ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ნიზამი

ნესტან–დარეჯანი თუ ნისტან–დარჯიხანი?!

with 17 comments

გურამ ასათიანის ესეს გადავაწყდი ლიბ.გე–ზე, რომლის სათაურია – „ვეფხისტყაოსანი“ და ქართული კლასიკური პოეტიკა. ერთმა პასაჟმა მიიქცია ჩემი ყურადღება, რომლის შესახებაც სხვაგან არსად წამიკითხავს და არც არავისგან გამიგია. საინტერესო ის არის, რომ თავად ესეს ავტორმაც ვერ გაბედა უფრო შორს წასვლა და უფრო თამამი დასკვნების გაკეთება, თუმცა მის მიერ ნაპოვნი ფაქტი ჩემთვის პირადად საინტერესო იყო:

„ისკანდერ-ნამეში“ ნიზამის ასეთი ამბავი აქვს აღწერილი: მაკედონიის ხელმწიფეს, რომელმაც მრავალი ქვეყანა დაიპყრო, საბოლოოდ „რუსთა“ ჯართან მოუხდა შერკინება. არაერთი სახელოვანი მხედარი ეღუპება მას ამ ბრძოლაში, რადგან მოწინააღმდეგეთ ყველაზე კრიტიკულ მომენტებში ბრძოლის ველზე გამოჰყავთ უცნაური არსება, რაღაც ადამიანის მსგავსი ურჩხული, რომელიც თავზარს სცემს და მუსრავს ალექსანდრეს ლაშქარს. დაღონებული მეფე ბრძენკაცებს მოუხმობს რჩევისათვის. ერთი მათგანი ალექსანდრეს უყვება, რომ ასეთი ურჩხულები დედამიწის კიდეზე ცხოვრობენ, ქვესკნელივით ბნელ ადგილას, რომელსაც მზის სხივი არასოდეს ეკარება.

ალექსანდრე მაინც ამარცხებს ამ საზარელ არსებას, მაგრამ არ კლავს მას, პირიქით, ბორკილებს აახსნევინებს და ნადიმზეც მოიპატიჟებს. ასეთი რაინდული სულგრძელობით გაოცებული ურჩხული რამდენიმე წუთით უჩინარდება და შემდეგ ალექსანდრესთან მოჰყავს მშვენიერი ქალი – ნისტან დარჯიხანი, რომელიც მის (ურჩხულის) პატრონებს ჰყავდათ დატყვევებული. მომდევნო თავებში აღწერილია ისკანდერისა და ტყვეობიდან დახსნილი ნისტან დარჯიხანის სიყვარულის ამბავი.

როგორც ცნობილია, ნისტან დარჯიხანი სპარსულ ენაზე ქვეყნად ულამაზეს ნიშნავს. ეს სახელი უცნობი არ არის აღმოსავლური მწერლობისათვის. ნიზამის პოემაში მისი თავგადასავლის დაკავშირება ადამიანის მსგავს ურჩხულთა სამყაროსთან და მოტაცებისა და ტყვეობის მოტივთან აშკარად მიგვანიშნებს საერთო მითოლოგიურ პირველწყაროზე, რომლის შორეული ექო შემონახული იქნა XII საუკუნის ორ პოეტურ ძეგლში.

ეს წავიკითხე თუ არა, იმ წამსვე ნიზამის ტომი მოვძებნე, ისქანდერ–ნამეზე გადავშალე და დავიწყე ძებნა. დავრწმუნდი, რომ ყველაფერი ზემოხსენებული რეალობას შეესაბამებოდა. ალექსანდრე მაკედონელის ქალს მართლაც ნისტან–დარჯიხანი ჰქვია, რომელიც ქვეყნის კიდეში ჰყავთ დატყვევებული გაურკვეველი წარმომავლობის არსებებს. საინტერესო ის არის, რომ ნესტან–დარეჯანი და ნისტან–დარჯიხანი ორივე სპარსული ფრაზის სხვადასხვა ტრანსკრიპტია. ფრაზისა, რომელიც პირდაპირ თარგმანში “არ არის (მისი მსგავსი) ქვეყნად” ნიშნავს, ანუ “ჯაჰან” ქვეყანაა სპარსულად, “დარ” – ში და “ნისთ” – უარყოფა.

ნიზამიმ “ისქანდერ–ნამე” 1203 წელს დაწერა. “ვეფხისტყაოსანიც” სადღაც მაგ დროსაა დაწერილი. შესაბამისად შანსი იმისა, რომ ერთმა მეორისგან, ან მეორემ – პირველისაგან დააკოპიპეისტა რაიმე, არ არსებობს. აქედან გამომდინარე არსებობდა რაღაც ამბავი ქაჯების, ვირეშმაკების თუ მმკ–ელების მიერ შეპყრობილი ულამაზესი ქალის შესახებ, რომელსაც საბოლოოდ დევგმირი დაიხსნის, შემდეგ ცოლად შეირთავს და ყველაფერი კარგად სრულდება.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით “ვეფხისტყაოსნის” პროლოგში გაკეთებული დისქლეიმერი, სადაც რუსთველი იძახის “ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანებიო”, მართალი ყოფილა და ვახტანგ მეექვსის, თუ მავან ფსევდომეცნიერთა კომენტარები “ესე ამბავი სპარსში არ არისო” კი – სიცრუე! მსურს დავიჯერო, რომ ვახტანგ მეექვსემ, ჩვენმა სახელოვანმა მეფემ, რომელსაც სავარაუდოდ ორიგინალში ჰქონდა წაკითხული ნიზამის “ფანჯ განჯი” და მათ შორის “ისქანდერ–ნამე”, ზემოხსენებულ ამბავს ისე ჩაუარა, რომ ვერანაირი მსგავსება ვერ შენიშნა.  არადა გურამ ასათიანის მაგივრად მას რომ ეპოვა ეს ციტატა, ვინ იცის თანამედროვე რუსთველოლოგები სხვანაირად იჭიკჭიკებდნენ “ვეფხისტყაოსნის” ამბის ზექართულობასთან დაკავშირებით…

გიშერი და ლეილა

with one comment

ქართლ–კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა, როგორც მოგეხსენებათ თავი ლიტერატურული საქმიანობითაც დაგვამახსოვრა. შოთა რუსთაველთან გაბაასებაც სცადა, ვარდის და ბულბულის სიყვარულის ისტორიაც მოგვითხრო და ნიზამი განჯელის “ლეილმაჯნუნიანის” თარგმნაც კი სცადა. ნიზამის პოემის მისეულ თარგმანში, სადაც აღწერილია ლეილის გაუხარელი სიკვდილის ამბავი ვკითხულობთ:

რა ბრალია წასახდენლად თმა–გიშერი, შავნი ხშირად!
ამბარ–ზილფი დაფანჩული, მიგრეხილი მოგრეხილად.
იგ უებრო დახატული, ცხვირი სოთი ბროლის სტვირად,
ფერად პირი ზამბახისა, შავი ხალი ზე დაყრილად.

ნიზამი განჯელის პოეზია დატვირთულია სიმბოლოებით, მისი პოემების მთავარი პერსონაჟი ქალები კი სხვადასხვა პოეტური მეტაფორის მატარებლები არიან. პოემაში “ლეილი და მაჯნუნი” მთავარი პერსონაჟების სახელებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. “ლეილა” ღამეს ნიშნავს არაბულად, “მაჯნუნი” კი – გიჟს, შმაგს სპარსულად, ანუ პოემაში მოთხრობილია სიყვარულისგან გაგიჟებული მაჯნუნის ამბავი, რომელსაც გონება და თვალები შავგრემანმა ლეილამ დაუბინდა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ლეილას “შავგვრემანობის” ხაზგასასმელად პოეტები სხვადასხვა მეტაფორას იყენებენ, მათ შორის ერთ–ერთი “გიშერია”, რომელიც თავის მხრივ სომხურად არის “ღამე”. თემა რომ განვავრცოთ, აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ არაბულად ათას ერთი ღამის ზღაპრებს “ალფ ლაილა ვა ლაილა” ჰქვია, სომხურად ღამე მშვიდობისა კი – “ბარი გიშერ” გახლავთ და ვინ იცის, ამ შუაღამისას, როცა ამ ყველაფერს მოვუყარე თავი, რამდენ გიშრისთმიან ლეილას სძინავს უდარდელად…

Written by linguistuss

March 8, 2009 at 4:53 am