ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘იდიომა

ფრანგული Nevermore

with 22 comments

კუნძულ სიტედან არკოლის ხიდზე რომ გადახვალთ და კუნძულ სენ–ლუის მიმართულებით სენას რომ ჩაუყვებით, ძვ. რომში იმპერატორ ნერონის დროს წამებული წმინდანების, გერვასისა და პროტასის სახელობის ეკლესიას მიადგებით, რომელსაც პარიზელები შემოკლებით სენ–ჟერვეს უწოდებენ. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ეკლესიაა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მომეჩვენა, ვერაფრით გამორჩეული… დახუნძლული პატარ–პატარა ქანდაკებებითა და ნაირ–ნაირი გოთიკური ზიზილ–პიპილოებით. ამ ეკლესიის უმთავრესი ღირსშესანიშნაობა პარიზში ერთ–ერთი უძველესი ორგანი ყოფილა, რომელიც მე არ მინახავს, ვინაიდან ეკლესიაში არ შევსულვარ, მხოლოდ იმ ხედით შემოვიფარგლე, რომელიც ვიკიპედიიდან აღებულ სურათზეა დაფიქსირებული. ფასადის თვალიერებისას, ხემ, მთლიანად რომ ფარავს მის ცენტრალურ ნაწილს, ნერვები მომიშალა და ჩემთვის ვიფიქრე, აქამდე პატრონი როგორ არ გამოუჩნდა, რომ მოეჭრა და ფასადიც მთლიანობაში გამოჩნდებოდა მეთქი?! ამის შემდეგ გავაგრძელე ჩემი გზა და სენ–ჟერვეს ეკლესია არც კი გამხსენებია.

დღეს ფრანგულ გამოთქმებსა და ხატოვან ფრაზებს ვათვალიერებდი. ერთ–ერთი მათგანი ასე ჟღერდა: Attendez-moi sous l’orme, რომელიც თარგმანში “თელის ქვეშ დამელოდეს” ნიშნავს. იმწამსვე თელების ქუჩაზე მოსიარულე კოშმარი გამახსენდა და დალასში თელების ქუჩაზე მოკლული კენედი. მეტი ამ ხის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, შესაბამისად დამაინტერესა ნეტა რას უნდა ნიშნავდეს თელის ქვეშ დალოდება მეთქი და გუგლვა დავიწყე. ბევრი ვგუგლე თუ ცოტა, 1868 წელს გამოცემული ფრანცისკ მიშელის 60 გვერდიანი ნაშრომი ვიპოვე, რომელიც კონკრეტულად ამ ფრაზას ეძღვნება, სადაც ძალიან ბევრი უინტერესო და მოსაწყენი გვერდი აღმოჩნდა, თუმცა ის მაინც გავიგე, რომ “თელის ქვეშ დამელოდეთ” ნიშნავს დაპირებას, რომელსაც არასოდეს შეასრულებენ.

ყველაზე საინტერესო კი ამ ფრაზის ეტიმოლოგია აღმოჩნდა, რომელიც  სენ–ჟერვეს ეკლესიის წინ თავმომწონე ხეს უკავშირდება. ეს ხე ამ ადგილას თურმე მეათე საუკუნიდან არსებობს. ის ჯერ კიდევ მაშინ ხარობდა, სანამ სენ–ჟერვეს ეკლესიას ააშენებდნენ პარიზის ძველი ეკლესიის ადგილას. არავინ იცის ეს ხე მერამდენე თაობაა, არც ის თუ მერამდენედ გაახარეს ყლორტი ბებერი წინაპრის ფესვებზე, თუმცა უკვე ტრადიციად ქცეულა, რომ ეს ხე აქ უნდა იყოს და უნდა ფარავდეს სენ–ჟერვეს ეკლესიის ფასადს. მარეს კვარტლის მაცხოვრებლებს შუა საუკუნეების პარიზში ერთი ჩვეულება ჰქონიათ: ამ ხის ქვეშ მევალე და მოვალე იკრიბებოდნენ თურმე და ყველას დასანახად ხდებოდა ვალების გასტუმრება. ვალის გასტუმრება კი ადამიანებს როგორ უყვართ მოგეხსენებათ, ჰოდა შესაბამისად უკვე გასაგები ხდება თუ რატომ ნიშნავს “თელის ქვეშ დამელოდე” ედგარ ალან პოს ყორანისეულ Nevermore-ს.

ჰამბურგის ანგარიში

with 4 comments

დღეს ერთი მეტად საინტერესო და საჭირბოროტო სტატია წავიკითხე. ია მერკვილაძე ქართველი გოდოს მოლოდინში გაშეშებულ ქართულ საზოგადოებას აღწერს და ამავდროულად არც–თუ ურიგოდ, თუმცა ვინაიდან პოლიტიკა და სოციალური ძვრები მოცემულ მომენტში ნაკლებად გვაინტერესებს, ყოველ შემთხვევაში ამ ბლოგზე, თქვენს ყურადღებას ერთ ფრაზეოლოგიზმზე შევაჩერებ, რომელსაც თავად სტატიის ავტორი ზუსტ კონტექსტში იყენებს. საუბარი “ჰამბურგის ანგარიშზე” მაქვს. ციტატა სტატიიდან:

იმავე დასავლეთში დაბადებული ჰამბურგის ანგარიში ჯერ არც ქართულ პოლიტიკურ-პატრიოტულ რიტორიკაში ჩანს და არც – სოციალურში.

ახლა, წარმოიდგინეთ რომ თქვენ აბარებთ უნარ–ჩვევების გამოცდას და მოდის ასეთი შეკითხვა, აღწერეთ თქვენი სიტყვებით რას ნიშნავს “ჰამბურგის ანგარიში” მოცემულ ამონარიდში? რამდენი თქვენგანი გაართმევს თავს ამ დავალებას? არადა ძალიან საინტერესო იდიომაა ეს “ჰამბურგის ანგარიში”.

ყველას უნახავს ფილმებში ცირკის არენაზე ორი დიდი გოლიათის შერკინება. ერთს წითელი ტრიკო რომ აცვია და მეორეს – ლურჯი (“ტრიკო” – ნაქსოვია ფრანგულად). დიდი ხნის განმავლობაში ეფექტურად რომ ბღლარძუნობენ გოლიათები და ბოლოში რომელიღაცა გულაღმა რომ დასცემს ცირკის არენაზე მოწინააღმდეგეს (“არენა” კი – ქვიშაა ლათინურად). ჰოდა, ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ასეთ ასპარეზობაში მთავარი სანახაობა იყო და არა რეალური ძალა. არადა ჩვენი მოჭიდავე ფალავნებიც ადამიანები იყვნენ და მათაც აწუდებდათ ამბიციები და აინტერესებდათ ვინ ვის ერეოდა და ვინ იყო ჭეშმარიტად ყველაზე ძლიერი…

სწორად ამიტომ, მე–20 საუკუნის დასაწყისში, თურმე ჰამბურგში მთელი შემოგარენიდან იკრიბებოდნენ მოჭიდავეები და დახურულ დარაბებს მიღმა არკვევდნენ, მაყურებლების გარეშე, ვინ როგორი ბიჭი იყო და ვისი მამა უფრო დიდ თევზს იჭერდა ბავშვობაში. ამ ნამდვილ შერკინებაში ირკვეოდა ვინ იყო ყველაზე ძლიერი და ვინ – არა. ამის გამო “ჰამბურგის ანგარიში” დაერქვა მოვლენას, როდესაც რაიმე სოციალური სტრუქტურის  იერარქიის დადგენა ხდება რეალური ძალის მიხედვით და არა რაიმე სტატუსის, ან კაი ბიჭობის გამო.