ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ენციკლოპედია

რუსული ფილტრი

with 4 comments

ქართველ ლექსიკოგრაფს, მიხეილ ჭაბაშვილს თავის მოგონებებში მოთხრობილი აქვს, თუ როგორ მიართვეს დიდ ბელადს, იოსებ ბესარიონის ძეს, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის პირველი ტომი გამოსვლისთანავე. იქვე არნოლდ ჩიქობავას მონათხრობსაც იხსენებს, თუ როგორ გადმოიღო თაროდან სტალინმა სპეციალურად მისთვის ხბოს ტყავში ჩასმული შინდისფერი ტომი, გადაფურცლა და გაკვირვებულმა ჰკითხა ლექსიკონის მთავარ რედაქტორ ჩიქობავას: “აქ წერია, რომ “ბლუზა” ფრანგული სიტყვაა და ქართულში ხომ რუსულიდან შემოვიდაო?!” სტალინის სიკვდილის შემდეგ გამოიცა განმარტებითი ლექსიკონის ახალი გამოცემა, სადაც რუსული “ბლუზას” ნაცვლად შესაბამის სტატიაში გაფრანგულებული “ბლუზ”-ი წერია, მაგრამ რუსიფიკაციის პრობლემა ამით არ გადაჭრილა.

ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ერთგვარ კულტურულ მოვლენად იქცა ყოფილ საბჭოთა საქართველოში, რომელსაც უცხო პირთა სახელების ლექსიკონმა და ქართულმა საბჭოთა ენციკლოპედიამ აუბეს მხარი. საინტერესო ის არის, რომ ამ სამ წიგნში, სხვა ლექსიკონებს რომ თავი დავანებოთ, დაცული უცხო სიტყვების ქართულ ენაზე ჩაწერის ნორმები ძირითადად თანმიმდევრულია, სამივეს წითელ ხაზად გასდევს რუსული ენის გავლენა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ყველა უცხო სიტყვა თუ გვარ-სახელი რუსული ენის ფილტრშია გატარებული და შემდეგ ისეა წარმოდგენილი ჩვენს “საამაყო” ლექსიკონებში.

საუბარი “ბრტყელ-ბრტყელი” რომ არ გამოვიდეს, მოდით მაგალითები მოვიშველიოთ: ტაბულას 28-ე ნომერში წარმოდგენილი იყო მიშლანის სამვარსკვლავიანი რესტორნის შეფ-მზარეულის, ალან პასარის ბოსტნეულის სალათის რეცეპტი. ამ კულინარიულ რუბრიკაში ჩემი ყურადღება “მიშლანმა” მიიქცია. საქართველოში კარგად იცნობენ საბურავების მწარმოებელ ამ კომპანიას, რომელიც ასევე კულტურული საქმიანობითაცაა დაკავებული და ყოველწლიურად რჩეული რესტორნებისა და სასტუმროების ალმანახს გამოსცემს, სადაც მოხვედრა ფრანგებისათვის ერთობ პრესტიჟული საქმეა, თუმცა საინტერესო ის არის, რომ ეს კომპანია საქართველოში უფრო “მიშლენის” სახელწოდებით იყო აქამდე ცნობილი და კაცმა რომ თქვას არც “მიშლენია” სწორი და არც – “მიშლანი”, ასეთი ნაზალური ბგერა ქართულში უბრალოდ არ გვაქვს, შესაბამისად, რომელ ფორმას გამოვიყენებთ, ერთი შეხედვით, თითქოს გემოვნების საკითხი უნდა იყოს.

გრეგორი მენქიუს ფუნდამენტური ნაშრომი, “მაკროეკონომიქსი” გამოიცა რამდენიმე წლის წინ საქართველოში. თარგმანს ვერაფერს დაუწუნებდი, მაგრამ ამ წიგნის ფურცლვისას მაინც მეუცხოვა აქა-იქ მიმობნეული “თექსასი”, “ვოშინგთონი” და მსგავსი ამერიკანიზმები. კარგად რომ დავფიქრდეთ, მთარგმნელი ერთი მხრივ მართალია, ამერიკელები სწორადაც რომ “თექსასს” და “ვოშინგთონს” გამოთქვამენ და არა ისე, როგორც ჩვენი ყურია მიჩვეული. ეს წიგნი ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მთარგმნელმა არსებული ნორმების გვერდის ავლით, პირდაპირ ორიგინალიდან გადმოაქართულა ინგლისურენოვანი ნაშრომი, ისევე როგორც მიშლანის შეფ-მზარეულის რეცეპტის მოფრანგულე ავტორმაც ისე ჩაწერა ამ კომპანიის სახელი ტაბულას კულინარიულ რუბრიკაში, როგორც ეს მის ყურს ეამებოდა და არა ისე, როგორც ეს მიღებული იყო მრავალი ათეული წლის განმავლობაში.

მაგალითების ჩამოთვლა რომ გავაგრძელოთ, პეკინის და ბეიძინის წყვილი უნდა ვახსენოთ, პხენიანის და პიონგპიანგის, სიკოკუს და შიკოკუს, ბეერშებას და ბეერშევას (ისრაელის ქალაქია) და ა.შ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაგალითში ნათლად ჩანს იმ რუსული ფილტრის კვალი, რომლის შესახებაც ზემოთ მოგახსენეთ, თუმცა ამ მედალს მეორე მხარეც აქვს. დავუშვათ მიშლანი უფრო სწორია, ვინაიდან ფრანგულში in-ზე დაბოლოებული სიტყვები წარმოთქმის დროს სადღაც “ან”-ისკენ უფრო იხრება, ვიდრე “ენ”-ისკენ. აქამდე დამკვიდრებული ყველა მსგავსი ფრანგული სიტყვა კი რუსულის გავლენით ასე გამოიყურებოდა: შოპენი, შარდენი, კარდენი. ჰოდა, ისმის შეკითხვა რა ვქნათ, სხვა დამკვიდრებული სიტყვებიც გადავაკეთოთ და ამიერიდან შარდანზე “მოვჯდეთ”, შოპანს მოვუსმინოთ და პიერ კარდანის სამოსი მოვირგოთ?!

პრობლემა კი იმაშია, რომ თავად ენათმეცნიერების ინსტიტუტი ვერ გარკვეულა რომელია სწორი ფორმა “კლინტონი” თუ “ქლინთონი”, “თექსასი” თუ “ტეხასი” და ა.შ. ძველი ნორმებით “ტეხასი” და “კლინტონი” უნდა ვწეროთ, ახალი ნორმები კი ჯერ არავის შეუმუშავებია! ფრანგების მსგავსად არც ორმოცი უკვდავი გვყავს, რომლებიც ჩვენი ენის სიწმინდის დაცვისათვის იბრძოლებენ, წლიდან წლამდე ნორმებს შეიმუშავებენ, არსებული პოლიტიკური ტენდენციებისაგან თავისუფლები იქნებიან და მხოლოდ ენობრივ პროცესებს დააკვირდებიან. ამიტომაც ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული და ყოველ ჯერზე ლოკალურ დონეზე ხდება გადაწყვეტილებების მიღება თუ რომელი დაიწეროს “მანჩესტერ იუნაიტედი”, თუ “მანჩესთერ იუნაითედი”, “მეტიუ ბრაიზა” თუ “მეთიუ ბრაიზა” და ა.შ.

უკვე დიდი ხანია ვაკვირდები Google-ში საძიებო სტატისტიკას. მაგალითად “კლინტონის” ძიებისას 133 ათასი საძიებო ერთეული გამოაქვს, “ქლინთონის” დროს კი – 7 ათასი. “მანჩესტერ იუნაიტედი” – 80 ათასია, “მანჩესთერ იუნაითედი” კი – 55 ათასი… სტატისტიკური მონაცემების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ფაქტი ერთია – წლიდან წლამდე რუსული ფილტრის პროცენტული მაჩვენებელი Google-ის დაინდექსებულ გვერდებში იკლებს და ვინ იცის, რამდენიმე წელიწადში სურათი ისე შეიცვალოს, რომ უცხოურ გვარ-სახელთა ჩაწერის უკვე მოძველებული, საბჭოური ნორმები შესაცვლელი გახდეს და აღარ იყოს ასეთი ორაზროვანი კამათის საგანი.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

Written by linguistuss

November 12, 2010 at 5:56 pm

ეტრატი და რვეული

leave a comment »

ამონაწერი ენციკლოპედიიდან “ქართული ენა”:

ეტრატი, პერგამენტი, ტყავისაგან დამზადებული საწერი მასალა. ტყავის დამუშავება საწერ მასალად უძველესი დროიდან იყო ცნობილი აღმოსავლეთის ქვეყნებში. ცნობები ამის შესახებ დაცულია ჰეროდოტესთან (ძვ. წ. V ს.) როგორც ხელოსნობის დარგი, ეტრატის დამზადება განსაკუთრებით განვითარდა ელინისტურ პერიოდში ქალაქ პერგამონში. აქედანაა მისი სახელწოდებაც “პერგამენტი” (ამავე ფუძიდან მომდინარეობს ეტრატის ევროპული სახელწოდებანი). ეტრატის დასამზადებლად იყენებდნენ ახალგაზრდა პირუტყვის (ხბო, ციკანი, კრავი) ტყავს, რომელსაც საგანგებოდ ამუშავებდნენ კირიან წყალში. სათანადო ტექნოლოგიური ციკლის გავლის შემდეგ ტყავს ჭიმავდნენ და აშრობდნენ. უკვე გამშრალი ეტრატის ზედაპირი ორივე მხრიდან მუშავდებოდა ცარცით ან კვერცხის ცილით, თუმცა მისი გარეთა (ბეწვის) მხარე დამუშავების შემდეგ მუქი ფერისა რჩებოდა, ვიდრე – შიდა. ეტრატის ორივე გვერდი გამოიყენებოდა საწერად. მასალის სიძვირისა და დამუშავების ხანგრძლივობის გამო ეტრატი ძვირადღირებული საწერი მასალა იყო. მიუხედავად ამისა, საუკეთესო თვისებებმა – სირბილემ, მოქნილობამ, გამძლეობამ განაპირობა ეტრატის ფართო გავრცელება. ეტრატის გაბატონებამ ბაზრიდან თანდათანობით განდევნა ჭილი, უფრო იაფი, მაგრამ ნაკლებად გამძლე საწერი მასალა. ამავე დროს ეტრატის გამოყენებას სამწიგნობრო ხელოვნებაში მოჰყვა სხვა სიახლეც – გრაგნილი შეიცვალა კოდექსის (რვეულის, თანამედროვე წიგნის) ფორმით. ეტრატზე დაწერილ წიგნებს უპირატესობა ენიჭებოდა საღვთისმსახურო პრაქტიკაშიც – წიგნის გამოყენება ღვთისმსახურების დროს გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე გრაგნილისა. დამუშავებული ტყავი იკეცებოდა ოთხად შვეულსა და განივ ცენტრალურ ზოლებზე და რვეულისებურად იკვრებოდა. ასე გადაკეცილ ტყავის ნაჭერს ბერძნულად tetrádion (ოთხეული) ეწოდებოდა. ამ ბერძნული სიტყვიდან არის მიღებული ქართული “ეტრატი” (შეადარეთ აგრეთვე რუსული тетрадь). იგი თავდაპირველად აღნიშნავდა ტყავის რვეულს, თანდათანობით კი ტყავის საწერი მასალის აღმნიშვნელ ზოგად სახელად იქცა.

გადამწერები ეტრატს მისი სიძვირის გამო დიდი მომჭირნეობით ხმარობდნენ. ზოგჯერ დაძველებულ ხელნაწერებს შლიდნენ, ძველ ტექსტს ფხეკდნენ და ერთხელ უკვე გამოყენებულ ეტრატზე ხელმეორედ წერდნენ, მაგრამ რადგან ეტრატი კარგად იწოვს საღებავს ძვ. ტექსტი ბოლომდე მაინც არ იშლებოდა. ასე წარმოიშვა ე.წ. პალიმფსესტური ტექსტები. საქართველოში გამოიყენებოდა როგორც შემოტანილი, ასევე ადგილობრივი წარმოების ეტრატები. ხელნაწერთა მინაწერებში დაცული ცნობებით, ეტრატს ამზადებდნენ ბატკნის, ციკნის და თვით ირმის ტყავისგანაც კი. ეტრატის დამუშავება – “შექმნა ეტრატისა” ხელოსნობის ცალკე დარგს წარმოადგენდა.

წიკიპედია ფანდარასტ!

with 9 comments

ყველას კარგად ახსოვს რამდენი დავა და კამათი მოჰყვა XXI საუკუნის დადგომას საქართველოში და არა მხოლოდ ჩვებს ქვეყანაში – მთელს მსოფლიოში. მიუხედავად გაუგებრობისა, საბოლოო ჯამში ყველა მაინც შეთანხმდა, რომ XXI საუკუნე 2001 წლის 1 იანვარს დადგა და მას აქეთ უკვე თითქმის 8 წელი გავიდა, მაგრამ მე მაინც ვერ შევეგუე.

ახალ საუკუნეს თითქოს არანაირი სიახლე არ მოაქვს, თითქოს მხოლოდ წელი იცვლება ჩვენს ციფრულ თუ მოსახევ (ეს კიდევ არსებობს?!) კალენდრებზე, მაგრამ არც ასეა საქმე. XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ზოგიერთმა სიახლემ მთლიანად შეცვალა კაცობრიობა, მთლიანად შეცვალა დედამიწა! თითქოს სპეციალურად დაამთხვიესო, მაგრამ რა გინდა რომ ქნა – ფაქტები ჯიუტია:

  • 1895 წელს ძმები ლუმიერები პირველ კინოჩვენებას მართავენ.
  • 1900 წელს მაქს პლანკი გამოთქვამს ჰიპოთეზას სინათლის დისკრეტული გამოსხივების და სინათლის კვანტების შესახებ.
  • 1900 წელს ზიგმუნდ ფროიდი აქვეყნებს “სიზმრების ახსნას”, პირველ ნაშრომს ფსიქოანალიზში.
  • 1903 წელს ძმები რაიტები გაფრინდნენ თვითნაკეთი პირველი თვითმფრინავით.
  • 1905 წელს ალბერტ აინშტაინი ფარდობითობის სპეციალურ თეორიას აქვეყნებს.

სიის გაგრძელება შორს წაგვიყვანს. ამ ყველაფრით იმის ხაზგასმა მსურდა, რომ პირველმა წლებმა მთლიანად განსაზღვრა XX საუკუნე, რაც XXI საუკუნის დამდეგსაც მოხდა, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც, ჩემი აზრით, სამყაროს ახლებურად ხედვის პირველი ნაბიჯი იყო. 2001 წლის 15 იანვარს ჯიმი უელსმა და ლარი სეინჯერმა, იმ დროისათვის ძალიან უცნაური პროექტის განხორციელება დაიწყეს, რითაც მათ ინფორმატიულ წყაროებთან დამოკიდებულება უნდა შეეცვალათ. ახალ პროექტს “ვიკიპედია” ერქვა და სიმბოლურია ისიც, რომ ვიკიპედია ახალი საუკუნეში დაიბადა.

დღესდღეობით ყველას, ვისაც ინტერნეტთან შეხება აქვს, კარგად მოეხსენება თუ რა არის ვიკიპედია, ამიტომ მის სტრუქტურაზე და აგებულებაზე საუბარს არ დავიწყებ, თუმცა http://www.wikipedia.com-ის ჩართვის დღიდან ამ პროექტს ძალიან ბევრი არ ენდობა და უფრო მეტიც, ებრძვიან კიდეც მას. მაგალითისთვის, პირველად როცა გავიგე, რომ შეიძლებოდა ნებისმიერ სტატიაში რედაქტირების გვერდზე შესვლა და დედის გინების ჩაწერა, მე კულტურული შოკი მივიღე. ვერ გავაცნობიერე, რომ მეც ვიკიპედიის ერთ–ერთი პოტენციური თანაავტორი ვიყავი, ალბათ ამიტომაც დავიწყე ოდესღაც სტატიების წერა და რედაქტირება. თავიდან ეს უბრალო გართობა იყო, შემდეგ ვიკიპედიომანიითაც კი დავავადდი… საბოლოო ჯამში კი როცა დავრწმუნდი, რომ ვიკიპედიის კრიტიკოსები ყველაფერში არ ტყუოდნენ – თავი დავანებე. ამას “რა? სად? როდის?”–ის თამაშებზე ხშირად ვაწყდები, როცა ვინმე აიღებს ვიკიპედიაში დაფიქსირებულ ინფორმაციას, გამოიყენებს წყაროდ და აღმოჩნდება, რომ ფაქტი რეალობას არ შეესაბამება (ასე მოხდა მაგალითად დუბლინზე როცა მოიტანეს კითხვა თბილისის ჩემპიონატზე – რუსულ ვიკიპედიაში წერია, რომ დუბლინში ყველაზე მეტი ნობელიანტია დაბადებული ლიტერატურაში, რაც ტყუილია – ბმული – პარიზი ასწრებს დუბლინს ამ პარამეტრით!).

ვიკიპედიაში შეცდომები მით უფრო ბევრია, რაც უფრო იკლებს აქტიური და კომპეტენტური რედაქტორების რაოდენობა. ამიტომაც ყველაზე კომპეტენტურად მხოლოდ იმენოვანი ვიკი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელსაც ყველაზე მეტი რედაქტორი ჰყავს და ასეთი ინგლისურენოვანი ვიკიპედიაა. მე პრაქტიკულად არ შემხვედრია შეცდომა ინგლისურენოვან ვიკიპედიაში (საუბარია ფაქტობრივ შეცდომაზე), ფრანგულში – აქა–იქ, იტალიურშიც – აქა–იქ, რუსულში – იცოცხლე, ქართულზე – ცალკე ვისაუბრებ, სხვა ენები – არ ვიცი და ვერ ვკითხულობ…

ბოლო დროს ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც აქა–იქ ჯინეტს უწოდებენ, უნდობლობით გამსჭვალულმა მომხმარებლებმა ვიკიპედიას “წიკიპედია” შეარქვეს და, ჩემი აზრით, ამ ხუმრობა–ხუმრობაში ძალიან ეფექტური სიტყვა შეიქმნა. ინგლისური w–ს ქართულ განლაგებაზე “წ” შეესაბამება, არ ვიცი ამ სიტყვის პირველად დამწერს მართლა შეეშალა თუ არა კოდირება, მაგრამ ფაქტია წიკიპედია ზედგამოჭრილი სახელია ქართული ვიკიპედიისათვის (მთლიანად ვიკიპედიას რომ თავი დავანებოთ). ამ სიტყვაში უნებლიედ მიღებული “წიკი”–ც არ არის უფუნქციოდ, იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ენციკლოპედიაში დაწერილი სტატია, თუ მოყვანილი ფაქტი ვიღაცის “წიკია”, შესაბამისად ზუსტად ეს ბადებს უნდობლობას მთლიანად ვიკიპედიის მიმართ.

შორს რომ არ წავიდეთ, ერთ–ერთ ფორუმზე წავაწყდი ასეთ პოსტს:

ციტატა ქართული ვიკიპედიიდან:
“ფილოსოფია მომდინარეობს ბერძნულიდან (Φιλοσοφία, philosophia) და ნიშნავს სიბრძნის მეგობარს.”
ქვეშ კი მინაწერი: წიკიპედია ფანდარასტ!!!

ქართულ ვიკიპედიაში მსგავსი მარგალიტები მრავლადაა, კარგად მახსოვს ოდესღაც ნაჯახით რომ დავსდევდი მათ, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ მათს დევნას არც ერთი მე და არც ასი ჩემნაირი არ ეყოფოდა, თავი დავანებე. მიუხედავად ამისა, ვიკიპედია დღემდე რჩება მსოფლიოში ყველაზე დიდ და ყველაზე პოპულარულ ინფორმაციულ წყაროდ და მე რომ მკითხო ვიკის შეცდომები უხდება კიდეც, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე! ანუ ეს შეცდომები ხაზს უსვამს, იმ ფილოსოფიას, რასაც ვიკი ატარებს თავის თავში: ვიკიპედია არასოდეს არ არის დასრულებული პროექტი, ის სულ მუდამ სრულყოფის და ზრდის სტადიაშია, შესაბამისად თუ რომელიმე გვერდზე შეცდომა არის დღეს – აღარ იქნება ხვალ!

P.S. წიკიპედიაში შეცდომების არსებობა კი ხელს არ მიშლის იმაში, რომ მის ერთგულ მკითხველად დავრჩე მაინც იმ ენებზე, რომლებსაც ასე თუ ისე ვფლობ და სტიმულით მმუხტავს, რომ ვისწავლო ისინი, რომლებიც არ ვიცი…