ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ბეჭდების მბრძანებელი

ბეჭდების მბრძანებელი სპარსულად

with 3 comments

სიტყვა “მურტალი” საკმაოდ არასასიამოვნო ასოციაციებს იწვევს და, რომ არა ნოდარ დუმბაძის “კუკარაჩა”, ეს სიტყვა შეიძლება მხოლოდ ძველი თბილისის უბნებში შემორჩენილიყო და კახეთშიც, ოდნავ სხვა ფორმით – “მურდალო!” – ასე ამბობენ კახელები და საინტერესო ის არის, რომ ამ “ვარიაციით” ნამდვილად ამტკიცებენ, რომ ისინი ყველაზე უფრო ახლოს იდგნენ ოდესღაც ირანთან და სპარსულ ენასთან, რადაგან ხსენებულმა სალანძღავად ქცეულმა ლექსიკურმა ერთეულმა კახეთიდან თბილისამდე მგზავრობისას “დონ”–ი შეიცვალა “ტარ”–თი.

სანამ კონკრეტულად ამ “მურდალ–მურტალს” გავშიფრავთ, ერთი ჩვენთვის საინტერესო და ლოგიკური დაკვირვების შესახებ უნდა გითხრათ…. ქართულ ენაში თურმე იმაზე ბევრად მეტი არაბული სიტყვაა შემოსული და დარჩენილი, ვიდრე მეგონა…. და ეს უპირატესად თბილისური დიალექტიდან შეფრენილა სალიტერატურო ენაში. აქამდე იყო ცნობილი, რომ ჩვენი სალიტერატურო ენა ქართლ–კახურ დიალექტზეა დაფუძნებული, მაგრამ, ჩემი აზრით ასე უნდა ითქვას – ქართლ–კახურ–თბილისურზე…. დიახ, არაბთა თითქმის 300–400 წლიანმა ბატონობამ კონკრეტულად თბილისში (თბილისის საამიროზე მოგახსენებთ) განაპირობა ის, რომ, ჩვენს დედაქალაქში ხალხი უფრო არაბული ლექსიკით იყო “განებივრებული”, კახეთი და ქართლი კი, მოგეხსენებათ, სპარსულ–თურქულ ზეგავლენას განიცდიდა ყოველთვის. თბილისურ ლექსიკაში ბევრი “არაბიზმი” ვიპოვეთ(თუნდაც წმინდა არაბული სიტყვა:”მაგიდა”, რომლის შესახებ ადრე წერდნენ, რომ უცნობია მისი წარმომავლობა), ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ, ახლა კი “მურტალოს” მივუბრუნდეთ.

ირანის იმპერიაში გადასახადის ამკრეფს “მოჰრ–დარ”–ი ერქვა, ანუ ეს იყო კაცი, ვისაც შაჰის ბეჭედი (მოჰრ) ჰქონდა, ახლანდელი გაგებით ეს რაღაც “ნოტარიუსს” წააგავს; მაშ, “მოჰრ” ბეჭედია, “დარ” კი მქონეს ნიშნავს; გაიხსენეთ: მიზან–დარ, ბინა–დარ, ამაგ–დარ…. მოჰრ–დარ – ბეჭდის მქონე. ჰოდა ეს უკანასკნელი საქართველოს სოფლებში რომ ჩამოივლიდა და გადასახადების აკრეფას რომ იწყებდა, ბუნებრივია, მისი მოსვლა არავის სიამოვნებდა და ასე იქცა თანამდებობრივი სტატუსის გამომხატველი სიტყვა სალანძღავად, უბრალოდ “ჰოე” ამოვარდა და კახელები ერთმანეთის გაკიცხვა ლანძღვას რომ იწყებდნენ, აუცილებლად გამოურევდნენ ხოლმე “საამო ლექსიკაში” სიტყვა მურდალს (მურდარ–საც) ამბობენ…. თბილისამდე ჩამოსვლისად კი, როგორც გითხარით, სიტყვის “შიგთავსი” უფრო მჟღერი გახდა და ასე აღმოჩნდა ვერის უბანში სილამაზით განთქმული ინგას დამღუპველ–დამაქცევარი მურტალო ჩვენი ცნობიერების არეალში.

პოსტის ავტორი: მამაჩემი

მაკრომონათხრობი მიკრომოთხრობების შესახებ

with 15 comments

დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ თქვენი თავი მთხრობელის ამპლუაში, როდესაც გარშემო მყოფი ადამიანები მუნჯდებიან და თქვენგან ითხოვენ რაც შეიძლება მალე მოისმინონ ის ამბავი, რისი თვითმხილველიც გახდით შემთხვევითობის, თუ განგების წყალობით. ასეთ დროს მთავარი ის კი არ არის, რომ მაღალმხატვრულად და სიტყვაკაზმულად გადმოსცეთ სათქმელი, არამედ ის რომ რაც შეიძლება მოკლედ და ტევადად გადმოსცეთ ეს ისტორია.

ამასწინათ სადღაც ვკითხულობდი ლიტერატურის უმთავრესი დანიშნულებაა, რაც შეიძლება პატარა ფორმაში ჩაატიოს რაც შეიძლება დიდი სამყაროო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიტყვები “პატარა” და “დიდი” დაკონკრეტებას მოითხოვს. მაგალითად ტოლკიენის “ბეჭდების მბრძანებელი” ავიღოთ. ძალიან ბევრი ცხვირაბზუებული მკითხველი მინახავს, რომელსაც უთქვამს მაგ წიგნს რა წამაკითხებს იმხელააო. პარადოქსია, თუმცა “ბეჭდების მბრძანებლის” შესავალში ტოლკიენი წერს, მკითხველები მხოლოდ ერთ რამეს უწუნებენ ჩემს წიგნში აღწერილ ამბავს – ის, ძალიან მოკლეაო!

წაგიკითხავთ მიკრომოთხრობები? – შესაძლოა დაგიწერიათ კიდეც, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით და არც კი გახსოვთ. ბოლომდე მაინც ვერ შეთანხმდა მწერალი საზოგადოება რა ჩაითვალოს მიკრომოთხრობად და რა – არა. ბევრს კამათობენ ამის შესახებ და საბოლოო დასკვნამდე ვერ მივიდნენ, თუმცა ერთ რამეზე ყველა თანხმდება – მიკრომოთხრობაში მთავარია შინაარსი და არა – ფორმა. მაგალითად დათო ევგენიძის მინიატურა განვიხილოთ:

მიყვარხარ! გეუბნები მეასეჯერ! მე ასე ჯერ არავინ მყვარებია!

შეიძლება თუ არა ჩაითვალოს ეს მინიატურა მიკრომოთხრობად? პასუხი ამ შეკითხვაზე სავარაუდოდ უარყოფითია, ვინაიდან ეს მინიატურა სიტყვების “მეასეჯერ” ~ “მე ასე ჯერ” ზმური ბუნების გამოა დაწერილი და მას რაიმე განსაკუთრებული ამბის მოყოლის პრეტენზია არ აქვს. მიკრომოთხრობაში კი აუცილებლად რაიმე დასამახსოვრებელი ამბავი უნდა იყოს აღწერილი, რომელიც თავისი უთქმელობით ჩვენს წარმოსახვას აიძულებს ამოქმედდეს და ისტორიის გამორჩენილი დეტალები შეავსოს.

მოკლე მოთხრობების დიდოსტატი, ერნესტ ჰემინგუეი თურმე თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა ექვსსიტყვიან მიკრომოთხრობას, რომელიც დადებული სანაძლეოს შედეგად დაიწერა. აი, ისიც ჰემინგუეის უსახელო მოთხრობა:

For sale : baby shoes, never worn (იყიდება: თოთო ბავშვის უხმარი ფაჩუჩები)

აქ ყველაფერია საიმისოდ, რომ ჩვენს თავში შეკითხვები დაიბადოს და ჯადოსნური სიტყვა “მერე” წარმოვთქვათ: ინტრიგა – რაში დასჭირდა დედას ფაჩუჩების გაყიდვა?! ან, რატომაა ისინი უხმარი?! რატომ ჰქონდა ნაყიდი ფაჩუჩები?! – ასეთი შეკითხვები ბევრია და შესაბამისად, გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენი წარმოსახვა თავად ცდილობს მოუძებნოს ამ შეკითხვებს პასუხები. გამოიგონოს სამყარო, სადაც დედა საკუთარი დაუბადებელი ბავშვის ფაჩუჩების გაყიდვას მოინდომებს…

პარადოქსია, მაგრამ ფაქტია! გვატემალელ მწერალს, ავგუსტო მონტეროსოს თავისი მიკრომოთხრობა “დინოზავრი” რომ არ დაეწერა, ვინ იცის ვერც ვერავინ გაიცნობდა მას. აი, მისი მოთხრობა:

Cuando despertó, el dinosaurio todavía estaba allí. (როცა გამოეღვიძა დინოზავრი ჯერ კიდევ იქ იყო)

მიკრომოთხრობებში თითოეულ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ მათგანს კი გადამწყვეტი! ჩემი აზრით ავგუსტო მონტეროსოს ამ შვიდსიტყვიან შედევრს (chef-d’œuvre – მთავარი ნაწარმოები ფრანგ.) შედევრად სიტყვა “todavía” (ჯერ კიდევ – ესპ.) აქცევს. სწორად ეს სიტყვაა ამდენ შეკითხვას რომ ბადებს. შეკითხვებს აღარ ჩამოვწერ, რომ არ გაგიფუჭოთ აღქმა.

2005 წლამდე ავგუსტო მონტეროსოს მოთხრობას ყველაზე მოკლე ესპანურენოვან მოთხრობას უწოდებდნენ, თუმცა მას კონკურენტი გამოუჩნდა მექსიკელი მწერლის ლუის ფელიპე ლომელის სახით, რომელმაც დაწერა ხუთსიტყვიანი მოთხრობა “ემიგრანტი”:

¿Olvida usted algo? -¡Ojalá! (რამე დაგავიწყდათ? – ნეტაიმც!)

აქაც იგივე სურათია: მთელი მარილი სიტყვა Ojalá–ში ძევს, რომელიც ცხოვრებით გადაღლილ ემიგრანტს გვიხატავს. იგი დიდი სიამოვნებით დაივიწყებდა საკუთარ წარსულს, მაგრამ ვერაფრით ივიწყებს. მთელი მისი წარსული ერთ სიტყვაშია თავმოყრილი.

P. S. Size matters !!! :)

ბეჭდების მბრძანებლის გამოცანა

with 15 comments

  • lotr_ring

ოთხი მეგობარი ცდილობს გადაკვეთოს ბნელი გვირაბი და მათ აქვთ მხოლოდ ერთი ჩირაღდანი.
არაგორნს შეუძლია გაიაროს გვირაბი 1 წუთში.
ლეგოლასს შეუძლია გაიაროს გვირაბი 2 წუთში.
გიმლის შეუძლია გაიაროს გვირაბი 4 წუთში.
ფროდოს შეუძლია გაიაროს გვირაბი 5 წუთში.
გვირაბი არის ძალიან ვიწრო, შესაბამისად მათ შეუძლიათ გვირაბის გავლა ან სათითაოდ, ან ორ–ორად.
დროის ნებისმიერ მოცემულ მონაკვეთში გვირაბში არ შეიძლება იმყოფებოდეს ორზე მეტი ადამიანი.
თუ გვირაბში მოძრაობს 2 ადამიანი, მაშინ ისინი გადაადგილდებიან იმ ადამიანის სიჩქარით, რომელიც ნელია, ანუ არ შეიძლება ერთი გაიქცეს და მეორე სიბნელეში დატოვოს.
გვირაბში გადაადგილების დროს ჩირაღდანი უნდა იყოს ანთებული, არ შეიძლება სიბნელეში მოძრაობა, ანუ ჩირაღდნის დროებით ჩაქრობა.
ჩირაღდანი ჩაქრება 12 წუთში.
როგორ უნდა გაიარონ მეგობრებმა გვირაბი?

Written by linguistuss

June 23, 2009 at 10:35 am