ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ლოგიკა

სამურაები და ლოგიკა

with 4 comments

ოდესღაც ქალაქ ედოში, რომელსაც ახლა ტოკიო ჰქვია, ხუთი სამურაი ჩაუსხდა და გოს თამაში დაიწყეს. თამაში ზლაზვნით მიმდინარეობდა, დაფაზე ჯერ კიდევ ეულად გრძნობდნენ თავს შავი და თეთრი ქვები. ერთი სამურაი წამოდგა, მოთამაშეები დროებით მიატოვა და ოთახიდან გავიდა. ოთახში დარჩენილმა სამურაებმა კი ჩხუბი დაიწყეს. ჩხუბში წავიდა კატანების ტრიალი და ერთი მათგანი შეეწირა კიდეც ამ ინციდენტს. ამასობაში ლამპებიც აატრიალეს და ოთახში სრულმა სიბნელემ და არეულობამ დაისადგურა. ხმაურზე გარეთ გასული სამურაი დაბრუნდა და ეს სურათი რომ იხილა მოჩხუბრებს დაწყნარება და სანათურების ანთება ურჩია.

შუქი რომ აანთეს და ყველანი მეტ-ნაკლებად დაწყნარდნენ, ახალმოსულმა მეც მათქმევინეთ რაღაცო, ბრძანა, და სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ დარჩენილ სამურაითაგან ერთ-ერთს ხმლის ერთი მოძრაობით თავი მოჰკვეთა, შემდეგ კი ვითომც არაფერი მომხდარიყოს დარჩენილებს მიმართა: ჩემმა სამურაისებურმა იღბალმა დღეს ზურგი მაქცია. სწორად იმ დროს გავედი ოთახიდან ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, როდესაც აქ უნდა ვყოფილიყავი და ჩემი ღირსება უნდა დამეცვა. თუ ჩემი საქციელი სხვების მიერ სულმდაბლობად იქნება აღქმული, მე მხოლოდ ერთი გზა მრჩება – ჰარაკირი. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ დამადანაშაულებენ, რომ განზრახ გავედი ტუალეტში, ამჯერადაც მხოლოდ ერთი გზა მრჩება – ჰარაკირი. მე თავი მოვკვეთე ადამიანს იმიტომ, რომ მსურს მოვკვდე როგორც მოწინააღმდეგეზე გამარჯვებული და არა როგორც სიმხდალეში შემჩნეული სამურაი…

პ.ს. ლოგიკა ისვენებს…

Advertisements

Written by linguistuss

April 11, 2009 at 1:34 am

ის მაინც ბრუნავს

with 5 comments

დღეს ჩემდა სამწუხაროდ “იმედის” ზეინტელექტუალური შოუს მაყურებელთა რიგებში ჩავეწერე, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – “რვანი”. ასეთ გადაცემებში ყოველთვის კითხვების ხარისხი მაინტერესებს ხოლმე, შესაბამისად მხოლოდ ამის გამო შევრჩი ბოლომდე. ერთ რამეს ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ კითხვების დაწერას ისეთივე ცოდნა უნდა, როგორც ხმის რეჟისურას, ან მონტაჟს ან განათებას. საქართველოში კი ყველაფერი გურჯისტანული წესებით ხდება, ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი შეუძლია, ამიტომაც ამ “ყველას” ნაცნობ–მეგობართა წრეში ეძებენ და ხარისხიც შესაბამისი გამოდის.

ყველაზე ძალიან მომხიბლა შეკითხვამ – “იუპიტერის რომელი თანამგზავრი აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს?” – რომელზე პასუხიც განიმედი იყო, არადა გალილეიმ განიმედის გარდა იმ დროს კიდევ სამი თანამგზავრი, ევროპა, იო და კალისტო აღმოაჩინა, რომელთაც ერთად მედიციური ვარსკვლავები უწოდა. დარწმუნებული ვარ მონაწილეს ევროპა რომ ეპასუხა არ ჩაუთვლიდნენ. მეორე მარგალიტი შეკითხვაც გალილეის გარშემო ტრიალებდა. შეკითხვა ასე ჟღერდა: “ვის ეკუთვნის სიტყვები – ის მაინც ბრუნავს?” – რომელზე პასუხიც ჯორდანო ბრუნო ჰქონდა მონიშნული გადაცემის წამყვანს. იქ რომ ვმჯდარიყავი და გალილეი მეთქვა და არ ჩაეთვალათ ვერ ვიტყვი რომ გავჩუმდებოდი მეთქი…

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დანამდვილებით დღემდე უცნობია, ეს სიტყვები ინკვიზიციის სასამართლო პროცესზე გალილეიმ თქვა, თუ არა. მეცნიერის ყველაზე ადრეული ბიოგრაფია, მისი მოწაფის, ვინჩენცო ვივიანის მიერ დაწერილი, ამის შესახებ არაფერს ამბობს. პირველად ეს ფრაზა 1757 წელს ლონდონში, ჯუზეპე ბარეტის მიერ გამოცემულ წიგნში, Italian Library–ში გაჩნდა… ასე რომ, არავინ იცის ეს ფრაზა ლიტერატურული მისტიფიკაციაა თუ დანამდვილებით თქვა გალილეიმ, ამიტომაც თავად შეკითხვა ამ ფორმით ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, გალილეიც რომ ყოფილიყო პასუხი.

ისმის შეკითხვა – როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? – ძალიან მარტივად, ეს შეკითხვა ამ ფორმით უნდა დაიწეროს: “რომელ მეცნიერს მიეწერება ფრაზა – ის მაინც ბრუნავს?” – და ვერც ვერავინ ვერ მოგვედავება, თუმცა ლოგიკა ის პროდუქტია, რომლის დეფიციტსაც გარშემო ყოველდღიურად ვაწყდებით, ასე რომ უკვე აღარ მიკვირს ასეთი მარგალიტები…