ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ინგლისური ენა

ფანჯარა იგივე ხუთკუნჭულა!

with 33 comments


დღევანდელ შესავალს მარტივი შეკითხვით დავიწყებ, თუ იცით თვლა სპარსულად ერთიდან ექვსამდე? რა თქმა უნდა, იცით! – იექ, დუ, სე, ჩაჰარ, ფანჯ, შეშ… და შემდეგ როგორ გრძელდება გაინტერესებთ? – მართალია, მეც არ მაინტერესებს, ამიტომ ყურადღება მოცემულ ექვსეულზე, უფრო სწორად კი ერთ–ერთ მათგანზე ხუთიან “ფანჯ”–ზე შევაჩეროთ. ეს სიტყვა ისეთ დამალულ ადგილებში აღმოვაჩინე, რომ ძალიან გამიკვირდა, რასაც ეხება ჩემი ქვემორე მონათხრობი…

ჩვენს დროებაში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის ცოდნით რომ ვეღარავის გააკვირვებ, ყველამ იცის რას ნიშნავს სიტყვა Punch (მუშტის დარტყმა), რომელსაც ფესვები ლათინურ ენაში აქვს, სადაც punctum იმავეს აღნიშნავდა, რასაც არაბული ტაყანა (იხილეთ ჩემი ძველი პოსტი). “ფანჩ”–ს ინგლისურ ენაში ასევე ალკოჰოლურ სასმელსაც უწოდებენ. თურმე კი არა მისი სახელწოდება სპარსული “ფანჯ”–იდან მომდინარეობს. მის დასამზადებლად ხუთი განსხვავებული ტიპის ინგრედიენტია საჭირო: ალკოჰოლი, შაქარი, ლიმონი, წყალი და ჩაის ფოთლები, ამიტომაც ამ სასმელს ინდოეთში მოიხსენიებდნენ, როგორც “ფანჯ” (ან “პანჩან” – სანსკრიტზე), შემდეგ ინგლისელებს მოსწონებიათ და თავის ენაზე რომ ჩაუწერიათ Punch გამოსულა. ფრანგებს ეს “ფანჩ” წაუკითხავთ როგორც “პუნშ” და ფრანგულენოვანი ლიტერატურის წყალობით რუსულის გავლით ეს სიტყვა ჩვენთან პუნშის სახით დამკვიდრდა, სადაც პირველწყარო “ფანჯ” მთლიანადაა დაკარგული.

მეორე ისტორია სურათს ეხება, რომელზეც ირანის ქალაქ ქაშანშია გადაღებული. სურათზე ტრადიციული სპარსული არქიტექტურისათვის დამახასიათებელ ხუთკუთხა ფანჯარას ვხედავთ. ჯერ ვერაფერს მიხვდით? მგონია, რომ კი! ფანჯარა ქართულში სპარსულიდანაა შემოსული. არ ვიცი ჩვენი წინაპრები მანამდე ფანჯარას სარკმელს უწოდებდნენ, თუ რამე სხვა სიტყვა ჰქონდათ. აი, სპარსულში კი “ფანჯარე” “ხუთკუთხას” ნიშნავს, ანუ იმას რასაც ვხედავთ სურათზე. საინტერესო ის არის, რომ სიტყვები: “ფანჯარა”, “ხუთკუნჭულა” და “პენტაგონი” თარგმანში დაახლოებით იდენტურად ჟღერს და აბსოლუტურად განსხვავებულ ცნებებს აღნიშნავს.

Advertisements

Written by linguistuss

January 22, 2010 at 11:07 pm

მაგისი დედაც, დიკენს!

with 8 comments

Ford
Where had you this pretty weathercock?
Mrs. Page
I cannot tell what the dickens his name is my husband had
him of. What do you call your knight’s name, sirrah?
Robin
Sir John Falstaff.

William Shakespeare,  “Falstaff”

ამ დიალოგში მისის პეიჯი იყენებს სასაუბრო ენაში შექსპირის დროს გავრცელებულ გამოთქმას «what the dickens». ეს გამოთქმა ორი საუკუნის შემდეგ დაბადებულ ინგლისელ მწერალთან, ჩარლზ დიკენსთან არანაირ კავშირში არ არის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ძველი ინგლისური გამოთქმა, «what the dickens», გამოიყენებოდა უარყოფითი ემოციის გამოსახატავად, დაახლოებით ისევე, როგორც ეს”ეშმაკმა დალახვროს”, ან “იმისი დედაც, ჯეკ”–ის შემთხვევაშია.

აი, სიტყვა «dickens» კი ძვ. ინგლისურ ენაში “ჭინკას”, ან “ეშმაკს” აღნიშნავდა, რასაც იმდროინდელ გამონათქვამებში და შეძახილებში უხვად ვხვდებით. შესაძლოა სწორად ამიტომაც ჩარლზ დიკენსმა თავდაპირველად წერა ფსევდონიმით დაიწყო, მის შვილებს კი – კიდევ უფრო არ გაუმართლათ, ასეთ “მშვენიერ” გვართან ერთად მათ ახირებული მამა შეხვდათ, რომელმაც საკუთარ შვილებს უცნაური სახელები დაარქვა.

სანამ დიკენსზე და მის შვილებზე საუბარს გავაგრძელებთ მანამდე ინგლისელთა სახელების მიმართ დამოკიდებულებაზეც უნდა ითქვას ორიოდ სიტყვა:

ინგლისში ტრადიციულად ითვლება ე.წ. “მიდლნეიმის”, ანუ საშუალო სახელის დარქმევაც. ამის ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოს ის არის, რომ გონიერი ინგლისელები, როდესაც ამკვიდრებდნენ ამ ტრადიციას, წინასწარ თვლიდნენ, რომ შესაძლოა ვინმეს მისი პირველი სახელი არ მოსწონებოდა, შესაბამიზად რეზერვად ეს “მიდლნეიმი” გამოიყენებოდა. ჩვენთანაც რომ იყოს ასეთი ტრადიცია არ გვეყოლებოდა ამდენი გიორგი და დათო, აქა–იქ ორიგინალური სახელის მქონე ქართველებიც გამოერეოდნენ. ასე მაგალითად ინგლისში დიდი ხნის განმავლობაში მიღებული იყო ბიჭებისათვის ყველაზე გავრცელებული სახელების დარქმევა, საშუალო სახელს კი, როგორც წესი რაიმე უცნაური სიტყვა წარმოადგენდა ხოლმე, როგორც ეს უილიამ მეიქპის თეკერეის შემთხვევაში გვაქვს (Makepeace – მშვიდობისმყოფელი). ამასთან ქალის სახელების შემთხვევაში პირიქით იყო, როგორც ჩანს ბრიტანელები კარგად ერკვეოდნენ “თინეიჯერების” ფსიქოლოგიაში.

ჩარლზ დიკენსმა კი თავის შვილებს ინგლისელი ლიტერატორების სახელები უწოდა და ამგვარად მოევლინენ ქვეყანას ჰენრი ფილდინგ დიკენსი და ალფრედ ტენისონ დიკენსი… ამ “ბედნიერი” ყმაწვილების სახელებზე ბენჯამინ ფრანკლინ პინკერტონი გამახსენდა ჯაკომო პუჩინის “ჩიო ჩიო სანიდან”, მთელი ლიბრეტოს მანძილზე B.F.–ად მოხსენიებული. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი და საშუალო სახელების აბრევიატურები ხშირად თავის მხრივ ახალ სახელს ქმნიან, როგორც ეს ოჯეი სიმპსონის შემთხვევაში გვაქვს, რომელსაც ორენთალ ჯეიმსი უწოდეს მშობლებმა, მთელმა მსოფლიომ კი ოჯეით (O.J.) გაიცნო, ჯერ ამერიკული ფეხბურთის და შემდეგ სასამართლო პროცესის წყალობით, ცოლი და ცოლის საყვარელი რომ მოკლა…

P.S.  სტატიის იდეა აღებულია http://ezhe.ru–დან.

Hey, guys, where are you?

with 3 comments

Remember, remember the 5th of November,
Gunpowder, treason and plot.
I see no reason why gunpowder treason,
Should ever be forgot.
Guy Fawkes, Guy Fawkes, ’twas his intent
To blow up the King and Parliament.
Three score barrels of powder below,
Poor old England to overthrow;
By God’s providence he was catch’d
With a dark lantern and burning match.
Holloa boys, holloa boys, make the bells ring.
Holloa boys, holloa boys, God save the King!
Hip hip hoorah!

ინგლისური ხალხური სიმღერა

ცოტაოდენ ისტორიას შეგახსენებთ. 1605 წლის 5 ნოემბერს, ინგლისის მეფე, ჯეიმს I უნდა დასწრებოდა პარლამენტში სესიის გახსნას. კათოლიკე შეთქმულთა ჯგუფს, რომლებიც ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გადაწყვეტილი ჰქონდათ მეფისა და დიდებულების განადგურება. ამისათვის მათ ლორდთა პალატის ქვეშ ორტონანახევარი დენთი შეაგროვეს და პარლამენტის მთლიანი შენობის აფეთქება განიზრახეს. თუმცა 26 ოქტომბერს, ლორდ მონტინგლმა, რომელიც კათოლიკე შეთქმულთა საძმოს  ერთ–ერთი ახლობელი გახლდათ, მიიღო ანონიმური წერილი, სადაც მას ურჩევდნენ, რომ იმ დღეს პარლამენტში არ გამოცხადებულიყო, ვინაიდან “ღმერთი და კაცი გაერთიანებულიყვნენ, რათა შური ეძიათ ყველა დროის ყველაზე დიდ ბოროტებაზე”.

რა გზებითა და მანქანებით მოხვდა ეს წერილი ინგლისელი მონარქის ხელში არავინ იცის, თუმცა სხდომის წინა ღამეს პარლამენტის შენობა გაჩხრიკეს და ადამიანი, რომელსაც უნდა წაეკიდებინა ცეცხლი ფითილისათვის დაკავებულ იქნა. იქვე მათ დენთით სავსე 36 კასრი იპოვეს, დაკავებულს გაი ფოქსი (Guy Fawkes) ერქვა. იგი 35 წლის, სამეფო კარზე მოღვაწე კათოლიკე იყო, აქვე უნდა ითქვას, რომ შეთქმულების თავი და თავი იგი არ გახლდათ, მაგრამ სწორად მისი სახელი და გვარი შემორჩა ისტორიას “დენთის შეთქმულების” (Gunpowder Plot) საქმესთან დაკავშირებით. ისტორია იმასაც ყვება, თუ როგორ დაიჭირეს შეთქმულების სხვა მონაწილენი, როგორ დაიღუპა მათი ნაწილი დაკავების პროცესში და თუ როგორ დასაჯეს დანარჩენები სასამართლო პროცესის შემდეგ, თუმცა ეს ამბები ჩვენს ისტორიაში ნაკლებად საინტერესოა.

აუფეთქებელმა პარლამენტარებმა კი შემდგომში 5 ნოემბერი სრულიად სახალხო დღესასწაულად გამოაცხადეს, დღესდღეობით “გაი ფოქსის ღამის” სახელით ცნობილი, რომელიც ტრადიციულ ინგლისურ რეალობაში დიდი ზარ–ზეიმით აღინიშნება დღესაც, წვავენ რა გაი ფოქსის ფიტულს საჯაროდ. სწორად ამ ფიტულთანაა დაკავშირებული ის კვალი ინგლისურ ენაში, რომელზედაც დღეს გვექნება საუბარი.

გაი ფოქსი, რა თქმა უნდა, არ იყო გაიუს იულიუს კეისრის სეხნია ( Gaius Iulius Caesar) და ჩვენ სახელების ამ მსგავსებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. სინამდვილეში მისი სახელი, Guy გახლავთ Guido–ს შემოკლებული ვარიანტი. ასევე შემონახულია გაი ფოქსის ხელით ნაწერი, სადაც იგი ჩვენებებს იძლეოდა, რომლის ბოლოშიც გაკრული ხელით ვკითხულობთ: “Guido Fawkes”. თავად სახელ Guido–ს რაც შეეხება, ის ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, თუმცა მისი ფუძე წარმოდგება ძველფრანგული ზმნისაგან guider, რომელიც “წინ გაძღოლას” და “წაყვანას” ნიშნავს. ჰო, მართლა ექსკურსიამძღოლი, იგივე “გიდი” ზუსტად ამ ზმნისგან მომდინარეობს.

მადლიერმა ერმა გაი ფოქსს სამშობლოსა და მეფის სიყვარული “არ დაუვიწყა” და მისი სახელი მისსავე ფიტულს დაარქვეს. ამან შემდგომში ცუდად და სასაცილოდ ჩაცმულ უბრალო “ინგლიშმენებ”–ს მისცა სახელი, რაც საბოლოოდ იმაში გადაიზარდა, რომ ჯერ ამერიკაში და შემდეგ მთელ ინგლისურენოვან სამყაროში ამ სიტყვის (guy) სახით ფამილარულ–ირონიული მიმართვის ფორმა შეიქმნა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ფრაზა “ეს ფიტული” (this guy) სულ თავისუფლად შეიძლებოდა განზოგადებულიყო…

P.S. სტატია ნათარგმნია ezhe.ru–დან და მსგავს თარგმანებს კვლავაც შემოგთავაზებთ, თუ კი სადმე რამეს, ამ ბლოგის შესაფერისს, ვიპოვი.