ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘გურჯისტანი

ქურდის ქურდი ცხონდა

with 5 comments

ამასწინათ გიგი თევზაძის ინტერვიუს ვუყურე, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს რესტორანს ადარებენ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შემდეგ თაობაში ეს ანეკდოტად დარჩეს, რომ საქართველო რესტორანიაო. არ ვიცი შემდეგ თაობაში რა ტიპის ანეკდოტებზე გაიცინებენ ჩვენი შთამომავლები, არც ის ვიცი, რამდენად გამოუვა ბატონ გიგის ეს, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა ეთქვა, რომ “საქართველო მხოლოდ რესტორანი არ არისო”, ვინაიდან კარგი რესტორანი, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს და ამისი ხაზის გადასმა არ შეიძლება. მაგრამ ეს განცხადება ჩემი აზრით მთლად სწორი არ არის, ერთი ნიუანსი აკლია!

რესტორნები ცივილიზებულ სამყაროში არავის უკვირს, მათ შორის არც ქართული რესტორნებია სიახლე ნიუ–იორკისა თუ პარიზის ქუჩებში. ქართული რესტორანი ზუსტად სამი ცალი დავთვალე ალმა–ატაში და რაღა გასაკვირია, რომ უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში მათი რაოდენობა ერთი–ასად მეტი იყოს. მაგალითად, ალმა–ატაში ქართული ფასტ–ფუდის ქსელი არსებობს, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე წამში შეცხელებული კუპატის, ხაჭაპურის და ხინკლის დაგემოვნება. ნუ, რა საზიზღრობა იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ, თუმცა ასეთი რამ არსებობს!

ბატონ გიგის, უფრო სწორად კი ამ შედარების ავტორს, რომ საქართველო რესტორანია, მთლად არ ვეთანხმები. უპრიანი იქნებოდა სხვა შედარება გვესესხა. კერძოდ, ფანტასტის, დუგლას ადამსის რომანის სათაურიდან, რომელსაც ჰქვია “რესტორანი სამყაროს კიდეში” (The Restaurant at the End of the Universe). მართლაც დღესდღეობით საქართველოზე სხვა მეტს ვერაფერს ვიტყვით, ის რესტორანია სამყაროს კიდეში, გნებავთ ბოლოში და საკვირველი ის კი არ არის, რომ რესტორანია, არამედ ის, რომ – სამყაროს კიდეში მდებარეობს და ამავე დროს კარგი რესტორანია. ასე რომ, ჯობია უფრო იმაზე ვიზრუნოთ, რომ სამყაროს კიდეში აღარ ვიყოთ და არა იმაზე, რომ რესტორნის სტატუსი ანეკდოტად ვაქციოთ.

სხვისი არ ვიცი და მე ის უფრო მთრგუნავს, რომ სამყაროს კიდეში ვიმყოფებით და არა ის, რომ საქართველო რესტორანია. სმა–ჭამის კულტურის მაღალი ხარისხით ფრანგები დღემდე ამაყობენ და ეს არასოდეს ყოფილა საძრახისი მათთვის. შესაბამისად ჩვენ რატომღა უნდა ვიუკადრისოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში მაღალი გასტრონომიული კულტურა გვაქვს?!

მოგეხსენებათ, თუ რა პოპულარობით სარგებლობს ე.წ. “ვარეზნიკები” ჯინეტში, იქაჩავენ საავტორო უფლებებით დაცულ პროდუქტებს (ფილმებს, თამაშებს, მუსიკას, პორნოს) ჩვენი ინტერნეტ მოღვაწეები და შემდეგ საკუთარ საიტზე ალაგებენ და ელოდებიან უნიკალური იუზერების რაოდენობის ზრდას. უნიკალური იუზერების მაღალი რიცხვი რეკლამის მოზიდვის საშუალებაა და ერთი სიტყვით ქართულმა ინტერნეტმა კუს ნაბიჯებით, თუმცა მაინც, ფულის კეთებისაკენ მოძრაობა დაიწყო. მთავარი დამავიწყდა: შემდეგში ამ გზით ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი რესტორნებში და საზ. კვების ობიექტებში იხარჯება.

ამასწინათ ერთ–ერთ ქართულ საიტზე ერთ “მარგალიტს” წავაწყდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ იქ ვართ, ჰო იქ – სამყაროს კიდეში. ერთ–ერთ ზემოხსნებულ ვარეზნიკზე (რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს არ დავასახელებ რომელში), ასეთი ფრაზა ეწერა: “ამიერიდან საიტიდან სიახლის სხვა საიტზე დასადებად მომპარავის დედას **************!!!” შემდგომში ეს ფრაზა მრავალმა ვარეზნიკმა დააკოპირა და თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ეს განცხადება ყველაზე გამოსაჩენ ადგილას განეთავსებინა. მე კი რამდენჯერაც მსგავს ფრაზას ვაწყდები, იმდენჯერ მახსენდება ძველი ქართული სიბრძნე: ქურდის ქურდი ცხონდა!

Advertisements

Written by linguistuss

July 12, 2009 at 8:35 pm

დაილოცოს გურჯისტანი

with 10 comments

საქართველოს ყველა ენაში სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. ეს ცნობილი ფაქტია და ზედმეტ ჩაძიებას არ მოითხოვს. ვარიაციები ბევრია, სომხური “ვრასტან”–იდან დაწყებული ფრანგული “ჟეორჟი”–თ დასრულებული, თუმცა თანამედროვე ქართულში არც ერთ მათგანს არ აქვს ისეთი პატივი მიგებული, როგორც “გურჯისტანს”. ჩემთვის უცნობია, თუ ვინ და რა ფორმით გამოიყენა ეს სიტყვა პირველად ყოველგვარი ჩამორჩენილობის და გახევებული ტრადიციულობის აღსანიშნად, თუმცა ფაქტია, რაც დრო გადის ის ამ მნიშვნელობით უფრო და უფრო იკიდებს ფეხს და შეიძლება ითქვას ზუსტ სამეცნიერო ტერმინადაც კი იქცევა ცოტა ხანში, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებსა და სოციოლოგიაში აქტიურ გამოყენებას ჰპოვებს.

ქართულ ფორუმებზე ეს სიტყვა თანამედროვეობით უკმაყოფილო ადამიანების გულისტკივილის გამოხატვის საშუალებაა. ყველას უმალ ეს სიტყვა აკერია პირზე თუ თითებზე, როგორც კი საუბარი ქალიშვილების ინსტიტუტზე, ცუდ მომსახურეობაზე, ქართულ ბიძაშვილობის ინსტიტუტზე, ბრტყელ–ბრტელ სადღეგრძელოებზე, ზომიერების გრძნობის უქონლობაზე, დროის გაუფრთხილებლობაზე და ა.შ. მრავალ ასეთ “გურჯისტანულ” ფენომენზე ჩამოვარდება საუბარი.

არადა ჯერ კიდევ XIX-XX საუკუნის მიჯნაზე იეთიმ გურჯი თავის სატრფოს ამ სიტყვებით ამკობდა, სადაც “გურჯისტანი” ერთი უწყინარი სიტყვაა და საქართველოს აღნიშნავს:

დაილოცოს გურჯისტანი,
კაი შვილების მომყვანი,
შენი გამზრდელი აკვანი,
ვინც შეგიმკო კოხტა ტანი.
რომელ დედამ გითხრა ნანა,
რა თითებმა აგიყვანა?
ცხონდეს მომნათლავიც თანა,
კიდევ შობონ შენისთანა.
ვინაც გშობა ქვეყანაზედ,
მთლად შენ მოგცა სილამაზე,
მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე
მოჩვენება პლანეტაზე.
ბრილიანტი ხარ დიდ ზღვისა,
ანგელოზი-მაღლა ცისა,
თაიგული-სამოთხისა,
ხელმწიფე ხარ ამქვეყნისა.
თვალები გაქვს ცაზე ლურჯი,
ეგ ქოჩორი ოქროს-ფუნჯი,
ნუ ხარ ქვიტკირისა ბურჯი,
შეიბრალე იეთიმ-გურჯი.

ამ სიტყვის პარალელურად მეორე სიტყვა ყელყელაობს ქართულ ყოველდღიურობაში. საუბარია “გრუზინობაზე” და მათთან დაკავშირებულ ქცევის თავისებურებებზე. ამდენი ხანია ვცდილობ გავერკვე, თუ რა განსხვავებაა “გრუზინობასა” და “გურჯისტანს” შორის. ეს ორი ფენომენი ფაქტობრივად ერთდროულად იშვა ქართულ ვირტუალურ სივრცეში და, დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ დავასკვენი, რომ ერთი და იმავე კულტურულ თუ სოციალურ ფენომენს აღნიშნავს. ორივე სიტყვას აქვს თავისი უპირატესობა, ანუ თითოეული მათგანი თავისი ფორმით რაღაც ისეთ განსაკუთრებულ ნიშან–თვისებაზე მიუთითებს, რომლის გარეშეც გურჯისტანი გრუზინების გარეშე არ არსებობს. ძირითადად, ორივე შემთხვევაში, ნიშან–თვისებები წარსულს უსვამს ხაზს, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა, 300 წლის წინანდელ წარსულზეა საუბარი, თუ 100 წლის წინანდელზე.

ეს ორი სიტყვა დაახლოებით იგივე მნიშვნელობით გამოიყენება, როგორც თანამედროვე ამერიკულ ინგლისურში “10 სექტემბრის ადამიანს” მოიხსენიებენ. 2001 წლის 11 სექტემბერს ამერიკის მაცხოვრებელთა (არა მარტო) ცნობიერება შეიცვალა, შესაბამისად 10 სექტემბრის ადამიანი ერთგვარ ჩამორჩენილობას განასახიერებს. ზუსტად ასევე ის, ვინც გურჯისტანია (ხანდახან ასე ადამიანებსაც უწოდებენ), ან გრუზინია, ის ყოველგვარი სიძველისა და რუდიმენტულის მოყვარული და მოტრფიალეა.

მეორე სიტყვა, “გრუზინი” კიდევ ერთი კონოტატიური სიფაქიზით ხასიათდება და ეს მის ლექსემაში სიტყვა “გრუზ”–ის არსებობითაა გამოხატული, ანუ ხანდახან “გრუზინია” ყველა ის, ვინც ძირძველი ქართული ტრადიციულობით გარშემომყოფთა “გრუზვით”, ანუ თავის მობეზრებითაა დაკავებული. ხანდახან კი თავად გრუზინობა და ძველმოდური გურჯისტანული შეხედულებები იმდენად “გრუზავენ” დასავლური ღირებულებების მაძიებელ თანამედროვე ქართველებს, რომ მათ თავი სტკივდებათ, ცხოვრება ბეზრდებათ და თითები ექავებათ. შემდეგ სტუმრობენ ნაირ–ნაირ ჩატებსა თუ ფორუმებს და შეაჩვენებენ ხოლმე ყოველივე გრუზინულსა და გურჯისტანულს.

ხუმრობა–ხუმრობაში და თამაშ–თამაშში კი ჩვენს ენაში ორი ახალი სიტყვა დამკვიდრდა და მხოლოდ ერთი კითხვა მებადება დასასრულს: საინტერესოა, ოდესმე “ჯორჯია” თუ დაერქმევა ჩამორჩენილობას და ულტრატრადიციულობას?!

Written by linguistuss

December 7, 2008 at 12:33 am