ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘პოეზია

ლექსი შეშლილ მათემატიკოსზე

with 3 comments

heart

ლექსს შეშლილი მათემათიკოსის შესახებ ორი წლის წინ გადავაწყდი ერთ ბლოგზე, სადაც მათემატიკოსთა ჭკუამხიარული და გონებამახვილური ლექსებია თავმოყრილი. ლექსის ავტორი მარშალის უნივერსიტეტის პროფესორი, მათემატიკოსი ჯონ დროსტია, რომლის მეუღლეც თურმე მათემატიკის მასწავლებელი ყოფილა. ეს ლექსი გამოქვეყნდა კრებულში Strange Attractors: Poems of Love and Mathematics და ისე მომეწონა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე იმდენჯერ წავიკითხე, ზეპირად შემომესწავლა. თარგმნის სურვილი თავიდანვე გამიჩნდა, თუმცა კეპლერის უნივერსიტეტის დაძაბული სასწავლო კურიკულუმის გამო ეს გასულ წელს ვერ მოვახერხე. დღეს როგორც იქნა მოვიხელთე თავისუფალი დრო და როგორც ლეგოს სათამაშო კუბები ისე ჩალაგდა ერთმანეთში სიტყვები. ლექსის შინაარსიდან გამომდინარე თარგმანი შედარებით თავისუფალი გამოვიდა და ამიტომ ჩემს თარგმანში შეშლილ მათემატიკოსს ეშლი ჰქვია:

I Even Know of a Mathematician by John L. Drost

“I even know of a mathematician who slept with his wife only
on prime-numbered days…” Graham said.
―Paul Hoffman, The Man Who Loved Only Numbers

A mathematician was obsessed with things prime.
He thought about them almost all of the time.
Said to his dear wife, “It truly seems right
That we should only make love on a prime-numbered night.”
His wife thought for a bit (’cause she was no dummy),
“At the month’s start this does seem quite yummy,
For there’s two, three, five, seven
A three-night hiatus and then there’s eleven.
But of the month’s end I start to be wary
Near the twenty-third day of the month February.
For the next prime day after will be March the first
Such sexual continence might cause me to burst!”
He shook his head sadly, “As it’s commonly reckoned,
The next prime day would be found on the second.”

ლექსი შეშლილ მათემატიკოსზე

მათემატიკოსს ვიცნობდი, ეშლის:
მარტივ რიცხვებზე ფიქრებით შეშლილს.
უთხრა ცოლს: “სექსი გვექნება მხოლოდ
მარტივრიცხვიან დღეებში“, – ხოლო
დაფიქრდა ცოლი, ქალი უთბესი:
„თვის დასაწყისი მოჩანს უტკბესი:
ორი და სამი, ხუთი და შვიდი,
და თერთმეტამდე ვიქნები მშვიდი,
თუმცა თებერვლის ოცდასამიდან
მე უსექსობას ვეღარ ავიტან.
თავშეკავება პირველ მარტამდე,
ჭკუიდან შემშლის, სულ მთლად გადამრევს!“
მიუგო ეშლიმ კრძალვით და კიცხვით:
“არ არის ერთი მარტივი რიცხვი!”

P. S. დღეს 16 მარტია და ჯონ დროსტის მეუღლის “სიხარულს” ვიზიარებ :)

Written by linguistuss

March 16, 2013 at 4:23 pm

რა შეუძლია მაპუტუს, ანუ ასეთია პოეტების ბედი!

with 3 comments

დილიდან ამეკვიატა ეს სიტყვა (მაპუტუ – მოზამბიკის დედაქალაქია, რა) და სანამ რაღაც ლექსისმაგვარი არ შვა, თავი არ დამანება; ვერ გეტყვით, რატომ არ დამანება თავი, იწრიალა, იწრიალა და შესაძლო რითმები მომაძებნინა, თანაც ეს ყველაფერი ხდებოდა სადღაც უკანა პლანზე, ჩემ საკეთებელ საქმეს ვაკეთებდი და მის წილ ფიქრსაც ვთვლიდი “პრიორიტეტად”, ეს მაპუტუ კი, ჩვენ რომ ვიცით ხოლმე თქმა, მოგუდულად “ღიღინებდა” გონებაში….

არ გეგონოთ, რომ საკუთარი ნიჭის წარმოჩენას ვცდილობ, მე უბრალოდ აზრი გავადევნე იმ პროცესს, რასაც ლექსის შექმნა ჰქვია, ასევე წრიალებს, ალბათ, ბგერა კომპოზიტორის არსებაში, ფერი მხატვართან და ასე შემდეგ….

მახსოვს ასეთი შემთხვევა: ერთი ძალიან ცნობილი პოეტის გვერდით ვიდექი ხალხმრავალ ადგილზე, ჩვენს გვერდით ქალები იდგნენ, რომლებმაც შენიშნეს, რომ მოშორებით მაშინდელი მერი თბილისისა ვანო ზოდელავა იდგა… ჩვენს უკან კი ვიღაცამ ჩაილაპარაკა – ეს წიგნები თითმერიას გამოცემულია–ო… იმ ცნობილმა პოეტმა კი თავისდა უნებურად, ისე რომ არც კი უფიქრია, ჩაილაპარაკა: “წიგნებს ბეჭდავს თითმერია, თვალს ადევნებს თვით მერია”… მე მგონი, მას, იმ პოეტს ეს ფაქტი აღარც კი ახსოვს, ჩემს მეხსიერებას კი შემორჩა, როგორც ფაქტი ლექსის დაბადებისა…

ჰოდა, “მაპუტუზე” მოგახსენებდით…. ათიოდე წუთის წამების შემდეგ ასე შვა მან ნიმუში “პატრიოტული ლირიკისა”, თავადაც დაისვენა და მეც დამასვენა:

ჩემო თბილისო, ვიდრემდე
დამგვანებიხარ მაპუტუს,
ვიდრემდე ვნახავთ ქართველებს
გაძარცვულსა და გაპუტულს,
ჩვენ თავს მივხედოთ, ნუ ვკივით –
“კაპუტ ენგლიშ” და “კაპუტ რუს”,
თორემ სულ მალე გვეტყვიან:
ლიკვიდუს! მოჭრუს! ამპუტუს!

პოსტის ავტორი: მამაჩემი

Written by linguistuss

November 10, 2010 at 11:11 pm

ჰურია აიში – ბერბერული პოეზია

with one comment

სალექსო ზომები არც თუ ისე ბევრია, რომლებმაც ქართულ პოეზიაში პოვეს ასახვა. ახლა დაუძაბავად, დამატებით ლიტერატურაში ჩაუხედავად, რამდენიმეს ჩამოთვლა შემიძლია: შაირი, რუსთველის ლექსი, ბესიკის ლექსი, მუხამბაზი… მეტი არ მახსენდება. მათ შორის მუხამბაზიც არ არის ქართული შესაბამისად უცებ რაც მომივიდა თავში სულ სამი ყოფილა.  მათი რიცხვი, რასაკვირველია უფრო მეტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ათეულს არ გადაცდება, თუ ჭეშმარიტად ქართულ წარმონაქმნებზე ვისაუბრებთ და აღმოსავლურ–დასავლურ დივანს არ შევეხებით. შეიძლება იმაზეც მომედავოს ვინმე შაირი არაბული “შა’ირ”–ისაგან (“ში’რ” – ლექსი) მოდისო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ხალხური კაფია (სიტყვა “კაფიაც” არაბულია და “რითმას” ნიშნავს) უფრო ადრე არსებობდა ვიდრე არაბები გვესტუმრებოდნენ და მათ სახელების გარდა სხვა არაფერი აქვთ არაქართული, თუმცა ვინ იცის…

ევროპულ პოეზიაში არსებული სალექსო ზომები პითაგორასთან იყრის თავს, პირველმა სწორად მან დაუკავშირა მათემატიკა და მუსიკა ერთმანეთს, რომელთაგან არც თუ ისე შორს დგას პოეზია, რომელიც თავის მხრივ “კეთებას” ნიშნავს ძველ ბერძნულად. ჰოდა იჯდნენ და ქმნიდნენ ძველი ბერძნები დაქტილს, ანაპესტს, იამბს, ამფიბრახეს, ამ ელემენტებისაგან შემდგარ უფრო რთულ ფორმებს რომელთაგან უპირველესად ჰექზამეტრი მახსენდება და ამგვარად გადმოჰქონდათ მათი შინაგანი მუსიკა სიტყვაში. ევროპულ პოეზიაში სხვა რთული ფორმებიც მრავლადაა, მაგალითად ალექსანდროული ლექსი, რომელმაც ფრანგული პოეზია წალეკა. იყო შემთხვევები, როცა ძვ. ბერძნული “კუბიკებისგან” ევროპელი მოაზროვნეები საკუთარ ფორმებს ძერწავდნენ და არქმევდნენ პროტოდაქტილურ ანტიჰექზამეტრებს და ა.შ.

ამასწინათ არაბულ პოეზიაზე წავიკითხე სტატია, სადაც ნათქვამი იყო, რომ არაბულ პოეზიაში იმდენი სალექსო ზომაა, რამდენნაირადაც გადაადგილდება აქლემიო. ეს აზრი თავიდან მეუცხოვა, აქლემი რა შუაშია მეთქი, თუმცა შუაში კი არა თავში გამოდის. აი, რომ წარმოვიდგინოთ, ზის ბედუინი თავის აქლემზე და საჰარის უდაბნოს მიაპობს, მწველი მზე უძლურებამდე თანგავს, გარშემო არსებული ყვითელი ქვიშის ერთფეროვნება აიძულებს რომ ბუნებით ექსტრავერტი ინტროვერტი გახდეს და იწყებს ღიღინს… ეს ღიღინი კი აუცილებლად შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს გარემოსთან, უფრო ზუსტად კი იმ რიტმთან რომლითაც მისი არსებაა გაჟღენთილი. სხვანაირად სიხშირეები ერთმანეთს არ დაემთხვევა და ღიღინიც არ შედგება. ჰოდა სხვა რაღა დარჩენია ამ ჩვენს ბედუინს იღებს საბაზისოდ აქლემის ფეხების თქარათქურს და ღიღინებს… რას ღიღინებს აქ უკვე აღარ არის საინტერესო, პოეზიაში ხომ, თუ ვერლენს დავეკითხებით, ჯერ მუსიკაა მთავარი და მერე ყველაფერი დანარჩენი.

P. S. მათთვის ვინც მთლად კარგად ვერ წარმოიდგინა, როგორ გადაადგილდება აქლემი შეუძლია ბერბერული პოეზიით დატკბეს და ჰურია აიშის მოუსმინოს. ამ კლიპში მუსიკა მე მგონი ზედმეტია :)

Written by linguistuss

August 27, 2009 at 8:38 am

Posted in პოეზია

Tagged with

შაყირი და არშიყი

with 8 comments

შარშან უნივერსიადის ფინალში ერთი ასეთი შეკითხვა დავსვი: ძველ თბილისში, როდესაც უპატრონო ყარაჩოღელი გარდაიცვლებოდა ხოლმე, შეიკრიბებოდა იქსი, ჰყიდდა გარდაცვლილის კუთვნილ იგრეკს და ამით ისტუმრებდა დასაფლავების ხარჯებს. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც, თუ ისინი ერთმანეთის ანაგრამებს წარმოადგენენ. პასუხი: ამქარი და ქამარი. ყველა ყარაჩოღელს თავისი საკუბოე ქამარ–ხანჯალი ჰქონდა, რომელსაც არ იშორებდა სიკვდილამდე. წარმოგიდგენიათ, ალბათ, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი, მოლაპლაპე ქამარ–ხანჯალი. ჰოდა, როცა ყარაჩოღელს დამმარხავი არავინ ჰყავდა, ამქარი შეიკრიბებოდა, ამ უბედურის ავლა–დიდებას გაჰყიდდნენ, რასაც ქამარი და ხანჯალი შეადგენდა და ამით იხდიდნენ ხოლმე ქელეხს, ყიდულობდნენ კუბოს, სვამდნენ შესანდობარს, აკნავლებდნენ არღანს და იყო ერთი ფუსფუსი…

დღეს მსგავსი შეკითხვის დაწერა მოვინდომე, ოღონდ ამჯერად შაყირზე და არშიყზე, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა სიტყვა შაყირი ვერც სულხან–საბასთან რომ ვერ ვიპოვე და ვერც განმარტებით ლექსიკონში. შემდეგ მძიმე არტილერია მოვიშველიე: ვერც თურქულ ლექსიკონში დავლანდე მსგავსი სიტყვა და ვერც სპარსულში. არადა ჟღერადობით რატომღაც თურქული მეგონა. ერთი სიტყვით ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ბოლოს არაბულ ლექსიკონში ვიპოვე “შ,ყ,რ” ძირი და ძალიან გავერთე. განსაკუთრებულად მართობს ანალოგიების გატარება, რომლებიც შეიძლება მართალი არ არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ რაღაცეები ემთხვევა, ესეც ნიშანდობლივია. არადა ყოველთვის მაშინებს ხოლმე ძალიან მცირე ალბათობის მქონე ხდომილობები, თუმცა ეს შიში სხვადასხვა ენებში შემთხვევით დამთხვევებზე არ ვრცელდება. მაგალითისთვის აი ასეთ დამთხვევებზე მაქვს საუბარი იაპონურად ელექტროენერგია “დენ” რომ არის, როცა იაპონიას და საქართველოს არანაირი კულტურული თანაკვეთა არ ჰქონიათ, მაგრამ არსებობს სიტყვები (მე ერთი ვიპოვე ჯერ–ჯერობით), რომლებიც ემთხვევა…

არაბულში “შ,ყ,რ” ძირში ყველა ის სიტყვაა გაერთიანებული, რომლებიც ღია ფერის თმებიან ადამიანებს უკავშირდებათ, ანუ ქერა თმიანებს და წითურებს. ამავე ძირისგანაა ნაწარმოები სიტყვა “გართობა”. საინტერესო ის არის, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებსაც წითურთმებიანი ადამიანი გამრთობის როლში ჰყავთ წარმოდგენილი, სწორად ამას უკავშირდება სიტყვა “რიჟიკა”, რომელიც рыжий клоун–იდანაა მიღებული. ამ სიტყვამ ბავშვობა გამახსენა, ცირკში რომ დავყავდი მშობლებს, ბუფეტში ძეხვის ბუტერბროდებს, რომ ვჭამდი და მერე “რიჟიკების” გამოსვლას რომ ველოდებოდი მოუთმენლად, თუმცა ისევ შაყირს დავუბრუნდეთ!

ჩემს ლინგვისტურ გამოძიებაში რომ ვიყავი ჩართული თავზე მამაჩემი დამადგა და მკითხა რას აკეთებო. მეც ვუთხარი სიტყვა შაყირის ეტიმოლოგიას ვეძებ მეთქი. სპარსულში არ მოძებნო ეგეთი სიტყვა არ არისო ეგრევე განმიცხადა. მეც ვუთხარი აქამდე სად იყავი რუბინჩიკის ლექსიკონს რომ ვაქოთქოთებდითქო. ჰოდა, ამ მამაშვილურ სიამტკბილობაში ვიყავით ჩაძირულები, მამაჩემს რომ გაეხსნა და სადაც კი რამე вокруг да около ჟღერადობის სიტყვა იცოდა ყველაფერი გადმოალაგა… ამ ლოგორეის შედეგი კი სასარგებლო აღმოჩნდა. შაირი სპარსულიდან მოდისო დაასრულა თავისი მოხსენება მშობელმა მამამ და გაუჩინარდა. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ არაბული “შ,ყ’,რ” (ყ’ – ღებინების ბგერა) – გრძნობას, აღქმას შეცნობას გამოხატავს. აქედანაა ნაწარმოები “შააყ’ირ”, რომელიც პოეტს ნიშნავს (სიტყვასიტყვით “აღმქმელი, მგრძნობელი”). “შიყ’რ” – პოეზიას. ეს სიტყვა შემდეგ სპარსულში შესულა და ამავე ჟღერადობის სიტყვები უწარმოებია პოეზიასთან დაკავშირებული.

ყველაფერი ზემოთქმულის შემდეგ გასაგები ხდება, რომ გართობა და ისეთი სერიოზული დარგი, როგორიც პოეზიაა ერთად ვერ მოძოვდნენ. შესაბამისად რატომღაც მგონია, რომ სიტყვა “შაყირი” არაბული “წითურთმიანიდან” უნდა იყოს ნაწარმოები. გამოდის რომ სიტყვა “შაყირი” და ისეთი მარგალიტი გამოთქმა ქართულში, როგორიცაა “რიჟა ბაზარი” მსგავსი სტრუქტურალური შიგთავსის მატარებლები არიან, ანუ ყველაფერი არასერიოზული წითურთმიანებთანაა დაკავშირებული… და რას ერჩიან ამ წითურებს ნეტა ვიცოდე, რატომ არიან ასეთი არასერიოზულები?!

ბოლოს ქართულ ფორუმებს ვესტუმრე, ადგილებს სადაც მადლიანი და ძარღვიანი ქართული ფრაზებით იწონებენ თავს სნობებიც, გოიმებიც, გიაურებიც, გრინგოებიც და აჯამებიც… იქ დახვავებული ფრაზებიდან აღმოვაჩინე, რომ ქალს რომელსაც ეარშიყები ამავდროულად შეუძლებელია რომ ეშაყირო და პირიქით. ამასთან არშიყი მხოლოდ საპირისპირო სქესის ადამიანთან შეიძლება და შაყირი კი უსქესო სიტყვაა. ძალიან საინტერესოა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები თუ ეარშიყებიან ერთმანეთს, ანუ მათი ურთიერთვნებები თუ შეიძლება აღვწეროთ სიტყვა “არშიყობით”?! ასევე ძალიან გამაკვირვა იმ ფაქტმა, რომ ქართულ გასართობ ვებ–სივრცეში რუსულენოვან სიტყვა “პრიკოლს” არაბული წარმომავლობის “შაყირი” უწევს კონკურენციას. ყველგან, სადაც “ანეკდოტები და პრიკოლები” წერია თემების სახით, ალტერნატიულ საიტებზე “ანეკდოტებს და შაყირებს” შეხვდებით…

ერთი სიტყვით საერთოდ არ მსურდა არც შაყირი და არც არშიყი, თუმცა ისე გამოვიდა, რომ ერთდროულად ვიარშიყე კიდეც და ვიშაყირე კიდეც… ვინ თქვა ერთდროულად შაყირი და არშიყი არ შეიძლებაო?! აგერ ბატონო, შეგიძლიათ ზემოთქმული კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ და თავად დარწმუნდეთ…

“იუზერი” ლინგვისტუსი…

with 11 comments

აი, რას წავაწყდი forum.ge–ზე:

zazabichi:
ეს ლექსი ადრე ვნახე, რომელიღაც რუსულ საიტზე და მერე ჩვენთან დავდე.
იუზერმა ლინგვისტუსმა კი გამაოგნებლად მაგრად თარგმნა ქართულად.

Он был красив

Он был красив, как Элвис Пресли
Носил костюм и не курил
Он вел спокойный образ жизни
Помногу спал, почти не пил.

Он в чем-то темном не замечен
Он был хорош со всех сторон
Ну, и она его увидев
Воскликнула: «О, это он!»

«Да, я о нем всю жизнь мечтала
Да, я его всю жизнь ждала,
Мечтая темными ночами
И вот она – любовь пришла!»

Она пред зеркалом стояла
И подводила контур глаз
Несчастная, она не знала
Что он пассивный педераст

И к женщинам он равнодушен
И лишь мужчину он желал…
Мечтаний замок вновь разрушен
Погасли свечи, кончен бал…

ლამაზი იყო

ლამაზი იყო, ვით ელვის პრესლი,
კოსტუმი ეცვა, იყო ჯიგარი,
არ სვამდა, სულაც არ იყო თესლი
და არ იცოდა გემო სიგარის.

ქურდებს არ სცნობდა, არ ჰქონდა ვალი,
ტანადი იყო, როგორც ისარი
და ქალმაც მოჰკრა რა ყმაწვილს თვალი,
ამოიკვნესა: “ო, ეს ის არის!”

“დიახ, ის არის რომლის გულისთვის
მე შევინახე ნამუსი ჩემი.
დიახ, ამგვარი სიყვარულისთვის
მე მას ველოდი, ვით ნაპირს გემი!”

…სარკის წინ ჰქონდა ხელი გაწვდილი,
წამოსცდა უცებ: – “ვა, რა მასტია!” –
და რა იცოდა ქალმა ყმაწვილი,
რომ პასიური პედერასტია?!

ქალი არ სურდა მას ქვეყანაზე,
არვინ უნდოდა კაცების გარდა.
ოცნების ყველა კარი დარაზეთ,
სპექტაკლი მორჩა, ეშვება ფარდა.

“იუზერი ლინგვისტუსი” – ძალიან კარგად ჟღერს :)

Written by linguistuss

November 13, 2008 at 8:30 pm