ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘პლატონი

დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

with 10 comments

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის “მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმ-ბერნერს ლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის “მამას” უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა – თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუთმეტ მილიარდ ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისაგან, სადაც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ საკუთარ ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს ინტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამისი ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით “ფეისბუქური” ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში “პირწიგნაკად” წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე – youtube.com, მეოთხეზე – odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსით არაფრით განსხვავდება – აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ფოტოებს წითელ ზოლად გასდევთ წარწერა “მე აქ ვიყავი”. ასეთ ფოტოებს განეკუთვნება სურათები, სადაც მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამ ყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანასკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით – “დედას ბუშტი”. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%-ის და ფრანგების 74%-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი “მე აქ ვიყავი” და “ჩემი ქორწილის” ტიპის ფოტოები განმთავსებლის პირადი საქმეა. “დედას ბუშტის” სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები “ფრენდების” თუ “დრუზიების” წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ. ეს აპლიკაციები იმ სოციალ-მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრონიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: “ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე”, “დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი”, “ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ.

Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს “კედელი” რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ – თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა “დედას ბუშტი” ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

გამოქვეყნდა ჟურნალში “ტაბულა”

Advertisements

Written by linguistuss

November 6, 2010 at 2:44 am

პლატონის დიალოგი

with 25 comments

ეს ამბავი შარშან კიევში მოხდა, ბლოგერობა ახალი დაწყებული რომ მქონდა. სამსახურიდან Java EE–ს ტრენინგზე გაგვაგზავნეს თანამშრომლები, მათ შორის იყო პლატონ პლატონის ძე ჯ., რომელთან ერთადაც კიევში მომიწია ცხოვრება და ბოდიალი ორი კვირის განმავლობაში. პლატონს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს, ძალიან უყვარს თავისი სახელი. პრინციპში ამაში უჩვეულო არაფერია, უბრალოდ მას სხვებთან შედარებით, მაგალითად ჩემთან, გაუმართლა და ინტერკულტურული სახელის მატარებელია, რომელსაც შეიძლება ისეთ ადგილას გადაეყარო, სულ რომ არ ელოდები. მაგალითისთვის შუაგულ ხრეშჩატიკზე განლაგებული სათვალეების მაღაზია, “Platon optics”–იც კმარა. ჰოდა, ეს ჩვენი პლატონიც დადის და სადაც კი თავისი სახელის რაიმენაირ გამოვლინებას იპოვის – უღებს სურათებს, ყიდულობს სუვენირებს და ასე უნახავს შთამომავლობას.

კიევში არის ერთი ადგილი მეტრო პეტრივკას მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც ყოველთვის ვსტუმრობ, როცა კიევში ვარ. საუბარი კიევის უზარმაზარ წიგნების ბაზრობაზე მაქვს. ეს მგონი ერთადერთი ადგილია, სადაც მე ონიომანი და ონიოფილი, ანუ შოპინგის მოყვარული ვხდები. პეტრივკას მე და პლატონი კიევში ვიზიტის მესამე დღეს ვესტუმრეთ. ორი ჩანთის გავსების შემდეგ, როცა მივხვდი, რომ მეტი წიგნის თრევას ფიზიკურად ვერ შევძლებდი, პლატონის მუჯლუგუნმა გამომაფხიზლა. თურმე კი არა სრული ერთი საათი ცდილობდა ჩემთვის რაღაცის კითხვას და მე ყურადღებას არ ვაქცევდი. “პლატონის წიგნების ყიდვა მინდაო” – ასე განაცხადა ბატონმა პლატონმა…

პლატონის მუჯლუგუნი ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან რაც მას ვიცნობ, მისი ფილოსოფიით დაინტერესება ჯერ არ შემინიშნავს. მის შესახებ მანამდე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სულ სამი რამ აინტერესებს ამქვეყნად: 1) სამეგრელო და მეგრელები 2) პროგრამირება 3) ინგლისური ენა… ჰოდა, გამიკვირდა და ვკითხე, რად გინდა პლატონის “წიგნები” მეთქი, რაზედაც პლატონმა მომიგო, უნდა ვიყიდოო, პლატონის “წიგნები” ოჯახში უნდა იყოსო. ამდაგვარი რკინის არგუმენტის მოსმენის შემდეგ პლატონს ვუთხარი გამომყევი, წამოდი გაყიდინებ პლატონის დიალოგებს მეთქი და პეტრივკას წიგნების ბაზრობაზე ჩემს most favourite წიგნების დახლისკენ გავემართე.

ეს დახლი ერთადერთია მთელ ბაზრობაზე, სადაც დუგლას ჰოფშტადერის და რაიმონდ სმულიანის წიგნებს იყიდით, სადაც გამყიდველს დოჩანაშვილისეული ვასილ კეჟერაძის იერი დაჰკრავს, რომელთანაც საუბარი ერთი სიამოვნებაა. მას წიგნებზე გაუთავებლად შეუძლია ლაპარაკი, განსაკუთრებით თუ ეს წიგნები ფილოსოფიას და სამეცნიერო ლიტერატურას ეხება. ერთი სიტყვით მივადექით იმ კაცს და ვეუბნები პლატონის დიალოგები გვინდა მეთქი. რაზედაც წიგნის გამყიდველმა ბერეტი გაისწორა, სათვალე გაიკეთა და წიგნებისკენ შეტრიალდა, არ იყო გასული ორი წუთი რომ პლატონის დიალოგების სამი გამოცემა გადმოალაგა. ერთი ოთხტომეული, საბჭოეთში გამოცემული, მეორე – ორტომეული, ახალ დროებაში გამოცემული და ბოლო – ერთტომეული, სადაც პლატონის რჩეული დიალოგები იყო შესული. პლატონმა ეგრევე ერთტომეულს სტაცა ხელი და ფურცვლა დაიწყო…

სანამ პლატონი ერთტომეულს ფურცლავდა წიგნის გამყიდველმა ლექცია წამიკითხა თემაზე, თუ რითი განსხვავდება ორტომეულის ახალი გამოცემა ძველი ოთხტომეულისგან. გამარკვია ისეთ დეტალებში, რომლებიც არასოდეს მაინტერესებდა და არც დავინტერესდებოდი. არ გამორჩენია იმ დიალოგების აღნიშვნა, რომელთა ახალი თარგმანები შევიდა ახალ სრულ ორტომეულში. მეც ზრდილობის გულისთვის ავიღე ეს ორტომეული და ფურცვლა დავიწყე, ამასობაში გამყიდველმა ტიმეოსის და კრიტოსის გარჩევა დაიწყო. არ გამორჩენია ატლანტიდის ხსენებაც, რომ უცებ წიგნის გამყიდვლის მონოლოგი პლატონის ფრაზამ შუაზე გააპო, რომელიც ერთტომეულზე უთითებდა გამყიდველს, ხელში რომ ეჭირა: “А там нет картинок!”

უცებ, დუმილი ჩამოწვა, დაახლოებით ისეთი, გოგოლის “რევიზორის” ფინალში მუნჯი სცენა რომ არის. შემდეგ გამყიდველს შევხედე. მივხვდი, რომ მისი სიბრაზისგან მოღუშული სახე კარგს არაფერს გვიქადდა და პლატონს ვეუბნები წავედით მეთქი. პლატონმა არა, მოიცა ეს წიგნი უნდა ვიყიდოო. ფული გადაიხადა და წამოვედით. გზაში კი ვგრძნობდი გამყიდვლის მწველ მზერას, რომელიც უკან მოგვყვებოდა…

Written by linguistuss

July 9, 2009 at 5:58 pm