ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘კროსვორდი

მისი უდიდებულესობა კროსვორდი

with 3 comments

ოდესღაც, ეს იყო ზუსტად 1994 წელს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ, არა მშვენიერი ნამდვილად არ ეთქმოდა იმ ჩაბნელებულ და ცივ ღამეს, როცა არც დენი იყო, არც გაზი, მეტრო გათიშული იყო და უსაქმურობისაგან ნებისმიერ რამეზე მოაწერდი ხელს ადამიანი, ოღონდაც იმ ზამთრის ყიამეთში რაიმე გასართობი გეპოვა. დასახელებული წლის ერთ ასეთ საღამოს მე და მამაჩემმა ახალი გასართობი ვიპოვეთ. ახალ გასართობს კი კროსვორდი ერქვა. არა, თქვენ ვერ მიხვდით, ჩვენ კროსვორდის შევსება არ დაგვიწყია, ან როგორ უნდა დაგვეწყო, როცა მაშინ კროსვორდი ორ თუ სამ გაზეთში იბეჭდებოდა ქართულ ენაზე და იმასაც ვერ იშოვიდი გაზეთების ჯიხურებში. მოკლედ, ჩვენ კროსვორდის შედგენა დავიწყეთ. ეს პირველი მცდელობა ციგურებზე პირველ დადგომას ჰგავდა, როცა დაახლოებით იცი რა უნდა გააკეთო, რომ არ დავარდე, თუმცა სანამ არ შედგები მანამდე ციგურებით სრიალის “მუღამს” ვერ გაიგებ. ჰოდა, მოვირგეთ ციგურები, უფრო სწორად ავიღეთ უჯრედებიანი რვეული და დავიწყეთ შედგენა. საბოლოოდ რაღაც გამოგვივიდა. მერე დავხაზეთ, სუფთად და აკურატულად. კითხვები დავუწერეთ. ამ დროს ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სახლში სულ ერთადერთი ლექსიკონი – უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვქონდა, ისიც რუსულ ენაზე. კროსვორდი რომ გამოცხვა მერე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ სად რა გვექნა ამ “ცხელ–ცხელი” კროსვორდისათვის. გადაგდება დაგვენანა, მთელი ორი საღამო მის შედგენა, დახაზვას და კითხვების დაწერას მოვანდომეთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა…

ასე და ამგვარად ვეზიარე ფენომენს, რასაც კროსვორდი ჰქვია. ამ საღამოდან დაწყებული მე და მამაჩემს (უფრო სწორად პირიქით) შეიძლება ითქვას დღემდე კავშირი გვაქვს კროსვორდებთან და საზოგადოდ საკროსვორდო სამყაროსთან. მიუხედავად იმისა, რომ კროსვორდი უჯრედებიან რვეულში ჩემი ხელით 5 წელია არ შემიდგენია, ჩემი შედგენილი ახლა უკვე სხვა განზომილებაში – ციფრულ სამყაროში განაგრძობენ არსებობას, ჩემს სახლში ამ დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით ლექსიკონი დაგროვდა და თავში კი სრულიად გამოუყენებელი ცოდნა, რომელიც ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში არაფერში მჭირდება…

პროგრამირებითაც კროსვორდების წყალობით დავინტერესდი. უფრო სწორად რომ ვთქვათ თეორიული საფუძვლები: მათემატიკურ ლოგიკა, სიმრავლეთა თეორია და ა.შ. – უნივერსიტეტში შემომესწავლა ფიზიკურზე, თან გავდიოდით ბებიაჩემის ეპოქის კურსს პასკალში, რომლის ლექციებსაც ვაცდენდი, ანუ არ მაინტერესებდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე რომ PageMaker–ში სკრიპტების მიბმა შეიძლებოდა და ამ სკრიპტებს ჩავუჯექი – ერთი განზრახვით, რომ რამენაირად კროსვორდის დახაზული ჩარჩო დამენომრა (ჩარჩოში ციფრები ჩამეწერინებინა). ეს პროცესი ძალიან არ მიყვარდა იმიტომ, რომ ხშირად მეშლებოდა ხოლმე და ნამეტანი რუტინული პროცესი იყო. კარგა ხანს ვიწვალე და დავანომრინე სასურველი ბადე. მერე აღმოვაჩინე Visual Basic 6.0 და თამაშ–თამაშით კროსვორდების შესადგენი პროგრამა დავწერე თავისი 15 ათასსიტყვიანი კითხვა–პასუხების ბაზით. ეს პროგრამა შემდეგ მაესტროზე გადაცემა “ღამის კროსვორდში” აგენერირებდა კროსვორდებს და, მას შემდეგ რაც ეს გადაცემა დაიხურა, შეიძლება ითქვას დღემდე ფართო საზოგადოებისგან ჩრდილში იმყოფება…

გავიდა ხანი, ქვეყანაში დენი უწყვეტად მიეწოდება მომხმარებლებს, ტრანსპორტი დადის, კაუკასუს ონლაინმა ინტერნეტის ქსელით დაფარა ქალაქი და კროსვორდმა იმ სახით, ნაბეჭდ ქაღალდზე მოგახსენებთ, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და აღარ არის აქტუალური, თუმცა მე დღემდე ვამტკიცებ, რომ კროსვორდმა კი არ დაკარგა აქტუალობა, კროსვორდის მიწოდების ფორმა გახდა გუშინდელი დღე, ამიტომაც თუკი რამენაირად ინტერნეტის საშუალებით მივაწვდით მოყვარულებს ხარიასხიან კროსვორდებს (ჩემი თეორიის თანახმად) და არა მხოლოდ კროსვორდებს, საუბარი მაქვს მსგავსი ტიპის გონების სავარჯიშოებზე, მას აუცილებლად ეყოლება მომხმარებელი მეთქი…

ბევრი რომ არ გავაგრძელო სწორად ამიტომ დავწერე ოდესღაც ჯავა აპლეტის სატესტო ვარიანტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯავას ვირტუალური მანქანა პროცენტულად ძალიან ცოტას უყენია და აპლეტებიც ძალიან მოუქნელია მოსახმარად, ვერ შევძელი ჩემი თეორიისათვის ხორცისშესხმა… დღეს კი პირველი ნაბიჯი გადავდგი იმ დიდი მიზნისაკენ, რასაც დიდი გასართობი პორტალის შექმნა ჰქვია. წარმოგიდგენთ ექშენსკრიპტზე გადაწერილ პირველ სატესტო კროსვორდს, ამასთან ფლეშ ტექნოლოგია ინტერნეტის განუყოფელი ნაწილი გახდა და შესაბამისად წესით ყველა კომპიუტერზე აყენია. ერთი სიტყვით შეგიძლიათ დატესტოთ, შეავსოთ და აზრები დაწეროთ კომენტარებში: პირველი სატესტო კროსვორდი.

პ.ს. ჯერ–ჯერობით სატესტო ვარიანტში ერთი შედგენილი კროსვორდია. საბოლოო ჯამში კი, გეგმის თანახმად იქნება ერთი ბაზა, კითხვების და პასუხების, რომლის საშუალებითაც პროგრამა შეადგენს კროსვორდს და გაუგზავნის ვებ–გვერდზე შესულ მომხმარებელს ფლეშ აპლიკაციის სახით. ვნახოთ რა გამოვა, თხუნელასი არ იყოს მარტო ვმუშაობ :)

Advertisements

Written by linguistuss

January 10, 2009 at 5:29 am

ზოგჯერ კროსვორდისტებსაც იჭერენ

with 3 comments

1944 წლის მაისში, როდესაც მოკავშირეთა ჯარები ევროპის ტერიტორიაზე საომარ ოპერაციებს გეგმავდნენ, ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის” ტრადიციულ კროსვორდში ჩაშიფრული იყო სიტყვა “იუტა”, რამაც დიდ მითქმა–მოთქმას დაუდო სათავე. უშიშროების თანამშრომლების შეშფოთება კი იმან გამოიწვია, რომ “იუტა” ერთ–ერთი დაგეგმილი საბრძოლო ოპერაციის კოდური სახელი გახლდათ.

ოფიციალური პირების შეწუხება ერთი–ორად გაიზარდა, როდესაც გაზეთის მომდევნო ნომრებში დაშიფრული “ომაჰა” და “მალბერი” აღმოაჩინეს, რომლებიც ასევე საბრძოლო ოპერაციების კოდური სახელები იყო. სრულმა პანიკამ კი მას შემდეგ დაისადგურა, როდესაც “ნეპტუნის” და “ოვერლორდის” ამოხსნა მოუწიათ ჩინოვნიკებსა თუ ძალოვან მუშაკებს “დეილი ტელეგრაფის” შემდგომ ნომრებში. ამის შემდეგ კროსვორდების ავტორი, სკოლის მასწავლებელი, ერთი უბრალო კაცი, ლეონარდ დოუი დააპატიმრეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

დიდი გარჩევის და ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ კი იგი, არაფერში რომ არ გამოტყდა და ვერც ვერაფერი რომ ვერ დაუმტკიცეს, უდანაშაულოდ სცნეს და სახლში გაუშვეს და ეჭვი მაქვს, რომ მას შემდეგ სიტყვა “ოვერლორდი” არ ჩაუწერია კროსვორდში… აი, ასეც ხდება ხოლმე, ზოგჯერ კროსვორდისტებსაც იჭერენ.

Written by linguistuss

December 23, 2008 at 2:07 pm