ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘საათი

დენ ბრაუნის უსაზღვრო ფანტაზია

with 16 comments

ამას წინათ გავიგე, რომ საათის მაღაზიებში გასაყიდ საათებზე სულ მუდამ ერთი და იგივე დრო არის დაფიქსირებული: ათი საათი და ათი წუთი. მივგუგლ–მოვგუგლე და სიმართლეს ჰგავს, სიღრმეებში არ ჩავსულვარ. ერთ–ერთ საიტზე ამ ფენომენს პრაქტიკულობით ხსნიან, თითქოს ეს იმიტომაა გაკეთებული რომ დაბლითა ნაწილში დამატებითი ფუნქციები ჩანდეს. მეორე ვერსიით ეს ღიმილს გამოხატავს და პოზიტიურობით მუხტავს პოტენციურ მყიდველს (PR Bullshit!) და ა.შ. ყველაზე საინტერესო ვერსია მწერალ დენ ბრაუნს ეკუთვნის:

იგი, როგორც მას სჩვევია ხოლმე, აქაც შეთქმულების თეორიას ხედავს. მწერლის აზრით საათის ისრების ამდაგვარი ურთიერთგანლაგება ერთ–ერთი უძველესი ანტიფაშისტური ორგანიზაციიდან მომდინარეობს. 10 საათი და 10 წუთი თავის თავში იტევს შეტყობინებას, რომ ბრძოლა გრძელდება… ბრძოლა ფაშისტების წინააღმდეგ. ამ შეტყობინების არსს მწერალი ასე ხსნის: საათის ისრებს შორის შექმნილი კუთხე 115 გრადუსს შეადგენს. ცელსიუსის შკალაზე 115 გრადუსი ეს არის ტემპერატურა, რომელზედაც დუღს ანტიფრიზი. ანტიფრიზი რა შუაშიაო იკითხავთ თქვენ! – რა შუაშია და “ანტიფრიზ”–ი თანაჟღერადია “ანტიფრიც”–ისა, რაც არც მეტი და არც ნაკლები იმ უძველესი ფაშისტური ორგანიზაციის სახელწოდება ყოფილა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს აქტიურად ებრძოდა მესამე რაიხს აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე და რომელშიც უმეტესწილად ევროპელი მესაათები ყოფილან გაერთიანებულნი, რომლებიც ასაფეთქებელ მოწყობილობებზე საათის მექანიზმებს ამონტაჟებდნენ და ადოლფ ჰიტლერს ნერვებს უშლიდნენ…

პ. ს. ამ კაცის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს…

Advertisements

Written by linguistuss

February 2, 2010 at 5:06 pm

IIII თუ IV ?

with 8 comments

pocket_watch
შეიძლება გინახავთ მექანიკური საათები, მაგალითად შვეიცარიული კომპანია “Rolex SA”-ს წარმოებული,  რომლებზეც IIII აწერია IV–ის ნაცვლად. ამ ფაქტს სპეციალისტები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. ერთ–ერთი მიზეზი შუა საუკუნეებში ე.წ. “შვარცმანის წესის” არარსებობა იყო, რომლის თანახმადაც სამზე მეტი ერთნაირი ასოს დაწერა გვერდიგვერდ არ შეიძლება. მექანიკური საათების გავრცელებამდე ევროპაში მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენებოდა მზის საათები, რომელზეც საათები რომაული ციფრებით იყო ჩაწერილი. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ საათის ოსტატებმა შუა საუკუნეების ტრადიცია გადმოიღეს.

ესთეტიკის მოყვარულებმა ამ ფაქტს სხვა ახსნა მოუძებნეს. მათი აზრით,  ციფერბლატზე IV–ის ნაცვლად IIII იმიტომ წერია, რომ IIII–მა საპირისპირო მხარეს VIII დააბალანსოს და ამით ვიზუალური სიმეტრია იქნას შენარჩუნებული. კიდევ ერთი სიმეტრია შეინიშნება  IIII–ის ვერსიაში, კერძოდ ის, რომ ასე საათის ციფერბლატი სამ სექტორად იყოფა, სადაც პირველიდან ოთხამდე საათების ჩასაწერად I გამოიყენება. ხუთიდან რვის ჩათვლით საათები შეიცავს – V–იანს და ცხრიდან თორმეტის ჩათვლით საათები შეიცავს – X-იანს. პრაქტიკოსები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ სხვადასხვა კუთხიდან თუ შევხედავთ, ან თუნდაც თავდაყირა მდგომარეობაში, უფრო ადვილი გასარჩევი და საცნობია IIII, ვიდრე IV. კიდევ არის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ჯიუტ მონარქებს შეეხება, საკუთარ სახელში IV-იანის გამოყენებაზე უარი რომ თქვეს, თუმცა ისინი ნაკლებად სარწმუნო და საინტერესოა.

ყველაზე საინტერესო ვერსია ჩემი აზრით ამ პრაქტიკის ძველი რომაული ტრადიციით ახსნაა, სადაც აკრძალული იყო რიცხვი ოთხის ჩაწერა  IV–ის საშუალებით, რასაც საკრალური მიზეზი ჰქონდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ძველ რომში, უფრო სწორად იმდროინდელ ლათინურში, ასოები J და U არ არსებობდა და მათ ნაცვლად I და V გამოიყენებოდა. სწორად ამ I და V საშუალებით იწერებოდა უზენაესი ღმერთის, იუპიტერის სახელიც – IVPPITER. ამ სახელის შემოკლება კი ორი სიმბოლო IV გახლდათ. ამიტომაც გასაგებია, რომ ვერ იქნებოდა მეოთხე იუპიტერი, ღმერთი რომელსაც რომაელები უპირველესად ასახელებდნენ. ეს ხომ ძვ. რომაელებისათვის მკრეხელობა იქნებოდა!

Written by linguistuss

July 1, 2009 at 3:06 pm