ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ივრითი

ხმელთაშუაზღვისპირეთის სიმღერა

with 15 comments

ლადინო თავდაპირველად ესპანურის, ივრითის, არამეულის და არაბულის ნაზავი იყო. ამ ენაზე შუა საუკუნეებში ესპანეთში მცხოვრები ებრაელები საუბრობდნენ. ფერდინანდმა და იზაბელამ ებრაელები ესპანეთიდან რომ განდევნეს (1492 წელს), მრავალი მათგანი ბალკანეთში გადაბარგდა. მათ თან ყველაზე ძვირფასი “ბარგი” წაიღეს, იმ ენის სახით, რომელზედაც საუბრობდნენ. დროთა განმავლობაში ლადინოს ბალკანური კვალი დაეტყო და მასში თურქული და ბერძნული ელემენტები გაჩნდა.

ზოგიერთი ენათმეცნიერი ამტკიცებს ენის შენახვა–გადარჩენის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება სიმღერააო. ესპანეთიდან დევნილებმა ენასთან ერთად ის კულტურული გარემოც წააყოლეს ხელს, რომელთა გარეშე ენა ხელოვნური და უმაქნისი ხდება. კონკრეტულ შემთხვევებში სიმღერაზე მაქვს საუბარი, უფრო დაზუსტებით კი “ფელ შარა”–ზე. ამ სიმღერას, უფრო სწორად მელოდიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საინტერესო კი ის არის, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსახლე ყველა ხალხს ამ სიმღერის საკუთარი ვარიანტი აქვს, შეხვდებით არაბულ, თურქულ, მაკედონიურ, ბულგარულ, სერბულ, ბერძნულ, ხორვატულ, ბოსნიურ ვერსიებს… თითოეულ მელოდიაზე ორიგინალური ტექსტია დადებული და ყოველ ერს ეს მელოდია საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობით აქვს გამდიდრებული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიმღერა ყველას საკუთარი ჰგონია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ სიმღერის ათამდე ვარიანტი მოვისმინე და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე “ბონი–ემ”–ის ჰიტის, “რასპუტინის” დასაწყისი “ფელ შარას” მელოდია გახლავთ, შემდგომში არანჟირებული და ოდნავ გაჯაზებული. მრავალჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, რომ ტექსტუალური ადამიანი ვარ, ამიტომაც აუდიოვიზუალურ მხარეს მეორეხასისხოვანი დატვირთვა ჰქონდა, როდესაც ამ შესანიშნავი მელოდიის მულტიკულტურულ ვარიაციებს ვისმენდი. კერძოდ კი სიმღერის ტექსტმა მომხიბლა, აი ისიც:

Fel Shara canet betet masha
la signorina aux beaux yeux noirs
como la luna etait la sua facia
qui eclairait le boulevard

Volevo parlar shata metni
because her father was a la gare
y con su umbrella darabetni
en reponse a mon bonsoir

Perche’ my dear tedrabini
kuando yo te amo kitir
and if you want tehebini
il n’y a pas lieu de nous conquerir

Totta la notte alambiki
et meme jusqu’au lever du jour
and every morning ashtanaki
pour le voue de notre amour…

ეს გახლავთ ტექსტი “ფელ შარას” იმ კლასიკური ვერსიისა, რომელსაც ესპანელი ებრაელები მღეროდნენ საუკუნეების განმავლობაში. შეიძლება ნაცნობ ენებსაც კი მოჰკრათ თვალი. გაოცებული ვარ, როგორ ბუნებრივად ენაცვლება ესპანურს იტალიური, იტალიურს არაბული, არაბულს ინგლისური და ა.შ. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. მთავარი ხომ ენა არ არის, მთავარი სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც ეს სიმღერა მოგვითხრობს. თითოეულ ენაზე სიყვარულის განსხვავებულ ისტორიას ვაწყდებით. თურქულ ვერსიაში უშკუდარში (ქალაქია თურქეთში) მიმავალი კლერკისადმი ქალის გამოუთქმელ სიყვარულზე მღერიან. ბერძნულში თორმეტი წლის “ნიმფეტკის” ხალის სილამაზით დატყვევებული ჯეელის გმინვას ვისმენთ, არაბული ვერსია ალექსანდრიელი (ალექსანდრია არაბულად “ისქანდარია” ყოფილა!) ლამაზმანების ამბავს მოგვითხრობს… ერთი სიტყვით ეს გახლავთ მულტიკულტურული სიმღერა, რომელიც განასხვავებს კიდეც ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებს და ამავდროულად აერთიანებს მათ. თუ გემოვნებაზე მიდგა საქმე, მე ყველაზე მეტად თურქული და სერბული ვარიანტები მომეწონა. თუმცა ვაცნობიერებ რა იმას, რომ გემოვნებაზე დავობენ, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ვერსიის ბმულებს შემოგთავაზებთ Youtube-იდან და თავად განსაჯეთ:

Written by linguistuss

March 26, 2009 at 1:25 am

აბრაკადაბრა

with 5 comments

ეს სიტყვა პირამიდების მსგავსად საუკუნეებს ზემოდან დასცქერის. ძალიან დიდი ხანია ცდილობენ მისი ზუსტი ეტიმოლოგიის დადგენას, თუმცა ამაოდ, რაც უფრო ღრმად ცდილობენ მის ფუძეში ქექვას მავანნი და მავანნი, მით უფრო იტოტება, ერთმანეთში იხლართება და მთელი სიცხადით წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ გარდასული ეპოქების მივიწყებული ენები. ეს სიტყვა ლაიტმოტივივით გასდევს ქრისტესშემდგომ ოც საუკუნეს. დღემდე დაზუსტებით უცნობია თუ რომელ ენაში და რომელ ხალხში იშვა ეს საოცარი სიტყვა პირველად. ამასთან დაკავშირებით სიტყვის წარმოშობის ვერსიები ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი ნაწილი ეს არის ის, რაც დანამდვილებით ცნობილია ამ სიტყვაზე. მეორე ნაწილში კი ის ვერსიები იყრიან თავს, სადაც გამოცნობის და ზოგჯერ მკითხაობის დონეზე, სიტყვის გასაშიფრად ლინგვისტები ლოგიკას, მკვდარ ენებს და ინტუიციას იყენებენ.

ერთ–ერთი უადრესი ისტორიული წერილობითი წყარო, სადაც ეს სიტყვა თავისი იდუმალი რაობით წარდგა კაცობრიობის წინაშე ძვ. რომაელი იმპერატორის კარაკალას პირადი ექიმის, კვინტუს სერენუს სამონიკუსის ნაშრომია მკურნალობის შესახებ (De medicina praecepta). ამ წიგნში, რომელიც 1115 ჰეგზამეტრისგან შედგება, თავმოყრილია ყველა ის პოპულარული რეცეპტი, რომელიც ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ გამოიყენებოდა მესამე საუკუნის იტალიაში. მათ შორის ციებ–ცხელების მალამოდ სერენუს სამონიკუსი სამკუთხედის ფორმის ამულეტს ასახელებს, რომელზედაც ქვემოთ მოცემული იდუმალი ფორმით წარწერილი იყო სიტყვა “ABRAKADABRA”.

abrakadabra2

ამაზე ადრეული წერილობითი წყარო არ მოიპოვება. თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი გამოთქვამს ვარაუდს, რომ სიტყვის ფესვები არამეულში და ივრითში უნდა ვეძებოთ. ერთი მხრივ, ეს სიტყვა ბუსტროფედონია (იკითხება ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ და შემდეგ პირიქით) და ივრითზე იშიფრება, როგორც “არბა” (ოთხი) “დაკ” (დამსხვრევა/განადგურება) “არბა” (ოთხი), რომელიც უკუ წაკითხვით “აბრაკადაბრას” გვაძლევს. ოთხის მიერ ოთხის განადგურება კი სიმბოლურად იაჰვეს მიერ (რომლის სახელიც ოთხი ასოსგან შედგება ივრითში) ოთხი ელემენტის განადგურებას ნიშნავს. მეორე ვერსიით არამეულ ენაზე “ავრაჰ კადაბრა” ნიშნავს “შევქმნი იმდაგვარს, როგორსაც წარმოვთქვამ”.

შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპაში სრული სიბნელე ჩამოწვა, რა თქმა უნდა, ყველას დაავიწყდა არამეულიც, ივრითიც და, მათ შორის, კინაღამ ლათინურიც – შესაბამისად სიტყვამ მხოლოდ მისტიურ–ეზოთერული იერი შეინარჩუნა, სრულიად დაკარგა შინაარსი და უაზრო ბგერების კომბინაციად იქცა, რომელსაც შელოცვის დროს იყენებდნენ. მას ქრისტიანულმა სამყარომ სატანური იარლიყი მიაკრა და სიტყვაც განდევნილ იქნა “ვაშინერსი” სიტყვების ბნელ ლექსიკონში.

ერთი სიტყვით ამ სიტყვას მრავალი ენა იჩემებს, მაგრამ ჯერ–ჯერობით მას მშობელი კვლავაც არ გამოსჩენია, თუმცა XIX–XX საუკუნეებში თავად ეს სიტყვა გახდა იმ დაუსრულებელი აბდაუბდა მოტივებისა თუ სიუჟეტების შთამაგონებელი წყარო, რასაც დღემდე ბოლო არ უჩანს, რომელთა შორის ყველაზე ორიგინალური ჩემი აზრით დანიელ და ალენ ბუბილების საბავშვო სატელევიზიო მიუზიკლია, რომელმაც დღის სინათლე 1983 წლის შობის ღამეს იხილა. მიუზიკლი მთლიანად დაფუძნებული იყო ჯგუფ “აბბას” რეპერტუარზე და სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა – მიუზიკლს ავტორებმა, ჩემი აზრით, შესანიშნავი სახელწოდება – “აბბაკადაბრა” უწოდეს…

ამ ჩემს დღევანდელ აბდაუბდას კი გიო გურჯის ლექსით, “აბრაკადაბრათი” დავასრულებ…

“არავინ შეგინახავს სინდისს”
(სისხლს არ ვგულისხმობ)
მეტადრე თუ შორით გიგულეს,
მისი ტარება, მანძილის ზრდასთან
ერთად მძიმდება,
(სისხლს არ ვგულისხმობ)
ისინი, ვინც უგონოდ გიყვარს,
იმ შემთხვევაშიც,
როცა უფალს გმობენ- ისინი.
იმ შემთხვევაშიც,
როცა გრძნობ რომ-მათ არ უყვარხარ!
იმ შემთხვევაშიც როცა გრძნობ რომ
ზოგჯერ ძალიან!

მაგრამ შენ, მაინც ძალიან გიყვარს!

“არავინ შეგინახავს სინდისს”
ვიღაცეები- უსიკვდილოდ დაიწყებენ წუწუნეს!
ვიღაცეები-მობოდიშებას…
ვიღაცეები კი, ვინც არიან უმცირესობა
განაგრძობენ მხოლოდ,
სვლას საკუთარი ჩრდილებისაკენ.
ჩრდილებისაკენ, რომლებიც მოსწონთ,
შეყვარებულ ჩრდილებისაკენ.

“არავინ შეგინახავს სინდისს”
როცა ნავთობის ფასიც,
დღითი დღე იზრდება.

P.S. დამავიწყდა სადღაც გაკვრით აღმენიშნა, რომ ჯოან როულინგისეული სასიკვდილო შელოცვა, ჰარი პოტერზე წიგნების სერიაში, “ავადა კედავრა” აბრაკადაბრას ძალიან ეფექტური გადათამაშებაა…