ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ბიბლია

ჯეიმს იანგ სიმპსონი

with 10 comments

ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებებს ადამიანები უხსოვარი დროიდან ეძებდნენ. ძვ. ეგვიპტელები ამ მიზნით ნიანგის ქონს იყენებდნენო, ძველი ბერძნები კი მანდრაგორასგან დამზადებულ ნაირნაირ ნაყენსო, თუმცა ეს საკითხი არ მაინტერესებს და სიტყვის მასალად გამოვიყენე, სადღაც ამოკითხული მოშველიებული ფაქტები. მსურს ტკივილის გაყუჩების შედარებით თანამედროვე საშუალებებზე, უფრო ზუსტად კი ქლოროფორმზე ვისაუბრო, რომელიც 1831 წელს მიუღია აცეტონისა და ეთანოლისაგან ერთ ფრანგ ქიმიკოსს, ეჟენ სუბეირანს.

ეს უსუნო სითხე საერთოდ არავის ეცოდინებოდა, რომ არა ჯეიმს იანგ სიმპსონი, რომელმაც 1847 წლის ერთ საღამოს მისი საკმარისი დოზა საკუთარ თავზე გამოსცადა და ღრმა ძილით დაიძინა. გამოღვიძებულმა სიმპსონმა აღმოაჩინა, რომ ქლოროფორმი თავის საქმიანობაში გამოადგებოდა. იგი კი აკუშერი გახლდათ და ქალების მშობიარობით იყო დაკავებული. ჰოდა მშობიარობდნენ ეს ქალებიც ამის შემდგომ მძინარეები, ქლოროფორმით გაბრუებულნი და ყველა ბედნიერი იყო, თუმცა ანგლიკან მშობელთა კავშირი სიმპსონის წინააღმდეგ აჯანყებულა და უთქვამს, როგორ ბედავო, ღმერთმა ქალებს ტანჯვაში და ტკივილში დაუნიშნა მშობიარობა, აკი ბიბლიაში წერია:

“განმრავლებით განვამრავლნე მწუხარებანი შენნი და სულთქუმანი შენნი, მწუხარებით ჰშვნე შვილნი. და ქმრისა შენისა მიმართ იყოს მიქცევაჲ შენი. და იგი გეუფლებოდეს შენ.” წიგნი დაბადებისა, თავი 3, 16

ამასთან დაკავშირებით ჯეიმს სიმპსონს ბიბლიის სხვა თავის ციტირება მოუხდენია, სადაც ნათქვამია, თუ როგორ მოჰგვარა ღმერთმა ადამს ძილი, როგორ გამოუღო ნეკნი და შექმნა მისგან ევა. ნიშნი მოუგია ანგლიკან მშობელთა კავშირისათვის, თავად ღმერთი იყენებდა ძილისმომგვრელ საშუალებებს ოპერაციის დროს და მეც რომ გამოვიყენო რა დაშავდებაო, ჰოდა ეს ამბავი ასე მიჩუმათებულა, თუმცა ეკლესია კვლავაც შფოთავდა. ამ ყველაფერს კი წერტილი დედოფალმა ვიქტორიამ დაუსვა, როდესაც 1853 წელს თავისი მერვე შვილი, პრინცი ლეოპოლდი ქლოროფორმის ზემოქმედების ქვეშ ძილში მყოფმა შვა, რის შემდეგაც ქლოროფორმის გამოყენება ფართო მასებმა დაიწყეს.

P. S. ოპონენტების წესდების სიღრმისეულად ცოდნა ხანდახან აუცილებელი და სასარგებლოა ხოლმე.

Advertisements

ყველაზე მოკლე ანბანი

with 4 comments

წყნარ ოკეანეში, არის ასეთი კუნძული ბუგენვილი, რომელიც უდიდესია სოლომონის კუნძულების ჯგუფში. თავად კუნძული ბუგენვილი ორადაა გაყოფილი. ნაწილი სოლომონის კუნძულებს ეკუთვნის, ნაწილი კი პაპუა–ახალ გვინეას. სწორად ბუგენვილელი პაპუა–ახალგვინეელები გვაინტერესებს დღეს, რომელთა რაოდენობა არ აღემატება 4000 კაცს (თუ წიკიპედიას დავუჯერებთ).

ეს ხალხი საკომუნიკაციო საშუალებად როტოკასს იყენებს, რომელიც უნიკალური ენაა მთელს მსოფლიოში. ეს განსაკუთრებულობა კი ენაში ფონემების სიმცირით გამოიხატება, რამაც კუნძულელების ანბანი ყველაზე მოკლე ანბანად აქცია დედამიწაზე. ანბანში სულ 12 ასოა: A E G I K O P R S T U V. ბოროტი ენები ამბობენ ამაზონის ჯუნგლებში ბინადრობს ხალხი, რომელთა ენასაც Pirahã ჰქვია. ამაზონელების ენაში უფრო ნაკლები ფონემაა, მაგრამ უმოკლესი ანბანის სტატუსი მაინც პაპუაახალგვინეელებს რჩებათ, ვინაიდან ამაზონელებს დამწერლობა არ გააჩნიათ.

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ასეთი ცოტა ბგერით დანაკლისის გრძნობას როგორ არ განიცდიანო, თუმცა საქმე–საქმეზე რომ მიდგეს ორი ხმოვნით და ორი თანხმოვნითაც შესაძლებელი იქნება კომუნიკაცია, თქვენი არ ვიცი და ამ ტექსტის წაკითხვისას მე ყურში ბგერების დანაკლისს არ განვიცდი:

ეს ტექსტი ძველი აღთქმის როტოკასული თარგმანიდანაა აღებული, დაბადების პირველი თავი.

ამ თემაზე კითხვის დაწერა მინდოდა: კუნძულ ბუგენვილზე მას შემდეგი ფორმა აქვს – “A E G I K O P R S T U V”. ყველაზე მოკლე რა არის წარმოდგენილი მასზე? – მერე მივხვდი, რომ ძალიან ადვილი იქნებოდა და თავი გავანებე, შესაბამისად მხოლოდ პოსტით შემოვიფარგლე…

Written by linguistuss

November 18, 2009 at 3:30 pm

სიცილაკები ყველგან და ყოველთვის…

with 3 comments

ამასწინათ კიდევ ერთი საინტერესო ბლოგერი აღმოვაჩინე, ალექსანდრე შაპირო. განსხვავებით მაქსიმ რუსოსგან, რომლის ბლოგზე მხოლოდ ლინგვისტური ჩანახატებია, ეს ადამიანი პოეზიით და თარგმანებითაა გატაცებული და ამ თარგმნა–თარგმნაში მრავალი საინტერესო ისტორია აქვს მოყოლილი. ეს პოსტიც მისი ერთ–ერთი ისტორიითაა შთაგონებული.

საუბარი გვექნება ინგლისელი პოეტის, ალექსანდრე პოუპის ლექსზე “მომაკვდავი ქრისტიანის მიმართვა საკუთარი სულისადმი” (The Dying Christian to his Soul). ვინაიდან ქართულ ენაზე ამ ლექსის თარგმანი ვერ ვიპოვე, მხოლოდ ორიგინალის დადებით შემოვიფარგლები:

Vital spark of heav’nly flame!
Quit, O quit this mortal frame:
Trembling, hoping, ling’ring, flying,
O the pain, the bliss of dying!
Cease, fond Nature, cease thy strife,
And let me languish into life.

Hark! they whisper; angels say,
Sister Spirit, come away!
What is this absorbs me quite?
Steals my senses, shuts my sight,
Drowns my spirits, draws my breath?
Tell me, my soul, can this be death?

The world recedes; it disappears!
Heav’n opens on my eyes! my ears
With sounds seraphic ring!
Lend, lend your wings! I mount! I fly!
O Grave! where is thy victory?
O Death! where is thy sting?

ამ ლექსში განსაკუთრებით საინტერესოა უკანასკნელი ორი ტაეპი, რომელიც ბიბლიის ძველ და ახალ აღთქმაში გვხვდება. ძველი აღთქმის ძველქართულ თარგმანში ეს ფრაზა ასე ჟღერს (ოსია წინასწარმეტყველის წიგნი 13:14):

სადა არს საშჯელი შენი სიკუდილო? სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო?

ახალ აღთქმაში კი ასე (პავლეს ეპისტოლე, პირველი კორინთელთა მიმართ 15:55):

სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“

პირველი და მეორე ფრაზა იდენტურ ფრაზებს წარმოადგენს იმ განსხვავებით, რომ პირველი ბიბლიის ძველი ქართული თარგმანიდან არის აღებული და მეორე კი შედარებით ახალი თარგმანიდან. ბიბლიის კომენტატორები წერენ, რომ ეს ორი ფრაზა ერთმანეთისგან კონტექსტუალურად განსხვავდება და ეს განსხვავება მათ დიამეტრალურად საწინააღმდეგო პათოსში მდგომარეობს. გვაქვს ორი ფრაზა, იდენტური პუნქტუაციური ნიშნებით ჩაწერილი, თუმცა დიამეტრალურად განსხვავებული შინაარსით. ისმის შეკითხვა, როგორ განვასხვავოთ ეს ორი ფრაზა ერთმანეთისგან. ზუსტად ამ განხილვას შევესწარი ალექსანდრე შაპიროს ბლოგზე, სადაც ერთ–ერთმა სტუმარმა შესანიშნავი იდეა გამოთქვა, მისი აზრით ციტატა ძველი აღთქმიდან უნდა იყოს ჩაწერილი ასე:

სადა არს საშჯელი შენი სიკუდილო? :( სადა არს საწერტელი შენი ჯოჯოხეთო? :(

ახალი აღთქმიდან კი ასე:

სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? :) სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“ :)

ხედავთ განსხვავებას?! თურმე კი არა “სიცილაკები” ყველგან და ყოველთვის საჭიროა…