ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘კარიკატურა

ადამიანის სიცოცხლე

with 5 comments

life
დღეს წარმოგიდგენთ ამერიკელ კარიკატურისტს, შენონ უილერს და მის კომიქსების ჟურნალს “Too Much Coffee Man”. ეს ადამიანი ძალიან მრავალი იუმორისტული და ამავდროულად ნაღვლიანი კარიკატურისა და ჩანახატის ავტორია. სულ რომ არაფერი დაეხატა მას გარდა “ადამიანის სიცოცხლისა”, მაინც დასაფასებელი შემოქმედი იქნებოდა. ძალიან ძნელია ასეთი განსხვავებული ფორმით, იუმორითა და ამავდროულად ტრაგიზმით აღწერო ადამიანის ცხოვრება. დანარჩენ მის ნამუშევრებს შეგიძლიათ მის გვერდზე გაეცნოთ.

http://www.tmcm.com/

Advertisements

პიქტოგრამა – უნივერსალური დამწერლობა

with 6 comments

313237

ჩემი არაბულით დაინტერესება მეორე ფაზაში გადავიდა. უფრო სწორად, თავდაპირველი ჩანაფიქრი ანბანის ათვისება და კითხვის სწავლა იყო. ამ ყველაფერს კი პრაგმატული მიზნები ჰქონდა, როცა რაიმე სიტყვას ვეძებდი ხოლმე, ლექსიკონებით მამაჩემთან დავრბოდი – აქ რა წერია და აქ რა მეთქი, ჰოდა არაბულის და სპარსულის ლექსიკონებით პატარა ბავშვივით სირბილი რომ მომბეზრდა, სწორად ამიტომ გადავწყვიტე ანბანის შესწავლა. ჩანაფიქრი სისრულეში მოყვანილია: ყველა ასოს ნებისმიერ მოდიფიკაციაში ვარჩევ და შესაბამისად გამეხსნა…

ჩემს წიგნში თითოეული გაკვეთილის ბოლოს ერთი არაბული ანდაზაა ხოლმე მოცემული, რომელსაც ძირითადად თარგმანი არ ახლავს და შესაბამისად სწავლის მძებნელი პირის დავალებაც ის გახლავთ, რომ გაშიფროს და თარგმნოს მოცემული ანდაზა. პრობლემა კიდევ უფრო რთულდება იმით, რომ ხშირად ტექსტს სიტყვა–სიტყვით თარგმნი და აზრი კი არ გესმის, ვინაიდან არაბული ანდაზები თურმე კი არა(!) პირდაპირ, ანუ “ბუკვალურად” (რა უშნოდ დამკვიდრდა ეს სიტყვა) არ გადმოდის ჩვენს ენაზე  და გიწევს თავის მტვრევა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კარაკულები. ერთი სიტყვით ჩემნაირი ლინგვო–მაზოხისტებისათვის მისწრება გასართობია…

დღევანდელ გაკვეთილში ასეთი ანდაზა იყო წარმოდგენილი:

araband

მოცემულ ფრაზაში სულ ოთხი სიტყვაა, შუაში კავშირი “და”–თი გაერთიანებული. ფრაზის პირველი ნახევარი – “ალ ყაინუ ბასირათუნ” ითარგმნება როგორც – “თვალი კარგად მხედველია”, მეორე ნახევარი – “ალ–იადუ ყასირათუნ” კი ასე – “ხელი მოკლეა”. შესაბამისად მთლიანობაში სიტყვასიტყვით თარგმანი ასეთია – “თვალი კარგად ხედავს და ხელი მოკლეა”.

ამიდუღდა ტვინი, ვერაფრით ვერ წარმოვიდგინე კონტექსტი, რომელშიც ეს არაბული ანდაზა ქართულად გამართულად იჟღერებდა. ბოლოს ჩემმა გონებამ საბოლოოდ რომ გაჭედა მივმართე გუგული დეიდას. ავკრიფე ეს ანდაზა არაბულად, როგორც საჭირო იყო, მაგრამ რად გინდა, ყველა გვერდი რომელიც ძებნის დროს ვნახე – არაბული იყო. ჩემდა გასახარად ტუნისში მცხოვრები არაბების ფრანგულენოვანი ბლოგებიც ვიპოვე ამ ძიება–ძიებაში, საკმაოდ საინტერესო პოსტებით, თუმცა ამ ანდაზის ახსნა–განმარტება ამ ფრანგულ ბლოგებზეც არ ეწერა. საბოლოოდ კი პოსტის თავში წარმოდგენილი კარიკატურა ვიპოვე, რომლის კომენტარსაც ზუსტად ეს ანდაზა წარმოადგენს და სურათმა ყველა წერტილი დასვა ყველა i–ზე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე უნივერსალური ანბანი პიქტოგრამული ხასიათისაა. აბა გიჟები კი არ არიან იაპონელები, ცოცხალი თავით რომ არ თმობენ თავის იდეოგრამებს, თავის პროტესტს იმით ასაბუთებენ რა, რომ ჩვენი დამწერლობა “სურათული” ხასიათისაა და ტექსტი ამ იდეოგრამებით, რომელიც თავის მხრივ გამარტივებული პიქტოგრამებია, უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სხვა “ანბანური” დამწერლობებიო.