ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ბორხესი

შირბახტ გაიღე!

with 16 comments

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის 99% არ იცის რა არის შირბახტი
უცნობი ქართველი იუზერი

დღევანდელ პოსტს შეკითხვით დავიწყებ: თუ იცით როგორ ითარგმნება შირბახტი არაბულ და ლათინურ ენებზე? – ამ შეკითხვის პასუხი ორი სიტყვისაგან შედგება, ერთი ლათინური და მეორე არაბული, თქვენ ორივე გსმენიათ და დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს დაფიქრებულხართ, თუ რატომ იხმარება ეს ორი სიტყვა, როგორც სინონიმები… თქვენ მანამდე იფიქრეთ, მე კი ფრანგი ორიენტალისტის ანტუან გალანის ქებათა–ქებას შევუდგები. თუმცა იგი ჩემამდე უკვე იმდენჯერ შეაქეს, რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ მხოლოდ იმას გავიხსენებ, თუ რა უთხრა  ხორხე ლუის ბორხესმა ერთხელ თავის სტუდენტებს: ანტუან გალანი ეს ის კაცია, რომლის მეოხებითაც რომანტიზმი იშვა ევროპაშიო. დიახ, სწორად მან, პირველმა თარგმნა ათას ერთი ღამის ზღაპრები ფრანგულ ენაზე და სრულიად ევროპას გააცნო ეს ნაწარმოები.

ამას წინათ ვიყიდე “პარნასში” ანტუან გალანისეული Les Mille et Une Nuits-ის ოთხტომეული სულ რაღაც ათ ლარად, ჩამოფასებულ წიგნებში იდო საწყლად და ზედ არავინ უყურებდა… სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე სფეართაიმის (ამ ბოლო დროს ასე საუბარია მოდაში!), ანუ თავისუფალ დროს. განსაკუთრებით მთარგმნელისეულ ჩანართებზე ვხალისობ. ერთი ადგილია პირველივე ტომში მებარგულს სამი ქალბატონი რომ შეიპატიჟებს, მერე რომ გაშიშვლდებიან და რომ წავა ერთი ალიაქოთი… ეს პასაჟი, კარგად მახსოვს, ქართულ თარგმანში უკიდურესი ნატურალიზმითაა  აღწერილი, ანტუან გალანი კი ასეთ დროს თხრობას წყვეტს და ამბობს: მერე იქ ისეთი ამბავი ატყდა, აღზრდა არ მაძლევს უფლებას დეტალებს ჩავუღრმავდეო… ასეთ მონაკვეთებს მრავლად წააწყდებით მასთან, განსხვავებით რიჩარდ ბარტონის ინგლისური თარგმანისაგან, რომელსაც, როგორც ჩანს, ეგონა ისევ კამა–სუტრას ვთარგმნიო და კამა სუტრაში აკრეფილი ინერცია Arabian Nights–შიც გაყვა და ისეთი თავაშვებით აღწერა გალანის მიერ მიჩქმალული ეპიზოდები, რომ თვით ტინტო ბრასსაც კი შეშურდებოდა…

ჯერ სათაურზე ვიტყვი ორ სიტყვას… ფრანგულად სიტყვასიტყვით ზემოხსენებული Les Mille et Une Nuits, “ათას და ერთ ღამეს” ნიშნავს, რომელიც არაბულად უფრო პოეტურად ჟღერს – ألف ليلة وليلة (ალფ ლაილა ვა ლაილა) – სიტყვასიტყვით “ათასი ღამე და ღამე”). თუ ვინმეს “ლაილა” ეცნო და ქალის სახელს, ლეილას მიამსგავსა, მინდა მივულოცო, რომ ინტუიციამ არ უმტყუნა. ნამდვილად, “ლაილა” ღამეს ნიშნავს არაბულად… ყველას კარგად მოეხსენება, რომ ათას ერთი ღამის ზღაპრები, შეიძლება ითქვას, შუა საუკუნეების აღმოსავლეთის ყოფა–ცხოვრების ენციკლოპედიაა, სადაც მოთხრობილი ამბები ყველას სმენია, ორიგინალურ ვარიანტში თუ არა, მულტფილმი მაინც უნახავს რამე ალადინის, ჯინისა თუ ჯაფარის შესახებ…

ანტუან გალანის თარგმანი განსხვავებით სხვა თარგმანებისაგან იმითაც გამოირჩევა, რომ თავისუფალი და არააკადემიურია. იგი სადაც უნდა ამოკლებს ამბავს, სადაც უნდა – აგრძელებს, რაც არ მოსწონს საერთოდ იგნორირებას უკეთებს და უფრო მეტიც, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ გალანმა არაკანონიკური ზღაპრები ღამეებისეულ ზღაპრებად გაასაღაო… ერთ–ერთი ასეთი ზღაპარი “ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღია”, რომელიც თუ მავან კირკიტა მეცნიერებს დავუჯერებთ, არ შედიოდა ღამეების კლასიკურ ვარიანტში და გალანს ჩაუმატებია. ამ ზღაპრის მრავალი ვერსია არსებობს, მე–17 საუკუნეშიც უყვებოდნენ ალიბაბას ზღაპარს აღმოსავლელი შავთვალება ლეილები თავის შვილებს, ჰოდა ჩვენს ანტუანსაც, ერაყში თუ ეგვიპტეში მოსმენილი ზღაპარი იმდენად მოსწონებია, რომ ათას ღამესთვის კიდევ ერთი დაუმატებია, დიდი ამბავი! დაიქცა ქვეყანა!

თქვენი არ ვიცი და მე მადლიერი ვარ მუსიე ანტუანის. ალიბაბას ზღაპარი კი ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი უსაყვარელი ზღაპარია. მშვენიერი მორგიანა (არაბული მურჯანა უფრო კარგად ჟღერს), ნაფლეთებად ქცეული ყასიმი, ბეყე ყაჩაღები და მაგიური მთა რომელ მკითხველსა თუ მსმენელს დატოვებენ გულრგილს?! ვიღაცამ შეიძლება იფიქროს მოგცლიაო, საიდან გაგახსენდა ახლა ალიბაბაო… მართალია, სრულებით არ გამახსენდებოდა ალიბაბას ისტორიიდან ჩემი არაბულის წიგნში ამონარიდი რომ არ ყოფილიყო, სადაც მაგიურმა “სიმსიმ”–მა მიიპყრო ჩემი ყურადღება, უფრო კი იმან, რომ “სიმსიმ”–თან იქვე სქოლიოს ნიშანი ჰქონდა დასმული და განმარტებაში ეწერა “სიმსიმ” ქუნჯუტი, იგივე შირბახტიაო…

ქუნჯუტი, თუ შირბახტი (მაინც ვერ გავიგე ეს ორი სახელი რა საჭიროა) ქართულ ენაში იმ მცენარის აღსანიშნად გამოიყენება, რომლის მარცვლებიც მაკდონალდისეულ ბიგ–მაკის ბულკს აყრია ზემოდან წვრილ–წვრილად… ამ მცენარეს აღმოსავლეთში დიდ პატივს სცემენ, უფრო მეტიც ქუნჯუტი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. იყიდება ქუნჯუტის პურები, მისგან გამოხდილი ზეთი და ათასი აღმოსავლური კერძის უმთავრესი კომპონენტია ქუნჯუტი… ერთი სიტყვით ეს მცენარე იმდენად გავრცელებულია, რომ მისი არაბული ვარიანტი “სიმსიმ” ალიბაბას ზღაპარშიც კი მოხვდა… სანამ ქუნჯუტზე თხრობას განვაგრძობდე აქვე იმასაც დავძენ, რომ ლათინურად შირბახტი Sesamum არის და აქედანაა ნასესხები ალიბაბას მაგიური ფორმულა: “სეზამ გაიღე!”

შეიძლება შეკითხვა დაგებადოთ, სად ალიბაბა და სად ქუნჯუტიო, ამიტომ ზღაპრის პატარა ნაწყვეტს გავიხსენებ, სადაც ალიბაბას ძუნწი და გაუმაძღარი ძმა ყასიმი, შეიტყობს რა ძმისგან  მაგიური მთისა და განძეულობის (არაბულად مجوهرات – “მუჯავჰარაათ”, ეს სიტყვა მიყვარს!) შესახებ, ათ ვირს შეკაზმავს და გაემგზავრება მისკენ… “სიმსიმ გაიღეო” შესძახებს და აურაცხელი ოქროულობით თვალები ისე დაევსება, რომ გამოსვლისას პაროლი დაავიწყდება და დაიწყებს ნაირ–ნაირი მარცვლოვანი კულტურის ჩამოთვლას, ხორბლიდან დაწყებული შვრიით დასრულებული, თუმცა ქუნჯუტს ვერ გაიხსენებს… ბოლოს მოვლენ ყაჩაღები, აკუწავენ და აღარ არის საინტერესო…

ბავშვობაში სულ მიკვირდა ერთი და იგივე პაროლი ჰქონდა ამ მთას და თუ შესვლისას იცოდა ამ ოჯახაშენებულმა, გამოსვლისას როგორღა დაავიწყდა მეთქი… ამ ფაქტს აღმოსავლეთში დაახლოებით ისე ხსნიან, როგორც ჩვენში რამე იმდენად ცნობილს რომ ვერ იხსენებ და “ჭადის სახელი დამავიწყდაო” რომ იძახი… ჰოდა ვერ გაიხსენა ამ ყასიმმაც ქუნჯუტის სახელი და ძვირადაც დაუჯდა, რომ მიდიოდა რას მიდიოდა?!

…ამით დავასრულებ, ერთი პოსტის კვალობაზე სიტყვა ძალიან გამიგრძელდა.

Advertisements

ორენოვანი სონეტი

with 16 comments

ამ რამდენიმე წლის ჩემმა მეგობარმა, ლევან ჩხეიძემ სონეტი მომიძღვნა რუსულ ენაზე, შემდეგ ეს სონეტი მე ქართულად ვთარგმნე და ამით ორივე ძალიან გავერთეთ. საბოლოოდ კი ეს სონეტი მიმავიწყდა და დღეს ვიპოვე ძველ ფაილებში. შესაბამისად დავდებ აქ, მერე ადვილად რომ მოვძებნო, როცა სიბერის ჟამს…

ლ’ორიჟინალ

Библиотекарь наш скупой,
Томов суровейший хранитель,
Ворота знании приоткрой,
Впусти меня в свою обитель,

И одолжи мне том – другой,
Поверь, я вовсе не грабитель,
И не маратель книг тупой,
А культа книг простой служитель.

И ты не Хорхе, ты – другой,
Он лабиринта злобный житель,
Враг просвещения слепой,
Дурных обычаев ревнитель.

Коль не одолжишь книгу мне,
Сгоришь на медленном огне.

ლე თარგმან

ძუნწო მსახურო წიგნის საცავის
მუდამ ამაყობ ნარჩევი წიგნით,
გამიღე ცოდნის კარი – დამცავი
შენს სამყოფელში შემიშვი შიგნით

წიგნიც მათხოვე, იყავ კეთილი
ქურდი არა ვარ, მე, უსახური,
არც წიგნის მუსრი, შუბლგაწყვეტილი,
არამედ წიგნის კულტის მსახური!

შენ არაფერი გცხია ხორხესი*
მისთვის ტვირთია უსინათლობა,
შენი სადარი არის ბორხესი,
მან ჩვენ გვასწავლა წიგნით დათრობა!

თუ არ მათხოვებ წიგნებს ამიერ
ცეცხლზე იწვები მრავალჟამიერ!

*ხორხეში უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ბურგოსელი ხორხე იგულისხმება, ბიბლიოთეკის ბრმა და ფანატიკოსი დარაჯი.

Written by linguistuss

December 6, 2009 at 3:01 am

გაიძინის ჩანაწერები

with 10 comments

უკანასკნელ ხანს, რაც ბლოგერი გავხდი, უფრო და უფრო ვრწმუნდები რომ ცხონებული ხორხე ლუისი, ბორხესზე მოგახსენებთ, მართალი იყო. იგი ამბობდა, რომ ნებისმიერი აზრი, ნებისმიერ ენაზე, ნებისმიერი ფორმით უკვე ნათქვამია და ჩვენს მიერ ახლად გენერირებული სიტყვების ერთობლიობა მხოლოდ ვიღაცის სიტყვების არაცნობიერი გამეორებაა და მეტი არაფერიო. როცა გაქვს რაიმე იდეა ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი მიდგომა, ან იღებ და წერ ისე, რომ არ ინტერესდები ვინმეს მოსვლია თუ არა ეს იდეა შენამდე და რა ფორმითაა განხორციელებული ის და ან ინტერესდები და ეცნობი ყველა შესაძლო მასალას, რაც კი ამ იდეის გარშემო შექმნილა შენამდე. აი, დაახლოებით ის ვარიანტია, ოსკარ უაილდი რომ ამბობდა, თუ გინდა ვარდს ათასმეერთე შექება უთხრა, ან ათასივე უნდა იცოდე და ან არც ერთიო. პირველ ვარიანტში დიდი შრომის გაწევა გიწევს იმისთვის რომ იყო ორიგინალური, მეორე ვარიანტში კი – ალბათობის თეორიას ენდობი და გჯერა რომ ორიგინალური ხარ. თუმცა ვინაიდან სრულიად ყველაფრის ცოდნა და მოცვა შეუძლებელია, პირველ ვარიანტშიც შენი ორიგინალურობის კმაყოფილების კოეფიციენტი რწმენაზე დგას, ანუ სადღაც ასი შექების გაცნობის შემდეგ გამოდიხარ სიტყვით: “ერთი იმათი დედაც ჯეკ…” და იწყებ წერას.

დღეს იდეა მომივიდა, რომ შემეკრიბა თუ გამეხსენებინა ყველა ის სიტყვა, რომელიც ადამიანებს თუ ადამიანთა რაღაც გარკვეულ ჯგუფს ჩვენიანი/სხვისიანის პრინციპით ჰყოფს. ძალიან საინტერესო პროცესი იყო, სულ ცხრა ასეთი სიტყვა მოვძებნე, აქედან სამი არ ვიცოდი. დარწმუნებული ვარ ასეთი სიტყვები უფრო მეტი არსებობს, თუმცა დასაწყისისთვის ეს მცირედიც კმარა. მაშ ასე, აი ისინიც:

აჯამი – ეს სიტყვაც არაბული წარმოშობისაა და ქართულში აქა–იქ კვლავაც გამოიყენება. ჩვენს ენაში ის “რეგვენს, ბრიყვს” აღნიშნავს, თუმცა კაფირისაგან განსხვავებით არაბები ამ სიტყვით არაარაბ მაჰმადიანებს, უპირატესად სპარსელებს მოიხსენიებდნენ შორეულ წარსულში. შემდგომში სიტყვის მნიშვნელობა გაფართოვდა და დღესდღეობით შუა აზიაში მცხოვრებ მუსლიმებს უფრო ხშირად უწოდებენ ასე, ვიდრე სპარსელებს (დაახლ. იგივე გამოყენება აქვს, რაც ქართულში, არაბების წარმოდგენით, უკულტურო, არაარაბ მაჰმადიანებს აღნიშნავს).

გაიძინი – ეს სიტყვა ინფორმაციულ მეინსტრიმში შორეული იაპონიიდან მოხვდა. იგი შემოკლებული ვარიანტია “გაიკოკუძინისა” (外国人), რომელიც უბრალოდ უცხოელს აღნიშნავს. ასე უწოდებენ იაპონელები ნებისმიერ ადამიანს. ეს სიტყვა, “გაიკოკუძინ” შედგება სამი იეროგლიფისგან, რომელთაგან პირველი “უცხოა” (გაი), მეორე – “ქვეყანა” (გოკუ), მესამე კი – “ადამიანი” (ძინ).

გაჯო – ბოშები ხალხს ორად ყოფენ, მათიანებად – “რომალე”–დ და უცხოებად – “გაჯო”–ებად. რომალეს გაჯოსგან უფრო კულტურული ნიშან–თვისებები განასხვავებს, ანუ შეიძლება ადამიანი ბოშა იყოს, არ მისდევსდეს ძირძველ ბოშურ ტრადიციებს, ამიტომ იგიც ბოშებისათვის “გაჯოდ” მოიაზრება.

გიაური – მომდინარეობს თურქული “გავურ”–იდან. ამ სიტყვით მაჰმადიანები არამაჰმადიანებს, უპირატესად კი ქრისტიანებს მოიხსენიებენ.

გოიმი – ეს სიტყვა სხვა ენებში “გოი”–ს ფორმით უფროა დამკვიდრებული, თუმცა ქართულში საზოგადოებაში გამოუსვლელ, გლეხური მანერების მქონე და უგემოვნო ადამიანს “გოიმი” ჰქვია. “გოი” ივრითსა და იდიშზე არაებრალეთა აღსანიშნად გამოიყენება. თავად სიტყვა “გოი” კი ივრითიდან ითარგმნება, როგორც “ხალხი”, “გოიიმ” კი მისი მრავლობითი ფორმაა და “ხალხებს” ნიშნავს.

გრინგო – ლათინურ ამერიკაში ამდაგვარად მოიხსენიებენ უცხოელს, უპირატესად ინგლისურენოვანს, როდესაც მის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა სურთ. ამ სიტყვის წარმოშობის მრავალი ვერსია არსებობს და მათზე არ შევჩერდები.

კაფირი – იგივეს აღნიშნავს, რასაც “გიაური”, იმ განსხვავებით, რომ სიტყვა არაბულია და ეს სიტყვა უპირატესად არაბულენოვან სამყაროშია გავრცელებული არამაჰმადიანთა, უპირატესად ქრისტიანთა მოსახსენიებლად. ამას ეძღვნება ყურანის 109–ე სურა.

სნობი – ამ სიტყვის წარმოშობის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, ერთი ვერსიით ის თავდაპირველად “მეწაღეს” აღნიშნავდა და მომდინარეობს ლათინური sine nobilitate–დან, რაც უკეთილშობილო პირს ნიშნავს. ჰყვებიან იმასაც, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტები ასე უწოდებდნენ ქალაქის მცხოვრებ ხელოსნებს, თავად სიტყვის დამკვიდრების საპატიო მისია კი ინგლისელ მწერალს, უილიამ თეკერეის ერგო, რომელმაც “სნობების წიგნი” დაწერა 1848 წელს და ფსევდოღირებულებების მოტრფიალე ადამიანის მნიშვნელობითაც “სნობი” პირველად მან გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოა არტურ კესტლერის ესსე “სნობიზმის ანატომია“.

ფარანგი – ასე უწოდებდნენ ტაილანდელები ევროპელებს. ტურიზმის განვითარების შემდეგ ეს სიტყვა განზოგადდა და საერთოდ თეთრკანიანი ტურისტების მოსახსენიებლად გამოიყენება სექს–ტურიზმის მექაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად უწყინარი სიტყვაა და არანაირ უპატივცემულობას არ გამოხატავს, რაც გოიმის და გიაურის შემთხვევაში გვაქვს, ინგლისელები მაინც აღშფოთებულნი რჩებიან, როდესაც მათ ფარანგს უწოდებენ, საქმე იმაშია რომ სიტყვა “ფარანგ”–ის ფუძეში “ფრანგი” იმალება და ინგლისელების სიყვარული ყოველივე ფრანგულის მიმართ საზოგადოდ ცნობილია.

ძებნა–ძიების ვრცელი და საინტერესო პროცესის დროს, წავაწყდი ძალიან საინტერესო სტატიას “გაიძინის ჩანაწერების” სერიიდან, რომელიც ერთ რუს ბლოგერს, ვადიმ სმოლენსკის ეკუთვნის. აი მისი, შემოკლებული და თავისუფალი თარგმანი:

ნებისმიერი სიმრავლე შეიძლება დავყოთ ქვესიმრავლეებად. ეს სასკოლო კურსიდან ცნობილი ჭეშმარიტებაა და ეს მართლაც ასეა.

ორი ელემენტისაგან შემდგარი სიმრავლე შეიძლება მხოლოდ ორ ნაწილად დავყოთ, თუმცა შეიძლება საერთოდ არ დავყოთ. სამი ელემენტისათვის ასეთი სქემის ხუთი ვარიანტი არსებობს: არ გავყოთ საერთოდ, გავყოთ სამ თანაბარ ნაწილად და სამნაირად გავყოთ ორ არათანაბარ ნაწილად, რომლებიც ერთი და ორი ელემენტისაგან იქნებიან შემდგარი. ასეთი დაყოფების ყველა შესაძლო რაოდენობას ბელის რიცხვი ეწოდება და მისი გამოთვლა სპეციალური რეკურენტული ფორმულით შეიძლება. ოთხელემენტიანი სიმრავლისათვის ეს რიცხვი 15–ს უდრის, ათიანისათვის კი – 115975–ს (ვინც კომბინატორიკა ვიცით, გაგვატარეთ). ასელემენტიანი სიმრავლისათვის კი ბელის რიცხვი 116 ნიშნისაგან შედგება. ელემენტების ზრდასთან ერთად ბელის რიცხვის ამდაგვარი დრამატული ზრდა ზუსტი გამოთვლის არანაირ შანსს არ გვიტოვებს და შეგვიძლია მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებლებით შემოვიფარგლოთ. დიდი რიცხვებისათვის მისი გამოთვლა მხოლოდ ე.წ. ასიმპტოტური მეთოდით შეიძლება. აი, მაგალითად ექვსმილიარდიანი სიმრავლისათვის ბელის რიცხვი იქნება: 10 ხარისხად 45’500’000’000. ერთიანი 45 მილიარდ 500 მილიონი ნულით – გასაგიჟებელი რიცხვია.

თეორიას რომ თავი დავანებოთ, გასაგებია, რომ პრაქტიკაში საქმე პატარა რიცხვებთან გვაქვს. ნებისმიერი შესაძლო ამოცანა მცირე რიცხვებითაა წარმოდგენილი. თვალსაჩინოებისათვის შეგვიძლია ტაქსნომიური დაფა ავიღოთ და ვნახოთ როგორ ჰყოფენ და ახარისხებენ ზოოლოგები ცხოველებს. გვაქვს ტიპები, კლასები, სამეფოები, ოჯახები, სახეობები და ა.შ. ასეთი დაყოფა ბუნებრივია მოსახერხებელია ბიოლოგებისათვის, თუმცა, მაგალითისთვის, რომ იყოს საშუალება და ფაუნის წარმომადგენლებს აზრი გავიგოთ, აბსოლუტურად გასაგები იქნება მანგუსტის პოზიცია, რომელსაც სულ არ აინტერესებს განსხვავება დროზოფილასა და ქლამიდომონადას შორის, მისთვის ყველა დანარჩენი არსება არამანგუსტი იქნება. ამდაგვარი დაყოფა – ჩვენიანებად და უცხოებად – მისთვის უფრო მოსახერხებელი და პრაქტიკული იქნება.

ექვსი მილიარდი და ცოტა მეტი ადამიანის შემთხვევაშიც, საქმეც ამდაგვარადაა. შეიძლება და ასეცაა, რა თქმა უნდა, რომ ისინი დავყოთ რასებად, ეთნოსებად, სუბეთნოსებად, სოციუმებად. გავზომოთ თავის ქალების რადიუსები, გამოვიკვლიოთ ძველი ჩანაწერები, შევადაროთ ენები და ა.შ. გამოვავლინოთ ფარული დამოკიდებულებები დაყოფილ ჯგუფებს შორის და შევადგინოთ მრავალფეროვანი ტაქსონომიური დაფები ადამიანებისათვის, თუმცა ყველაზე პრაქტიკული და ადვილი გზა ადამიანების დასაყოფად მაინც ე.წ. “ბინარული დაყოფაა”.

თუ ებრაელი არ ხარ – ე.ი. გოი ხარ. თუ იაპონელი არ ხარ – ე.ი. გაიძინი ხარ. თუ რომალე არ ხარ ე.ი. – გაჯო ხარ და ა.შ.

ამ დაყოფის საფუძველში ჩვენიან–სხვისიანის პრინციპი დევს, თუმცა ამდაგვარ დაყოფას არამათემატიკური ე.ი. არაზუსტი და სუბიექტური ელფერი აქვს. გასაგებია, რომ გიაურები უფრო ნაკლებნი იქნებიან, ვიდრე გაჯოები, ამასთან მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც ერთდროულად გაჯოებიც იქნებიან და გიაურებიც (მაგალითად, ჩვენ ქართველები). დაყოფა კულტურული ნიშნით მრავალფეროვანია, თუმცა დაყოფის ფორმა მტკიცეა და ორობით ბაზისს ეფუძნება. ამასთან ერთი ჯგუფიდან მეორეში გადასვლა ზოგჯერ შეიძლება და ზოგჯერ – შეუძლებელია. მაგალითად თუ სარწმუნოებას შეიცვლი, შეიძლება აღარ იყო გიაური, მაგრამ აი, თუ გოიდ დაიბადე ამას უნდა შეეგუო, ვინაიდან ვერაფერს ვერ შეცვლი და ებრაელი ვერასოდეს გახდები, რაც გაიძინის შემთხვევაშიც იგივეა.

მაგალითისთვის თუ ავიღებთ და ამ დანაყოფებს ერთმანეთს დავადებთ, ძალიან რთულ სურათს მივიღებთ. ყოველი ჩვენთაგანი შეიძლება ერთდროულად რამდენიმე ქვესიმრავლეში მოხვდეს. შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყოს გოიც, გიაურიც და გაიძინიც. პირობითად ეს ყველაფერი ასე მარტივია, თუმცა რა ვქნათ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გვაქვს კონკრეტული ტერმინი ერთი ქვესიმრავლის მეორისგან გასარჩევად. ხომ შეიძლება ადამიანი გაიძინთან ერთად იყოს არაპაპუასი, არაპიგმეი, არამალაგასიელი, არაჰავაელი და ა.შ. ანთროპოლოგიის და ეთნოგრაფიის ჩარჩოებს რომ გავცდეთ და ყველაფერს უფრო ფართოდ შევხედოთ, რამდენ გადაფარვად და არასიმეტრიულ ქვესიმრავლეს მივიღებთ, ღმერთმა იცის: ბოჰემა და არაბოჰემა, ჰაკერები და ლამერები, პარტიულები და უპარტიოები, კანონიერი ქურდები და ფრაერები, ჩვენიანები და სხვისიანები… ჩვენიანები და სხვისიანები… ჩვენიანები და სხვისიანები…

თითოეულ ჩვენთაგანს იმდენი კულტურული დამღა შეიძლება დაესვას, რომ ადგილი არ დარჩება სხეულზე. უხეშად რომ ვთქვათ, ჩვენ განკიცხულთა და არაგანკიცხულთა პლანეტაზე ვცხოვრობთ, ყოველთვის ვიღაცა კაი ტიპია და ვიღაცა – ცუდი. ამ სუბიექტივიზმს კი თავს ვერ დავაღწევთ. ამდაგვარი დაყოფების დროს ისმის შეკითხვა: საერთოდ როგორ ვართ ცოცხლები? – მაშინ, როდესაც მუსლიმები გიაურებს სავაჭრო ცენტრებს უფეთქებენ, გიაურები მუსლიმთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ ომებს, თუ ტერორიზმთან ბრძოლას იწყებენ და ა.შ. ისტორიამ მსგავსი ფაქტები, განკიცხულთა და არაგანკიცხულთა შორის ომების შესახებ, მრავლად იცის.

ფართოშუბლიანი ბრძენი ხალხი მთელი ისტორიის მანძილზე სვამდა შეკითხვას, თუ რა საჭიროა ამდაგვარი დაყოფა და რა სარგებელი მოაქვს მას. თუ რატომ ცხოვრობენ კუები და სპილოები უფრო “მეგობრულად” ვიდრე ორ გვერდიგვერდ კუნძულზე მოსახლე ტომები კარიბის ზღვაში. გაუგებარია თუ რაშია საქმე? იქმნება თეორიები, მრავლდება ჰიპოთეზები, კვდება, შემდგომ ხელახლა იბადება და გაურკვეველია ღმერთი მოკვდა თუ – არა, სამოთხე დაკარგულია თუ – დაბრუნებული… ხან ბუნება იმარჯვებს და ხან ადამიანი, გაუგებარია კეთილდღეობისაკენ მივდივართ, თუ – არმაგედონისკენ. ამ ყველაფერს კი საფუძვლად სიმრავლეთა თეორიის ბოროტად გამოყენება და კომბინატორიკის სუსტი ცოდნა უდევს.

აი, ასე ვამთავრებ ამ პოსტის წერას, მე – გიაური და გოიმი, ფარანგი და კაფირი, გაჯო და გრინგო და მხოლოდ ერთი რამ გავიგე ამ სტატიის წაკითხვის შემდგომ, კომბინატორიკა სულ მთლად დამვიწყებია…

ესეც ასე, ეგეც თქვენ ! :)