ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ინტერნეტი

დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

with 10 comments

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის “მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმ-ბერნერს ლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის “მამას” უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა – თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუთმეტ მილიარდ ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისაგან, სადაც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ საკუთარ ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს ინტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამისი ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით “ფეისბუქური” ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში “პირწიგნაკად” წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე – youtube.com, მეოთხეზე – odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსით არაფრით განსხვავდება – აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ფოტოებს წითელ ზოლად გასდევთ წარწერა “მე აქ ვიყავი”. ასეთ ფოტოებს განეკუთვნება სურათები, სადაც მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამ ყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანასკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით – “დედას ბუშტი”. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%-ის და ფრანგების 74%-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი “მე აქ ვიყავი” და “ჩემი ქორწილის” ტიპის ფოტოები განმთავსებლის პირადი საქმეა. “დედას ბუშტის” სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები “ფრენდების” თუ “დრუზიების” წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ. ეს აპლიკაციები იმ სოციალ-მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრონიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: “ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე”, “დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი”, “ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ.

Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს “კედელი” რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ – თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა “დედას ბუშტი” ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

November 6, 2010 at 2:44 am

მოგზაურობა სკნელეთში

with 4 comments

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჯერი ესკიმოსებზე მიდგა და ისინიც ეზიარნენ გლობალურ აბლაბუდას, დღის წესრიგში დადგა, თუ როგორ ეწოდებინათ ესკიმოსთა ენაზე, ინუკტიტუტზე ე.წ. “მეშვიდე კონტინენტისათვის”. ბანალური “ინტერნეტი” საამისოდ არ გამოდგებოდა, ვინაიდან ესკიმოსები საკუთარ ენას პატივს სცემენ, შესაბამისად, ბარბარიზმებისგანაც იცავენ. ერთმა ჭკვიანმა კაცმა, ევა აარიაკმა, მსოფლიო ესკიმოსურ საზოგადოებას სიტყვა ikiaqqivik შესთავაზა. ეს სიტყვა ინუიტთა მშობლიურ ენაზე, “შრეებში მოგზაურობას” ნიშნავს და მოდით აქვე აღვნიშნოთ, რომ ესკიმოსები საკუთარ თავს “ინუიტებს” უწოდებენ და არ უყვართ, როცა მათ „ესკიმოსებად” მოიხსენიებენ. ასე მათთვის კრის ტომის ინდიელებს შეურქმევიათ, რაც, ამ უკანასკნელთა განმარტებით, “უმი ხორცის მჭამელს” ნიშნავს თურმე. ჰოდა, აბა ვის მოეწონება ასეთი სახელი?!

შრეებში მოგზაურობა რაღა ჯანდაბააო, შეიძლება წამოსცდეს რომელიმე თქვენგანს. შრეებში მოგზაურებს ესკიმოსები საკუთარ შამანებს, ანუ მედიუმებს ეძახიან, რომლებიც გზად და ხიდად დამდგარან რუხი ყოველდღიურობისა და ღვთაებრივი მარადიულობის გზაზე, აკავშირებენ გარდაცვლილს ჯერარდაბადებულთან, ნუნავუტს – ინუიტთან, სნეულს – განკურნებასთან და უბრალო ადამიანს – ღმერთთან. ერთი ისტორიული ანეკდოტი არსებობს ამასთან დაკავშირებით: როდესაც ამერიკელთა მთვარეზე დაჯდომის ამბავი კანადის შორეულ ჩრდილოეთში ინუიტების ყურამდე მისულა, მათ მხრები აუჩეჩავთ და უთქვამთ – დიდი ამბავი, ჩვენი შამანები ყოველდღიურად აკეთებენ ამას, როდესაც შრეებში მოგზაურობენო!

ზუსტად ვიცი ახლა, ამის წაკითხვის შემდეგ რასაც განიცდით. ამას კულტურული შოკი ჰქვია. თქვენს გონებას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დამუშავება, თუმცა შრეებში მოგზაურობა კვლავაც ძალადობს თქვენს ცნობისმოყვარეობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ესკიმოსთა, უკაცრავად ინუიტთა, გულუბრყვილობაზე ჩუმად ხითხითებს, ზოგიერთი – ზედმეტად ჭკვიანი სახით კვლავაც აგრძელებს კითხვას. ზოგმა ამ წამს დააცემინა, ჯიბიდან ხელსახოცი ამოიღო, ცხვირ-პირი შეიმშრალა და კითხვა განაგრძო. ზოგს კაბინეტში ჩასთვლიმა და აღარასოდეს მოუბრუნდება ამ “ესკიმოსურ” ისტორიას შრეებში მოგზაურობის შესახებ. მთავარი კი ის არის, რომ ახლა ჩვენ განვჭოლავთ ერთმანეთის ყოველდღიურობას და ვმოგზაურობთ შრეებში… აი, კაბინეტში ჩაძინებულმა ბატონმაც გამოიღვიძა, მაგიდაზე ჩამოვარდნილი სათვალე გაიკეთა და განაგრძო კითხვა.

ამ ისტორიამ ძველი ქართული ზღაპრები გამახსენა, სადაც სივრცე სკნელური ტოპოლოგიითაა დაყოფილი: ზევით – ზესკნელია, ქვევით – ქვესკნელი. სადღაც გარდიგარდმო – გარესკნელი. ჯადოსნურ ხალიჩაზე ამხედრებული მეფის შვილები და ობოლი შარახვეტიები დევებს, ქაჯებს, ვირ-ეშმაკებს, გველეშაპებს ხოცავენ. სკნელების ფაქიზ და რთულ სტრუქტურას მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვებით აკავშირებენ და ამ ზღაპრების მოსმენისას ჩვენი პატარებიც მათთან ერთად მოგზაურობენ, შემდეგ სიზმრებში საკუთარ სკნელეთში იძირებიან და ამბავიც თავიდან იწყება. ამბავი, რომლის ბოლოც აუცილებლად კეთილი უნდა იყოს.

აი, დღესაც ვიმოგზაურე ინტერნეტში: სალომეს ახალი “ძერსკი” მოთხრობა დაუწერია, ნი2-ნიუსი აკაკი წერეთლის კომენტარს გვთავაზობს მის წმინდანად შერაცხვასთან დაკავშირებით, პარიზში ეიფელის კოშკი დაუნაღმავთ, თუ გაუნაღმავთ და ორი ათასამდე იაპონელი ტურისტი მარსის ველზე გამოუყრიათ ცხვრებივით, ქართულ ბლოგებზე კვლავ წიგნებით გარემოვაჭრეთა ბედ-იღბალი ადარდებთ, მარო მაყაშვილის დღიურების ბლოგად გარდაქმნა დაუწყიათ ჩვენებურ ghost-writer-ებს, მამაჩემი კვლავაც დაჟინებით აქვეყნებს თავის თარგმანებს ფეისბუქში, სადღაც რომელიღაც სკოლაში ფეისბუქელ პოეტთა პოეზიის საღამო იმართება, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები კვლავაც გეებს დასდევენ, გეები კვლავაც ქამინგ-აუთს ერიდებიან და, ერთი სიტყვით, ძნელია მოიწყინო ინტერნეტში, რომელსაც, მე რომ მკითხო, სიტყვა “სკნელეთი” უფრო შეეფერება.

ჩვენ ყველანი ინუიტ შამანებს ვგავართ, ინფორმაციის შრეებში დაკარგულ მისნებს. ყოველი დილა ჩვენი პატარა “შრით” იწყება. შემდეგ მეზობლები იჭრებიან მასში, უდროო დროს ჩართული სიგნალიზაციით. საქალაქო ტრანსპორტი, მანქანების საცობი და სამსახურებისაკენ დაძრული ადამიანები თავიანთი პირადი პრობლემებით ეჯახებიან მას და მოქმედებაში მოჰყავთ. შემდეგ სამსახური. სამსახურში ინტერნეტი, თანამშრომლები. კვლავ ინტერნეტი. მერე მეგობრები, ოჯახი, კვლავ ინტერნეტი… შრეები, შრეები, შრეები… ჩვენ, ამ შრეებში მოგზაურობისაგან დაღლილი მგზავრები კი ვერ ვამჩნევთ, რომ ხანდახან გაჩერების და სულის მოთქმის დროა. ვჩერდებით და ცოტა ხანში ისევ უცნობ-ნაცნობი შრეებისაკენ მივემართებით, სადაც ზევით – ზესკნელია, ქვევით – ქვესკნელი, გარდიგარდმო – გარესკნელი და სიტყვა “უკანასკნელი” კი – უკანასკნელი.

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Written by linguistuss

October 8, 2010 at 4:14 pm

თუ შეიძლება ლინგვისტუსი დამიძახეთ

with 7 comments

ბოლო რამდენიმე დღეა ფანტასტიკაზე გადავერთე. ამას რამდენიმე გამომწვევი მიზეზი აქვს. ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ პრინტერი ვიყიდე და მეორე კი ის, რომ ინტერნეტის სქროლვა მომბეზრდა. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მაკლდა მხატვრული ლიტერატურით მიღებული სიამოვნება, უფრო კონკრეტულად კი სამეცნიერო ფანტასტიკით, ვინაიდან მხატვრულ ლიტერატურას წიგნების სახით ასე თუ ისე მაინც ვეცნობოდი. ერთ–ერთი პირველი მოთხრობა, რომელიც მომხვდა ხელში პოლ ანდერსონის “Call me Joe”, ანუ “ჯო დამიძახეთ” იყო… სწორად ამ მოთხრობაზე მსურს საუბარი დღეს.

მოთხრობა 1957 წელსაა დაწერილი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამეცნიერო ფანტასტიკის ოქროს ხანა იდგა. სიუჟეტი იუპიტერთან ახლოს მდებარე კოსმოსურ სადგურზე ვითარდება, სადაც შეკრებილი მეცნიერთა ჯგუფი იუპიტერის კოლონიზაციას ცდილობს სიცოცხლის ხელოვნური ფორმებით. მათ შემუშავებული აქვთ ხელოვნური ინტელექტის მქონე მოდელები, რომელთა საშუალებითაც ისინი ცდილობენ იუპიტერის გარემოს შესწავლას და უფრო მეტიც პლანეტის ბინადარი “ველური” არსებების ჩანაცვლებას ხელოვნური ინდივიდებით, რომლებსაც სადგურიდან ოპერატორები მართავენ.

მოთხრობა იუპიტერის რეალიების აღწერით იწყება, სადაც პლანეტის ზედაპირზე გადასმული ხელოვნური ინდივიდი სახელად “ჯო” უმკლავდება გაუსაძლის გარემო პირობებს. იგი ფიზიკურად მუშაობს, ბუნაგს იშენებს, დაუპატიჟებელ იუპიტერელ ურჩხულებს უმკლავდება და ერთი სიტყვით იბრძვის გადარჩენისათვის. იგი მის “თანამოძმეთა” შორის ერთადერთი წარმომადგენელია. მასზეა დამოკიდებული სამეცნიერო ჯგუფის მუშაობის შედეგი. თუ ჯო გადარჩება ე.ი. შრომას ტყულ–უბრალოდ არ ჩაუვლია და პლანეტაზე სხვა ნიმუშებსაც გადასვამენ, რომლებიც პლანეტის ბატონ–პატრონები გახდებიან უახლოეს მომავალში.

სულ მალე ვიგებთ, რომ ჯო იმართება სადგურიდან, განსაკუთრებული ტელეპათიური მეთოდით, რომელსაც ფსიონიკას უწოდებენ. მისი მმართველი ოპერატორი კი დაინვალიდებული მეცნიერი ედ ენგლსია. ყველაფერს ენგლსი კარნახობს ჯოს, თუ რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს, როგორ აარიდოს თავი პრობლემებს და ა.შ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესში თავად ჯოს პიროვნება ნელ–ნელა ყალიბდება გამოცდილების მატებასთან ერთად და საბოლოო ჯამში ენგლსის მთელი მეხსიერება, გამოცდილება, აზრები და ემოციები ახალი იუპიტერელის განუყოფელი ნაწილი გახდება.

მოთხრობის ფაბულა აგებულია განუწყვეტელ თავისტკივილზე, რომელიც ენგლს ჯოს მართვაში უშლის უშლის ხელს. დროთა განმავლობაში მართვადი ინდივიდის დამორჩილება უფრო და უფრო ძნელი ხდება, ამიტომაც ჩათვლიან, რომ ფსიონიკური მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა და სპეციალურად საამისოდ დედამიწიდან ამ საკითხში ექსპერტს ვინმე კორნელიუსს მოიწვევენ, რომელიც გვევლინება ამ ნაწარმოების მთავარ შერლოკ ჰოლმსად.

კორნელიუსი კოსმოსურ ლაბორატორიაში დაბანაკდება და იწყებს პროექტში მონაწილე მეცნიერ–თანამშრომლების გამოკითხვას. ბოლოს გაარკვევს, რომ სავარძელს მიჯაჭვული ენგლსი თითქმის სულ ჯოზეა გადართული და რამდენიმე კვირაა, რაც კონტაქტში არ შესულა კოლეგებთან. კორნელიუსი შემდეგ ფსიონიკის დეტალებში გვარკვევს. ვიგებთ იმასაც, რომ იუპიტერზე გადასმული ხელოვნური ინდივიდი სახელად ჯო, თავიდან ჩვილი ბავშვივით უსუსური არსება ყოფილა, რომელსაც არანაირი უნარ–ჩვევა არ ჰქონია და ეს ტაბულა რაზა  უქცევია ედ ენგლს ამაყ იუპიტერელად ფსიონიკის საშუალებით…

საბოლოოდ კორნელიუსი ჯოსა და ენგლსის ფსიონიკურ კავშირში იპოვის პრობლემის მიზეზს, დაადგენს დამოკიდებულებას ენგლსის გაუცხოვებასა და ფსიონიკურ ტალღებს შორის. გაირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ჯოს ენგლსის მთლიანი მეხსიერება და უნარ–ჩვევები გადაეცემა, ჯო ხდება თავად ენგლსი და შესაბამისად ენგლსი ხდება მართვადი ახალი ენგლსის, ანუ ჯოს მიერ. ერთი სიტყვით ბოლოში ენგლსი ნებაყოფლობით იღუპება და ჯოს სახით აგრძელებს ცხოვრებას პლანეტა იუპიტერის ზედაპირზე. მოთხრობის სათაურიც ზუსტად ამას ეხმიანება, ენგლსი გადაწყვეტს, შეწყვიტოს უბადრუკი არსებობა როგორც ადამიანმა და გააგრძელოს ცხოვრება იუპიტერელი ჯოს სახით!

ყველაზე მეტად ამ მოთხრობის თემამ მომხიბლა, რაც ვირტუალური და რეალური ცხოვრების დაპირისპირებაში გამოიხატებოდა. დიდი ოსტატობითაა აღწერილი სავარძელს მიჯაჭვული ენგლსის აღტკინება, როდესაც ჯოზე ლაპარაკობს, მისი ჩაკეტილობა, გარემოსთან გაუცხოვება და ამასთან ჯოს შეუდარებლად ძნელი და ამავე დროს საინტერესო ყოფა პლანეტა იუპიტერზე. მსგავსი რამ, შეიძლება მრავალ თქვენთაგანს განუცდია, როცა Second Life-ისა და Line Age-ის ვირტუალურ სანახებში ჩაკეტილი ადამიანის ყოველგვარ ნიშან–წყალს ჰკარგავდით, თუმცა აქ მხოლოდ ქსელურ თამაშებზე არ არის საუბარი…

ეს მოთხრობა რომ წავიკითხე ჩემი თავი გამახსენდა, ამ 9 წლის წინ თუ როგორ გავხდი ოდესღაც ლინგვისტუსი. თავიდან ეს სახელი არაფერს ნიშნავდა, მოგონილი სიტყვა იყო და მეტი არაფერი. შემდგომში განზომილება შეიძინა, ხასიათი და უფრო მეტიც დამოუკიდებლად დაიწყო არსებობა ინტერნეტში. ბოლო 9 წელია, თუკი სადმე ვრეგისტრირდები ეს სახელი მქვია, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს ამ სახელით და  სრული სერიოზულობით შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ინტერნეტში ვიწყებ ბოდიალს მე აღარ ვარ მე, მე ვარ ლინგვისტუსი, ამიტომაც ედ ენგლსისა არ იყოს, თუ შეიძლება ლინგვისტუსი დამიძახეთ :)