ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘ჟარგონი

დედაარღნიანი თუ დედაარღნილი?!

with 8 comments

BarrelOrgan

პაწა ფულის შოვნა მინდა, კრიზისია დედაარღნიანი
უცნობი იუზერი

ბოლო დროს ძალიან ფართოდ გავრცელდა ფრაზეოლოგიზმი “დედაარღნიანი”, რომელსაც მეორე ფორმაც აქვს – “დედაარღნილი”, ამასთან რომელი ჟარგონის ევფემიზმიცაა ეს “დედაარღნიანი” ყველას კარგად მოეხსენება. საინტერესო ამ შემთხვევაში ამ სიტყვის წარმოშობაა, რომელსაც ვერსად ვერ მივაკვლიე, თუმცა საკუთარი მოსაზრება გამაჩნია ამის თაობაზე. პირველად როცა ეს სიტყვა გავიგე, სახტად დავრჩი, ვერ მივხვდი რა შუაში იყო არღანი, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ეგრევე ეტყობა, რომ არღანი არაფერ შუაშია.

ჯერ არღანზე ვისაუბროთ და გავარკვიოთ, თუ რით განსხვავდებიან ორღანი და არღანი ერთმანეთისაგან, თუ დეტალებს გამოვტოვებთ და ზომებს მივაპყრობთ ყურადღებას, ბგერების წარმოქმნის პროცესი მათში ერთნაირია, შესაბამისად განსხვავება მხოლოდ გაბარიტებში გვაქვს, ამიტომაც არც გამკვირვებია, როცა აღმოვაჩინე, რომ არაბულად არღანს – أرغن يدوي (არღან იადუიიუ), ანუ “ხელის არღანი” ჰქვია. არღან კი – სპარსულად და არაბულად ორღანს ჰქვია, რომელზეც უცხო სიტყვათა ლექსიკონი ამბობს, “ორღანი” არამართებულია და “ორგანი” ნახეო, ვინაიდან ძვ. ბერძნული όργανον–იდან მომდინარეობს.

ჩემი ყოფილი ფრანგულის მასწავლებელი იძახდა ხოლმე, როცა ვინმე რაიმე უაზრობას იტყოდა, აქ “ლოღიკა” არ არისო, ამით იმის თქმა მსურს, რომ “გ” და “ღ” ერთმანეთში გარდამავალი ბგერებია, მადლობა ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს, შესაბამისად დედაარღნიანის შემთხვევაშიც იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე, კეთილხმოვნებისა და არღანთან მსგავსების გამო დედაარგნიანი იქცა დედაარღნიანად. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ ძვ. ქართული სიტყვა “არგანი”–დან მოდის, რომელზეც სულხან–საბა ამბობს: ჯოხთან ნახეო. თუკი ამ ჯოხის ვერსიას მივეხმრობით უმალვე ყველაფერი ცხადი ხდება, გასაგებია ეს “დედაგაჯოხილი”, ანუ “დედაარღნილი” რას ნიშნავს, უფრო სწორად ჯოხი რისი მეტაფორაცაა გასაგებია!

ყველაზე მეტად კი ის მიკვირს, ეს დედაარღნიანი სიტყვა რატომ არ ითვლება სკაბრეზობად?! მისი მოსმენა შეგიძლიათ ნებისმიერ საზოგადოებაში და ამის გამო არავინ დაგძრახავთ, რას ამბობ ბავშვები არიან და ქალები არიან აქო! ვეთანხმები არღანი “ცუდი” სიტყვა არ არის, მაგრამ ზოგჯერ უფრო ღრმად ჩახედვა არ გვაწყენდა, ვინაიდან დედაარღნილსა და დედაგარჭობილს შორის შინაარსობლივად არანაირი სხვაობა არ არის.

Written by linguistuss

September 13, 2009 at 2:29 pm

ევფემიზმების შესახებ

with 25 comments

herc

ტაბუდადებული ლექსიკა ყველა ენაში არსებობს. ამას ბავშვობიდანვე გვაჩვევენ, რომ “ცუდი სიტყვების” თქმა არ შეიძლება. ჩვენც ავუკრძალავთ ჩვენს შვილებს “ცუდი სიტყვების” თქმას. ისინიც იგივეს გაიმეორებენ და ასე გაგრძელდება უკუნითი უკუნისამდე. ამგვარად ახდენს საზოგადოება საკუთარი წევრების და ამავე დროს საკუთარი თავის ზომბირებას, საბოლოო ჯამში კი ცუდ სიტყვებს ცუდი ქმედებები ემატება და ეს ყველაფერი ეთიკის სამფლობელოში გადადის, სადაც ციციკორეები სხედან და ყოველ არასწორ ნაბიჯზე მზად არიან ჩაგვქოლონ, თუმცა ის ფაქტი, რომ ეთიკა და მორალი ეპოქიდან ეპოქამდე იცვლება, მათ ეს არ ადარდებთ.

ყველაფერში მთავარი რამ ზომიერებააო ამბობდნენ ძველი ბერძნები და შესაბამისად “ცუდი სიტყვების” თავის არიდებასაც აქვს საზღვარი. მაგალითად ის, რაც ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ხდება ლინგვისტური დანაშაულია და მეტი არაფერი. ამის შესახებ დავწერე კიდეც პოსტში: პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას! საუბარია იმაზე, რომ შემდეგი სიტყვებიდან Shit, Piss, Fuck, Cunt, Cocksucker, Motherfucker, Tits – მხოლოდ “ძუძუებია” დაფიქსირებული ჩვენს ავტორიტეტულ გამოცემაში… აი, მაგალითად წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც დამოუკიდებლად სწავლობს ქართულ ენას, ჩამოდის საქართველოში და ესმის ზემოხსენებული სიტყვებიდან ერთ–ერთი “ყ”–ების პოლოფონიით. მიდის ლექსიკონთან და იწყებს შიგ მისთვის უცნობი სიტყვის ძებნას და ვერ პოულობს. მერე რა უნდა იფიქროს ამ ადამიანმა?! – რა თქმა უნდა ის, რომ ზემოხსენებული სიტყვა ქართული არ არის!

ლიტერატურაში კიდევ უფრო საშინლად არის საქმე. იგონებენ ათასგვარ ევფემიზმებს ჩვენი მწერელ–მწერალნი და ცდილობენ აირიდონ ციციკორეების რისხვა. არადა არის სიტუაციები, როდესაც ძალიან კურიოზულად ჟღერს ეს ევფემიზმები. ან ის ყბადაღებული “იმისი დედაც ჯეკ”, ან “ეშმაკმა დალახვროს” რად ღირს, ქართულად გახმოვანებულ ფილმებში ლოს–ანჯელესელ შავკანიანებს რომ ათქმევინებენ ქართულად. არადა სპეციალურად ვაკვირდები ბოლო რამდენიმე წელია ინგლისურ და ფრანგულ ფილმებს (რუსები ჩვენნაირად ტრაკში არიან ამ საკითხთან დაკავშირებით!). ყოველდღიური რუხი ცხოვრების ამსახველ ფილმებში ჟარგონები ისეთივე ძარღვიანი და მამაპაპურია, როგორიც ცხოვრებაში, ყოველგვარი ევფემიზმებისა და “ეშმაკმა დალახვროების” გარეშე. ვერ ნახავთ ვერც ერთ ფრანგულ ფილმს, სადაც უკიდურესად გაბრაზებული ადამიანი მეზობელს, რომელიც ამ გაბრაზების მიზეზია Degagez monsieur-s, ანუ “გამეცალეთ ბატონოს” ეუბნებოდეს. იქ აუცილებლად გაიჟღერებს სიტყვები va chier, ანუ “გააჯვი” და ეს ყველაფერი ფილმში ნატურალური და ბუნებრივი იქნება, შესაბამისად კურიოზული სიტუაციებიც არ შეიქმნება.

უფრო უარესი სიტუაციაა კლასიკური ლიტერატურის თარგმნის დროს. აკი ვთქვი ეპოქიდან ეპოქამდე ეთიკა იცვლება მეთქი, ამიტომაც თარგმნის დროს ეს ნიუანსი გასათვალისწინებელია, რათა ნათლად გადმოიცეს სათქმელი. ასე მაგალითად გუშინ ზურაბ კიკნაძის “შუამდინარული მითოლოგიის” კითხვის დროს წავაწყდი შემდეგ “მარგალიტს”, სადაც საუბარია ტიგროსისა (იდიგინას) და ევფრატის (ბურანუნას) წარმოშობის მითზე:

ამ ენ–ქის, რომლის სახელი იკითხება როგორც “მიწის უფალი”, აუვსია თავისი “ჰიდროენერგიით” ორი მდინარე, როგორც ნათქვამია მისი ღვაწლისადმი მიძღვნილ ჰიმნში: “რა მიეახლა მამა ენქი ბურანუნას, მორქინალ ზროხასავით ამაყად მიეგება ბურანუნა; ღვარით დატვირთა ბურანუნა ენქიმ, მარადმედინი წყლით აავსო. ახლა იდიგინა დაუდგა გვერდით მორქინალ ზროხასავით; ღვარით დატვირთა იდიგინა ენქიმ, საქორწინო ძღვენი მიუტანა. გაიხარა იდიგინამ მორქენალ ზროხასავით: წყალი რომ მიართვეს, მარადმედინი წყალი იყო…”

იქვე ავტორს მითითებული აქვს წყარო, საიდანაც არის თარგმნილი ეს ტექსტი. წყარო გერმანულ ენაზე გამოცემული ინეს ბერნჰარდტისა და ს. ნ. კრამერის “ძვ. შუმერული ლურსმნული დამწერლობა” გახლავთ, სადაც უნდა ვივარაუდოთ, რომ ძვ. შუმერული ლურსმნული  პირველწყაროების გერმანული თარგმანებია წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანულ ვარიანტში “ჰიდროენერგიის” მაგივრად წერია “სპერმა”, ან “თესლი” რომლის შემდგომაც მეტაფორები “ღვარით დატვირთა”, “მარადმედინი წყალი” და “საქორწინო ძღვენი” კონკრეტულ აზრს იძენს. არადა ძალიან უნდა მოინდომო, რომ ავტორის ევფემიზმის მნიშვნელობას მიხვდე. ვიკიპედიაში რომ არ წამეკითხა ამ მითის ინგლისური ვარიანტი, სადაც ყველაფერს თავისი სახელი აქვს დარქმეული, ნამდვილად ვერ მივხვდებოდი ენ–ქიმ ძროხებს წყალი დაალევინა თუ მათთან ჰარდკორ–სექსით დაკავდა.

ასეთი მაგალითები კლასიკურ ტექსტებში მრავლადაა, თუმცა მათ შორის გაიუს ვალერიუს კატულუსის მე–16 კარმინას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რომელიც უკვდავი სიტყვებით იწყება: Pedicabo ego vos et irrumabo. ამ ფრაზის უკვდავობის შესახებ არც–თუ დიდი ხანია შევიტყვე, თუმცა საკმაოდ ბევრი ინგლისური, ფრანგული და რუსული თარგმანი შემომეკითხა ამ ლექსისა, რომელიც კატულუსმა თავის მოქილიკე მეგობრებს აურელიუსს და ფურიუსს დაუწერა, რომლებიც ჰკიცხავდნენ კატულუსს ნაზი და სენტიმენტალური ლექსებისათვის, რის საპასუხოდაც კატულუსმა ხსენებული მე–16 კარმინა გამოაცხო, სადაც დაემუქრა კიდეც აურელიუსს და ფურიუსს თუ არ გჯერათ, რომ ნამდვილი მამაკაცი ვარ და მაინც გგონიათ რომ ჩემი ლექსებივით ნაზი ვარო, ასე და ასე გიზამთო. ძალიან ბევრი ვიფიქრე ქართულად როგორ შეიძლებოდა გადმოთარგმნილიყო სკაბრეზებისა და მოუკრეფავების გარეშე, თუმცა ამაოდ, არაფერი გამომივიდა, ევფემიზმების გამოყენება კი არ მსურდა. ერთი ინგლისური თარგმანი ვიპოვე, სადაც ეს ფრაზა თარგმნილია, როგორც:

I’ll sodomize and clintonize you

ძალიან მომხიბლა ბილ კლინტონის გვარის ხილვამ. მთარგმნელმა ინგლისურად დაახლოებით ასეთი რამ დაწერა: მიგასოდომებ და მიგაკლინტონებო. არ დაუვიწყა საყვარელ პრეზიდენტს მონიკა ლევინსკისთან ანცობა და კატულუსის ლექსში მიუჩინა ბინა. არადა ძალიან პოეტურია ეს მიკლინტონება, ვერაფერს იტყვი!

პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას!

with 14 comments

1972 წელს ჯორჯ კარლინმა თავის მონოლოგში “Seven Words You Can Never Say on Television” (შვიდი სიტყვა, რომელთა თქმაც არ შეიძლება ტელეეთერში), თავი მოუყარა იმ სიტყვებს, რომლებიც ყველაზე უხეშად და უშვერად იყო შერაცხული ინგლისურ ენაში. სავსებით ცხადია, ახლა რა გაიფიქრეთ, ამიტომაც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით ამ სიტყვებს აქვე ჩამოვთვლი და მთავარ სათქმელზე გადავალ… ეს სიტყვებია: Shit, Piss, Fuck, Cunt, Cocksucker, Motherfucker, Tits (სიტყვებს თარგმანი არ სჭირდება :)

ერთხელ დავინტერესდი და ჩამოთვლილი ინგლისური სიტყვების ანალოგებს დიდი ხანი ვეძებდი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. მაშინ, გავიფიქრე ეს სიტყვები შეიძლება არაქართული წარმოშობისაა და ამიტომაც, როგორც ბარბარიზმი, არ შეიტანეს ქართული ენის ამაგდარმა მამებმა საშვილიშვილო გამოცემაში მეთქი, როგორც იმ სიტყვების შემთხვევაში გვაქვს, როგორებიცაა: ნაშა, თომარი, შმონი და ა.შ. თუმცა ჩემი ვარაუდი იმწამსვე გაქარწყლდა, როდესაც სულხან–საბას “სიტყვის კონაში” ყველა ის უშვერი სიტყვა ვიპოვე, რომლებსაც ვეძებდი. სულხან–საბა თავისი საქმის პროფესიონალი იყო და მსგავსი სტერეოტიპული შიშები, როგორც ჩანს, არ ანაღვლებდა… შედეგად დავწყნარდი, ყველაზე მამა–პაპური ქართული სიტყვა ჯიშიანი ქართული ყოფილა მეთქი და ამაზე ფიქრს შევეშვი, მაგრამ დროებით…

ჩვენთან ჯორჯ კარლინის მიერ კლასიფიცირებული სიტყვების ქართული შესატყვისები კვლავაც ტაბუდადებულია და მათი (მინდოდა დამეწერა “ხმარება” მეთქი, მაგრამ მივხვდი რომ ამ სიტყვის გაჟღერებასაც ერიდებიან მავანნი და მავანნი) გამოყენება ჯერ კიდევ “ვაშინერსია” საქართველოში. ძალიან რომ “გავაჯაზოთ”, იქამდეც შეიძლება მისვლა, რომ სიტყვა ცალკე აღებული ბგერების ერთობლიობაა და კონტექსტის გარეშე ის მხოლოდ აღნიშნული საგნის, ან ცნების მხოლოდ და მხოლოდ პლატონისეულ იდეას, ან არისტოტელესეულ კლასს აღნიშნავს და მეტ არაფერს… ჰოდა, რატომ ხდება სიტყვების სტიგმატიზება და გარიყვა აკადემიური და ლიტერატურული ენიდან, აქედან გამომდინარე არ მესმის?!

ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ მაშინ დავფიქრდი, როდესაც “ასავალ–დასავალის”  2008 წლის 29 სექტემბრის ნომერში ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი წავიკითხე:

პირველად საქართველოში შეარემონტეს “კრიშა”,
პირველად საქართველოში დემოკრატია იშვა.
პირველად საქართველოში უეკლოდ კრიფეს ვარდი,
პირველად საქართველოში ვარდს და ნეხვს ერთურთს ვადრით.
პირველად საქართველოში ვუყურებთ ნამდვილ პატრულს,
პირველად საქართველოში ვხვდებით ჯარისკაც ნატრულს.
პირველად საქართველოში რუსეთს გავცილდით დროზე,
პირველად საქართველოში ბუშმა იცეკვა დოლზე,
პირველად საქართველოში ლობიო ეტრფის ქოთანს,
პირველად ჩვენმა “დინამომ” წააგო ზესტაფონთან.
პირველად საქართველოში სირზე ვკიდივართ ოსებს,
პირველად საქართველოში სოროსით შევიმოსეთ.
პირველად საქართველოში აფხაზი გახდა რუსი,
პირველად საქართველოში ვეძებთ ჩასაცმელ “ტრუსიკს”.
პირველად საქართველოში დარგეს ჭადრის ხე – ექვსი,
პირველად საქართველოში სძულთ რუსთაველის ლექსი.
პირველად საქართველოში აღიარებენ “ცისფერს”,
პირველად საქართველოში მკვახე სჯობია მწიფეს.
პირველად საქართველოში ჭაბუა დარჩა სახტად,
პირველად ამირჯანოვი ამირეჯიბი გახდა.
პირველად საქართველოში ჭიპი მოუჩანს გოგოს,
პირველად საქართველოში ვერ ვგრძნობთ ამინდის პროგნოზს.
პირველად საქართველოში ხალხმა თბილისი ნახა,
დღეს რუსთაველზე პირველად გაისეირნა ხალხმა.
პირველად საქართველოში ზეობს კანონი მკაცრი,
სამსახურიდან გაყარეს – ასი ათასი კაცი.
ჭეშმარიტებას ვერ ვმართავთ ან როგორ უნდა ვმართოთ,
პირველად საქართველოში დავკარგეთ სასამართლო.
პირველად გახდა ქართველი ამერიკელის დახლი,
პირველად საქართველოში მწერლებს წაართვეს სახლი.
პირველად საქართველოში არ ვეპუებით წყენას,
პირველად საქართველოში დედა მოეკლა ყველას.

ლექსში განხილულ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეალიებზე ყურადღება არც პირველი წაკითხვის დროს მიმიქცევია და მათზე არც ეხლა შევჩერდები. კვლავ იმ ფენომენზე მსურს საუბარი, რასაც “ლექსის გაფუჭება” ჰქვია. არ ვიცი ჯანსუღ ჩარკვიანს ხელნაწერში, რომელიც გაზეთის რედაქციას გაუგზავნა, რა სიტყვა ეწერა “მოეკლას” ნაცვლად, თუმცა ფაქტია, რომ ლექსის პათოსი ჯეროვანი კრეშჩენდოსათვის სხვა სიტყვას ითხოვს და თითოეულმა ჩვენთაგანმა ლექსის ჩაკითხვის დროს ეს სიტყვა წაიკითხა “მოეკლას” ნაცვლად… რატომღაც მგონია, რომ ავტორს ეს არ შეეშლებოდა და თავად ლექსის გაფუჭების მიზეზი “ვაი ცენზორი” რედაქტორების რიგებში უნდა ვეძიოთ.

მსგავსი შემთხვევები ხშირადაა ქართულ მედია სივრცეში. მრავალი საუბრობს ქართული მედიის მართულობის და ცენზურის არსებობის შესახებ, თუმცა ეს ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო… საინტერესო კოლექტიურ არაცნობიერში ჩაბუდებული ის ცენზორია, რომელიც გაუაზრებლად ბლოკავს და ფილტრავს ტაბუდადებულ ფრაზებს, სიტყვებს, აზრებს, არ გამოაქვს სააშკარაოზე ისინი და ამით მათ უფრო მეტ საკრალურობას მატებს…

იგივე პრობლემას აწყდებიან ჩვენს ტელევიზიებში ქართულ ენაზე უცხოური ფილმების თარგმნის დროს. იქიდან გამომდინარე, რომ უშვერი, მაგრამ ნატურალური სიტყვების გაჟღერება არ შეიძლება, თითქოსდა ახალ ტეტრაგრამატონებთან გვქონდეს საქმე, თარჯიმნები იძულებულები არიან ხელოვნურად შექმნან ისეთი მარგალიტები, როგორებიცაა – “იმისი დედაც ჯეკ”, “ეშმაკმა დალახვროს, ჯონ”, “ერთი მაგისიც” და ა.შ. მართალია, იყო შემთხვევები, როდესაც ერთი ერთში სცადეს ნატურალურობის გადმოტანა ეკრანზე, ეს რამდენჯერმე იყო, ისიც არა ტელეეთერში, არამედ კინოთეატრში და მაშინაც, კარგად მახსოვს ქართული ენის ბურჯებმა შემოკრეს განგაშის ზარებს და იმ მერცხლებს მაშინ გაზაფხული არ მოუყვანიათ…

ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა რომ უშიშრად და ჩაუსწორებლად შეგვიძლია დავწეროთ პრესაში: “სირზე ვკიდივართ ოსებსო”, ყველამ კარგად იცის, რომ ეს ფრაზა მაინც ევფემიზმად მოიაზრება და ცენზურა მაინც “რულზ” :))))