისტური სცენებით აღსავსე სურათი, სადაც მაშინ როცა მე გოდოს მომლოდინეს ველოდებოდი, სადმე, ვიღაც მე მელოდებოდა, ფანჯრის რაფაზე იდაყვებჩამოდებული და მე ვიყავი მისთვის გოდო. ფანჯრის რაფაზე იდაყვებჩამოდებული სუბიექტი კი თავის მხრივ ვიღაცისთვის იყო გოდო და ა.შ. ანუ მთელი მარილი ამ ისტორიაში ის, არის რომ გოდოებმა არ იციან რომ ისინი გოდოები არიან და მათ ელოდებიან და ყოველი შემდეგი მომლოდინე ვიღაცისთვის არის გოდო. გოდოების და მისი მომლოდინეების ეს ჯაჭვი კი შეადგენს იმ აბსურდის თეატრს, რასაც მზის სისტემის რიგით მესამე პლანეტაზე მოსახლე უგნური არსებების ეგიზსტენცია ჰქვია.

პ. ს. ეკო დეისაძეს ლიტერატურული “პაბეგი” აუწევია და თურქეთიდან აპირებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ბრძოლას, იცოდით?!

Advertisements

წარსულის აჩრდილი

with 18 comments

ერთი თვეც არ არის, რაც ეს ბლოგი არსებობს და უკვე მსაყვედურობენ, საკუთარს და პირადს რატომ არაფერს დებო, ბლოგის “მუღამი” ხომ პირადულის გამომზეურებააო, ჰოდა ჩემს “ერთგულ მკითხველებს” ვუსრულებ თხოვნას და ვთავაზობ წერილს, რომლის არსებობა მეც არ მახსოვდა. დღეს ჩემი ერთი მეგობარი (დაკონკრეტების გარეშე, წერილში მას incognito ერქმევა) მეუბნება, მოიცა ნახე რა ვიპოვეო და მიკოპირებს წერილს, რომელიც 8 წლის წინ, 2000 წლის 2 ნოემბერს დამიწერია (?!)… თურმე რა სენტიმენტალური ვყოფილვარ ბავშვობაში :D

ერთი სიტყვით, მაშ ასე, შეეგებეთ აჩრდილს წარსულიდან:

გამარჯობა incognito კვლავ!

ახლა დილის 6 საათია და ვზივარ ჩემს ოთახში, ჩემს კომპიუტერთან… სიმართლე რომ ითქვას, არც ვიცი რა დავწერო და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანა ფრანკი ვიყო და ჩემს გამოგონილ მეგობარს, კიწის ვწერდე მორიგ წერილს. მაგრამ ის ფაქტი, რომ შენ იქ სადღაც, რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით არსებობ, მე მაძლევს იმ მხნეობას, რომელიც ამ წერილის ბოლომდე დაწერაში დამეხმარება. აქ ჩვეულებრივი სიტუაცია თამაშდება: ღამეა, ყველას ძინავს და მელოდებიან წიგნები ჩემი წიგნის კარადებიდან… მაგრამ მე ვგრძნობ, რომ ისინი გაოგნებულები უმზერენ ჩემს ქმედებას და ვერ გაუგიათ თუ რატომ ვწერ ამ წერილს. რადგან წიგნებს შევეხე მოკლედ მათ შესახებ: ეს ოთახი სპეციალურად მე ამოვირჩიე ჩემთვის, აქ კომპიუტერის, საწოლის და წიგნების მეტი არაფერი არ არის… მამაჩემი აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგია და ლიტერატურაც ძირითადათ მხატვრულია… მაგრამ ამ მსოფლიო ლიტერატურაში ეულად იმზირებიან ბირთვული ფიზიკისა და მათემატიკური ანალიზის წიგნები და ელიან თუ როდის მოვა გამოცდების ჟამი, რომ არჩევანი მათზე შევაჩერო. ყოველ ღამე, როცა აქ შემოვდივარ თავი დიდი ჰარამხანის ბატონ-პატრონი მგონია, სადაც ასეულობით მხევალი-წიგნი ცხოვრობს… და ყოველ ღამით, წიგნები იმის მოლოდინში არიან თუ რომელს აირჩევს მათი მბრძანებელი… მაგრამ ეს სამყარო ამ ბოლო დროს რატომღაც აღარ მიზიდავს. აღარ მიზიდავს რომანებში გაქვავებული ცხოვრება და ისეთი სურვილი მაქვს, რომ ჩემი ცხოვრების დიდი წიგნი კარგად და დაკვირვებით წავიკითხო, მიუხედავად იმისა რომ მე ჯერ-ჯერობით, ალბათ, ამ წიგნის შესავალიც არ წამიკითხავს…

თავში ათასი აზრი მიტრიალებს და არ ვიცი რომელი დავაფიქსირო ამ ვირტუალურ ფურცელზე. თითოეული აზრი მთხოვს, მეხვეწება – წამიყვანეო, დამეუფლეო, როგორც მეძავები ეხვეწებიან პანელზე გამვლელებს… მაგრამ მე ამ წერილის ბოლომდე არცერთი მეძავი-აზრის ერთგული არ ვიქნები – ამას წარბებშეჭმუხნით ვამბობ…

ჩემს ცხოვრებაში ფურცელზე წერილი არ დამიწერია და, ალბათ, ვერც დავწერ… რატომ არ ვიცი, მაგრამ აქ – კომპიუტერის კლავიშებზე ჩემი თითები ისე ცეკვავს, როგორც ესმერალდას თხა – პარიზის ქუჩებში. ამ ყველაფერში დამნაშავე კი ალბათ კომპლექსებია. რამდენჯერაც დავაპირე დაჯდომა და ჩემი აზრების ფურცელზე დაფიქსირება, იმდენჯერ რაღაც-რაღაც კომპლექსებმა იჩინეს თავი… აქ კი, მშვიდად ვარ, ხელის ერთი მოძრაობა და ყველაფერი განადგურებული იქნება, მას შემდეგ, როცა წერილი შენს მეილ–ბოქსში მოხვდება.

ახლა რატომღაც ერთი ბუდისტი ღვთისმეტყველის, ჩჟუანცზის, სიტყვები მახსენდება – “როცა კურდღლის დაჭერა უნდათ ხაფანგს აგებენ, კურდღლის დაჭერის შემდეგ კი ხაფანგის არსებობა არავის ახსოვს… როცა აზრის გადაცემა უნდათ სიტყვებს მიმართავენ, როცა აზრი გაგებულია – სიტყვები ყველას ავიწყდება. მე კი დიდი სურვილი მაქვს, რომ ვიპოვო ადამიანი ვისთანაც სიტყვების გარეშე ვისაუბრებდი”. მე ვცდილობ ახლა შენამდე რაღაც აზრის მოწოდებას, ამ სიტყვების აბდაუბდით, მაგრამ ზუსტად არც მაქვს განსაზღვრული რა აზრია ეს… ალბათ, მე ამ სიტყვებით შენთვის იმის თქმა მინდა, რომ შენთან მსგავსი კონტაქტის დამყარება მსურს სიტყვების გარეშე, რომელზედაც ჩჟუანცზი საუბრობდა. არადა, ეს ჩემი სიტყვები რაღაც ნაბოდვარს ჰგავს, მაგრამ უნდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ შენს ნაწერებს, რომლებიც ჩემი კომპიუტერის მონიტორზე ისახებიან ხოლმე, საკმაო დადებითი მუხტი მოაქვთ ჩემამდე და ასე მგონია, რომ შენ ჩემში ნაწილ-ნაწილ შემოდიხარ ხოლმე. ანუ შენ სიტყვების გარეშე, მანძილზე მოგაქვს რაღაც სხვა ინფორმაცია, რომელსაც ჩემს არსებაში ვგრძნობ მიღების შემდეგ. ეს ფაქტი ახლა ჩემს მეგობრებს რომ ვუთხრა, სიცილით მოკვდებიან და იტყვიან – ვახო, რომელსაც ამ ცხოვრებაში არაფერი არამატერიალურის და არამეცნიერულის არ სჯერა – გადაირიაო… ჰო მე მაგარი ნიჰილისტის სახელი მაქვს… არადა მე სხვანაირი ვარ და ისინი ბოლომდე არ მიცნობენ… ქვეცნობიერად მეც მიყვარს ვარსკვლავების ყურება. ადრე ამას იმიტომ ვაკეთებდი, რომ თითოეული, წიგნში ამოკითხული თანავარსკვლავედი მეპოვა ცაზე… მერე თანავარსკვლავედები რომ მორჩა, თანავარსკვლავედების შემდგენელ ვარსკვლავებზე გადავედი და ამის ინტერესიც რომ დამეკარგა მაინც ვიყურები ზეცაში… მეთვითონაც არ ვიცი რატომ – ალბათ, პატარა უფლისწულის ასტეროიდს ვეძებ.

ახლა კიდევ ერთი ფაქტი გამახსენდა… ონორე დე ბალზაკი და ევალინა ჰანსკა 11 წლის განმავლობაში სწერდნენ ერთმანეთს წერილებს. წერდნენ ისე, რომ ერთმანეთი ნანახი არ ჰყავდათ. ახლა ჩემი თავი ბალზაკი მგონია, რომელიც ისვენებს “შაგრენის ტყავის” წერისგან და მორიგ წერილს სწერს თავის გამოგონებულ მეგობარს – ევალინა ჰანსკას, იგივე შენ. თან იმ დროს ი–მეილი არ ჰქონდათ და წერილი საფრანგეთიდან უკრაინაში რამდენიმე კვირაში ჩადიოდა… მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი წერდნენ ერთმანეთს წერილებს და უზიარებდნენ ნააზრევს… ამიტომაც, სანამ ი–მეილი არსებობს, მე მოგწერ შენ წერილებს, ყოველ შემთხვევაში ამისი იმედი მაქვს… მე მოგწერ შენ წერილებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აღმოჩნდება, რომ შენ არ არსებობ და მე შენ გამოგიგონე…. არა უშავს… შეიძლება ამით მსოფლიო ლიტერატურას ახალი შედევრი შეემატოს (იდეაში), თუ არ წავშალე დაგროვილი წერილები ჩემს კომპში….
ამ წერილის წერას საკმაო ხანი მოვანდომე და ძალიან მეძინება… ხვალ ახალი გიჟური დღე მეწყება, ახალი შთაბეჭდილებებით და ახალი იმედგაცრუებებით. მაგრამ მე მაინც მშვიდად ვარ, რადგან შენ ამ წერილს წაიკითხავ და გაიგებ, თუ რას განვიცდი მე ამ მომენტში…

აბა, ჰე

2 ნოემბერი 2000 წელი, დილის 6 საათი

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს წერილი არ მახსოვს. არადა სტილი ჩემია, ფაქტებიც და, მოკლედ ყველაფერი, რაც აღწერილია, ჩემს მიერაა დაწერილი, სხვა ვერ დაწერდა გამორიცხულია… ჰოდა, მომკალით და არ მახსოვს, რატომ და როგორ და საერთოდ მაგრად ვიხალისე…

მე ვამტკიცებ, რომ ეს წერილი თემფლეითად მქონდა დაწერილი და ყველას ვუგზავნიდი, ვისთვისაც მსურდა მომეჩვენებინა, რომ აი, რა “ჭკვიანი” ვარ მეთქი… ჰოდა, აი ახლა გამოჩნდება თემპლეითია თუ არა, იქნებ სხვა მეილ–ბოქსებშიც დევს ეს წერილი, ვინ იცის :D

P.S. თუ ვინმეს ჩემი ძველი წერილები გაქვთ გამომიგზავნეთ და გამოვაქვეყნებ :D

Written by linguistuss

November 2, 2008 at 1:05 am